12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელსაც სამი ლანჩხუთელი ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის გმირები არიან.
რუსლან წულაძე სოფელ ქვიანში დაიბადა, როგორც კი სკოლა დაამთავრა სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა. შემოდგომაზე ქორწილი უნდა ჰქონოდა საცოლეც გააცნო მშობლებს.…
აგვისტოში სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა და ბევრი ოცნება დარჩა შეუსრულებელი. რუსლანის სახელი ჰქვია სოფელ ქვიანის იმ უბანს, სადაც ცხოვრობდა და გაიზარდა, ასევე სოფლის სკოლას.
რუსლანის მამა ვილორი წულაძე:, რუსლანი შუათანა იყო. ბავშვობიდან ხატვა უყვარდა, სულ ხატავდა. უფრო ხშირად ომისეპიზოდებს, სკოლაშიც მიაქციესყურადღება მის ნახატებს ისეთი კარგი ნახატები ჰქონდა, რომ გამოფენის მოწყობას აპირებდნენ. სკოლაში სწავლა უყვარდა. არასდროს დავუბარებივარ მასწავლებელს, შვილის ცუდი საქციელის გამო. ისტორია უყვარდა განსაკუთრებით. ჩემი მეუღლე, ეროვნებით რუსია, მაგრამ ჩემს შვილს ქართული სულით ზრდიდა. სულ ეუბნებოდა, რომ სამშობლო განსაკუთრებით უნდა გიყვარდესო.
ლიდია ინშუნა, რუსლანის დედა:-რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან,…საოცრად მოსიყვარულე იყო… სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა და მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა, წავიდა და სთხოვა სიმინდში გაგვიცვალეო. სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა. იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა დაკეცავდა და კოხტად დადებდა. რომ ჰკითხავდნენ, ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და „კიო“ პასუხობდა.
როგორც რუსლანის მამა გვიყვება, 24 წლის ბიჭს საცოლეც ჰყოლია შერჩეული და ქორწილიც დანიშნული, მაგრამ არ დასცალდა: ცოლის მოყვანას აპირებდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. კასპელი გოგონა შეუყვარდა და გაგვაცნო კიდეც. ძალიან მეგობრული იყო რუსლანი, ჩვენ მამა-შვილობის გარდა დიდი მეგობრობას გვაკავშირებდა. მიხაროდა, რძალი შემოვიდოდა ოჯახში, „ნიშანიც“ კი ვაჩუქეთ სარძლოს. ოქტომბერში ქორწილი უნდა გადაგვეხადა და აგვისტოში რუსლანი დაიღუპა. ის გოგონა გასვენებაშიც იყო, ორმოცზეც და წლისთავზეც ჩამოსული. ძალიან თბილი ადამიანია. რამდენიმე წლის შემდეგ გათხოვდა, დღეს ორი გოგონას დედაა. გვითხრა, თუ ბიჭი მეყოლება, აუცილებლად რუსლანს დავარქმევო…
დედა იხსენებს, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი გაუთავებლად ომზე ლაპარაკობდა:
შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი. გახედა, გამოხედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა, ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო. არ მომწონდა მისი საქციელი. სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა, ეს შენ ატარეო. ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა, დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი, იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი. გამომხედა ნაღვლიანი თვალებით. არასოდეს დამავიწყდება ის თვალები. 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო.… ომი რომ დაიწყო, შიშმა ამიტანა. 8 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო. მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი. არ მეგონა თუ რამე მოუვიდოდა. შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები, მინდა, რომ გულზე დამაყარონ. მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ, ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა. სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ, იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ 24 წლის იყო.…
ემზარ წილოსანი- ემზარი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა მისი მეუღლე თეონა წილოსანი იხსენებს: „1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს... სკოლაში კარგად სწავლობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა.
ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ბოლოს დავქორწინდით...
ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგო... მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა. შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა...
მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და კიდევ აპირებდა კონტრაქტის გაგრძელებას... სენაკში მსახურობდა, წოდებით კაპრალი იყო... მძღოლად მუშაობდა.
6 აგვისტოს დაურეკეს. ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, მითხრა: გამომიძახეს და სასწრაფოდ უნდა წავიდე სენაკშიო. სახლიდან რომ გადიოდა, ცოტა აღელვებული იყო. არ მინდოდა იმ დღეს წასულიყო და ვთხოვდი, ხვალ დილით წადი-მეთქი. არ გაჩერდა, დღესვე უნდა გამოვცხადდეო... სენაკში რომ ჩასულა, პირდაპირ ცხელ ხაზზე წაუყვანიათ. მე არაფერს მეუბნებოდა, მერე გავიგე, რომ ცხინვალში იყო.
11 აგვისტოს შინდისში, სადგურთან დაღუპულა.აგვისტოს ომში დაღუპულთა შორის იყო, ლანჩხუთელი ბიჭი რუსული გვარით, მორჩილაძის ქუჩიდან - ვასილ სმირნოვი. ვასილი 1980 წელს დაიბადა, არასრული საშუალო განათლება რუსულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი ლანჩხუთის კოლეჯში სწავლობდა. 1999 წელს სავალდებულო სამხედრო სამახურში გაიწვიეს, შემდეგ კი 3 წელი ქუთაისში, კომანდოს ბატალიონის საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა. 2004 წელს სამაჩაბლოში იბრძოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, დედა თხოვდა, აღარ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური, რადგან სამაჩაბლოს ომის დროს, ვასილი 2 დღე დაკარგული იყო, ჯარისკაცები ალყაში ყოფილან, დაჭრილებიც ბევრი იყო, სასწრაფოც კი ვერ ახერხებდა თურმე შესვლას. 2 დღის შემდეგ კი, მოუხერხებიათ ალყიდან მათი გამოყვანა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მან კვლავ გააგრძელა კომანდოში სამსახური_ამჯერად 4 წლიანი ხელშეკრულებით. 2007 წელს ერაყში იმყოფებოდა საბრძოლო მისიით, სადაც 7 თვე დაჰყო და 2008 წლის თებერვალში სამშობლოში დაბრუნდა. აგვისტოში კი საკუთარი სამშობლოს მიწა-წყლის დასაცავად მოუხდა ბრძოლა.
დედამ, ნინო ტუღუშმა ვასილი ბოლოს 2008 წლის 3 აგვისტოს ნახა. წინათგრძნობა ჰქონდა, რამდენჯერმე მობრუნდებოდა, დედას შეხედავდა და წავიდოდა.
2008 წლის 7 აგვისტოს კი ქუთაისის 32-ე ბატალიონი ცხინვალში გადასხეს. რუსებმა ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს და საჰაერო სივრცეში ახორციელებდნენ შეტევებს. ოკუპირებული ტერიტორია ქართველმა ჯარისკაცებმა თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით დატოვეს, ბევრმა ბრძოლის ველის დატოვება ვერც მოასწრო და მტრის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე. ვასილი მაშინ მტრებს გადაურჩა და 5 დღე იბრძოდა ცხინვალში.
12 აგვისტოს კი რუსებმა გორზე საჰაერო იერიში მიიტანეს და მიკროავტობუსი ააფეთქეს. ვასილი მგზავრებთან ერთად ადგილზევე გარდაიცვალა.
ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რომ ვასილი 12 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო. ისინი დილიდან უშედეგოდ ელოდნენ მის გამოჩენას. 3 დღის ძებნის შემდეგ ახლობლებმა მისი ცხედარი ხაშურის ,,მორგში” აღმოაჩინეს სხვა დაღუპულ მეომრებს შორის. ,,ბოლო დღეებში კონტაქტი მქონდა ჩემს შვილთან. იმ დღესაც დილით დამირეკა, მოვდივარ მშიერ-მწყურვალი, დასვრილიო. მთხოვა თბილი წყალი დამეხვედრებინა მისთვის. რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, გვარი რუსის რომ აქვს, ტყვედ ხომ არ ჩავარდა-თქო, რას ვიფიქრებდი, თუ ჩემი შვილი უკვე აღარ იყო”- ამბობს ქალბატონი ნინო.
ვასილი ლანჩხუთში ჩამოასვენეს, მას ძმათა სასაფლაოზე უპირებდნენ დაკრძალვას, როგორც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირულ ვაჟკაცს. მაგრამ ოჯახმა არჩია მისი ცხედარი მშობლიურ ლანჩხუთში დაესაფლავებიათ. გაცვლის მეთაური სიცოცხლეშივე, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მესამე ხარისხის ორდენით დაუჯილდოვებიათ. 2008 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას 28 წელი შეუსრულდებოდა. მაგრამ მუხანათმა დრომ ჯარისკაცს სიცოცხლე ოქროს დაბადების დღემდე მოუსწრაფა.
12 წელი აგვისტოს ომიდან...
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 338