ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორ და რა პრეპარატებით უნდა ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას?!

როგორ და რა პრეპარატებით უნდა ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას?!
26-01-2018, 10:13

სასიამოვნოა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოგი ფაცურია არასდროს გაურბის საზოგადოებასთან შეხვედრას და აქტიურად არის ჩართული ,,ჰო და არას“ ყველა პროექტში. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ოლივერ გოგუაძის(სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონის სამმართველოს მცენარეთა დაცვის ინსპექტორი), გელა ზოიძის(ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი), გოგი ურუშაძის(ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე), გელა ზენაიშვილის(სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო სამსახურის უფროსი), მამუკა ვადაჭკორიას(ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი), მანანა გოგუაძის(ეკოლოგი, ,,მწვანეთა მოძრაობის“ წევრი), ლელა ჩახვაძის(საკრებულოს დეპუტატი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი), გური ბირბიჩაძის(აგრონომი), როგორც სპეციალისტების აზრი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით.,,ჰო და არას“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა ნონა გიგინეიშვილმა მადლობა მოახსენა სტუმრებს მობრძანებისთვის და სთხოვა კომპეტენტურ პირებს, ,,ჰო და არას“ საშუალებით მიეწოდებინათ ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობისთვის ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ. ,,მინდა მოსახლეობას გავაგებინოთ თქვენი მეშვეობით, თუ რას აკეთებს სახელმწიფო აზიური ფაროსანას დასამარცხებლად, რა თანხებია ამისთვის გამოყოფილი და გვქონდეს თუ არა იმის იმედი, რომ წელს მაინც გვექნება მოსავალი და მოსახლეობამ რა როლი უნდა ითამაშოს ამ მავნებლის გასანადგურებლად“.გოგი ფაცურიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება სპეციალისტებთან და მოსახლეობასთან ერთად აპირებს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა შეიმუშავოს. ,,მართლია სახელმწიფომ გამოყო 50 მილიონი ლარი აზიური ფაროსანას გასანადგურებლად, მაგრამ საჭიროა ადგილობრივ დონეზე მეტი აქტიურობა. გვინდა, რომ ძლიერი სამოქმედო გეგმა დავწეროთ, რომელზეც ვიმუშავებთ სპეციალისტებთან ერთად. არ გვინდა, რომ ეს იყოს გეგმა გეგმისთვის. მივესალმები ასეთ შეხვედრებს, იმედი მაქვს, რომ ,,ჰო და არა“ მოგვეხმარება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში. პრესის დიდი იმედი მაქვს, ვიცი რომ მაღალტირაჟიანი გამოცემა აქვს თქვენს რედაქციას, შესაძლოა ჩვენ შესანიშნავი გეგმა შევიმუშავოთ, მაგრამ მოსახლეობამდე თუ ვერ მივიტანეთ ინფორმაცია, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება. აუცილებლად დასამატებელია აპარატები, ტექნიკა, აღჭურვილობა. საჭიროა ტრენინგები, რათა შემწამვლელთა ჯგუფებმა რაიმე შეცდომა არ დაუშვან. კვლავ პრობლემა იქნება საკარმიდამო ნაკვეთების შეწამვლა, რადგან დიდი ალბათობით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავს შეიკავებს ბიფეტრინის გამოყენებისგან და მხოლოდ სახელმწიფო მასივების შეწამვლა ეფექტს ვერ მოიტანს. ამიტომ, დროულად უნდა მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რა უნდა გააკეთოს მან და როდის. საჭიროდ მიმაჩნია ამ პრობლემის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანება“-განაცხადა მერის მოადგილემ.შეხვედრაზე იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ბიფეტრინის გამოყენებას ფაროსანასთან ბრძოლაში. აგრონომის, გური ბირბიჩაძის თქმით, მთვრობამ კეთილი უნდა ინებოს და შეუძინოს მოსახლეობას შედარებით ძვირი, მაგრამ გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური ბიოპრეპარატები, მაგალითად ბოვერინი. ბირბიჩაძის მტკიცებით, ბიფეტრინის დარიგების შემთხვევაში, მოსახლეობა კვლავ თავს შეიკავებს საკარმიდამო ნაკვეთების შეწამვლისგან და ფაროსანა უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს. ასევე, მან გაამახვილა ყურადღება შემწამვლელების დაბალ ანაზღაურებაზე. შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს ყოფილი დეპუტატი დარეჯან (მაცაცო) ბურჭულაძე, რომლის თქმით შარშან მოსახლეობას კი არ უთქვამს უარი შეწამვლაზე, არამედ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საზოგადოების ინფორმირება ამ პრეპარატთან დაკავშირებით. ,,ის ინსტრუქცია, რაც მოჰყვა ბიფეტრინს იყო ძალზედ შემაშფოთებელი, გარკვევით ეწერა, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ჩვენს რეალობაში არაფრით არ შეიძლებოდა, ასე რომ, მოსახლეობას ნუ გადააბრალებთ ფაროსანას მომრავლებას. ხელისუფლებამ ჯერ დააგვიანა შეწამვლითი პროცესები, ხოლო შემდეგ ვერ უზრუნველყო საკარმიდამო ნაკვეთების შეწამვლა,შედეგიც სახეზე გვქონდა“-თქვა ბურჭულაძემ. ოლივერ გოგუაძის თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა არ არის იოლი და მართებულად არ მიაჩნია მოსახლეობისთვის ამხელა პასუხისმგებლობის დაკისრება. ,,როგორც მოგეხსენებათ, ისეთი ზესახელმწიფო, როგორიც ამერიკაა, ათი წელი ებრძოდა ამ მავნებელს და ჯერაც ვერ დაამარცხა ბოლომდე. ჩემის აზრით, შეუძლებელია ასე ერთ და ორ წელიწადში ფაროსანას დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად, ჭკვიანური და ორგანიზებული მეთოდებით ნელ-ნელა შევამციროთ ფაროსანას რაოდენობა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მავნებელი ყველა სახის მოსავალს ანადგურებს. 50 მილიონი ამ საქმეს რომ არ ეყოფა, ესეც უნდა გავიგოთ. მოსახლეობა ვერ შეძლებს ებრძოლოს აზიურ ფაროსანას, ჯერ ფიზიკურად ვერ შეძლებენ და ამასთან, სახლების გარკვეული ნაწილი მიტოვებულია. სოლოაპარატების დამატებაა საჭირო, მოსახლეობა ძირითადად მექანიკურად უნდა ებრძოლოს მწერს. ვთქვათ სიმართლე, სახელმწიფომ დააგვიანა შარშან წამლობა და რაც მთავარია, გამოუცდელობის გამო, შეწამვლის ხარისხი იყო ძალიან დაბალი. ფული დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. იქ სადაც ერთ ჰექტარზე ოცი აპარატი საწამლავია საჭირო და 10-ს მოიხმარ, ეფექტი არ გექნება. მოსახლეობას აქვს დარიგებული ბუკლეტები და კალენდრებიც, მაგრამ ვფიქრობ 10% არ შეიწამლება ფართობების. ვიმეორებ, მოსახლეობა ვერ შეძლებს ამ ყველაზე საშიში მავნებლის დამარცხებას საკუთარი ძალებით“- განაცხადა ოლივერ გოგუაძემ. მეფუტკრე შალვა ურუშაძის აზრით, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ქიმიური საწამლავი უფრო ეფექტურია, თუ ბიოპრეპარატები. ,,მქონდა კონსულტაციები საკმაოდ კომპეტენტურ ქიმიკოსებთან ბიფეტრინთან დაკავშირებით, მათი თქმით თანამედროვე ტექნოლოგიები ისე ვითარდება, რომ ჩვენ ბოლომდე ვერ შევძლებთ დავადგინოთ წინასწარ რა უკუჩვენებას მოგვცემს ეს პრეპარატი. მოვიძიე ინფორმაცია ერთ-ერთ ბიოპრეპარატზე ,,ნოსტალჯიზე“, ეს პრეპარატი აქტიურად და წარმატებულად იქნა გამოყენებული მეზობელ თურქეთში, მაინტერესებს ჩვენი ხელისუფლება თუ აპირებს მსგავსი ბიოპრეპარატების შესახებ განხილვებს. ამერიკელების მიერ დაწრილ ინსტრუქციას ბიფეტრინზე, არ შეიძლება მოსახლეობაში პანიკა არ გამოეწვია. ვფიქრობ მოსახლეობის გაცილებით მეტი ინფორმაციულობაა საჭირო, თუ რომელი პრეპარატია უსაფრთხო და ამავდროულად ეფექტური“- მიმართა დამსწრე საზოგადოებას შალვა ურუშაძემ. გოგი ურუშაძის აზრით, საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას, რათა საკუთარი თვალით ნახონ რა მძიმე სიტუაციაა რეგიონში. ,,მოსავლის თითქმის 100% განადგურებულია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზიური ფაროსანას გარდა, თხილს და სხვა კულტურას აქვს ასევე სხვადასხვა დაავადებები. ფაროსანა იწყებს ნაყოფის დაზიანებას და შემდეგ სხვა დაავადებებიც არ აყოვნებენ. როდესაც ჩვენ ა(ა)იპს დაევალა შარშან ნაკვეთების შეწამვლა, იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები. საერთოდ არ იყო თანხა გამოყოფილი ტრანსპორტზე, არ იყო საკმარისი აპარატები და ა.შ იმედია მიღებული მწარე გამოცდილებიდან წელს მაინც შევძლებთ ეფექტურად ვებრძოლოთ ფაროსანას“- თქვა გოგი ურუშაძემ. ლელა ჩახვაძის თმით, მთავრობამ სწორად აირჩია ქიმიური პრეპარატი, კერძოდ ბიფეტრინი, მაგრამ მოსახლეობამდე ვერ მიიტანა შესაბამისი ინფორმაცია. ,,ვფიქრობ დიდი უპასუხისმგებლობაა მთავრობის მხრიდან, მოსახლეობას შეატოვოს შეწამვლითი პროცესები. ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ავიაცია, სოლო აპარატები და ძალიან ეფექტური ტრაქტორული სისტემა, მაგრამ არ უნდა ამ ხელისუფლებას მოუსმინონ სპეციალისტებს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ ვერიდები, მაგრამ ამ შემთხვევაში ესენი არაფერ შუაში არ არიან. დეპუტატთან შეხვედრის დროს აღვნიშნე, რომ ის იქ პარლამენტში იმიტომ არის, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაარწმუნოს იმაში, რომ მოსახლეობა თავად ვერ შეწამლავს ფართობებს. ჩემი დათვლებით, მოსავლის 90%-ზე მეტი განადგურდა შარშან. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. ვფიქრობ ასეთი უსუსური მეთოდებით ბრძოლის შემთხვევაში ზარალი წელს ორმაგი იქნება“-აღნიშნა ლელა ჩახვაძემ. გამგებლის ყოფილი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის აზრით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო შეწამვლითი პროცესები და არ გამოაცხადა ტენდერი თავის დროზე. ,,ტრაქტორი კომუნისტებსაც ჰყავდათ და ამერიკელებსაც, მაგრამ ამერიკელებს გაცილებით მეტი შედეგიანობა ჰქონდათ. ანუ, აქ მთავარი ის არის, რომ ცუდი პოლიტიკა იქნა გამოყენებული და წარმოების წესი იყო ცუდი. 50 მილიონია გამოყოფილი, როდესაც ამ ფულს გამოყოფს მთავრობა, ბიუროკრატიის პირველი ინსტიქტი არის, როგორ მოიპაროს ეს ფული. ყველა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ახლაც ასე გაგრძელდება. როდესაც ამ პროცესებს ასე უაპელაციოდ მიანდობ მთავრობას, ეს არ გამოიღებს იმ ეფექტს, რომელიც სასურველია. უბრალოდ ახლა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რატომ? 80% მიწის მფლობელი არის სახელმწიფო და ჩვენ ხომ არ შევუწამლავთ ფართობებს, თვითონ არის გადამჯდარი ამ მიწებზე და კეთილი ინებოს და უზრუნველყოს წარმოების პროცესი. აბა იყოს ეს მიწები კერძო საკუთრებაში, ამის მეასედი პრობლემა არ გვქნებოდა მაშინ. სახელმწიფოს მიერ მოწოდებული სერვისი არის უხარისხო და ძვირი, კერძო სექტორის მიერ მოწოდებული კი - ხარისხიანი და იაფი. აი, ეს უნდა შევიგნოთ ყველამ. სამწუხაროდ ახლა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გამორიცხულია ამ პრობლემის მოგვარება, ვინაიდან კერძო სექტორს არაფერი არ დაუტოვა და მას აქვს ხელში ყველაფერი“-ეკოლოგის, მანანა გოგუაძის თქმით, აუცილებელია მოსახლეობას დეტალობრივად ეცნობოს პრეპარატის მოხმარების წესების შესახებ. რადგან, ბიფეტრინი არის ძალზედ ძლიერი საწამლავი და გაუფრთხილებლად მოქცევის შემთხვევაში, შესაძლოა ფატალური შედეგები მივიღოთ. მისივე განცხადებით, დიდი პრობლემას წარმოადგენს დაკეტილი სახლები, რადგან შერჩევითობის პრინციპით მოწამვლა ეფექტური ვერ იქნება. მამუკა ვადაჭკორიამ იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად ჩაერთვება ფაროსანასთან ბრძოლაში და მექანიკური საშუალებებით, თებერვალშივე დაიწყებენ მავნებლის განადგურებას. ვადაჭკორიას თქმით, როდესაც სოფლის რწმუნებულები დაინიშნებიან(მოგეხსენებათ, ახლა ვაკანსიებია გამოცხადებული მერის წარმომადგენლებზე), მათთან ერთდ შეეცდებიან მოსახლეობის სრულ ინფორმირებას და დახმარებას. ყველაზე ვრცლად მაინც გელა ზენაიშვილმა ისაუბრა, მან დეტალურეად აღწერა ის საშიშროებები და მავნებლობები რასაც აზიური ფაროსანა იწვევს. მისი თქმით, ფაროსანა სხვა მწერებთან შედარებით გაცილებით ზიანის მომტანი იმიტომ არის, რომ ის ყველა სახის ნაყოფს ერჩის. როგორც ის აღნიშნავს, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ წამლის წინასწარ გამოყენება არაეფექტურია და საჭიროა დროის შერჩევა, რათა შედეგი დადებითი იყოს. როგორც ზენაიშვილმა განგვიმარტა, ბიფეტრინის მოქმედების ვადა არის 18 დღე, ხოლო შემდეგ ძალას კარგავს. ვინაიდან გელა ზენაიშვილის გამოსვლა ძალზედ მოცულობითი იყო და ის კონკრეტულ რჩევებს აძლევს მოსახლეობას, გადავწყვიტეთ, მომდევნო ნომერში მკითხველს მივაწოდოთ ზენაიშვილის სიტყვით გამოსვლის სრული ვერსია. თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები