ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დემაგოგობა თუ საქმის გაკეთების სურვილი: რატომ მიატოვა საკრებულოს სხდომა ზაზა ურუშაძემ და რა ბრალდებები წაუყენეს ერთმანეთს ექს და მოქმედმა გამგებლებმა (?!)

დემაგოგობა თუ საქმის გაკეთების სურვილი: რატომ მიატოვა საკრებულოს სხდომა ზაზა ურუშაძემ და რა ბრალდებები წაუყენეს ერთმანეთს ექს და მოქმედმა გამგებლებმა (?!)
31-05-2017, 00:00

როგორც ცნობილია, ჩვენს ქალაქში რამდენიმე ადგილია გამოყოფილი, მაგრამ მათ მოწესრიგებას გარკვეული თანხა სჭირდება. მართალია, თანხის ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა, მაგრამ როგორც კი ფინანსებთან მოხდა შეხება, მაშინვე ახმაურდა საკრებულოს წევრთა ნაწილი. კახა ასკურავამ ბოლო დროს გახშირებული ჯარიმები შეახსენა მუნიციპალიტეტის გამგებელს: „ბოლო დროს ჩვენი ქალაქის ცენტრი ერთ დიდ საჯარიმო ადგილად გადაიქცა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ბოლო ათი დღეა. მხოლოდ ერთ დღეს პატრულმა ჯარიმად 6 ათასი ლარი გამოწერა. კაცმა გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და ლარიანი ნაყინი იყიდა, უკან მიბრუნებულს კი გაჩერებისთვის 20 ლარიანი ჯარიმა ამოუწერეს. ხმამაღლა მინდა განვაცხადო, რომ დღეიდან თქვენი წამზომი ჩართულია. პარკირება როცა მოწესრიგდება, ამის შემდგომ თუ ვინმე დაარღვევს, ეს უკვე მძღოლის ბრალი იქნება და მისი პრობლემა, მაგრამ მანამდე ჯარიმებით ავსებთ ბიუჯეტს.“ ყოფილ გამგებელს მოქმედმა უპასუხა: „როცა თქვენ იყავით გამგებელი, მაშინ რატომ არ მოაწესრიგეთ ეს თემა, არ გქონდათ დრო?! რა ვქნათ ახლა, არ დავიცვათ წესრიგი?! პატრული აჩერებს იმას, ვინც წესს არღვევს. ამას წინათ ლესის სარკინიგზო გადასავლელთან გამაჩერა პატრულმა, დარღვევა მქონდა და ჯარიმა გამომიწერა. საჯარიმო ფურცელი მოგიტანოთ თუ დამიჯერებთ ასე რომ იყო? ვინც არღვევს, ის უნდა დაჯარიმდეს. პარკირების მოწყობა დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული. საღებავებია საჭირო და სპეციალური ნიშნები. ეს არც ისე ბევრი თანხაა, რომ ვერ გამოინახოს.“ მას ისევ ასკურავამ უპასუხა: „ჩვენ მაშინ ამისთვის არ გვეცალა. ქვეყანას ვაშენებდით. ახლა ყველგან ქაოსი გაქვთ და ეს არის რეალობა. ჯარიმებით ავსებთ ბიუჯეტს, რათა შემდგომ პრემიები დაირიგოთ.“ დარეჯან ბურჭულაძემ თქვა, ქალაქში არსებული ე.წ. ზებრა-გადასასვლელები თითქმის არსად ჩანს და ეს დამატებით პრობლემას წარმოადგენსო. საკრებულოს თავკაცმა, გოგი ხელაძემ უპასუხა _ ეს პრობლემა 5 რიცხვამდე მოწესრიგდებაო. ცალკე კამათი გამოიწვია სოციალური პროგრამებში შესატანმა ცვლილებებმა. როგორც გაახმოვანეს, ერთჯერად დახმარებას ის ადამიანი მიიღებს, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იქნება რეგისტირებული. კიდევ ერთმა ყოფილმა გამგებელმა, გია გოგუაძემ იკითხა: „ძალიან საინტერესოა, ეს პროგრამა ამომრჩეველზეა მორგებული თუ მოსახლეობაზე?“ რომან ბიწაძემ განაცხადა, რომ პროგრამასთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნებია. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ შეიძლება ადამიანი ლანჩხუთში წლებია ცხოვრობდეს, მაგრამ ის თუ დარეგისტირებული არ არის, თანხას ვერ მიიღებს. აქვე ისიც შენიშნეს, რომ თუ რეალურად აქ არ ცხოვრობს, მაგრამ რეგისტრაცია აქვს, დახმარება როგორ მივცეთო. ნაწილმა ისიც შენიშნა, აბა სხვა მუნიციპალიტეტში არავინ არაფერს მოგცემს რეგისტრაციის გარეშე და ჩვენს შემთხვევაშიც ასე აჯობებსო. ასევე ითქვა დეპუტატების ჩართულობაზე ერთჯერადი დახმარებების გაცემის პროცესში. კახა ასკურავას თქმით, ეს თავის დროზე იყო დისკრიმინაციული მიდგომა: „რამ გაანსხვავა მაჟორიტარი და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი. პარლამენტის წვერი როცა არის, სულ ერთია, ის მაჟორიტარია თუ პროპორციული წესით არჩეული, ის პარლამენტის წევრია. ასევეა საკრებულოს შემთხვევაში“. ელისო ჭიჭინაძემ მიუგო, რომ მაჟორიტარები უფრო მეტად არიან ჩართულები, რადგან მათ დეტალურად იციან, მათი სოფლის მაცხოვრებელთა შესახებ: „თქვენ რა იცით, ბატონო კახა, ლესაში რა პრობლემებია, ვის როგორ და რანაირად უჭირს. 3 წელია იქ ხარ ყოფილხართ.“ „რას ამბობთ ქალბატონო ელისო. ეს არის ძალიან არაადეკვატური განცხადება. მე ლესაში როდის ჩამოვალ ან ვის სად შევხვდები, ეს თქვენთან შესათანხმებელი არა მგონია იყოს. ამოვიღოთ საკრებულოს ძველი სხდომების ჩანაწერები და ვნახავთ, თქვენ ხმა მიეცით ისეთ ბიუჯეტს, სადაც სოფელ ლესისთვის არაფერი იყო გათვალისწინებული. ეს უნდა იცოდეს ლესის მოსახლეობამ. ამის შესახებ მაშინ გია გოგუაძემ გითხრათ და ასე უპასუხეთ, არ ვიცოდიო. მაინც დაუჭირეთ მხარი“ _ ემოციური იყო ასკურავა. „ლესაში პროექტები ხორციელდება და ეს არის რეალური. რაც შეეხება თქვენს მოსვლას სოფელში, არჩევნებზე გამოჩნდება შედეგი, რამდენად ახლოს ხართ ხალხთან“ _ ურეპლიკა ჭიჭინაძემ ასკურავას. გია გოგუაძემ გამგებელს მიმართა: „რამდენჯერაც დავწერე შუამდგომლობა, იმდენჯერ უარი მივიღე თქვენგან. 5-ჯერ მითხარი უარი. გვარებიც შემიძლია დაგისახელოთ, ვისაც ვუშუამდგომლე ერთჯერად დახმარებაზე“. „ერთხელაც თუ იყო მასე, მაშინ სახალხოდ მოგიხდი ბოდიშს. ეს არის ტყუილი და დემაგოგია“ _ განაცხადა გამგებელმა. საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ბიუჯეტში შესატანმა ცვლილებებმა. რამდენიმე ხნის წინ ბიუჯეტი შეამცირეს, ახლა კი გაზრდილი ვარიანტი წარმოადგინეს. დეპუტატების ნაწილმა გულისწყომით იკითხა, რას გვათამაშებთ, ხან ასეა და ხან ისეო. რასაც გამგებელმა უპასუხა: „ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა როცა ამის აუცილებლობა გამოჩნდება, ჩვეულებრივი პროცესია და აქ რაიმე განსაკუთრებულს ნუ დავინახავთ“. ადამ ხუხუნაიშვილი: „ბოლო სამი წელია საკრებულოში ვარ. ისე, 12 წელი იქნება, რაც ამ ორგანოში ვყოფილვარ. რასაც დღეს უსამართლობას ვხედავ, ასეთი არ მინახია. 70 ბავშვი დადის ჭადრაკის წრეზე. ეს დაახლოებით ერთი სკოლის ტოლფასია, ისინი ღია ცის ქვეშ არიან. გვპირდებიან ამა თუ იმ შენობას, მაგრამ შედეგი არ არის. ძალიან კარგია ფეხბურთის განვითარება და მახსოვს გამგებლის სიტყვები, რომ ფეხბურთს ჩემს ხელში არაფერი გაუჭირდებაო. გავა ცოტა ხანი და თქვენზე იტყვიან, თქვენ იყავით გამგებელი, რომელმაც ლანჩხუთში მოკლა ჭადრაკი.“ დარეჯან ბურჭულაძე: „ჯერ შეამცირეთ ბიუჯეტი, ახლა იძახით, ვზრდითო. სად არის ფული, რითაც ზრდით. ეს არის ბიუჯეტის სწორი ხარჯვა?!“ „თქვენ ხართ საკრებულოს წევრები. ხშირად მომისმენია თქვენგან, რომ ქალაქში არსებული სტადიონები ძალიან სავალალო მდგომარებაშია. არ გინდათ ამის გაკეთება, არ არის პრობლემა, გავაკეთოთ ჭადრაკი, მივხედოთ სპორტის ამ სახეობას. მე შემოვიტანე განსახილველად, თქვენ დაეთანხმეთ. მე არც ჭადრაკის დასამარების მომხრე ვარ და არც სხვა რამის. აგერ ხართ, ბატონო და გადაწყვიტეთ. 60 ათასი ლარი ცვლილებებით ერთჯერად დახმარებებზეა გათვალისწინებული. რა ვქნათ, არ დავეხმაროთ ხალხს? 20-დან 19 დახმარებას გვთხოვს.“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა. გიორგი გოგუაძემ გამგებელს ყოფილი სასტუმროს შენობის სახურავის შეკეთება შეახსენა და ასევე იმედო დუნდუას სახელობის სტადიონიც: „3 თვის წინ წაიქცა ხე სტადიონზე, ეს იყო სტიქიის შედეგად, რატომ სტიქიით დაზიანებულ ობიექტებში ვერ მოხერხდა მისი ჩასმა და ჩასვით სასტუმროს შენობა?!“ „ვერ ჩაისმებოდა ის სტიქიით დაზარალებულ ობიექტების ნუსხაში. სასტუმრო თქვენ დაანგრიეთ და ჩვენ აღვადგინეთ. თქვენ დემაგოგიის მოსასმენად არ მცალია. შეხვედრა მაქვს, დღეს მიღების დღეა და 50 კაცი მელოდება“ _ განაცხადა გამგებელმა და დაბრაზი დატოვა. მას გოგი ხელაძემ თხოვა დარჩენა, მაგრამ გამგებელმა სხდომის ადგილი ისე დატოვა, რომ არ შეჩერებულა. გოგი ხელაძეც უკან მიჰყვა, რასაც საკრებულოს წევრების გაკვირვება მოჰყვა. რამდენიმე წუთში საკრებულო პირველი პირი დაბრუნდა, ხოლო გამგებელი სხდომაზე მოგვიანებით გამოჩნდა. კახა ასკურვა: „გამგებელი გაიქცა და მას არ სურდა გაეცა კითხვებზე პასუხი. 2014 წლის სტიქიის ფული ჩამოვიდა გასულ წელს წინასაარჩევნოდ. 3 თვის წინ მომხდარი ფაქტი, არ შეიძლებოდა შესულიყო სტიქიის სალიკვიდაციო გეგმაში?!“ სხდომაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ თავმჯდომარე იძულებული გახდა შესვება გამოეცხადებინა. ეს უფრო იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აღმოჩნდა, გადაწყვეტილებისთვის საჭირო 16 ხმას ვერ აგროვებდნენ და სასწრაფო კონსულტაციებისთვის ერთმანეთს უხმეს. 15 წუთიანი შესვენება იმით დასრულდა, რომ 16 ხმა მოგროვდა და ბიუჯეტში ცვლილებები მოხდა, მაგრამ წარმოდგენილი ვარიანტი შეცვალეს და ისე დაამტკიცეს. საკრებულოს საკმაოდ ხმაურიანი სხდომა ტრადიციული სხვადასხვათი დასრულდა, სადაც დეპუტატებმა სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, ოღონდ დაცარიელებულ დარბაზში. გუშინდელი სხდომა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მისი ტრანსლაცია ხდებოდა საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ.გვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო (და შეუძლია) მისი ხილვა. როგორც ტრანსლაციის ორგანიზატორებმა თქვეს, _ ასეთი, კარგი გაგებით, ხმაურიანი საკრებულო თითქმის არ უნახავთ და მისასალმებელია, რომ დეპუტატები თვითმმართველობაში აქტიურად ჩართულები არიანო.

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა