ამ სამყაროში ბავშვები ყველაზე სენსიტიური და მგრძნობიარე არსებები არიან, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ გვერდით ვინმე ისეთი, ვინც იფიქრებს და იზრუნებს მათზე.
ყოველი ადამიანისთვის ყველაზე ახლობელი, ცხადია, მშობლები და ოჯახის სხვა წევრებია.
ოჯახი - ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ, გვაფასებენ, გვიფრთხილდებიან და სჯერათ ჩვენი. ის მუდამ სიყვარულითა და სითბოთი უნდა იყოს სავსე და სიმშვიდე სუფევდეს მასში. მხოლოდ ასეთ ოჯახებში შეიძლება ჩამოყალიბდეს მოზარდი სრულყოფილ ადამიანად, რომელსაც ღირსეული პიროვნებისთვის საჭირო და დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება ექნება.
ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა ოჯახშია თავმოყრილი ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსები, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ კარგად დავაკვირდებით და გავაანალიზებთ ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას, დავინახავთ, რომ სინამდვილეში სულაც არ გვაქვს ეს ლამაზი სურათი.ზოგ შემთხვევაში ბავშვებს არ აქვთ მოსიყვარულე და მშვიდ ოჯახში ცხოვრების ბედნიერება და მეტიც, მათ ხშირად ყოველდღიური ჩხუბის, დაძაბული სიტუაციისა და ძალადობის ფაქტების ატანაც კი უხდებათ.
ცხადია, ასეთ გარემოში ცხოვრება მათ პიროვნებაში არსებულ ყოველგვარ კარგს მოსპობს და წინა პლანზე წამოსწევს ამ ძალადობისა და ჩაგვრისადმი მიდრეკილებას.
ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვები ძალიან მოწყვლადები არიან და ადვილად შეუძლიათ სხვისი თვისებებისა თუ ქცევების საკუთარ თავზე გადმოტანა, რის გამოც ნორმალურ ოჯახში არასოდეს კამათობენ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.
ჩემი აზრით, ასეთი შექმნილი მდგომარეობის მთავარი მიზეზი მშობლებსა და შვილებს შორის არასაკმარისი სიახლოვე და ნდობაა.
განსაკუთრებით დედა-შვილს შორის დაბადების მომენტიდან არსებობს წარმოუდგენლად მყარი კავშირი, რასაც ფსიქოლოგები მიჯაჭვულობას უწოდებენ და ის მთელი ცხოვრების მანძილზე არ უნდა დაირღვეს. პირიქით, ყოველთვის უნდა ეცადოს მშობელი, რაც შეიძლება ახლო, ნდობით გამსჭვალული და თბილი ურთიერთობა ჰქონდეს შვილებთან.
საქართველო უკვე დიდი ხანიაამ მხრივ პრობლემების წინ იმყოფებოდა. შემაძრწუნებელი ფაქტები ხდება ჩვენ გარშემო. ისეთი, რომელზე დიდი უბედურება უკვე აღარ არსებობს.
წელიწადში რამდენჯერმე ვიგებთ ტელევიზიის საშუალებით, რომ მოზარდების სიცოცხლე ძალადობამ შეიწირა ან სიცოცხლის გაგრძელება თავად აღარ მოინდომეს. ბოლო დღეებში აქტიურად განიხილავენ 14 წლის ნინის ტრაგედიას, რომლის გარშემოც უამრავი კითხვა და საეჭვო დეტალია. მთავარი კითხვა კი, რა თქმა უნდა, შემდეგია: რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი? რატომ არ უნდა უნდოდეს სიცოცხლე 13-16 წლის მოზარდებს? არამგონია, მსგავსი სურვილი გააჩნდეთ მათ, ვისაც ნორმალური პირობები აქვთ შექმნილი ოჯახების მხრიდან.
ეს არაა მხოლოდ ამ ოჯახების გულისტკივილი, მთელი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
ყველა ჩვენგანი ვალდებულია, მოვუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მოზარდებზე. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები.
ქვეყანაში ფუნქციონირებს სოციალური სამსახურები და ბავშვთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მთავარი დანიშნულება არასრულწლოვანთა დაცვა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა.
ვამბობთ და ვამაყობთ, რომ ქართველი ერი საოცრად თბილი და სტუმართმოყვარეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად სტუმარს კი არა ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, არ ვზრუნავთ ერთმანეთზე...
ვფიქრობ, პირველ რიგში, ინფორმაციის არასაკმარისობა და ცნობიერების განუვითარებულობაა პრობლემა.
მოზარდებისფსიქოლოგიურ განვითარებასა და ჩამოყალიბებაშიოჯახთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სკოლასაც, სადაც ვატარებთ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ ხანგრძლივ, მთავარ და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ პერიოდს.
სკოლაში უნდა აწვდიდნებ მოსწავლეებს ინფორმაციას საკუთარი უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ. უნდა ასწავლონ, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაარღვევს მათ უფლებებს.
ბევრჯერ გაგვიგია, რომ სანათესაო ან სამეზობლო თავს იკავებს კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევისაგან და ვფიქრობ, ეს ზერელე და გულგრილი დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ. როგორ შეიძლება შენს გვერდით ვინმეს ჩაგრავდნენ, სცემდნენ, მასზე ძალას ხმარობდნენ და შენ ამაზე თვალი დახუჭო? ეს ხომ თანამონაწილეობის ტოლფასია. ასეთ მოქცევას არ გვასწავლის ჩვენ, ადამიანებს, ჰუმანური კანონები. როგორც ვხედავთ, ხშირად მხოლოდ ოჯახებისა და სკოლის მუშაობა და მიდგომის მეთოდები არაა საკმარისი. სოციალურმა გარემომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი მოზარდების ადაპტირებასა და ფსიქოლოგიური პორტრეტის სრულყოფილად ჩამოყალიბებაში.
როგორც ყველა პრობლემისა, ამ საკითხის მოგვარებაც მხოლოდ ერთმანეთთან თანადგომით, ურთიერთპატივისცემითა და თბილი, სიყვარულით სავსე დამოკიდებულებითაა შესაძლებელი.
სასიცოცხლოდ აუცილებელია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავირიდოთ ასეთი ტრაგედიები.
ჩვენ ხომ ისედაც ცოტანი ვართ? როგორ უნდა გავწიროთ სიკვდილისთვის ჩვენი მოზარდები?
როგორც ჯანსულ ჩარკვიანი ამბობს თავის ერთ-ერთ გამორჩეულ ლექსში: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი?“
მარიამ კვაჭაძე
არ გავწიროთ სიკვდილისთვის ჩვენი მოზარდები!
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 924