ლექსების წერა მისთვის მხოლოდ ჰობი არ არის – ეს საკუთარი ფიქრების, ემოციებისა და სამყაროს აღქმის გამოხატვის საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, უკვე გამოსცა პირველი პოეტური კრებული, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში, ეცნობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და მომავლისთვის მნიშვნელოვან გეგმებს სახავს. თავმდაბალი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდა საკუთარ წარმატებებს მხოლოდ დასაწყისად მიიჩნევს.
დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ზაზა ზოიძეა. მისი პირველი წიგნი – „გავუფრთხილდეთ სიყვარულს“ – უკვე მკითხველის ხელშია, თუმცა თავად ამბობს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია შემოქმედებით გზაზე.– მოგვიყევით თქვენს შესახებ.
– დავიბადე 2009 წლის 24 ნოემბერს. ჩემი მშობლები არიან ზვიად ზოიძე და სალომე მამულაიშვილი.
– როგორი მოსწავლე ხართ და რა არის თქვენი მთავარი გატაცება?– ვსწავლობ საშუალო და კარგ დონეზე. განსაკუთრებულად მიყვარს მუსიკა, პოეზია და ლიტერატურა. თავისუფალ დროს ვკითხულობ ლექსებს და თავადაც ვწერ. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა.
– უკვე პირველი წიგნის ავტორი ხართ. როგორ დაიბადა მისი შექმნის იდეა?
– ჩემი წიგნის სახელწოდებაა „გავუფრთხილდეთ სიყვარულს“. ეს სათაური ჩემი ერთ-ერთი ლექსიდან მოდის. იდეა ერთ-ერთი მუსიკალური ალბომის სახელწოდებამ მომცა, შემდეგ დავწერე ლექსი და საბოლოოდ სწორედ ეს გახდა წიგნის სახელიც. ვფიქრობ, პირველი წიგნის გამოცემა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა.
– როდის დაიწყეთ ლექსების წერა?
– მერვე კლასში. იმ პერიოდში ჩვენი სკოლა რემონტდებოდა და სხვა სკოლაში გვიწევდა სწავლა. ყოველდღიური ამბები ერთ ლექსად აღვწერე. თავიდან მეგონა, ეს მხოლოდ ერთჯერადი მცდელობა იყო, მაგრამ შემდეგ უფრო და უფრო მეტს ვწერდი. მაშინ მივხვდი, რომ პოეზია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
– საკუთარ თავს პოეტად მიიჩნევთ?
– არა. ჩემთვის პოეტები არიან გალაკტიონ ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ტიციან ტაბიძე, აკაკი წერეთელი, პაოლო იაშვილი, ტერენტი გრანელი... მე საკუთარ თავს უბრალოდ ლექსების ავტორს ვუწოდებ. თუ ოდესმე მკითხველი პოეტად ჩამთვლის, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება.
– აქტიურად მონაწილეობთ საერთაშორისო პროექტებში. რას ნიშნავს თქვენთვის MUN?
– ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. მონაწილეობა მივიღე ჩეხეთის, ამერიკისა და ნიდერლანდების კონფერენციებში. სხვადასხვა ქვეყნის დელეგატის როლში ვმუშაობდი. ასეთი პროექტები ავითარებს უცხო ენებს, დებატების კულტურას, გუნდურ მუშაობასა და ლიდერულ უნარებს. ამასთან, შესაძლებლობას გვაძლევს, გავიცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ადამიანები.
– თქვენი წიგნის პრეზენტაცია განსაკუთრებული ღონისძიება იყო...
– ნამდვილად ასეა. პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გვერდით მედგა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე. ერთად შევასრულეთ რამდენიმე სიმღერა, წავიკითხე ჩემი ლექსები და ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.
– როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა ბატონ ნუგზარ ერგემლიძესთან?
– წლების წინ გავიცანი, მოგვიანებით სოციალური ქსელის საშუალებით ურთიერთობა განვაახლეთ და ნელ-ნელა დავმეგობრდით. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი შემოქმედებით. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე გვერდით მედგა.
– რა გეგმები გაქვთ მომავალში?
– პროფესიულად სასტუმროების მენეჯმენტის მიმართულებით მინდა გავაგრძელო სწავლა. ვფიქრობ, ეს მომცემს შესაძლებლობას, უკეთ შევისწავლო უცხო ენები და საერთაშორისო გარემოში ვიმუშაო. პოეზია კი, მიუხედავად პროფესიისა, ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი დარჩება.
– რას ეტყოდით თქვენს თანატოლებს?
– არასოდეს თქვან უარი საკუთარ ოცნებებზე. თუ რაიმე გულით გიყვარს, აუცილებლად უნდა იშრომო, რადგან შრომა და მონდომება საბოლოოდ ყოველთვის ფასდება.
დასასრულს
ახალგაზრდა ავტორის ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ასაკი წარმატებისთვის გადამწყვეტი არ არის. მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, შემოქმედებითი აზროვნება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ადამიანს დიდი მიზნების ასრულებისკენ მიიყვანს. პირველი წიგნი, საერთაშორისო გამოცდილება და მომავლის ამბიციური გეგმები ადასტურებს, რომ მის ცხოვრებაში მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.
აქვე გთავაზობთ ზაზა ზოიძის ერთ ლექსს:
ეს ცხოვრება ბევრად თბილი,
თან რომ გმატებს ჟრიამულს,
უნდა გითხრათ სიტყვა ტკბილი:
გაუფრთხილდით სიყვარულს!
ეს სიცოცხლე ბევრად სავსე,
ხშირად გვაძლევს სიხარულს,
თხოვნის მსგავსად გეტყვით ასე:
გაუფრთხილდით სიყვარულს!
ეს გრძნობაა ძლიერ ფრთხილი,
აფრქვევს დარდს და სინანულს,
სათხოვარი ჩემი წრფელი:
გაუფრთხილდით სიყვარულს!
ეს სიტყვა ვით ნატვრისთვალი,
მოჰგავს სადღაც მიმალულს,
მე განიშნებთ მარჯვე თვალით:
გაუფრთხილდით სიყვარულს!
ეს სათქმელი რჩება ცოცხლად
და ეწვევა თელილ გულს,
ჩემი სიტყვა ჰგავს დალოცვას:
გაუფრთხილდით სიყვარულს!
ეს ფიქრები და ზღვა ეჭვის,
დასდევს ირგვლივ სულს და გულს,
ბოლო სიტყვად მაინც გეტყვით:
გაუფრთხილდით
სიყვარულს!
ახალგაზრდა ავტორი, რომელიც პირველ წიგნთან ერთად დიდ მიზნებსაც ქმნის
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 74



