თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მწერალთა სახლში გაიმართა, აწგარდაცვლილი პოეტის, გელა გეგუჩაძის შემოქმედებითი საღამო.
გელა გეგუჩაძე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, როგორც იგი თავის ბიოგრაფიაში ამბობს, მსახიობობა უნდოდა, თუმცა უფალმა ინება, რომ პედაგოგი გამხდარიყო, ამას ხელი არაფერში შეუშლია, ლანჩხუთელ მაყურებელს კარგად ახსოვს მის მიერ განსახიერებული სცენური სახეები, იყო შესანიშნავი პოეტი კარგი პედაგოგი და რაც მთავარია კეთილშობილი ადამიანი.
სამწუხაროა, რომ გელა გეგუჩაძის საღამო თემურ ფირცხალაიშვილის სახლში, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა, მას 64 წელი შეუსრულდებოდა, საღამო ტრადიციულად აქაურობის მთავარმა დიასახლისმა, მუზეუმის დირექტორმა და შემოქმედებითი გაერთიანება ,,სამების“ ხელმძღვანელმა, დარეჯან ბიწაძემ გახსნა. შემოქმედებით საღამოს ესწრებოდა გელა გეგუჩაძის მეუღლე, ფოთოლა კანდელაკი, დამსწრეთა შორის ასევე იყვნენ სტუმარი პოეტები: თინა სტეფლიანი, გერმანე საზანოელი, მერაბ ქობალია, ზურაბ მამულაშვილი; ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედკოლექტივი, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის თანამშრომლები, შემოქმედებითი გაერთიანება ,,სამების“ წევრები, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის თანამშრომლები და სხვები.
გელა გეგუჩაძის მასწავლებელმა და შემდეგ კოლეგამ, უხუცესმა ქალბატონმა ვენერა ხუხუნაიშვილმა, მისი ბავშვობა და პედაგოგობის პერიოდი გაიხსენა, მისდამი მიძღვნილი ლექსიც წაიკითხა. ტრადიციისამებრ შემოქმედებითი გაერთიანება ,,სამების’’ ახალი წევრი ვენერა მასწავლებელი გახდა.
მისი ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი გაერთიანება ,,სამების’’ ახალმა წევრმა, პავლე ნიკოლაიშვილმა, ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სხვებმა.
,,უდიდესი ტკივილი და შოკის მომგვრელი განცდა იყო, როცა გელას გარდაცვალების შესახებ მითხრეს, მუზეუმი ემზადებოდა მისი პერსონალური გამოფენისათვის“_ თქვა ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმის დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.
მართლაც სევდიანი შემოქმედებითი საღამო მუსიკალურად გააფორმა ინგა გოგუაძემ მან გიტარის თანხლებით შეასრულა გელა გეგუჩაძის ლექსზე ახალდაწერილი სიმღერა. შესანიშნავი პედაგოგი, მსახიობი, უბადლო თამადა და კარგზე კარგი ადამიანი, ასე ახასიათებენ კოლეგები ბატონ გელას. ,,გელას გაკვეთილი, გელას სუფრასთან ყოფნა და თამადობა ერთი დიდი აკადემია იყო, არ არსებობდა კოლეგების თავშეყრა ისე დასრულებულიყო, რომ არ გვეთხოვა წაეკითხა ლექსი, საკუთარი თუ სხვისი. ეს წლების წინ მოხდა: ერთხელ ჩავატარე მათემატიკის გაკვეთილი მაღალ კლასში და ჟურნალში დასვენებაზე ვწერ ნიშნებს. მესმის ბავშვების ხმა _ უი, აქ კი გადავრჩით, ახლა გელა დაგვიწერს მისხელა ორიანებსო. რა ხდება ბავშვებო-მეთქი, მიპასუხეს არ ვიცით მასწავლებელო ქართული და უნდა ნახოთ რამხელა ორიანებს წერსო. მართლაც ვიცოდი, გაბრაზებული ძალიან დიდ ორიანს წერდა ჟურნალში. გიშველით-მეთქი, ვუთხარი, იმ შემთხვევაში თუ ხვალ ყველა მომიტანს დავალებას კარგად შესრულებულს, პირობას გაძლევთ-მეთქი. ბავშვებს იმედი არა აქვთ, გელა რომ იტყვის _ იტყვის, შევედი სამასწავლებლოში და ვეუბნები: სირცხვილია შენ სკოლაში ასწავლიდე ბავშვებს და მათ არ იცოდნენ როგორ კითხულობ ლექსს. გიცნობენ როგორც მასწავლებელს, ერთი წაუკითხე გელა ამ ბავშვებს, ვიდრე დაიწყებდე გაკვეთილს, რომ კარგ ხასიათზე დადგნენ-მეთქი. როგორ გითხრა უარიო, მითხრა და მაინც არა მაქვს იმედი, რომ ამით დაიწყებს გაკვეთილს. სამასწავლებლოს გვერდით იყო მისი კაბინეტი. მესმის გელას ომახიანი ხმა, ვერ გავძელი, სამასწავლებლოში და კარებთან დავდექი. კითხულობს ლექსს, გაყინულია კლასი ვატყობ, დამთავრდა, წაიკითხა, ხმა არ ისმის, მგონია დაქუხდება კლასი. ვხედავ, რომ გოგონებს ღაპაღუპით ჩამოსდით ცრემლი, შევედი და ტაში დავუკარი, ამყვა ყველა ფეხზე დამდგარი. შენ მომიწყვე ხომ? მეუბნება და არა გელა-მეთქი, ჩემზე უფრო იცი გამოთქმა: წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო და ეს ქვიშა შენ ხარ, ახლა შენ ისე დაილექე დღეს ამ ბავშვების გულში სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ემახსოვრებით-მეთქი და რომ გაიგეს გელა მასწავლებლის დაღუპვის ამბავი, რამდენი შემეხმიანა უსაშველოდ განიცადეს“ _ თქვა ნიგოითის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა.
ბოლოს როცა მისი ხელჩანთა გავხსენი ასეთი ლექსი ჰქონდა საავადმყოფოს ფურცელზე დაწერილი, თქვა გელა გეგუჩაძის მეუღლემ, ფოთოლა კანდელაკმა,
გთავაზობთ ლექსის პირველი სტროფს:
მეგობრებს
გელა გეგუჩაძის შემოქმედებითი საღამო თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმში
ადრეც ხომ მითქვამს, გული მაქვს და სხვა არაფერი,
სიყვარულისთვის არ არსებობს სხვა რამ ქონება,
უფლის სახელზე სალოცავი მიდგას სანთელი,
ჩემი სიმდიდრე ქანქარაზე აიწონება.
მაია კუკულაძე
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 734