17 სექტემებრს ლანჩხუთში, ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა მონოსპექტაკლი ,,შეჭრა” წარმოადგინა.
მონოპიესა მოგვითხობს ისტორიას, ომის შემდგომ, დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლაზე. ეს არის ერთი ქალის,ჯულიეტა კვარაცხელიას ისტორია, რომელიც ზღვისპირა ქალაქ სოხუმში დაიბადა და დევნილობაში, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში აგრძელებს ცხოვრებას.
უსახლკაროდ დარჩენილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძულებულია მიტოვებული თეატრის შენობას შეაფაროს თავი. კიტა ცხომაიას პიესა რეალურ ისტორიას ეყრდნობა და ზოგადად დევნილ ადამიანთა ტრაგედიას ასახვას, რომელთაც მხოლოდ ისღა დარჩენიათ თვითონვე გამონახონ გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან თავის გადასარჩენად.
სცენარის ავტორია კიტა ცხომარია, რეჟისორი – ლაშა შეროზია. სპექტაკლში დევნილი ქალის როლი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა, მარინა ბურდულმა შეასრულა.
წარმოდგენას, რომელიც გაიმართა ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საკმაოდ ფართო სპექტრის მაყურებელი დაესწრო, მოქმედება მიმდინარეობდა მუზეუმის აივანზე, ხოლო პუბლიკა ეზოში ღია ცის ქვეშ განთავსდა. მის დაწყებამდე მსახიობმა მარინე ბურდულმა და რეჟისორმა ლაშა შეროზიამ მცირე რეპეტიცია გაიარეს, დევნილი ქალი ამჯერად, მუზეუმში იჭრება და გვიყვება საკუთარ მეტად ტრაგიკულ ამბავს.
,,ეს რა არი? მუზეუმი? ძალიანაც კარგი, კარგი აივანია, ვისი მუზეუმია? ვალოდია წულაძის სახელობის ,,თეატრისა და კინოს“ მუზეუმი, მე მიყვარს მუზეუმები, კინოც, თეატრიც. ამათ უყურე ერთი, თქვენ მე არ მიცნობთ, არ გაბედო არ მომიახლოვდე, მომიახლოვდი და ნახავ რასაც გიზამ, თქვენ აქ საიდან გაჩნდით? თქვენ რა გინდათ აქ? იცი ეს მუზეუმი დაკეტილია, ასე რომ, შეგიძლიათ წახვიდეთ... დღეს მე აქ შემოვიჭერი, არ გაბედოთ მოახლოება! რა? ვისია მუზეუმი, შენია მუზეუმი? შენი? ჩემი სარეცხი ხომ კიდია, ესე იგი ჩემია...“
საოცარი სამსახიობო ხელოვნება აჩვენა მსახიობმა მარინე ბურდულმა, შესაბამისად მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. დევნილობის მძიმე ისტორია და მუდამ თავშესაფრის ძიებაში გატარებული წლები, ოჯახის დაკარგვა და გამოსახლების შიშით ცხოვრება, ძნელია ემოციის გარეშე წარმოიდგინო აფხაზეთიდან დევნილთა ცხოვრება, რომელსაც მარინე ბურდულის გმირი მოგვითხრობს. უბრალო ქალის ბუნებრივობა დამაჯერობლობა, უშუალობა და ტრაგიზმი იმდენად შემაძრწუნებელი გახლდათ, მაყურებელს თვალზე ცრემლი არ შეშრობია, კიდევ ერთხელ გაცოცხლდა, კადრები, რომელიც აფხაზეთიდან დევნილმა ხალხმა გაიარა იმ უმძიმესი დღეებიდან მოყოლებული დღემდე.
,,გმირობა მარტივია, მე დღესვე მომცემს სახელმწიფო გმირობის სტატუსს, მაგრამ მე ბინა მინდა! ბინა, სადაც ჩემს სარეცხს გავფენ და ბინა, სადაც მე მოვკვდები, მოვკვდები და წაიღეთ ის ბინა სადაც გინდათ!“
წარმოდგენა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს მიეძღვნა.
მონოსპექტაკლი ,,შეჭრა" ლანჩხუთში
მაია კუკულაძე
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 513