ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ყივჩაღებისა და ევროპელი რაინდების დაპირისპირება ადრიანოპოლთან 1204 წელს, ქართველთა მონაწილეობით.

11-12-2023, 18:47

ყივჩაღებისა და ევროპელი რაინდების დაპირისპირება ადრიანოპოლთან 1204 წელს, ქართველთა მონაწილეობით.

1204 წლის 14 აპრილს ბულგარეთის მეფე კალოიანი ყივჩაღთა ლაშქრით დაუპირისპირდა  იმპერატორ ბოდუენისა და ვენეციის დოჟ ენრიკო დანდოლოს ძალებს. მეფე კალოიანი, ისევე როგორც ჩვენი დავითი, ყივჩაღთა სიძე იყო. ყივჩაღი და ფრანგი რაინდების ეს დიდი ბრძოლა ძალიან საინტერესოა, კიდევ უფრო დამაინტრიგებელია, რომ მასში ფრანგი რაინდების მხარეს მონაწილეობდა თამარის მიერ მაკედონიაში გადასახლებული ხუთი ქართველი ძმა - კახაბერის ძენი.  13 აპრილს, მსუბუქად შეიარაღებული ყივჩაღები უტევენ ფრანგ რაინდებს, რაინდები შოკური კონტრშეტევით პასუხობენ, ყივჩაღები ამ დროს გამორბიან და რაინდებს იტყუებენ, ფრანგთა საომარი წყობის დაშლის შემდეგ ისინი უეცრად უკან მობრუნდნენ და სასტიკი სასაკლაო მოაწყვეს, საოცარია, რომ დიდგორის ბრძოლის წინ ყივჩაღებმა სწორედ ეს მანევრი განახორციელეს, რაც დამახასიათებელი იყო ზოგადად  მომთაბარე ხალხებისთვის. ბოდუენმა გადარჩენილი რაინდები სასტიკად გააფრთხილა, რომ არცერთ შემთხვევაში არ წამოეწყოთ ყივჩაღთა დევნა, მეორე დღეს, 14 აპრილს, ფრანგები და ვენეციელები კათოლიკურ აღდგომას აღნიშნავდნენ, ყივჩაღები ისევ მიუახლოვდნენ რაინდებს, საომარი ყიჟინითა და დამცინავი შეძახილებით, გაღიზიანებული რაინდების ნაწილმა თავი ვერ შეიკავა და ყივჩაღებს ისევ დაედევნა, ხევამდე, სადაც მეფე კალოიანს ჩასაფრებული ნაწილები ჰყავდა, აქვე გათხრილი იყო ,,მგლის ორმოები", რომელმაც რაინდთა მხედრული წყობა მთლიანად მოშალა, ამ დროს ყივჩაღებმა  ჩასაფრებულ მოკავშირეებთან ერთად შეუტიეს რაინდებს, მეფე კალოიანი დიდებული სტრატეგი იყო, მძიმედ შეაბჯრული ფრანგების წინააღმდეგ მისი მსუბუქი ლაშქარი იყენებდა ქამანდებსაც, ქამანდის ხმარებაში დაოსტატებული ყივჩაღები და ვლახები რამდენიმე მეტრის დისტანციიდან ახერხებდნენ ფრანგი რაინდებისთვის იარაღის გამოგლეჯას, ასე, მათ რაინდების დიდი ნაწილი ამოხოცეს, მათ შორის ხუთი ქართველი ძმა, კახაბერის ძე ,,კარგნი ჭაბუკნი". ყივჩაღებმა დაატყვევეს თავად იმპერატორი ბოდუენიც. საგულისხმოა, რომ უფრო ადრე დასავლეთ ევროპელი რაინდები ბრინდიზიუმთან დაამარცხეს ქართველმა და ალანმა მოქირავნეებმაც. ყველაფერ ამის გამო, ქართველებს და ჩრდ. კავკასიელებს ძველ ფრანგულ სიმღერებში შეუპოვარი მეომრების რეპუტაცია აქვთ.


     ჩახრუხაძე აღწერს უცხოეთში დაღუპული ქართველი რაინდების და თამარის სევდიან, და ლამაზ ისტორიას ხსენებული ავტორი ყვება რომ თამარის რაინდების ერთი ნაწილი დაიღუპა ქვეყნიერების ბოლოში, არადა, მათ მეფესა და დედოფალს იმედი ჰქონდა რომ ისინი კვლავ დაბრუნდებოდნენ: ,,[თამარ] შენთა მოყმეთა რა ჰქმნან, რომელთა დედა და მამა აღარა სმოდის? მუნ დაიჴოცნეს, სადა სახელი ქვეყანისაცა არა ისმოდის. შენ გულსა ესე იმედად უთხარ: "ვითამცა შორით კვლა მოვიდოდის". რა სინამდვილე გამოკრთის პოეზიის ამ მომხიბლავი ბურუსიდან ? ეს: კახაბერის  ხუთმა ძემ, სახელოვანმა მოყმეებმა, დახოცეს ანტონ ჭყონდიდელის ძმები, განრისხებულმა თამარმა მკვლელები შეიპყრო და სხვადასხვა ციხეებში ჩასვა, დასასახიჩრებლად  ვერცთერთი ვერ გაიმეტა, ამიტომ გადაასახლა სამყაროს ,,კიდეში" -  ,,მაკედონიასა საბერძნეთისასა", სავარაუდოდ, გემით, ისევე როგორც გიორგი რუსი. რატომ მაკედონიაში? როგორ ასე შორს? ცნობილია, რომ მაკედონიაში არსებობდა ქართული დასახლება - სელო ავაზგოვო, ანუ აფხაზთა სოფელი, შესაძლოა, თამარმა კახაბერის ძეები სწორედ აქ გადაასახლა, რომლებიც შემდეგ ლათინთა იმპერატორის, ბოდუენის სამსახურში შედიან.

თამარის ისტორიკოსი დანანებით წერს, რომ გადასახლებული ხუთივე ძმა ,,კარგნი ჭაბუკნი" ყივჩაღებთან ბრძოლაში მოწყდნენ. ამას უნდა გულისხმობდეს ჩახრუხაძე. თამარსაც უყვარდა მისი რაინდები, რომელთაც არ აპატია უმანკო სისხლი და გადაასახლა, მაგრამ ჰქონდა იმედი, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ ეს ,,კარგი ჭაბუკები" სამშობლოში, მის სამსახურში დაბრუნდებოდნენ ,,ქვეყნიერების ბოლოდან", თამარის მოლოდინი გაცუდდა, რაინდები დაიღუპნენ სამშობლოდან შორს, მშობელ მიწასა და მოყმედ მთაყვანებელ დედოფალს მოშორებულები. ამ ისტორიას აქვს გაგრძელება, შესაძლოა მხოლოდ ჩახრუხაძის ფანტაზიაში, მაგრამ შთამბეჭდავი... პოეტის წარმოსახვაში (იქნებ სინამდვილეშიც) კახაბერის ერთი ძე გადარჩა, გადაიხვეწა მუსლიმანურ ქვეყნებში (სავარაუდოდ სამხედრო მოქირავნედ), იხეტიალა ბევრი, შეიძინა დიდი ქონება, და ბოლოს, თამარს და სამშობლოს დაუბრუნდა დედოფალმა ალერსით მიიღო ნატანჯი მოყმე,  რომელსაც ,,გაუმთელდეს გული მოკლული, აღარა ოდეს ლახვარს ისოდის"... მაგრამ როგორვ გაირკვა, რაინდმა თამარის წინაშე დადებულ რაინდულ აღთქმას უღალატა, მუსლიმურ ქვეყნებში ყარიბობისას მას ისლამი მიუღია, პოეტი თამარს მიმართავს: ,,მოჰმადის ჴმობად, მიზგითად შესლვად, თაყვანის-ცემად მას შიგან გცოდის" რაინდს სინდისი ქენჯნის, სახელი და პირი გაუტყდა დედოფლის წინაშე, სახელის გატეხვა კი მოყმისთვის/რაინდისთვის ყველაზე მტკივნეულია, ამ დროს, პირზე სულმომდგარი, პირგატეხილი მოყმე, სიბრალულს და თანალმობას ატყობს სახენათელ თამარს და გმინვა აღმოხდება: ,,ვიცი, გეწყალი, დამნთქამს მე წყალი, ნოეს ნაკადი, მოქცევის ღვარი. კვლავ მოვკვდე ?" 

პოსტი აღებულია ბექა ჭიჭინაძის ფეისბუქ გვერდიდან.

ავტორი: ლაშა ქედელი
განყოფილება: kategoria 0 / საინტერესო
გადასვლები: 532
FACEBOOK კომენტარები