ეროვნულმა ვალუტამ ბოლო ერთი კვირაა გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო. თუ კვირის დასაწყისში ერთი დოლარი 3.23 ლარად ივაჭრებოდა, კვირის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულებამ 3.40 ლარს გადააჭარბა. ეკონომისტები ლარის ბოლოდროინდელ დევალვაციას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.
ეკონომისტი და „აფბას“ ვიცე–პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ლარის არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის კავშირში ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან.
„ერთ-ერთი მთავარი, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კურსზე და ზოგადად, ეროვნულ ვალუტაზე, არის მოლოდინების ეფექტი. არჩევნების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ეროვნული ვალუტა მერყეობას დაიწყებდა, ამ მოლოდინების ეფექტმა გარკვეული როლი ითამაშა. ამას დაემატა ყოველდღიური აქციები, რომელიც უკავშირდება არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებას.
ამან, რა თქმა უნდა, ნეგატიური მოლოდინების გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი და ეს ყველაფერი უკვე გადაითარგმნა სავალუტო ვაჭრობის მონაწილეების საქციელშიც. რომლებმაც მოსალოდნელი გაუფასურების რისკის გადასაზღვევად დაიწყეს ეროვნული ვალუტის მოშორება, ე.წ. „ჰეჯირება“ ამან, ცხადია უკვე ხელოვნურად გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე, ეს ძალიან ელემენტარული სქემაა.
მეორე, ფუნდამენტური პროცესი, რომელმაც ლარის გაუფასურებაზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საკოორდინაციო საბჭოს დაანონსებული შეზღუდვებია. ისედაც შენელებულ ეკონომიკურ აქტივობას დაემატა ახალი შეზღუდვები, შეზღუდვები, რომელმაც დამატებითი მუხრუჭის როლი ითამაშა, უკვე შენელებული ეკონომიკისთვის, ეს კი საბოლოოდ წნეხად დააწვა ეროვნულ ვალუტას.
ცალკე საკითხია ეს ე.წ. საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ქვეყნის ერთგვარ ტრაგედიად იქცა. მე ვერ ვხედავ არსებული ეპიდემიოლოგიური მიმართულებით საბჭო რა წარმატებებს აღწევს, მაგრამ ფაქტია, რომ ლართან მიმართებაში მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ტრაგიკულად მოქმედებს.
როდესაც გარკვეულ შეზღუდვას აანონსებ, აუცილებელია ეს იყოს ზუსტად აქცენტირებული და მორგებული კონკრეტულ დროსა და სიტუაციაზე. ასე, ზოგადად, კონკრეტული გადაწყვეტილებების და შეზღუდვების დაანონსება და მიღება ძალიან ნეგატიური სიგნალია ეკონომიკისთვის.
ზოგადად, არ მგონია, რომ ეკონომიკური გუნდი სრულად აღიქვამდეს იმ სიმძიმეს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. დღეს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის განცხადება ვნახე სადაც ის განმარტავს, რომ თუ ლარის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება სებ-ი, მთავრობასთან კომუნიკაციით, აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს.
აქედან ორ რამეს ვიგებთ. პირველი, პრემიერის მრჩეველს ჰგონია, რომ ეროვნული ვალუტის 18 პუნქტიანი დევალვაცია, ჩვენი ტიპის ქვეყნებში ინფლაციურ წნეხს არ იწვევს. ხოლო მეორე, პრემიერის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავრობისა და ცენტრალური ბანკის რეაგირება ნაადრევია.
კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ეკონომიკური გუნდი აცდენილია პროცესებსა და მოწყვეტილია იმ ეკონომიკურ რეალობას რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს, არის ვიცე-პრემიერის დღევანდელი განცხადება. რომლის მიხედვითაც, მან პრაქტიკულად დაანონსა ე.წ. კომენდანტის საათი. ეს გადაწყვეტილება თუ სისრულეში მართლაც იქნა მოყვანილი, დამერწმუნეთ ლარის კურსზე კი არა, ლარის ყოფნა არყოფნაზე მოგვიწევს საუბარი.
რაც შეეხება მონეტარულ ხელისუფლებას, შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ნაკლები ბრალეულობა ეროვნულ ბანკს აქვს. მე ხშირად გამიკრიტიკებია ცენტრალური ბანკი და მისი პოლიტიკა, არც დღეს ვარ კმაყოფილი მათი მუშაობით. თუმცა, არსებულ სიტუაციაში მხოლოდ ეროვნულ ბანკს დავაბრალოთ ლარის მძიმე მდგომარეობა არ იქნება სწორი.
რაც შეეხება იმ ხარვეზებს, რომელიც ნამდვილად ჩანს სებ-ის მოქმედებებში – ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. კერძოდ, სრულიად გაუგებარია ეროვნული ბანკის ინტერვენციების პოლიტიკა. ხშირად მეკითხებიან, ამდენ დოლარს რომ ჰყიდის ეროვნული ბანკი რატომ არ მყარდება ლარიო. ეს ნამდვილად ლეგიტიმური კითხვაა, თუმცა, სამწუხაროდ მასზე პასუხი ნამდვილად არაა მარტივი. მე ვისაუბრე იმ შეცდომებზე, რომელიც დაუშვა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. მაგრამ რადგან ახლა მონეტარულ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ მის შეცდომებზეც გეტყვით.
კი, ნამდვილად აწვდის ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარს უცხოურ ვალუტას და ასეც უნდა იქცეოდეს, თუმცა, მეორე საკითხია ამის პარალელურად როგორ მოქმედებს სებ-ი ლარის მასაზე. ხშირად ავლებენ პარალელს 2008 წლის კრიზისთან დაკავშირებით. მაშინ ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით 300 მლნ დოლარის რეზერვით მოახერხა სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია.
წელს სებ-ს ორჯერ უფრო მეტი დოლარი აქვს გაყიდული სავალუტო ბაზარზე, მაგრამ ამან კურსს ვერ უშველა. ისმის კითხვა რატომ? საქმე ისაა, რომ დოლარის მიწოდება სავალუტო ბაზარზე მხოლოდ მექანიზმის ნაწილია, თუ ცენტრალური ბანკი ამის პარალელურად ლარის მასას ვერ აკონტროლებს, ბაზარზე ამ ინტერვენციებს ან საერთოდ არ ექნება შედეგი, ან ნაწილობრივ შედეგს გამოიღებს. ახლა, მოდით ვნახოთ როგორია ლარის მასა, ციფრები ნამდვილად საინტერესოა.
მიმდინარე წელს M2 აგრეგატი მუდმივად იზრდება. მაგალითად, ივლისში M2-მა 12,55 მილიარდ გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.74 მილიარდით მეტია. კიდევ უფრო გაიზარდა ლარის მასა სექტემბრის თვეში და მან 13 მილიარდს გადააჭარბა, რაც თავის მხრივ 1.8 მილიარდით აღმატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ცხადია, ასეთ რეალობაში 40 და 60 მილიონიან ინტერვენციებს დიდი ზეგავლენა ვერ ექნება კურსზე.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზემოთ ნახსენები გაერემოებების გათვალისწინებით, დღეს ლარის მდგომარეობა ყველაზე ნაკლებადაა ეროვნული ბანკის ბრალი“, – აცხადებს ბაირახტარი.
ლარის გაუფასურებას მოლოდინების ფაქტორს უკავშირებს „თი ბი სი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია.
,,არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ სებ-ი აღარ გააგრძელებდა ინტერვენციებს და აუცილებლად გაუფასურდებოდა ლარი. ეს იყო არა ობიექტური რეალობა, არამედ განწყობები, რამაც ბუნებრივია იმოქმედა კურსზე. ჩვენი შეფასებით, დღეს ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული და აუცილებლად დაიწევს წლის ბოლომდე 3.3- ნიშნულზე ან უფრო ქვევით, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზია. ვალუტის მიწოდება კი ბაზარზე აუცილებლად გაგრძელდება ეროვნული ბანკის მხრიდან, ასეთია ჩემი პროგნოზი“, – აცხადებს ნადარაია.
ეკონომისტის თქმით, სებ-ს არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ მისთვის გარკვეული კურსია სამიზნე და ამ ნისნულზე იჭერენ კურსს, ამიტომ არ აკეთებს მცირე ბიჯებს და არ ყიდის მცირე თანხებს, როგორც მაგალითად ეს ხდებოდა 2009 წელს კრიზისის დროს.
„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ არსებული ჩარჩოც, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საგარეო დაფინანსებას პირდაპირ არ აწვდის ბაზარს და ის ჯერ ხურდავდება ეროვნულ ბანკში და შემდეგ მთავრობა ამ ვალუტის სანაცვლოდ იღებს ლარს და ხარჯავს. ეს სტიმულია ეკონომიკისათვის, მაგრამ ზრდის ფულის მასას და შემდეგ, ამის გასანეიტრალებლად არის საჭირო ინტერვენციები.
ჩემი პირადი აზრია, რომ სებ-ს არ უნდა, გაჩნდეს განცდა, რომ მისთვის გარკვეული კურსია სამიზნე და იჭერენ კურსს, ამიტომ არ აკეთებს მცირე ბიჯებს და არ ყიდიან მცირე თანხებს, როგორც მაგალითად ეს ხდებოდა 2009 წელს კრიზისის დროს.
ძალიან მნიშვნელოვანია სებ-ის მხრიდან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გაყიდული თანხები არის, მთავრობის მხრიდან მოტანილი ახალი ფული, ამიტომ სისტემურად არასწორია კითხვა – სანამდე ეყოფა სებ-ს რეზერვები. რეზერვები რჩება მნიშვნელოვან ბუფერად. წლევანდელი ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება და ეს არის დიდი პრობლემა. კურსის სტაბილურობის გარეშე, ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, ეს აქსიომაა“, – განაცხადა ნადარაიამ.
თუ “ლოქდაუნი” ისევ დაწესდა, ლარის კურსზე კი არა, ეროვნული ვალუტის ყოფნა-არყოფნაზე მოგვიწევს მსჯელობა
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 086



