ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საპენსიო რეფორმის გამოწვევები -– დადებითი და უარყოფითი მხარეები

საპენსიო რეფორმის გამოწვევები -– დადებითი  და უარყოფითი მხარეები
9-10-2017, 07:50

როგორც აღინიშნა, რეგიონში ყველაზე დაბალი ოდენობის პენსია საქართველოში გაიცემა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ყველაზე მაღალი პენსია თურქეთშია, რომლის ყოველთვიური ოდენობა 460 დოლარს შეადგენს. საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელია.მას მოსდევს რუსეთი, სადაც ყოველთვიური პენსიის ოდენობა 260 დოლარია. საპენსიო ასაკი ქალებისთვის 55, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელია.მესამე პოზიციაზეა აზერბაიჯანი. ყოველთვიური საპენსიო ოდენობა აქ 120 დოლარია. საპენსიო ასაკი ქალებისათვის და მამაკაცებისთვის საერთოა და 65 წელს შეადგენს.მეოთხე პოზიციაზეა სომხეთი. სომხეთში პენსიის ოდენობა 85 დოლარია. ქალების და მამაკაცების საპენსიო ასაკი, აზერბაიჯანის მსგავსად, აქაც გათანაბრებულია, თუმცა სომხეთში ის 63 წლიდანაა განსაზღვრული. რაც შეეხება საქართველოს, რეგიონში ბოლო პოზიციაზეა და პენსიის ოდენობა 73 დოლარია. საპენსიო ასაკად და ორივე სქესის წარმომადგენელთათვის 65 წელია განსაზღვრული. როგორც ვხედავთ, ვითარება ამ მიმართულებითაც რთულია.ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი საქართველოში რეგიონში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანშია გათანაბრებული. საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე საუბარი საქართველოშიც დაიწყეს.როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში საპენსიო ასაკად ქალისთვის 60, ხოლო მამაკაცისთვის 65 წელია განსაზღვრული. პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ გათანაბრდეს ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი და სქესის მიუხედავად, პენსიის მიღების ასაკად დადგინდეს 60 წელი.ინიციატივა “ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება 30 000 ხელმოწერის შეგროვება.180 ლარიან პენსიაზე დღეს სახელმწიფოს 1.53 მილიარდი ლარი უჯდება. შესაბამისად, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების შემთხვევაში ბიუჯეტზე საპენსიო დაფინანსების წნეხი გაიზრდება, რადგან მამაკაცები, მსგავსად ქალისა, 60 წლის ასაკიდან დაიწყებენ პენსიის აღებას. შესაბამისად, მინიმუმ 180 ლარით მეტის გაცემა მოუწევს ბიუჯეტს თითოეული პენსიონერი კაცისთვის, ვინც 60 და მეტი ასაკის მქონეა და სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზება მოუწევს პენსიის გასაცემად, რაც ბიუჯეტს საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვება.ინიციატივის ავტორები შესაბამის ვადებში პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანასაც გეგმავენ, რომლის მიხედვით, უნდა გადაიხედოს საკონსტიტუციო მუხლი საპენსიო ასაკთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, კონსტიტუციაში ჩაწერილი კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულია.მოსალოდნელი საპენსიო რეფორმაარსებული ვითარების გამოსასწორებლად მთავრობა უკვე დიდი ხანია აანონსებს საპენსიო რეფორმას. საპენსიო რეფორმის ამოქმედების ვადა ამჯერად 2018 წლის მესამე კვარტალი დასახელდა.გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში საპენსიო რეფორმა შერეული სისტემით იქნება, სადაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ერთდროულად განახორციელებენ შენატანებს. უფრო კონკრეტულად, მოქალაქე განახორციელებს შენატანს საპენსიო ფონდში და წახალისების მიზნით, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდება, მას 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი შენატანი იქნება 6%. ანუ 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს სახელმწიფო და 2%-ს დამსაქმებელი. ეს შენატანი 40 წლის ასაკამდე სავალდებულო იქნება, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.აღსანიშნავია, რომ თუ ეს შენატანი გახდება სავალდებულო, ანუ გაჩნდება ახალი გადასახადი ბიზნეს სუბიექტისთვის, პროცესს გაართულებს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.ერთზე, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებელია, თუმცა ეკონომისტები საკითხის სირთულეზე საუბრობენ.ექსპერტთა შეფასებები ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომისტი ,,საპენსიო რეფორმისთვის მზად არ ვართ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია” “ვფიქრობ, საპენსიო რეფორმისთვის მზად არ ვართ, ვინაიდან მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი არის უმუშევარი. როდესაც მოხდება აკუმულირება ამ საპენსიო თანხების საპენსიო ფონდში, რეალურად საპენსიო ფონდმა უნდა მართოს ეს თანხები, იქიდან გამომდინარე როგორც ხდება ეს უცხოეთის ქვეყნებში. ჩვენთან მაგალითად საპენსიო ფონდს არ აქვს დასაბანდებელი თანხები პრაქტიკულად არსად, გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, სადაც დაბალი შემოსავლები გვაქვს და კომერციულ ბანკებში. რეალურად საპენსიო რეფორმა ეს არის აბსოლუტურად მეათე ხარისხოვანი საკითხია, რომელიც გადასაწყვეტია ეკონომიკური სისტემისთვის. რაც შეეხება უშუალოდ საპენსიო ფონდების პრაქტიკას, უცხოეთში ეს საკითხი აწყობილია საერთოდ სხვა პრიცნიპზე და პირველ რიგში უმუშევრობის მაჩვენებელია იქ ძალიან დაბალი. საპენსიო ფონდებს აქვთ საშუალება დივერსიფიცირება გაუკეთონ დაბანდებებს და შესაბამისად კვალიფიციურად მართონ ეს თანხები, რაც აკუმულირებულია საპენსიო ფონდში. ჩვენ კი ეს საშუალებები საერთოდ არ გაგვაჩნია.” ვახტანგ ჭარაია, ეკონომისტი ,,ბიუჯეტს აუცილებლად უნდა მოეხსნას საპენსიო წნეხი და ამის მისაღწევად საპენსიო ფონდს ალტერნატივა არ გააჩნია” “გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის დაბერება უკვე რეალური პრობლემაა და 2030 წლამდე გაეროს კვლევებით 1 მილიონს მიაღწევს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა, ჩემი აზრით, აუცილებელია ბიუჯეტს წნეხი მოეხსნას და გადანაწილდეს ეს ტვირთი ბიუჯეტიდან კერძო საპენსიო ფონდებზე და ამ მხრივ კერძო საპენსიო ფონდის ამოქმედებას ალტერნატივა არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დოზით დააწვება პენსიონერებისთვის გადასახდელი სახსრები, რაც ბიუჯეტს შეუზღუდავს მოქმედების არეალს. კარგია, რომ საპენსიო ფონდი იქნება, მაგრამ თვითონ საპენსიო ფონდის სტრუქტურა, სადაც ორ ორი პროცენტით ბიზნესი დასაქმებული და ხელისუფლება მონაწილეობს, არ არის საკმარისი იმისთვის რომ რაიმე წონიან შედეგს მივაღწიოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალო ხელფასი 1000 ლარია ქვეყანაში, დაახლოებით 60 ლარის დაზოგვას მოახერხებს ადამიანი. წლიური დანაზოგი კი გამოვა 720 ლარი.ცხადია, რომ მცირე დანაზოგი გროვდება და როდესაც პენსიაზე გავა ადამიანი ეს თანხა იმ პენსიაზე მაღალი არ იქნება რაც დღეს არის 180 ლარი. უბრალოდ, მოსახლეობას შეიძლება ეგონოს, რომ ის ღირსეულ პენსიაზე გავა თუ დაიწყებს ამ საპენსიო ფონდში თანხების აკუმულირებას. ვფიქრობ, მექანიზმებია დასახვეწი. ან პროცენტია გასაზრდელი, ან დამატებით ვიღაც მოთამაშეა შემოსაყვანი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ფულის მნიშვნელოვან წილად გაზრდას” დემურ გიორხელიძე, ეკონომისტი ,,საპენსიო რეფორმას სრული კრახი ელოდება” ,,საპენსიო რეფორმას სრულ კრახი ელოდება. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობა არ არსებობს, მოსახლეობას ვერ აიძულებ ენდოს ფონდს, სადაც მათი დანაზოგები განთავსდება.არავინ იცის რა მოხდება წლების შემდეგ, როცა დასაქმებული საპენსიო ასაკს მიაღწევს და როგორ შეძლებს თავისი თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეფორმა არ გაამართლებს”.,,საპენსიო რეფორმა დიდ სიფრთხილეს საჭიროებს და ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობის დაწყება “აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, მიუხედავად მისი ეკონომიკური განვითარებისა, საპენსიო რეფორმას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეკონომიკურ ფაქტორთან ერთად, აუცილებლად დავამატებდი მენტალურ ფაქტორს. რამდენად არის ჩვენი საზოგადოება მზად იმისათვის, რომ იზრუნოს საკუთარ მომავალზე და ისე დაგეგმოს თავისი შემოსავლების და ხარჯების ტრაექტორია, რომ საპენსიო ასაკის დროს მოდიოდეს საკმარისი სახსრები.ის სახსრები, რომელიც აკუმულირებული იქნება სპეციალურ საპენსიო ფონდებში, მათი მომგებიანობა უნდა იყოს არანაკლებ იმ მაჩვენებლებისა, რომელსაც მიაღწევს ინფლაცია კონკრეტულ პერიოდში. რამდენად გაართმევენ თავს ჩვენი ინსტიტუტები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის რეალიზაციით იქნებიან დაკავებულები, ამას დრო გვიჩვენებს. ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნდა დაზოგვის კულტურა და ეკონომიკურ პროცესებზე ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა, ამაში სათაკილო არაფერია. დიდი ხნის განმავლობაში იდეოლოგიური მანქანა მუშაობდა საპირისპირო მიმართულებით, რათა მოსახლეობა შორს ყოფილიყო იმ რეალური პროცესების ადეკვატური ახსნასა და შეფასებისგან, რაც ხდებოდა ეკონომიკაში. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანა არის არამხოლოდ დაიცვას მოსახლეობა, არამედ მასში შეიტანოს ეკონომიკური განათლების კულტურა”.მიხეილ დუნდუა, ეკონმისტი,,აუცილებელია გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში და ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი” ”სანამ მოხმარებიდან დანაზოგებზე არ გადავალთ, დაზოგვისკენ მიდრეკილება არ გაიზრდება, ასეთი ვითარება იქნება ლართან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო აპირებს სერიოზული რეფორმის განხორციელებას, რომელიც როგორც ლარზე, ასევე ინვესტიციებზე დადებითად აისახება და ეს არის საპენსიო რეფორმა, რომელიც ოქტომბრიდან გამოცხადდება. მომავალი წლის მეორე ნახევრიდან საქართველო უნდა გადავიდეს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე. დაგროვებითი პენსია უზრუნველყოფს ღირსეულ მაღალანაზღაურებად სიბერეს. ეს ფუნდამენტური ნაწილია საბაზრო ეკონომიკის, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია, ახლა გვაქვს მხოლოდ სოციალური პენსია. დაგროვებითი პენსია იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დანაზოგების ძალიან დიდ მოცულობას წლების განმავლობაში. აკუმულირება ხდება ასეულობით მილიონი ლარის, იმისთვის, რომ დაგროვდეს დანაზოგი, შეიქმნას გრძელვადიანი რესურსი ლარში და გარდაიქმნას ინვენსტიციად. როცა ეს რეფორმა განხორციელდება, საქართველო გახდება საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქვეყანა შიდა ინვესტიციების განხორციელების კუთხით. სანამ არ გვაქვს დაგროვებითი სისტემა, იქამდე ამ რესურსს ვერ ვიყენებთ. იმისთვის რომ გადაიჭრას პრობლემა, აუცილებელია გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ლარში, რომ მოხდეს ინვესტირება ეკონომიკაში და ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს”.ბაჩანა ჯინჭარაძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები