ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რამდენჯერ და რა სახით ჩაერივნენ რუსეთი და აშშ საქართველოს არჩევნებში და რატომ ვერ შექმნა რუსეთმა მეხუთე კოლონა, რომელიც იარაღს აიღებდა ხელში

რამდენჯერ და რა სახით ჩაერივნენ რუსეთი და აშშ საქართველოს  არჩევნებში და რატომ ვერ შექმნა  რუსეთმა მეხუთე კოლონა, რომელიც იარაღს აიღებდა ხელში
2-10-2017, 07:46

– ანუ აშშ უფრო რბილად ერეოდა ხოლმე?– ამერიკელებიც ერეოდნენ, რასაკვირველია, რომ აღარაფერი ვთქვათ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ჩარევაზე. უბრალოდ, ისინი იყენებდნენ თეოდორ რუზველტის კლასიკად ქცეულ მიდგომას: „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ირანში ხელისუფლების შეცვალა სწორედ ამერიკელებისა და ინგლისელების ჩარევით მოხდა. თუმცა საბჭოთა კავშირის არჩევნებში ამერიკა ვერ ჩაერეოდა, იმიტომ რომ, საბჭოთა კავშირში არჩევნები, უბრალოდ, არ არსებობდა. შემთხვევით ვნახე სახლში საბჭოთა დროინდელი საარჩევნო ბიულეტენი, ალბათ, მამაჩემმა შეინახა. მასში ერთი გვარია მითითებული და ქვემოთ აწერია: „წაშალეთ თქვენთვის არასასურველი კანდიდატი“. ამდენად, ასეთ პირობებში როგორ ჩაერეოდი არჩევნებში?! ჩარევა შეიძლება მხოლოდ იქ, სადაც, ასე თუ ისე, არჩევნები ტარდება და გაყალბებაც იქაა შესაძლებელი. მაგალითად, ჩინეთის არჩევნებში ვერაფრით ჩაერევი, დახურული საზოგადოებაა და კომუნისტური პარტია ატარებს არჩევნებს. ჩრდილო კორეაშიც ტარდება არჩევნები, მაგრამ ვერც იქ ჩაერევი.– აშშ ერეოდა ლათინური ამერიკის არჩევნებშიო, სსრკ – აღმოსავლეთ ევროპის არჩევნებში, ანუ მეზობლად ჩარევა უფრო ადვილია თუ უბრალოდ, სიახლოვის გამო ირჩევენ?– მეზობლად უფრო იოლია, იმიტომ რომ, მეზობელს სულ სჭირდები. სუსტი ქვეყანა ძლიერის არჩევნებში ვერ ჩაერევა. ძლიერი და მდიდარი ერევა სუსტისა და ღარიბის არჩევნებში. ზოგი ერევა უხეშად, როგორც საბჭოთა კავშირი – აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ზოგი ერევა უფრო რბილად, მაგალითად, როგორც აშშ ერეოდა – ძირითადად, ფულით. ხელისუფლებებს ეხმარებოდა კრედიტებით ან ფულს აძლევდა რომელიმე პარტიას. თუმცა ამერიკელებისთვის არსებობდა რაღაც წითელი ხაზი, რომელსაც არ გადაკვეთდნენ.– რუსეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა თუ ჰქონიათ?– ჰქონდათ, მაგრამ უშედეგო. 1996 წლის არჩევნებისას იავლინსკის ჰქონდა გამარჯვების შანსი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალური თვითმფრინავი გამოგზავნეს. იავლინსკი ჩაიყვანეს ამერიკაში და კონგრესში 2-საათიანი მოხსენებით გამოვიდა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც უცხო ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კონგრესში გამოვიდა თავისი წინასაარჩევნო პროგრამით. მაშინ რუსეთში არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ელცინმა და მისმა გუნდმა გაიმარჯვა, რამაც კიდევ ერთხელ მისცა საბაბი ამერიკელ სოვეტიკოსებს, გაემყარებინათ თავიანთი არგუმენტი, რომ რუსეთის მოსახლეობაზე ზეგავლენა ძალზე ძნელია. რუსეთი სხვა სამყაროა, ამიტომ ის ფასეულობები, ღირებულებები, რასაც იავლინსკი ქადაგებდა, აბსოლუტურად მიუღებელი იყო რუსეთისთვის, მათთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა ზიუგანოვის. კომუნისტების იდეები და კინაღამ გაიმარჯვა მაშინ ზიუგანოვმა, უბრალოდ, ლებედი შეეკრა ელცინს და ასე დაამარცხეს ზიუგანოვი.თუმცა ჩვენს დროში აშკარა ჩარევა უკვე რთულია, მაგრამ არის ეჭვი, მაგალითად, აშშ ჩაერია ჩვენს არჩევნებში და შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ერევა კიდეც. გნებავთ, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლით. მაგრამ ის ისე გააკეთებს ამას, რომ ჩვენ რეალური ფაქტები არასდროს გვექნება, მხოლოდ დიდი ალბათობით თუ ვივარაუდებთ.სამომავლოდაც, რა დონეზეც უნდა განვითარდეს დემოკრატია, დიდი სახელმწიფოები ყოველთვის შეეცდებიან თავიანთი გავლენის სფეროების შექმნას, ოღონდ ისე ხისტად არა, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში. მას შემდეგ, რაც რუსეთი გახდა კაპიტალისტური, არ გამართლდა ამერიკელი კრემლოლოგების ერთი ჯგუფის მოლოდინი, რომ რუსეთთან იდეოლოგიური წინააღმდეგობა აღარ იქნებოდა. სამწუხაროდ, რუსული მენტალობა „უკვდავი კაშჩეი” აღმოჩნდა. დემოკრატია არის მოსახლეობის მენტალობა: არის თუ არა მზად დემოკრატიული ფასეულობებისთვის. თუ არ არის მზად, საზოგადოება ვერ ხდება დემოკრატიული. სხვათა შორის, ჩარევა იგივე არჩევნების გაყალბებაა. თუ ხალხს უნდა პეტრე და აიძულებ, აირჩიოს პავლე.– თუ პავლეს მაწონებს, თუმცა მოსაწონი არ არის?– ეს უკავშირდება პიარკამპანიების დახვეწას, მით უმეტეს, ინტერნეტის ეპოქაში. მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, დემოკრატიული სამყაროსთვის, მნიშვნელოვანი განგაშის ზარი იყო ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. არ არსებობს საბუთი იმისა, ჩაერივნენ თუ არა რუსი ჰაკერები არჩევნებში, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ვიღაც ჩაერია და ის რომ არ ჩარეულიყო, პრეზიდენტი იქნებოდა კლინტონი. მხოლოდ ტრამპი ამბობს, მე მაინც გავხდებოდი პრეზიდენტიო. ეს უკვე რბილი ძალაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ცინიკური და ეფექტური ხდება. ინგლისსა და გერმანიაში იქმნება ჰაკერული ჩარევის წინააღმდეგ სპეციალური სამსახურები, მაგრამ ეს იმხელა ხარჯთანაა დაკავშირებული, რომ ჩვენნაირი ქვეყნები ვერასდროს იქნებიან ბოლომდე დაცული. მოსახლეობას უკვე ტვინს ურეცხავენ სოციალური ქსელებით, ინტერნეტით და თანდათან უკან გადადის ადამიანების ფულით უხეში მოსყიდვა.– ჯობია, დაიქირავო ადამიანები და ყალბი პროფაილებით მოახდინო ზეგავლენა.– უფრო ეფექტიანია, ადამიანი დააჯერო, რომ ერთი კანდიდატი ჯობია მეორეს, თანაც, უახლესი ტექნოლოგიები ამას უფრო ადვილად აკეთებენ, ვიდრე ჩახვიდე სადღაც და ვიღაცებს 100-100 დოლარი დაურიგო. პუტინს, მაგალითად, ძალიან უნდა სოციალური ქსელების გაკონტროლება, მაგრამ ვერ ახერხებს და არც მისი სრული დაბლოკვა გამოსდის. ეს არხები ძალიან დიდხანს იქნება გადაუკეტავი. ჩვენი ინტერესი ერთადერთია, ვერავინ ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, რომ ყველა ქსენია დიასახლისმა საკუთარი რწმენით მისცეს ხმა ამა თუ იმ კანდიდატს და თავისდა უნებურად, იქცეს ვიღაცის რუპორად. თუმცა ჩვენთვის ეს მიუღწეველი ოცნებაა. ჩვენ შეგვიძლია, ვიწუწუნოთ, ვწეროთ ამაზე, მაგრამ გავლენას ვერ მოვახდენთ. ჯერ კიდევ მარქსმა თქვა: მშიერი ადამიანი თავისუფალი ვერასდროს იქნებაო. ღატაკი ქვეყნის მოსახლეობა შინაგანად თავისუფალი ვერასდროს იქნება. ეს უკვე მენტალობაში გადასული ფსიქოლოგიური ვირუსია. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი.– გადატრიალებების გზით ხელისუფლებების შეცვლა ისევ ძალაშია? – გავიხსენოთ ინდოეთის, პაკისტანის მაგალითები. ბენაზირ ფხუტო გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს. როდესაც სხვა საშუალებები ვერ გამოიძებნება, ტერორისტულ აქტებსაც იყენებენ. ასეთია თანამედროვე მსოფლიო. საიმედო შეიძლება, იყოს ის, რომ ევროპის ბოლო არჩევნებმა აჩვენა, მხოლოდ გარედან ჩარევა ეფექტიანი ვერ არის. პუტინის ბროლის ოცნება იყო, რომ ტრამპის შემდეგ საფრანგეთში გაემარჯვა თუ ფიიონს არა, ლე პენს მაინც და მაკრონის საარჩევნო შტაბზეც მიიტანეს კიდეც იერიში, მაგრამ არ გამოვიდა.–მაგრამ მაკრონი მაინც ძალიან დაუტკბა პუტინს.– ეს მოჩვენებითია, და უფრო პუტინი დაუტკბა. რუსეთის ახლანდელი პოლიტიკა მთლიანადაა კონცენტრირებული ევროპაზე, რადგან ეჭვის ქვეშ დგება რუსული პოლიტიკის აღმოსავლური ვექტორი. გამოქვეყნდა ცნობები, რომ ჩინეთმა 500 მილიარდი კუბმეტრი გაზი აღმოაჩინა, ესე იგი, რუსული გაზი აღარ დასჭირდებათ. რუსეთის საზღვართან კი ბალისტიკური რაკეტების დივიზიონი განალაგეს, ესე იგი, ადრე თუ გვიან, ჩინეთსა და რუსეთს შორის შავი კატა გაირბენს. ამდენად, რუსეთს ტრადიციული და კეთილმეზობლური ევროპა ურჩევნია. რევოლუციამდე რუსული ელიტა სრულად იყო გაევროპელებული და რომ არა ნაპოლეონის შემოსევა, რუსულ არისტოკრატიას რუსული არც ეცოდინებოდა. მით უმეტეს, რომ ახლა აშშ-სთან ვიზების პრობლემა აქვთ. ამდენად, რუსეთის კურსი უფრო ევროპისკენაა და ცდილობენ, ევროპა მაინც შეინარჩუნონ სამეზობლო სივრცედ. მაგრამ ესეც პრობლემაა, ვინაიდან ევროპა მხოლოდ გერმანია და საფრანგეთი არ არის. ამასთან, ძალიან დიდია ამერიკის გავლენა ევროპაზე, რისგანაც ევროპა ასე იოლად ვერ გათავისუფლდება.–შეგვიძლია, გადაჭრით ვთქვათ, რომ საქართველოში 1992 წელს უცხო ძალების მიერ მოხდა სამხედრო გადატრიალება?– რასაკვირველია, გამსახურდია ერთნაირად არ იყო ხელსაყრელი არც რუსეთისთვის და არც დასავლეთისთვის. გვახსოვს მამა ბუშის ცნობილი გამონათქვამი, რომ ქართველები დინების აღმა მიცურავდნენო. ეს განაჩენი იყო. იმდროინდელი პოლიტიკური ელიტა, რომელიც გახლდათ ერთი კაცი – ზვიად გამსახურდია, ნამდვილად ვესტერნიზებული ადამიანი, არც რუსეთს უნდოდა და არც ამერიკას და დასავლეთის ჩუმი თანხმობით მოეწყო აქ სამხედრო გადატრიალება. რუსეთის სამხედრო შტაბი ერთდროულად აიარაღებდა ზვიადის მომხრეებსაც და აჯანყებულებსაც. ჟირინოვსკი პირდაპირ ამბობდა: ორივე უნდა შევაიარაღოთ, რომ რაც შეიძლება, ბევრი დახოცონ ერთმანეთი და შემდეგ, მუხლებზე მოფორთხდნენო.– 2003 წელს რამ გადაგვარჩინა? გადატრიალების უფრო ცივილიზებულ მეთოდზე შეთანხმდნენ მხარეები?– შევარდნაძის ხელისუფლება არ აღმოჩნდა ეფექტიანი, რუსეთს აღარ აძლევდა ხელს, იმიტომ რომ, მაშინდელი რუსული სამხედრო ელიტა სსრკ-ის დაშლას, რატომღაც, შევარდნაძეს აბრალებდა. დასავლეთს არ აძლევდა ხელს, იმიტომ რომ, დასავლეთისთვის ყველაზე საშინელი მოვლენა კორუფციაა. შევარდნაძემ კი სახელმწიფო ვერ შექმნა, თუმცა დიპლომატიური მიღწევები ჰქონდა ქვეყანას.– მომავალში ისევ აქტუალურია სამხედრო გადატრიალება თუ ეს შეიძლება, უკვე გამოვრიცხოთ?– გამორიცხულია, ისეთი სამხედრო ჩარევა, როგორიც ყირიმში მოხდა, არ იქნება, როდესაც სროლისა და მსხვერპლის გარეშე აიღეს ტერიტორია. ეს რომ მოხდეს, აქ აუცილებლად უნდა ატყდეს სროლა. საქართველო რატომ იქცა რუსეთის აქილევსის ქუსლად?! იმიტომ რომ, აქ არ არსებობს მეხუთე კოლონა.– უამრავი რუსეთის მოტრფიალეა და გაუგონარ აზრებსაც გამოთქვამენ.– ტელევიზიით გამოსვლა სხვა რამაა. მეხუთე კოლონა კი გულისხმობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, იარაღს აიღებს ხელში. ასეთი არაა. აქ უკვე მეორე საკითხია, რომ ხელისუფლებამ არ გააძლიერა აკადემიური, ინტელექტუალური ძალები, რომლებიც დისკუსიაში დაამარცხებენ რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ყველას უნდა, მაგრამ რა გზით, რის ფასად და როგორ?!ნინო ხაჩიძე

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა