ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ფეხბურთი და”აქცია: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო

ფეხბურთი და”აქცია:  ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო
28-08-2015, 00:00

შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს გრფფ-ის პრეზიდენტ კახა ებრალიძის გადაწყვეტილებები კანდიდატად რევაზ არველაძის წარდგენისა და დელეგატად გოჩა ტყებუჩავას დასახელების გამო. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ღია მხარდაჭერა მერაბ ჟორდანიასადმი და გრფფ-დან მისი წარდგენა მოითხოვეს. ლანჩხუთში არ იმყოფებოდა თავად ებრალიძე _ როგორც ითქვა, ის სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა. „კარგი იყო, ერთი დღით ადრე გვცოდნოდა ამ შეხვედრის შესახებ, კახა ებრალიძეც ადგილზე იქნებოდა და ის თავად გასცემდა პასუხს“ _ თქვა გრფფ-ის წარმომადგენელმა, თემურ ლორიამ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გრფფ-ის გამგეობის წევრები _ ოზურგეთიდან იური ჩხაიძე და ჩოხატაურიდან ბენია თავბერიძე, ლანჩხუთელი ვეტერანები, კლუბ „გურიას~ წარმომადგენლები. „მე არავის გავუფრთხილებივარ, ვის წარდგენას გეგმავდა ფედერაცია. არანაირი პრეტენზია გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურაზე არ მაქვს პიროვნულად, მაგრამ გურიაში მასზე არანაკლები დამსახურების მქონე ვეტერანებიც არიან. მე არ ვამბობ, რომ რევაზ არველაძეს არ დავუჭერდი მხარს, ან დავუჭერდი, მაგრამ კარგი იქნებოდა ეკითხა კახა ებრალიძეს, ვის მიმართაც ასევე არ მაქვს პიროვნული დაპირისპირება. ჩვენ ვმეგობრობთ და ვფიქრობ, უნდა ეკითხა. მე არ ვიცი, არის თუ არა ეს დარღვევა, მაგრამ ალბათ, ჰქონდა მას ამის უფლება, აბა, ისე როგორ იზამდა? ამის მიუხედავად, უნდა ეკითხა. არ ვიტყვი, რომ შეურაცხყოფილი ვარ, მაგრამ ნაწყენი კი ვარ“ _ თქვა იური ჩხაიძემ. ბენია თავბერიძემაც აღნიშნა, რომ ის გაფრთხილებული არ იყო: „აქ ეს საკითხი ვერ გადაწყდება. სანახავია დებულება და გაირკვევა, ჰქონდა თუ არა კახა ებრალიძეს ერთპიროვნულად წარდგენის უფლება“. „ლანჩხუთი მხარს მერაბ ჟორდანიას უჭერს. იმიტომ, რომ მას ძალიან ბევრი აქვს აქ გაკეთებული და სხვანაირად არც შეიძლება იყოს“ _ განაცხადა სსრკ-ის ნაკრების ყოფილი მეკარის, რამაზ ურუშაძის ძმამ _ ომარ ურუშაძემ. თავისი პოზიცია დააფიქსირა გრფფ-ის ყოფილმა თავკაცმა დურმიშხან ჩხაიძემ: „მე ღიად ვუჭერ მხარს მერაბ ჟორდანიას, რომელთანაც ვმეგობრობ კიდეც. მაგრამ ერთი წამითაც არავინ იფიქროს, რომ ამის გამო ვუჭერ მას მხარს _ რაც მერაბმა და მისმა ოჯახმა ლანჩხუთის ფეხბურთისთვის გააკეთა, ის მხარდაჭერას იმსახურებს. ამასთან, მას დიდი გამოცდილება აქვს და შეუძლია ჩვენი ფეხბურთის ჩიხიდან გამოყვანა. პიროვნულად არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო რეზი არველაძესთანაც, მაგრამ მას პირადადაც ვეტყვი _ ასი ხმა რომ მქონდეს, ასივეს მერაბს მივცემდი! გრფფ-ს პრეზიდენტს ერთპიროვნულად არ უნდა გადაეწყვიტა. თავის დროზე, მე რომ ასე ერთპიროვნულად გადავწყვიტე, ხმა გამიუქმეს. გამიუქმეს იმიტომ, რომ ნოდარ ახალკაცს არ ვუჭერდი მხარს, თორემ სამართლებრივად ყველაფერი სწორად მქონდა“ _ თქვა ჩხაიძემ. „ექვსი ათეული წელია, „გურიას“ ვგულშემატკივრობ და ჩვენი, ქომაგების აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ასე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. ლანჩხუთს კი არა, არავის არ უნდა წარედგინა არველაძე“ _ თქვა იური გოგუაძემ, ვისაც დავით გოგიჩაიშვილიც დაეთანხმა: „ან ბევრი უნდა ჰქონდეს გაკეთებული ფედერაციას, ან სხვა მხრივ არის დამოკიდებული სუბიექტები მასზე, თორემ პროგრამის ნახვის გარეშე მხარდაჭერა რას ნიშნავს? ან ჩვენი ფეხბურთის შემხედვარე თუ სიჭინავა გადადგა, გენმდივანმა რა, აგვაშენა, კენჭს რომ იყრის?“ იგივე პოზიცია დააფიქსირა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნუგზარ ცინცაძემ: „აქ არ არის ლაპარაკი მერაბ ჟორდანიაზე ან ლევან კობიაშვილზე, ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა არის სირცხვილი. მან დაასამარა და დააქცია ფეხბურთი, დედა მოუტ...ნა! როცა სტადიონზე ადმინისტრაციულ შენობაში რემონტი დაიწყო, იქიდან 1 ტონა ფეკალური მასები გაიტანეს. ესაა მათი წარმატება ფეხბურთში“ _ თქვა მან. მას კლუბ „გურიას~ ყოფილმა პრეზიდენტმა, კობა მირზაშვილმა შეაწყვეტინა: „რა შუაშია აქ არველაძე და ფედერაცია, თუ სტადიონზე ნაგავი იყო? პირდაპირ ვაცხადებ, მხარს არველაძეს ვუჭერ! როცა შვილი რეანიმაციაში მყავდა, სიჭინავა და არველაძე გვერდით დამიდგნენ. საავადმყოფოში მოვიდნენ და მითხრეს _ თუ ექიმები ნებას დაგვრთავდნენ, ნებისმიერი ქვეყნის კლინიკაში უზრუნველყოფდნენ გადაფრენასაც და იქ მკურნალობასაც“ _ აღნიშნა მირზაშვილმა. „რასაც შენ ამბობ, ეს პიროვნული საკითხია. აქ ყველა ხედავს, რომ ლანჩხუთი მხარს უჭერს მერაბ ჟორდანიას. მთელი ლანჩხუთი და გურია ვითხოვთ მერაბ ჟორდანიას კანდიდატურას და ასეც იქნება“ _ თქვა „გურიას“ სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ. "ყველაფერი წესების მიხედვით მოხდა, წესდების თანახმად, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. გამგეობის წევრები უხერხულობას რომ აცდენოდნენ, ამიტომ აღარ შეუთანხმა კახა ებრალიძემ, რომელიც ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას" _ აღნიშნა თემურ ლორიამ.

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები