სათადარიგოები: მამუკა მეიშვილი, ბექა ბერიძე, საბა თვალავაძე, დავით ბახია. გოლები: გიორგი გურეშიძე (31 წთ.), ბ. ზაქრაძე (37 წთ.), ნ. წერეთელი (40 წთ.); გაფრთხილება: გიორგი გურეშიძე (18 წთ.), დიმიტრი ვირუბოვი (27 წთ.)მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე. არბიტრი: ი.ხერხაძე ასისტენტები: მ. კუპატაძე, კ. სადილიანი,მეოთხე მსაჯი კ. გიორგაძე.. ,,გურიას“-გან განსხვავებით, ,,მეშახტე“ თავის პირველ მატჩს ატარებდა წლევანდელ პრო 3-ში და პირველი ქულების ჩაწერას აპირებდა აქტივში, ხოლო ,,გურია“ სამი ქულით იწონებდა თავს. აღსანიშნავია, რომ მოედნის საფარი სავალალო მდგომარეობაში იყო და ცხადი იყო, ფეხბურთელებს გაუჭირდებოდათ თავიანთი ოსტატობის სრულად გამოვლენა. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გულშემატკივართა რაოდენობას ძალზედ ცოტა ეთქმოდა, თუმცა ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ლანჩხუთელები მატჩის მსვლელობისას ნელ-ნელა საფეხბურთო გარემოს უქმნიდნენ ფეხბურთელებს და ქომაგობაც ომახიანი გამოუვიდათ, რანგით მესამე ლიგის პირობაზეც საკმაოდ კარგი დასწრება გამოუვიდათ საბოლოო ჯამში. მატჩი ,,გურიას“ პირველი ნომრობით არ დაწყებულა, იყო შეცდომები პასის გაკეთების დროს, ფიზიკური ორთაბრძოლების დროს ბურთი უმეტესად ტყიბულელებს რჩებოდათ. მცველების უხეში შეცდომების შემდეგ მე-5 წუთზე ტყიბულელთა 10 ნომერმა კინაღამ გოლით დაგვსაჯა, თუმცა მეკარე ჯომიდავამ ბურთი ისე გააქვავა ხელებში, რომ გეგონებოდა სახიფათო მომენტი საერთოდ არ ყოფილაო. ეს იყო და ეს, ტყიბულელებმა ამის შემდეგ მხოლოდ ერთელ შეუტიეს საგოლედ(საერთოდაც კარისკენ არ დაურტყამთ), ამ მომენტის შესახებ მოგვიანებით, ახლა მივყვეთ მატჩის მსვლელობას: ცუდად ჩატარებული პირველი 15 წუთის შემდეგ, თითქოს ქარიშხალი ამოვარდა, ,,გურია“დაფრინავდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ფლანგიდან თანაბრად იქმნებოდა მწვავე მომენტები. მართალია მარცხენა ფლანგელმა გოჩა კვარაცხელიამ საწყის წუთებში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის შემდეგ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო ,,მეშახტეს“, იგი მეტოქის ორ-სამ მცველს ბავშვებივით უმკვლავდებოდა. ,,გურიას“ გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არ ჰყავს, თუმცა ბექა ზაქრაძემ იდეალურად შეითვსა ეს პოზიცია, ზაქრაძე მუდამ ჩასაფრებული იყო და ბურთსაც მშვენივრად აკონტროლებდა. არც ნიკა ნარიაშვილი აკლებდა მარჯვენა ფლანგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკური კონდიციებით არ გამოირჩევა, თითქმის ყველა ორთაბრძოლას იგებდა და საუცხოოდ აყენებდა ,,კორპუსს“. 30- წუთზე ,,გურიას“ მორიგი აქტიური შეტევის დროს ტყიბულელები დაჯარიმდნენ. საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ბურთთან გუნდის კაპიტანი-თენგიზ ჩიკვილაძე მივიდა, ის ჩიკვილაძე, რომელსაც უამრავჯერ დაუმწუხრებია თავისი შორეული გასროლებით მეტოქეთა გუნდები. მაშ ასე, კარის ხაზიდან დაახლოებით 27-28 მეტრი, ჩიკვილაძის გამორბენი, უძლიერესი დარტყმა და კარის ზედა ძელი შეზანზარდა, ,,მეშახტის“ მეკარე გიორგაძე აქ უძლური იყო. ამ საგოლე მომენტმა კიდევ უფრო ფრთები შეასხა ლანჩხუთელთა შეტევებს. სულ რაღაც ერთ წუთში ,,გურიამ“ მარცხენა ფლანგიდან შეუტია, კვარაცხელია მოკლე პასს უკეთებს გიგა გურეშიძეს, ამ უკანასკნელმა ბურთი მარჯვნივ გაიგდო და მოხდენილი დარტყმით პირველად შეარხია ტყიბულელთა კარის ბადე, 1:0... ჩვენებურები მასიურ შეტევებს აგრძელებდნენ, ტყიბულელთა მეკარე მუდმივად საქმეში იყო, ,,გურიას“ ყველა ფეხბურთლი შესანიშნავად ირჯებოდა. დაახლოებით 5 წუთიან მონაკვეთში ,,გურიამ“ ოთხი კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა. 37-წუთი, მარცხენა ფლანგიდან მორიგი სახიფათო კუთხური მოაწოდა კვარაცხელიამ, მეკარე ბურთძე გამოვიდა და მოგერიება შეძლო, აქ ელვისებურად დაჰკრა ბურთს გიგა გურეშიძემ, მეკარის სასწაულებრივად მოგერიებულს ბექა ზაქრაძე დახვდა საგოლედ , 2:0... ,,გურია“ ისევ სისხლმოწყურებულივით იბრძოდა, ტყიბულელებს გასაქანის საშუალებას არ აძლევდნენ. 40-ე წუთი, ტრადიციულად აქტიურობს მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია, ამჯერად კარისკენ დარტყმა გადაწყვიტა, ბურთი ხვდება მეტოქე მცველს და მისდის ნიკა ნარიაშვილს, რომელმაც შესანიშნავად დაუგორა კარში დასარტყმელად ნიკა წერეთელს და წერეთელმაც დააბარა მოკითხვა ტყიბულელებს, მან შესანიშნავი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ჩააჭედა ბურთი, ალბათ ეს გოლი ევროპის წამყვანი ჩემპიონატების მშვენებაც იქნებოდა, 3:0... და დარჩენილი დრო ტყიბულელებს კარგს არაფერს უქადის. რამდენიმე წუთში მთავარა არბიტრმა პირველი ტაიმის დამთავრება გვამცნო და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მეორე ტაიმიც ,,გურიას“ სრული დომინირებით წარიმართა, აქ ერთი რამ არის გულდასაწყვეტი, გუნდმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. კვარაცხელია, ნარიაშვილი, ზაქრაძე, წერეთელი ერთმანეთის მიყოლებით ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ ,,მეშახტის“ მეკარე საკუთარ თვზე მაღლა დადგა, იგი შეუძლებელს აკეთებდა. პირველი შეცვლა დავით მახარაძემ 59-წუთძე განახორციელა, დიმიტრი ვირუბოვის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა კარლო ჯიქიძე, რომელმაც ბევრჯერ დაიმსახურა ამ დღეს ტაში ლანჩხუთელი ქომაგისგან, ჯიქიძე უშეცდომოდ და გაბედულად მოქმედებდა. დიდებული მომენტი შექმნა ბექა ზაქრაძემ, როდესაც ტყიბულელ მცველთა ალყა გაარღვია, ცრუ მოძრაობით დააწვინა მეკარეც, მაგრამ მის მიერ რბილად გაგორებული ბურთი მილიმეტრებით ასცდა მიზანს. 67- წუთზე გიორგი გურეშიძე ლაშა ლაბაძემ შეცვალა, როგორც აღმოჩნდა ლაბაძე ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, მან ყველა ორთბრძოლა მოიგო და მარცხენა ფლანზე შეტევების ორგანიზებას წარმატებით ახერხებდა. დავით მახარაძის მესამე ცვლილებაც აღმოჩენა გამოდგა გულშემატკივრებისთვის, იონა კალანჯიშვილმა მატჩის უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელი გოჩა კვარაცხელია შეცვალა 73- წუთზე. კალანჯიშვილმა რამდენჯერმე ისეთი საოცარი სისწრაფე განავითრა, რომ უსეინ ბოლტსაც შეშურდებოდა, ამაში გრძელი ფეხებიც ეხმარება როგორც ჩანს. მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, ,,გურიამ“ მეოთხედ ვეღარ დაამწუხრა მეტოქე, თუმცა ნამდვილი ცალკარა იყო გამართული ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე. ,,მეშახტემ“ ბოლოს მაინც გვიკბინა, რომ არა ჯერ ჯომიდავა და შემდეგ ძელი, ტყიბულელთა ფორვარდი გოლს აუცილებლად გაიტანდა. ერთიც უნდა აღინიშნოს, ძალზედ საეჭვოდ მოქმედებდა მარცხენა ფლანგის გვერდითი მსაჯი კობა სადილიანი, თუმცა დიდი ანგარიშით მოგების გამო, ამ ფაქტორს ყურადღება ნაკლებად მიექცევა. სასიამოვნოდ ხაზგასასმელია, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საკმაოდ თბილი და სპორტული დამოკიდებულება სუფევდა. ის კი არა, ზურაბ გელაშვილმა წაქცეული მეტოქე ფეხბურთლი მანამ არ მიატოვა, სანამ დამოუკიდებლად ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. მსაჯს 90 წუთზე ბევრი აღარ დაუმატებიდა 3:0 ,,გურიამ“ იმარჯვა...მატჩის შემდეგ ,,გურიას“ და ,,მეშახტის“ მთავარმა მწვრთნელებმა დავით მახარაძემ და ვლადიმერ ჭყონიამ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს:ვლადიმერ ჭყონია(,,მეშახტე“): ,,მინდა მივულოცო ,,გურიას“ და მის მთავარ მწვრთნელს დავით მახარაძეს დამსახურებული სამი ქულა. მეტოქემ აშკარად გვაჯობა და ეს მოგება დაიმსახურა. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ახალი გუნდი ვართ და არ გვაქვს ამბიცია პრო 2-ში გადავიდეთ აუცილებლად, თუმცა ამას თუ მოვახერხებთ რა ჯობია. გავაგრძელებთ გეგმის მიხედვით მუშაობას და შევეცდებიტ მომდევნო ტურებში წარმატებას მივაღწიოთ. კიდევ ერთელ ვულოცავ ,,გურიას“.დავით მახარაძე: ,, მეტოქეს წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო თამაშებში. რაც შეეხება ჩატარებულ მატჩს, კმაყოფილი ვარ ბიჭებს თავდადებით, შეიძლება იყო შეცდომები მაგრამ ჩემპიონატი ახლახანს დაიწყო და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, დღეს ნამდვილად კარგი ქომაგობა ჰქონდა გუნდს. იმედი მაქვს მომდევნო საშინაო მატჩების დროს უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა და ჩვენ შევძლებთ მათ გახარებას. ჩვენს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მესმის რომ რთული მოსასმენია, როდესაც მყარ გარანტიებს ვერ ვიძლევით პრო 2-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა კლუბში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა გვაიძულებს მოკრძალებულები ვიყოტ ჩვენ გამოსვლებში. გვ ერდით გვიდგას როგორც გუნდის ხელმძღვანელობა, ასევე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება. შევეცდებით მაქსიმუმის გაკეთებას, დასაწყისი მშვენიერი გვაქვს, გულშემატკივართან ერთად იმედია ბევრს მივაღწევთ!“ ასე და ამგვარად, ,,გურია“ ლიდერია, ,,გურიას“ 6 ქულა აქვს, გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურება, დაველოდოთ მომდევნო ტურებს. 17 მარტს ,,გურია“ ზუგდიდში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ ,,ზუგდიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. 17 მარტს გულშემატკივართათვის ქალაქის ცენტრში დადგება მიკროავტობუსი, რომელიც ქომაგების წაყვანა-წამოყვანას უზრუნველყოფს. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0