ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ის მიესალმება ,,თავისუფალი სახლის“ გახსნას და მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს ,,თავბისუფალ სახლთან“, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს. ,,დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსგავსი შეხვედრების მოწყობას, განსაკუთრებით სასიამოვნოა ,,თავისუფალი სახლის“ არსებობა. კრიტიკა აუცილებელია და უნდა მივიღოთ, მთავარია პიროვნულ დაპირისპირებაში არ გადავზარდოთ ეს ყველაფერი. მზად ვარ თქვენთან ვითანამშრომლო და მოსახლეობას მივაწოდოთ ინტენსიურად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მუნიციპალიტეტში, რა პრობლემებია, როგორ ვმუშაობთ და ა.შ _ განაცხადა სარიშვილმა. ამის შემდეგ ,,გურიას“ ახალ აღმასრულებელ დირექტორთან, დავით ყენიასთან გადავედით შეკითხვებით, თავდაპირველად ვთხოვეთ, რომ მოკლედ მოეყოლა თავისი პიროვნების შესახებ, რას და სად საქმიანობდა და როგორ მოვიდა ,,გურიაში“.დავით ყენია: ,, ვარ ყოფილი ჟურნალისტი, ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადავედი გოგა გახოკიძისა და გიორგი ქინქლაძის სამენეჯერო კომპანიაში. როგორც მენეჯერი ვმუშაობდი საფეხბურთო სამყაროში. შემდეგ მომიწია მუშაობა ქუთაისის ,,ტორპედოში“, იქ ვიყავი ტრანსფერების მენეჯერი. ,,ტორპედოს“ შემდეგ ვეხმარებოდი ბათუმის ,,დინამოს“ ზოგად საკითხებში, ეს იყო შიდა თუ გარე ტრანსფერები, ასევე მებარა ტექნიკური მხარე. ახლა როგორც ხედავთ დავინიშნე ,,გურიაში“ აღმასრულებელ დირექტორად და ვეცდები მაქსიმალურად მოკლე დროში ფეხზე დავაყენო გუნდი, რომელიც არის უდიდესი ტრადიციების მატარებელი. როგორც მოგეხსენებათ, კლუბში არის ბევრი პრობლემა და სამუშაო გვაქვს ძალიან ბევრი. მაქვს თქვენი თანადგომის იმედი, ჯანსაღ კრიტიკას მივესალმებით, მაგრამ ჯერ უნდა გვაცალოთ მუშაობა, რომ ამის მერე შეგვაფასოთ, რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია.“,,ჰო და არა“: ,-ბატონო დავით, რა კონკრეტული პროგრამით ხართ მოსული ,,გურიაში“?დავით ყენია: ,,დავიწყებ იქედან, რომ ,,გურია“ არის ბრენდი. ეს კლუბი არის უდიდესი ტრადიციების მატარებელი და ყველამ უნდა შევეცადოთ მისი ფეხზე დაყენება. ვერ მოგატყუებთ, კლუბის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია დაგპირდეთ, რომ წელსვე გადავიყვანთ ,,გურიას“ პრო 2-ში, ჩვენი ამოცანა არის, რომ წელს შევინარჩუნოთ ადგილი პრო 3-ში. ვიცი, ეს მძიმე მოსასმენია, მაგრამ კლუბს აქვს დავალიანება, მოსაყვანია ფეხბურთელები და ა.შ“,,ჰო და არა“: -ბატონო დავით, ეს არის მიზანი და არა პროგრამა, ჩვენ გკითხეთ, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული პროგრამა ამ კრიზის დასაძლევად?- რაც შეეხება პროგრამას, გვაქვს გაწერილი ყველაფერი და ვიწყებთ გეგმის განხორციელებას. მთავარი არის ფინანსები, რომელსაც მე ვერ მოვიტან. თუმცა, გამოვიყენებ ჩემს ურთიერთობებს, გავლენებს და მაქსიმალურად შევეცდები კლუბს ფინანსური წყაროები მოვუზიდო. მე დამნიშნეს ,,გურიაში“ იმისთვის, რომ შექმნილი კრიზისიდან გუნდი გამოვიყვანო და მერწმუნეთ, ყველაფერს გააკეთბს დავით ყენია და მისი გუნდი, რათა ,,გურიას“ ძველი დიდება დაუბრუნდეს!,,ჰო და არა“: -როგორ აპირებს ,,გურია“ არსებული დავალიანებების გასტუმრებას და ამავდროულად წარმატების მიღწევას?-მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველასთან, ვისაც შეუძლია თუნდაც მიზერულად დაეხმაროს კლუბს. ბატონ ალექსანდრესთან და ბატონ ბესოსთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გამოსავალს მივაგნოთ. რა თქმა უნდა, ვალი გადასახდელია, თუმცა როგორი ძნელია ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ფულის მოძიება, კარგად მოგეხსენებათ. არ დაგვავიწყდეს, რომ ლიცენზირებისთვის საჭიროა მინიმუმ სამი ასაკობრივი გუნდი, ესეც დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს ითხოვს. ლელა ჩახვაძე(საკრებულოს დეპუტატი): ჩემს ბავშვობაშ საკუთარი თვალით ვხედავდი , თუ როგორი აღმავლობის გზაზე იდგა ,,გურია“, რა წარმატებებს აღწევდა და ყველა როგორი აჟიტირებულები ვიყავით ფეხბურთით. ეს ის თემაა, რომელიც თითოეულ ლანჩხუთელს აწუხებს. ერთი რამ მაინტერესებს, როგორც ვიცი, გასულ წელს მერაბ ჟორდანია იძლეოდა ფინანსურ გარანტიებს, ჰქონდა შემუშავებული ,,გურიას“ განვითრების გეგმა. იღებდა დავალიანებების გასტუმრების ვალდებულებას საკუთარ თავზე. რატომ ეთქვა ამ ადამიანს უარი? მივესალმები ბატონო დავით თქვენს ენთუზიაზმს, მაგრამ არ გაქვთ მოფიქრებული, თუ რა გზით მოუპოვებთ კლუბს ფინანსებს. მიმაჩნია, რომ ჟორდანიასთვის უარის თქმა იყო არასწორი. რამდენად მზად ხართ ბატონო დავით იმ ტვირთის საზიდავად, რომელიც საკუთარ თავზე აიღეთ?დავით ყენია:ტვირთი მართლაც მძიმეა, თუმცა თუ არ იბრძოლე ისე არაფერი არ გამოვა. სადაც ვყოფილვარ, ყველგან სირთულეები დამხვედრია, მაგრამ ხელები არ ჩამომიშვია. რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, მასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ ვიცი, რატომ და რისთვის ეთქვა მას უარი. ვარ პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში წარიმართება.ბესიკ ტაბიძე: ჯერ ბატონ ყენიას ვერაფერს მოვთხოვთ. კრიტიკა ადვილია, მაგრამ გარედან არ უნდა უყურო ამ მოვლენებს. დღედა ღამე დავრბივართ, რათა როგორმე ფინანსები მოვიზიდოთ და კლუბი ფეხზე დავაყენოთ. უკეთესი თუ გაქვთ რამე შემოგვთავაზეთ.ამ დროს საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩხაიძემ ურეპლიკა: უკეთსი იყო მერაბ ჟორდანიას ვარიანტი, რატომ არ მოიყვანეთ? გამეცით პასუხი...ბესო ტაბიძე: შენ რა პასუხი უნდა გაგცე, დამთავრდა შენი და შენისთანების გადამეტებები, ეს იცოდე! დაანებე ამ წერა -კითხვას თავი და კომენტარების დაწერას, თორემ გაჩვენებ ვინ ბანაობს!ტაბიძის ამ მიმართვას ირაკლი ჩხაიძის არანაკლებ მწვავე პასუხები მოჰყვა: ,,რაც სიმართლეა, იმას გიწერთ! თქვენ არ შეგეშალოთ არავისში ბატონო ბესო. მართალი ხარ, ჩემი და ჩემნაირების დრო დამთავრდა, ნამდვილი ,,ოცნების“ ჯარისკაცების...სიტყვიერი დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდა, მაგრამ მკითხველისთვის ამ მონაკვეთის დეტალურად მიწოდება ცოტა უხერხულად გვეჩვენება. საბოლოოდ მოვახერხეთ სიტუაციის განმუხტვა და თემა ალექსანდრე სარიშვილმა გააგრძელა: ,,ჟორდანიას თემაზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მის მიერ შემოთავაზებული პირობები იყო გათვლილი მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებზე და მუნიციპალიტეტის ინტერესები ნაკლებად იყო გათვალისწინებული. მაშინ მე საკრებულოს წევრი ვიყავი. თუმცა, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ ჟორდანიასთან დაკავშირებით და არ ვიცი კონკრეტულად რატომ და რისთვის ეთქვა მას უარი. როდესაც მერად ამირჩიეს, დამირეკა მისმა წარმომადგენელმა და მითხრა, რომ შეკითხვები იყო გადმოგზავნილი და პასუხებს ელოდებოდნენ. დავუკავშირდი ძველ ხელმძღვანელობას და მითხრეს, რომ პასუხები გადაუგზავნეს, მეტი არაფერი არ ვიცი. რომ იცოდეთ, დღეს დავით ყენია და მისი გუნდი სიმბოლურ ხელფასს იღებენ, ვინაიდან ითვალისწინებენ კლუბის არსებულ მდგომარეობას.“,,ჰო და არა“: -ეს შეკითხვა ეხება როგორც ბატონ დავითს, ასევე მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩვენი ინფორმაციით, მოხდა ბაზის საკადასტრო რუკის და ფოტოების გადაგზავნა თურქეთში. ადასტურებთ ამ ინფორმაციას? და თუ ადასტურებთ, რა მიზნით განხორციელდა ეს პროცედურა?ალექსანდრე სარიშვილი: - ნამდვილად არ ვიცი ამის შესახებ. ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ ბაზასთან დაკავშირებით რაიმე გაუგებრობებს. ყველაფერი მოხდება საჯაროდ და გამჭვირვალედ. დავით ყენია: - არ უარვყოფ, რომ საკადასტრო რუკა და ფოტოები გადავაგზავნეთ თურქეთში. მაგრამ, ეს ბაზის გასხვისებასთან არაფერ კავშირში არ არის. ვინც არის ნამყოფი ბაზაზე, დამერწმუნება, რომ მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაშია. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე ვმუშაობთ და ვესაუბრებით სპეციალისტებს. ფეხბურთელები ვერ ივარჯიშებენ ისეთ პირობებში, რა მდგომარეობაშიც დღეს გრიგოლეთის ბაზის მინდვრის საფარი გახლავთ. ბაზა არის სერიოზულად სარემონტო, გაფუჭებულია ოთახები და ა.შ. ბაზაზე უნდა ჩამოვიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც უნდა მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა. არ მინდა დაიხარჯოს დიდი ფული და საქმე არ გაკეთდეს. რუკა გადავაგზავნეთ და იქედან იყო შეკითხვები, ზღვა რომელ მხარესაა, ქარი საიდან უბერავს, კლიმატი როგორია და ა.შ. ესენი ჩამოვლენ, დაგვიდებენ ხარჯთაღრიცხვას და თუ არ მოგვეწონება პირობები მოვიყვანთ ადგილობრივებსაც. ვისი პროექტიც უკეთესი იქნება, ამას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი.ამის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ჟორდანიას თემას დაუბრუნდა:,, დიდ პატივს ვცემ მერაბს და მის კარიერას, მაგრამ მანაც ვერ შეასრულა ის პირობები, რომელიც შემოგვთავაზა. მაგალითად, საუბარი იყო ექვს ფეხბურთელზე, რომლებსაც ის წინასწარ ჩამოიყვანდა, მაგრამ ვერაფრით მოხერხდა სამწუხაროდ. რომ დაწყებულიყო ეს პროცესები, მაშინ ჩვენც ხმამაღლა ვიტყოდით, რომ ამ კაცმა საქმე დაიწყო და ვაცალოთ -მეთქი. თუ რამე არასწორს ვამბობ, დარბაზში ნუგზარ ჩხაიძე იმყოფება და მან თქვას.“ნუგზარ ჩხაიძე: - მე მგონი აქ ჟორდანიას თემის განსახილველად არ ვართ მოსული და წარსულზე სასაუბროდ. ახლა ,,გურიას“ სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის გვერდით დგომა დ არა წარსულში ქექვა. მაგრამ, რახან შემეკითხეთ მოგახსენებთ. მერაბ ჟორდანიასთან, ლანჩხუთის მაშინდელმა ხელისუფლებამ სირცხვილი ჭამა. კაცი ორჯერ ჩამოვიდა, ორჯერ შეხვდა ზაზა ურუშაძეს თბილისში. ორჯერ გამოაგზავნა ოფიციალური წერილი. ჯერ, წერილი, შემდეგ მარკეტინგის გეგმა და ,,გურიას“ განვითარების კონცეფცია. მისთვის პასუხი არ გაუციათ, არც ჰო უთხრეს და არც- არა. ეს დოკუმენტები დარჩა დოკუმენტებად. მერაბ ჟორდანიას მისამართით თითის გაშვერა არის სირცხვილი და დაანებეთ თავი ცილისწამებას. ვთქვი და ვიმეორებ, თუ ,,გურიას“ გულშემატკივრები გვქვია, ახლა გვერდით უნდა დავუდგეთ ბატონ ყენიას და მივხედოთ საქმეს. რახან გაქვთ ეჭვი, რომ წინა წლებში ხდებოდა ფინანსური დანაშაული, მოვიწვიოთ სერიოზული აუდიტი, რომელიც დადებს ბოლო 6-7 წლის საფუძვლიან ანალიზს, თუ რა ხდებოდა კლუბში. გაირკვეს სიმართლე და დავანებოთ ამ გადაბრალებებს თავი. ,,ჰო და არა“:- ბატონო დავით, ,,გურია“ რომ ერთ წელიწადში ორი ლიგიდან გავარდა, ეს მხოლოდ მენეჯმენტის არასწორი მუშაობის შედეგია? არის ასეთი გამონათქვამი, ,,ფეხბურთში მთავარი ტაბლოა“. ჰოდა, ტაბლოზე შედეგი ვერ აჩვენა იმ სამწვრთნელო შტაბმა, რომელიც თქვენ დატოვეთ კლუბში. ფინანსურად არ შეგეძლოთ სხვა მწვრთნელეის მოწვევა, თუ ენდეთ დავიტ მახარაძეს და მის გუნდს?დავით ყენია:-მენეჯმეტს შეუძლია გუნდი ააღორძინოს ან მიიყვანოს იმ მდგომარეობამდე, როგორშიც დღეს არის ,,გურია“ . ამ თემაზე მეტს აღარ ვისაუბრებ თქვენის ნებართვით. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, დავით მახარაძე არის პროფესიონალი მწვრთნელი, უწესიერესი კაცი, მჯერა, რომ ის შეძლებს,,გურიას“ რეაბილიტაცია მოახდინოს. დავით მახარაძე, პირადად ჩემი თხოვნით დარჩა და პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. რაც შეეხება სხვა მწვრთნელებს, კლუბს მათთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული( დარბაზიდან გაისმა რეპლიკა ,,მახინჯი ხელშეკრულება), რომელიც წინა მენეჯმენტის მიერ გაფორმდა და მისი დარღვევა დამატებით ფინანსურ დარტყმას მოგვაყენებს. აი, მაგალითად, ახლა გია გურული გვედავება დავალიანებას და ის იურიდიულად მართალია. სწორედ მენეჯმენტს აქვს აქ დაშვებული შეცდომები. როგორ შეიძლება, ყოველი სამი თამაშის შემდეგ მწვრთნელის გაშვება, უნდა შეეცადო მასთან ხანგრძილი პროგრამა გაკავშირებდეს, რაც ნდობას და ხარისხს აამაღლებს. მერწმუნეთ, დავით მახარაძე არის ის მწვრთნელი, რომელსაც დავეყრდნობით მყარად.ირაკლი მარშანიშვილი(საკრებულოს დეპუტატი)- ბატონო დავით წარმატებები მინდა გისურვოთ, ახალ დანიშნული ბრძანდებით და დაველოდებით იმ შედეგებს, რომელსაც დადებთ. მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მაქვს შეკითხვა. კობა მირზაშვილმა ჩამოიყვანა პოტენციური ინვესტორები, რომლებიც ითხოვდნენ ბაზის იჯარით გადაცემას, ისტუმრებდნენ დავალიანებას, თქვეს, რომ ფეხბურთელი კვება, ფორმა, გუნდის ტრანსპორტირება და ა.შ. მუნიციპალიტეტის პრობლემა არ იქნებოდა. ერთი სიტყვით, ყველაფერს იღებდნენ საკუთარ თავზე, რატომ ეთქვათ ამ ადამიანებს უარი?ბესიკ ტაბიძე:- გჯერა იმისი, რასაც ისინი ამბობდნენ?ირაკლი ჩხაიძე:- ბატონო ბესო, თქვენ ამბობთ, რომ მირზაშვილი იტყუებოდა?ალექსანდრე სარიშვილი:- მიუხედავად ჩემი და კობა მირზაშვილის მეგობრობისა, ასე უაპელაციოდ ვერავის გადავცემდით ბაზას. ამას სჭირდება იურიდიული პროცედურები, რეალური ინვესტორები, ოფიციალური დოკუმენტაცია. სად ვუთხარი კობას და მის მეგობრებს, რომ კლუბს არ ჩავაბარებდი და მათი სასტიკი წინაარმდეგი ვიყავი. ვკითხე უკრაინელებს, კობა რომ არ იყოს, ფულს ჩადებდით-მეთქი? არაო, მითხრეს. ეს მეგობრობის ხათრით გაკეთბული ქველმოქმედება იქნებოდა თუ რა, ვერ ვხვდები. გარკვევით განვუცხადე მათ, რომ თუ იქნებოდა იურიდიულად ყველაფერი მოგვარებული, სერიოზულად განვიხილავდით მათ წინადადებას. ასე ჰაერზე ხელშეკრულებები არ იდება. არ აქვს მერს უფლება, პირდაპირი წესით გაუფორმოს ვინმეს ბაზასთან დაკავშირებით ხელშეკრულება. ბესიკ ტაბიძე:- როდესაც ჩვენ შევხვდით იმ ხალხს, ორი კაცი იყო, კობამ მითხრა, რომ ამათ არაფერი არ უთხრა ფეხბურთზე, ამის შესახებ არ იციანო. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამბავი, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესაუბრება ადამიანებს, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ და არ იცოდნენ რაში უნდა ჩაედოთ თანხა? ამის შემდეგ, დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ დავით ყენიას წარმატებები უსურვა და თხოვა უახლოეს მომავალში კვლავ შედგეს მსგავსი შეხვედრა. რაზეც, ბატონმა ყენიამ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით გვეწვევა ორი ტურის ჩატარების შემდეგ და მცირე შეჯამებებს გააკეთებს! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0