„ოპენ-ბათუმის“ სახელით ცნობილი პირველობა 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ეუფორიას“ სპორტულ დარბაზში ჩატარდა. ლანჩხუთელმა კარატისტებმა მერაბ თურქიას ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წარმატებულები არიან. „ტყუილად არ ჩავსულვართ ბათუმში, მედლების წვიმა წამოვიღეთ აჭარის დედაქალაქიდან“ _ გვითხრეს კარატის მესვეურებმა. მართლაც, პირველი წარმატებები ტურნირის პირველივე დღეს გვქონდა, როდესაც 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. ჩემპიონები გახდნენ: რეზი თურქია, მერაბ ლომაძე, ანრი ჩხარტიშვილი, დათო დუმბაძე. ვერცხლის მედალი ლაშა კოსტავას და საბა ჩხაიძეს ხვდათ წილად. საბა ტურნირზე მშვენივრად გამოვიდა, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. ფინალში 5:0 იგებდა და გამოუცდელობის გამო გაფრთხილებებით წააგო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ნიკა კოსტავამ, ლუკა ვანაძემ, საბა ჭელიძემ, ავთო ბურძგლამ, ზურა ლომაძემ (2 ბრინჯაო), მერაბ ლომაძემ (მან ოქროს მედალს ერთი ბრინჯაოც დაუმატა). მეორე დღეც წარმატებული აღმოჩნდა ჩვენებურებისთვის. 2 ოქროს მედალი საქართველოს კარატეს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატებმა: გიორგი ზენაიშვილმა და გიორგი ჩხაიძემ მოუტანეს ჩვენს გუნდს. ანა პატარაია და ლიზი თურქია ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ; ხოლო ბრინჯაო გიორგი მამინაიშვილსა და ნიკა დარჩიას ხვდათ წილად. ტურნირზე მთავარი არბიტრი გახლდათ მერაბ თურქია, ხოლო მსაჯობდნენ: მანუჩარ ჩხაიძე და ლაშა ბერიძე. მერაბ თურქიას თქმით, ეს წარმატება მასთან ერთად მწვრთნელების მანუჩარ ჩხაიძის, ლაშა ბერიძის და შოთა ღლონტის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. „ეს ყველაფერი გვიჩვენებს იმას, რომ სწორი გზით მივდივართ. ახალი თაობა, რომელიც მოდის, ძალიან კარგად არიან მომზადებულნი და ეს უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს. ხშირად არის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ თუ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა კარატეს სექციას, მეტი წარმატება და სახელი იქნება ჩვენი პატარა რაიონისთვის,“ _ გვითხრა ბატონმა მერაბ თურქიამ. ცნობისთვის, კარატე სპორტის ის სახეობა გახდა ცოტა ხნის წინ, რომელიც ოლიმპიადაზე იქნება წარმოდგენილი. ლანჩხუთელი მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ უახლოეს ოლიმპიადაზე, რომელიც 2020 წელს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდება, ლანჩხუთელი სპორტსმენიც იქნება წარმოდგენილი. ეს კი კიდევ მეტად ცნობადს გახდის ჩვენს მუნიციპალიტეტს.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0