მის საპასუხო წერილს, რა თქმა უნდა, სტილის სრული დაცვით ვაქვეყნებთ და ასევე სიამოვნებით მოვუსმენთ წერილში ნახსენებ ყველა მხარეს, თუ ისინი ამას მოისურვებენ. საპასუხო წერილში ასევე საუბარია, რომ გაზეთში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რაზეც განვმარტავთ, რომ `ჰო და არამ~ მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რაც გაგვაჩნდა. `რაც შეეხება მერაბ ჟორდანიას, ლანჩხუთში მისი წინააღმდეგი არავინ შეიძლება იყოს, თუმც ზოგი თვლის, რომ უბრალოდ, ჟორდანიას თემა, ებრალიძის გუნდის დაბრუნების ხელშესაშლელად `შემოიყვანეს~. შესაძლოა, არც მთლად მასეა, მაგრამ ფაქტია, ჟორდანია ლანჩხუთში არ ჩამოსულა. ზაზა ურუშაძე იყო მასთან ხელშეკრულებით მოწადინებული, მაგრამ `გურია~ გამგებლის პირადი საკუთრება არაა, ის ვერავის აჩუქებს ან სახელმწიფო ინტერესის თუ სამართლებრივი პროცედურების გარეშე გადასცემს გუნდს. ერთიცაა, მერაბ ჟორდანიას თუ შესაძლებლობა აქვს, მას დირექტორობა ან კლუბის გადაცემა არაფერში სჭირდება, `გურიასთვის~ დახმარების გასაწევად. თუმც ინვესტორიც ფულს არ ჩადებს, თუ მართვის სადავეები არ აქვს. მერაბ ჟორდანიას თემაზე სპეკულირება უნდა დასრულდეს _ მაქსიმუმი გაკეთდეს, თუ შესაძლებელია, დადებითად გადასაწყვეტად, თუ არადა ისიც ითქვას, რომ ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში და აღარ ვიყოთ ფუჭი მოლოდინის რეჟიმში~ _ ვფიქრობთ, ეს ლანჩხუთელი გულშემატკივრის პოზიციაცაა. თუმცა ბევრი დეტალი ჩვენთვის და მით უფრო, საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, მათ შორის, არც ის, თუ მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში კლუბის მესვეურებს შეხვდა... ახლა კი წერილი, რომელიც `ჰო და არას~ რედაქციამ ედიშერ ჟორდანიასგან მიიღო: `ჩემო ლანჩხუთელებო, მე ედიშერ ჟორდანიას, სოსო ჟორდანიას შვილს და ბეგი სიხარულიძის სიძეს, საერთოდ ჩვენს ოჯახს არასდროს არ გვჩვეოდა გაზეთის საშუალებიოთ გვესაუბრა ლანჩხუთელებთან, მაგრამ ა.წ. 10 მაისს, გაზეთ ,,ჰო და არაში“ `გურიას~ პრობლემებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა წერილმა, სადაც ზოგადად და არასწორად იყო აღნიშნული იმის შესახებ თუ რატომ ჭიანურდება მერაბ ჟორდანიას ჩამოსვლა ლანჩხუთში და ლანჩხუთის `გურიასთან~ ხელშეკრულების გაფორმება, გადამაწყვეტინა ამ წერილის საშუალებით ლანჩხუთელებისათვის ამეხსნა სიმართლე, რამეთუ 2016 წლის ივლისში პირადად მე მთხოვა ზაზა ურუშაძემ შემეხვედრებინა და გამეცნო მისთვის მერაბი, რათა გვესაუბრა გუნდში შექმნილ პრობლემებზე და ეთხოვა მისთვის, რომ ჩაებარებინა ლანჩხუთის `გურია~, ეპატრონა მისთვის და გადაეწყვიტა ის საკითხები, რომელიც გუნდს აწუხებდა. მისი თხოვნის საფუძველზე დავუკავშირდი მერაბს, რომელიც ჰოლანდიში იმყოფებოდა და ავუხსენი საქმის ვითარება. მან მითხრა, რომ იმავე თვეში ჩამოვიდოდა თბილისში და აუცილებლად შეგვხვდებოდა. ასეც მოიქცა და პირველი შეხვედრა შედგა ივლისის ბოლოს და მოლაპარაკების მაგიდასთნ დავსხედით მერაბი, ზაზა და მე. გამგებელმა შესთავაზა, რომ მას იჯარით აეღო კლუბი `გურია~ და გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა, ჩამოეყალიბებინა ისეთი სტრუქტურა და ისეთი გუნდი, რომელიც შეესაბამებოდა გურიას როგორც ბრენდს. თუმცა მას არაფერი უთქვამს მერაბისთვის იმ დავალიანებების შესახებ, რომელიც ასიათასობით გააჩნდა და დღესაც გააჩნია კლუბს. მერბმა მიიღო შეთავაზება და დაუკონკრეტა, რომ ამ საქმეს იმ შემთხვევაში მოკიდებდა ხელს, თუ ჩამოყალიბდებოდა ნამდვილი ევროპული საფეხბურთო კლუბი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდა. იმავე შეხვედრაზე მერბმა განუცხადა, რომ ამ შეთავაზებასა და პირობებს გააცნობდა თავის უცხოელ პარტნიორებს, მისი იურისტები დაუკავშირდებოდნენ გამგეობის იურიდიულ სამსახურს, რომელიც დაამუშავებდა ხელშეკრულების და ურთიერთთანამშრომლობის პირობებს. ამას გარდა, 2016 წლის აგვისტოს თვეში მერაბი ჩამოვიდა ლანჩხუთში და ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის კაბინეტში, სადაც მერაბისთვის უნდა დაეხვედრებინათ იჯარის ხელშეკრულების პროექტი და განეხილათ საბოლოო ვარიანტი. ამ დროს გამგებელმა მათ დაახვედრა ორი ფურცელი, რაზედაც მერაბმა გამოხატა გაკვირვება და უთხრა, _ ეს რა ხელშეკრულებაა, ეს ჩემს პარტიორებს როგორ ვაჩვენოო. გამგებელმა მიუგო, რომ უახლოეს დღეებში დაამუშავებდნენ თანამშრომლობის პირობებს და იურისტების მეშვეობით შეიმუშავებდნენ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი კლუბის ძველ ვალებზე და მის შესახებ მერაბისთვის არაფერი არ უთქვამთ. შემდგომ პერიოდში (სექტემბერი-დეკემბერი) კონკრეტული არაფერი მომხდარა, მხოლოდ 2017 წლის იანვარში გამგეობის იურიდიულმა სამსახურმა დადო განსახილველად `უზურფრუქტის“ ხელშეკრულება, რომელიც შეთანხმებული იყო მერაბ ჟორდანიას კომპანიასთან ,,ინტერკორთან“, რომლის დირექტორია ბატონი თემურ მიქაძე. თავს ვალდებულად ვთვლი ლანჩხუთელებს გავაცნო ამ ხელშეკრულების ძირითადი პირობები: 1. გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა 49 წლის ვადით ,,უზურფრუქტით“ გადაეცემოდა კომპანია ,,ინტერკორს“; 2. უზურფრუქტის ყოველწლიური გადასახდელი თანხა შეადგენდა 230 000 ლარს. თუმცა 24 წელი და 6 თვე „უზურფრუქტუარი“ ანუ მერაბის მხარე თავისუფლდებოდა ამ გადასახადისაგან, რაც შეადგენდა 5 658 000 ლარს, მაგრამ ამავე დროს მუნიციპალიტეტს ეს თანხა ეთვლებოდა ამ საქმეში ინვესტირებულ თანხად. ანუ მუნიციპალიტეტი რჩებოდა მეწილედ; 3. ამ ხელშეკრულებაშიც საერთოდ არ იყო ნახსენები ძველი ვალი, მაგრამ საკრებულოს ფრაქციებში განხილვის დროს ერთ-ერთმა ფრაქციათა კოალიციამ მოითხოვა ხელშეკრულებაში ჩაწერილიყო მუხლი შემდეგი რედაქციით: საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის `გურიას~ მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების პროექტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: მხარეთა შეთანხმებით `მმართველი პირი“ პასუხს არ აგებს `საფეხბურთო კლუბის“ იმ დავალიანებაზე, რაც წარმოშობილია წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე და პირიქით ,,მესაკუთრე“ პასუხს არ აგებს საფეხბურთო კლუბის იმ დავალიანებაზე, რაც წარმოშობილია წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდგეგ. აგრეთვე, როგორც ხელშეკრულების წესია, პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეს უნდა გადაეხადა პირსაგამტეხლო. ამ პირობებით დარწმუნებულმა მერაბ ჟორდანიამ განაახლა მოლაპარაკებები თავის უცხოელ პარტნიორებთან და საკრებულოს დიდ დარბაზში შეკრებილი `გურიას~ გულშემატკივრების წინაშე გამგებლის მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა `გურიას~ გვერდში დასადგომად, ითხოვა ხელშეკრულების დროულად გაფორმება და გიგლა იმნაძეს და გიალო ჩხაიძეს თხოვა დაეწყოთ გუნდის შეკრება, რადგანაც იგი ისედაც დაგვიანებული იყო. ისინიც ასე მოიქცნენ, მაგრამ მას შემდეგ როცა ,,უხილავმა ძალამ~ დაინახა, რომ გუნდი მართლაც შეიკრიბა და გაჩნდა `გურიას~ გადარჩენის პერსპექტივა, გამგებელმა და მისმა გარემოცვამ გამოაჩინა ახალი ხელშეკრულება, სადაც პირობები დიამეტრალურად შეცვლილია. კერძოდ: 1. უზურფრუქტარი ანუ მერაბის მხარე 24 წლისა და 6 თვის ნაცვლად ყოველწლიური გადასახადისაგან თავისუფლდებოდა 20 წლით. 2. ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველ წელს საინვესტიციო თანხად განუსაზღვრეს 250 000 ლარი, ხოლო მომდევნო 2 წელიწადში 500 000 ლარი. ე.ი. სულ 750 000 ლარი, რაც მერაბის პროექტთან შედარებით საგრძნობლად მცირე თანხაა და მისი პარტნიორები ამ პერიოდში ბევრად მეტი თანხის ჩადებას აპირებენ, მაგრამ ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა. თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ ევროპული კლუბი ბევრად მეტ დაფინანსებას საჭიროებს. 3. რაც ყველაზე მთავარია, კლუბის 2014-2016 წლების დავალიანების დაფარვა დააკისრეს ჟორდანიას მხარეს, რაც რვათვიანი მოლაპარაკების შემდეგ უბრალოდ უზნეობა და ადამიანის შეურაცხყოფაა, აგრეთვე მერაბის პიროვნების დაუფასებლობაა. ხელშეკრულებაში სხვა ზოგიერთი მუხლებიცაა შეცვლილი, მაგრამ მათზე რომ იტყვიან, მეორე მხარემ თვალი დახუჭა და არც კი უხსენებიათ. მაგრამ ამ საქმეში მთავარი სხვა რამაა, რაც ლანჩხუთის საზოგადოებამ უნდა იცოდეს. კერძოდ: კონტრაქტის შეცვლილი ვარიანტიც არ ყოფილა შეთანხმებული იმ მხარეებთან, რომლებიც თურმე გამგებლის განმარტებით იძლევიან თანხმობას, რომ უზურფრუქტით გაიცეს საფეხბურთო კლუბი და საწვრთნელი ბაზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვებოდა რაიონის ბიუჯეტს და მისი მეპატრონისათვის ჩაბარების შემთხვევში ასეულობით ათასი ლარი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო რაიონის მოსახლეობის პრობლემების დასაკმაყოფილებლად. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ბატონი ზაზა ამ საკითხის განხილვის დროს ხელს იშვერს ხან პარტია ..ქართული ოცნების“ ოფისისკენ, ხან დეპუტატის ოჯახისკენ, ხან მთავრობისკენ, ხან კახა კალაძის მამისკენ, ხოლო როცა ამის დადასტურებას მოითხოვ ჩვეული მეთოდით სიცრუისა და ტყულის კორიანტელს აყენებს. მან, მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, არ იკადრა თავის ხალხს, რომელმაც გვერდში დაუდგა და ლეგიტიმაცია მოაპოვებინა, უთხრას სიმართლე. ბოლო ორი თვეა გაიძახოდა, რომ არ ერეოდა ფეხბურთის საქმეში, რომ მას ,,უხილავმა“ ძალამ საერთოდ აუკრძალა ფეხბურთისკენ გახედვა, მაგრამ მას შემდეგ რაც `გურიამ~ წაიფორხილა, კვლავ დაატრიალა ინტრიგების კორიანტელი და 2013-2016 წლის მართვის მეთოდებით დაიწყო კლუბის საქმეებში ჩარევა. და ამ მეთოდებმა რაც მოუტანა ლანჩხუთის `გურიას~, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გთხოვთ და უკანასკნელად გაფრთხილებთ, თავი დაანებეთ ადამიანების აბუჩად აგდებას და ისეთ საქმეებში ცხვირის ჩაყოფას, რომელმაც რბილად რომ ვთქვათ, თქვენ ვერაფერი ხეირი მოგიტანათ. პირიქით, თქვენი ავტორიტეტი და რეიტინგი ნულს ქვევით დასცა. ამ ეტაპზე, ჩემო ლანჩხუთელებო, ვფიქრობ, რომ საკმარისად და გასაგები ენით აგიხსენით, თუ რატომ ვერ დაიწყო მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის `გურიას~ პატრონობა, რაც გარკვეულწილად კლუბის დღევანდელ შედეგებშია ასახული. ალბათ, ამ სტატიას რომ წაიკითხავენ ზოგიერთები, ვისაც ეს ეხება, გარკვეულ დასკვნებსაც გააკეთებენ და მოსაკითხს მოიკითხავენ, ხოლო თუ ისინი კვლავ ძველებურად გააგრძელებენ და ლანჩხუთელების ერთ-ერთ სიწმინდეს _ ლანჩხუთის `გურიას~ კვლავ ასე შეეხებიან, ჩვენ იძულებული გავხდებით სხვა ცივილიზებულ მეთოდებს მივმართოთ~ _ აცხადებს `გურიას~ ყოფილი სპორტული დირექტორი.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0