ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჭადრაკის სახლში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

ჭადრაკის სახლში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო
2-11-2016, 00:00

ბამბუკის ხისგან აგებული შენობა წლების განმავლობაში ამშვენებდა ჩვენს ქალაქს. თუმც, წლების გასვლასთან ერთად შენობა მწყობრიდან გამოვიდა და ავარიული გახდა. უკვე აქტიურად საუბრობდნენ, რომ იქ სწავლება შეუძლებელი იყო და ალტერნატიული ფართის გამონახვა გახლდათ საჭირო. რამდენიმე დღის წინ, სამუშაო საათის დამთავრების შემდეგ ჭადრაკის სახლის შენობას ხანძარი გაუჩნდა, რამაც შენობა საგრძნობლად დააზიანა. გავრცელებულ ხმებით, შენობას ცეცხლი სპეციალურად აქვს გაჩენილი და მის უკან გარკვეული ინტერესები დგას. ჭადრაკის ლანჩხუთელმა მესვეურებმა მომხდარის შესახებ საკუთარ `ფეისბუქის~ გვერდზე მეორე დღესვე გამოაქვეყნეს წერილი სათაურით: `ესღა გვაკლდა!~ `გუშინ, საღამოს ჭადრაკის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ვერსია, თითქოს ელექტროსადენების მიზეზით მოხდა ცეცხლის გაჩენა უაზრობაა. შეუიარაღებელი თვალითაც იოლად ჩანს რომ სადენები საღია და ცეცხლის კვალი მათთან ახლოსაც არ არის. მეხანძრეების თქმით ცეცხლი თითქოს ზემოდან იყო გაჩენილი, რადგან მათ შეამჩნიეს დამწვარი სადენები და `კარობკები~, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ეს `კარობკები~ და სადენები დიდი ხანია გაუქმებულია. ეს ცეცხლის გაჩენის მე-3 მცდელობაა. წინა შემთხვევებში ცეცხლის გაჩენა ადრე იყო შემჩნეული და ზარალი არ გამოუწვევია. ახლა კი შენობა დაზარალდა, თუმცა ძირითადად შენობა გადარჩა. ჭადრაკის სახლი სარემონტო შენობაა, თუმცა კაპიტალურ რემონტს საჭიროებს!~ _ წერია გამოქვეყნებულ წერილში. თუ რა გახდა რეალურად ხანძრის გაჩენის მიზეზი ეს ცნობილი, სპორტული ცენტრის დირექტორის, გაგა იმნაიშვილის თქმით, შესაბამისი მოკვლევის დამთავრების შემდეგ გახდება. სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება დაადგენს რა მოხდა რეალურად. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ დროულად ვიმოქმედეთ და ჩვენს ცენტრში მოჭადრაკეებს ერთი ოთახი გამოვუყავით, რომელიც უზრუნველყოფილია გათბობით და შესაბამისი პირობებით. ასე რომ, მოსწავლეებს და მწვრთნელებს პრობლემა არ შექმნიათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ~, _ გვითხრა გაგა იმნაიშვილმა. რესპოდენტის თქმით, შენობა ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იყო ხანძარმა კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა: `მიდიოდა საუბარი, რომ ბავშვებისთვის ახალი ფართი გამოგვენახა. ხანძარმა ეს პროცესი უფრო დააჩქარა. მართალია, შენობის ნაწილი გადარჩა, მაგრამ იქ მუშაობის გაგრძელება უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ ბავშვების უსაფრთხოების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება მათი ჩვენთან გადმოყვანაზე. მოგეხსენებათ იგეგმება ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა, მაგრამ სანამ ის გაკეთდება, როგორც გითხარით, ბავშვები ჩვენთან იქნებიან. საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. საკრებულოს სხდომაზეც იყო მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა სხვა ფართი გამოინახოს და იქ თუ შესაბამისი პირობები იქნება გადავლენ. მანამდე კი ჩვენთან დარჩებიან.~ საკრებულოს იურიდიულ და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძის მოსაზრებით უპრიანია, ახალი სპორტული სკოლის აშენებამდე მოჭადრაკეებს სარგებლობაში გადაეცეთ ძველი რედაქციის შენობა. `ჭადრაკის საკმაოდ პოპულარულია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ბევრი ბავშვი დადის წრეზე, ასევე მუშაობს 3 მწვრთნელი. მათ შესაბამისი ფართი სჭირდებათ. მიმაჩნია, რომ ჭადრაკისთვის უნდა გამოინახოს შესაბამისი პირობები და ამას სრულად აკმაყოფილებს ყოფილი სტამბა-რედაქციის შენობა, რომელიც არის მუნიციპალური საკუთრება. ის მთავრობის დადგენილებით ჩვენ გადმოგვეცა ჯერ კიდევ 2012 წელს. გადმოცემის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საბიუჯეტო დაწესებულების განთავსების მიზნით გადმოგვეცა. ჩვენ გადმოგვეცა ის ფართი, რაც გაუსხვისებელი იყო. გასხვისებული მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია რომ არის განთავსებული, ის გახლდათ. იქ არის სამი დიდი ოთახი, მწვრთნელებს არ მოუწევთ დღეების გადანაწილება, მათ შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად ჩაატარონ მეცადინეობები. შენობაც გადარჩება და შესაძლებელია იქ სხვა რაღაცაებიც განთავსდეს. მაგალითად, საცურაო აუზში რომ არის ადმინისტრაცია და ბუღალტერია იმის გადმოყვანა. მე ვერაფერს ვერ გეტყვით რატომ მუხრუჭდება და ვინ ამუხრუჭებს ამ საქმეს. შეიძლება ბევრ რამეს ვერიდებით, მაგრამ კანონს ვარღვევთ ამ შემთხვევაში. ყველა მედია-საშუალება, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს, უნდა იყოს თანაბარ პირობებში. `ჰო და არამ~, როგორც მე ვიცი, ბანკის სესხით შეიძინა ოფისი, პროცენტი გადაუხადა ბანკს და კიდევ გადასახადებს უხდის ბიუჯეტს. ასევე იყიდა `ლანჩხუთის პლიუსმა~ თავისი ოფისი. საკუთარი ფართი შეიძინა `გურია ნიუსმა~. თუ ერთს ვთხოვთ კანონის ფარგლებში მოქცევას, მეორეს შემთხვევაში ასე რატომ არ ხდება?! ჩვენ, როცა თითოეულ თეთრს ვეძებთ ბიუჯეტის შესავსებად, გასაფლანდი ქონება არ გვაქვს. ადრე, სადაც სტამბა-რედაქციის შენობა იყო მასში განთავსებულ გაზეთს ჰქვიოდა: `სოციალისტური შრომა,~ შემდეგ `კომუნისტური შრომა~. თუ ის თვლის, რომ არის სამართალმემკვიდრე, მან უნდა აღიაროს ის, რომ არის `კომუნისტური შრომის~ სამართალმემკვიდრე და არა სტამბა-რედაქციის შენობის. მაშინდელ გაზეთს თუ ჩავხედავთ ზედ წერია: ლანჩხუთის რაიონის რევკომისა და რაისაბჭოს აღმასკომის ორგანო. მაშინ პარტია და აღმასკომი სახელმწიფო იყო და იმ პერიოდში სოციალისტურად რომ შრომობდნენ, საერთო სახალხო საკუთრება არსებობდა და კერძო საკუთრებას ეს გაზეთი ებრძოდა. ასე იყო სიმართლე, კერძო საკუთრება არ არსებობდა და რანაირად არის მისი. მაშინ რაც საკუთრება არსებობდა, ის იყო სახელმწიფოს. სახელმწიფოს ნაწილია მუნიციპალიტეტი და ამიტომაც არის, ის შენობა სახელმწიფოს საკუთრება. მე არ ვედავები პიროვნულად ვინმეს. უნდა იყოს სამართალმემკვიდრე, ეს მისი არჩევანია, მაგრამ შენობის სამართალმემკვიდრე ვერ იქნება იმიტომ, რომ ეს შენობა თავის დროზე სახელმწიფოს იყო და დღესაც სახელმწიფოსია. ჩემი შეხედულებით, ჭადრაკის სახლის იქ განთავსება დროებით კი არა, მუდმივარ არის შესაძლებელი. როცა სპორტის მუზეუმი გვაქვს ერთ ოთახში, მის გაფართოებაზე პესპექტივაში ხომ უნდა ვიფიქროთ. შენობის პირველ სართულზე არის უკანა მხარეს შესაბამისი ფართი,~ _ გვითხრა ბატონმა რომანმა. საკრებულოს თამჯდომარე გოგი ხელაძე ჭადრაკის შენობის ნაწილის დაწვის ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და იმედი აქვს, რომ მიზეზები დადგინდება: `რაც მოხდა, ბუნებრივია არ არის კარგი და ლამაზი. ჩვენს მოჭადრაკეებს როგორც ვიცი, უკვე შესაბამისი პირობები აქვთ შექმნილი. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ ჩვენთან დაგეგმილია ახალი სპორტული სკოლის მშენებლობა, რომლის საპროექტო სამუშაოების წარმოებისთვის 9000 ლარი გამოვყავით. იქ ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ ჭადრაკის წრემ კარგად იმუშაოს. ჩვენ კარგი მიღწევები გვაქვს ჭადრაკში. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში გაიმართა, ჩვენი მოჭადრაკეების გამოსვლა მისაღები იყო. მართალია, ისინი საპრიზო ადგილებზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ამასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. ასე რომ, ჩვენ სპორტის ამ დარგს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის გამგებელიც და დამატებითი ფართის მოძიებასაც ვაპირებთ. როგორც ვიცი, ერთ-ერთი ბინა მონახულია და ქირას გადავიხდით. რაც შეეხება რედაქციის შენობას, იქ გაზეთია განთავსებული და პრესასთან მაინც თავშეკავებაა საჭირო, გამიგებთ ალბათ, რასაც ვგულისხმობ.~ საკრებულოს წევრი ადამ ხუხუნაიშვილი, რომელიც ამავდროულად ჭადრაკის მწვრთნელიცაა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხანძარი სპეციალურად გაჩენილს ჰგავს: `ეს არ არის პირველი შემთხვევა, მერამდენედ უნდა მოხდეს იქ ხანძრის გაჩენა?! ის შენობა მართლაც უნიკალურია და ძალიან ალამაზებდა ჩვენს ქალაქს. თანაც არის საკმაოდ მყუდრო ადგილას და სამუშაოდ ძალიან კარგი იყო. მართალია, იქ არ იყო გათბობა, ზამთარში ჭირდა სწავლების წარმოება, მაგრამ მისი დაწვა რაღაც სხვა საქმეს ემსახურება. ან ბავშვებმა ბოროტად იხუმრეს და ეს შედეგიც დადგა. ისე უნიჭოდ შესრულებულ საქმესთან უფრო გვაქვს საქმე, რადგან ეს შენობა ბამბუკისაა და მისი დაწვა საკმაოდ ადვილი იყო.~ ბატონი ადამი ამბობს, რომ ის ბიბლიოთეკის შენობაში ამეცადინებს ბავშვებს: `მე ხანძრის გაჩენამდე გადავედი ბიბლიოთეკაში. ახლა დანარჩენები სპორტის ცენტრში იქნებიან, სადაც ყველა მაინც ვერ დავეტეოდით~.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა