ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლანჩხუთმა დოღს უმასპინძლა

ლანჩხუთმა დოღს უმასპინძლა
27-09-2016, 00:00

და გვაცნობა, რომ 27 სექტემბერს ე.წ. საანგურის ტერიტორიაზე დოღი იყო დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას ლანჩხუთელ მხედრებთან ერთად აბაშის მკვიდრნიც მიიღებდნენ. დღის პირველ საათზე დაგეგმილი დოღი, ცოტა გვიან დაიწყო. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა წილოსანმა გვითხრა, _ დაგვიანების მიზეზი ცხენების გახურება და რბოლისთვის მომზადება იყო. მართლაც, ყოფილი საანგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წინდაწინ ეზრუნათ ახალგაზრდებს. შემძლებისდაგვარად გაემზადებინათ შეჯიბრების ადგილი. აქა-იქ არსებული ორმოებიც ამოევსოთ და მაყურებლებიც არ აკლდა იქაურობას. `ეს უფრო ადრე გვინდოდა, 21 სექტემბერს ღვთისშობლობას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. იყო დაპირებები, მაგრამ მიზეზთა გამო არ შესრულდა. ეს იქნება ტრადიციული დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს არის ჯვართამაღლება, ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული დღესასწაული და სწორედ ამ დღეს მიეძღვნება ჩვენი დოღი. დღეს ასევე არის სოხუმის დაცემის დღე, ჩვენ გვახსოვს, ჩვენი გმირი ბიჭები და მათ ხსოვნას მიეძღვნება ეს დღე. გვინდოდა უფრო მასშტაბური ყოფილიყო, მაგრამ ვერ შევძელით. თუმცა, დასაწყისისთვის ურიგო ნამდვილად არ გამოგვივა. მომავალ წელს ჩავატარებს ცხენბურთსაც და სხვა შეჯიბრებებსაც. ჩათვალეთ, რომ დღეს `ლანჩხუთობა~ იმართება. მეზობელი სამეგრელოდანაც არიან მხედრები. მომავალში უფრო მეტნი იქნებიან. მადლობა `ჰო და არას~ ყურადღებისთვის და იმედი გვაქვს ჩვენი დღევანდელი სანახაობის გაშუქების შემდეგ, დაინტერესება უფრო მეტი იქნება და მომავალში კიდევ მეტად ორგანიზებულები გამოვალთ~ _ გვითხრეს დოღის ორგანიზატორებმა. თავდაპირველად მონაწილეები ერთ კილომეტრიან მანძილზე შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ირაკლი ლომაძე, თამაზ წილოსანი, ნოდარ იმნაიშვილი, ცეზარ თედორაძე (აბაშის წარმომადგენელი) _ ეს ის მხედრები არიან, რომლებმაც პირველ შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. ფინიშის ხაზზე პირველი ცეზარ თედორაძე და მისი ცხენი `ცირა~ მივიდა. მეორე შეჯიბრიც ერთ კილომეტრიანი იყო. გოგიტა ხელაია (აბაშის მკვიდრი), ზურა ლომაძე, ზურა წილოსანი, დათო ნიკოლიანი არკვევდნენ ერთმანეთში თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება. აქაც აბაშელმა იმარჯვა. გოგიტა ხელაია და მისი ცხენი `ალია~ პირველი იყო ფინიშის ხაზთან. 2 კილომეტრიან გზაზე ერთმანეთს ზურიკო თევზაძე (აბაშის მკვიდრი), ალექსანდრე კილიმისტი, გივი ფირცხალაიშვილი, ნუგზარ წილოსანი, ნოდარ იმნაიშვილი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ნუგზარ წილოსანს ხვდა წილად, რომელმაც მეტოქეებს საკმაოდ დიდი მანძილით გაასწრო. ამის შემდეგ `მოყვარულებს~ შორის გამოცხადდა შეჯიბრება, რომელშიც გამარჯვებული თამაზ წილოსანი გახდა, ცხენით `მალიშა~. დღევანდელი საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: გიგა, თამაზ, ნუგზარ წილოსნები, დათო ნიკოლიანი, ხოლო მთავარი მსაჯი გივი ფირცხალაიშვილი გახლდათ. შეჯიბრების დასრულების შემდეგ სტუმრებმაც და მასპინძლებმაც განაცხადეს, რომ კარგი იქნება თუ ტერიტორია კეთილმოეწყობა და ერთი მწკრივი სკამებიც გაკეთდება, რათა მაყურებელმა უფრო ცივილიზებულად ნახოს ის ჟინი და ვაჟკაცობა, რაც ამ სპორტს ახლავსო.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები