ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ იწირება პატარა ,,გურია“ დიდი ფულის სანაცვლოდ?!

რატომ იწირება პატარა ,,გურია“ დიდი ფულის სანაცვლოდ?!
28-04-2023, 11:29

რა იმალება კულისებს მიღმა?!
მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთი პატარაა, ყველა ყველას იცნობს და თუ არა უკიდურესი მდგომარეობა, არავის უხარია ვისამე გამოჭენება ასპარეზზე და მისი სახალხოდ მხილება. რატომ ეს შესავალი? უკვე გაწყდა, სადაც ვიწრო იყო, გადაიკვეთა წითელი ხაზები და დანდობა არ იქნება, მითუმეტეს როცა საქმე ეხება მუნიციპალიტეტის სიმბოლოს, მთავარ ღირსებას საფეხბურთო კლუბ ,,გურია ლანჩხუთს“. სხვა თუ არაფერი, ლანჩხუთის მოსახლეობას ეცოდინება, თუ ვინ მიიყვანა კლუბი ამ მდგომარეობამდე, რა ხალხის ხელშია და ვინ უწყობს მათ ხელს. კლუბის შემადგენლობაზე, საკადრო პოლიტიკაზე, სავარჯიშო და ანაზღაურებად პირობებზე მომდევნო ნომერში მოგიყვებით. ახლა ვისაუბრებთ ,,გურიას“ მდგომარეობაზე, მათ ხელმძღვანელობაზე და სხვა პასუხისმგებელ პირებზე, რომლებიც არანაკლებ დანაშაულს სჩადიან(თუნდაც მორალურს), ვიდრე უშუალოდ კლუბის მენეჯმენტი. დავიწყოთ იქიდან, რომ შპს ,,ჯიბი არიის“ მოსვლის შემდეგ კლუბის მდგომარეობა არათუ შეიცვალა უკეთესობისკენ, არამედ პირიქით, უკიდურესად გაუარესებულია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შპს ,,გურიას“ 100%-იანი წილის მფლობელია, თუმცა მას აქვს გარკვეული და მნიშვნელოვანი პირობები შესასრულებელი მუნიციპალიტეტის, ანუ კლუბის ძირითადი მფლობელის წინაშე. პირობების არშესრულება კი ავტომატურად ნიშნავს მათ ჩამოცილებას მართვის სადავეებიდან, ყოველგვარი პროცედურის და კომპენსაციის გარეშე წასვლას. უპირველეს ყოვლისა, ,,ჯიბი არის“ უნდა გადაეხადა არსებული დავალიანება 359 650 ლარი გასული წლის 31 დეკემბრამდე. კლუბს აღარ უნდა ჰქონოდა არცერთი თეთრი ვალი და სადაო საქმეები სასამართლოში. ნაცვლად დავალიანების დაფარვისა, მენეჯმენტის არასწორი და უპასუხისმგებლო პოლიტიკის გატარების შედეგად ,,გურიას“ დამატებით 117 000 ლარის გადახდა მოუწევს გიორგი ონიანისთვის, რომლის პოსტიდან განთავისუფლებაც იმ მომენტისთვის რა საჭიროებას წარმოადგენდა, დღემდე უცნობია. ბოლო რამდენიმე თვეა, კლუბში მუდმივად დგას სახელფასო პრობლემა, ფეხბურთელები და კლუბის სხვა თანამშრომლები ვერ იღებდნენ, ვერ იღებენ კუთვნილ ანაზღაურებას დროულად. ხელშეკრულების მიხედვით  ,, ჯიბიარი“ ასევე ვალდებულ იყო და არის, რომ უზრუნველყოს კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი)ლარის ინვესტირება, რაც ფაქტია არ ხდება და არ სრულდება. ,,ჯიბიარი“ ასევე ვალდებული იყო და არის მოახდინოს ფეხბურთის პოპულარიზება მუნიციპალიტეტში, რაც პირიქით ხდება და ქრება ფეხბურთი საერთოდ. მაშინ როდესაც გრიგოლეთის ბაზა უნდა კეთილმოწყობილიყო, გაფართოებულიყო და სასურველი გამხდარიყო დიდი გუნდებისთვისაც, თავად ,,გურიამ“ წინასასეზონო შეკრება თბილისში გაიარა. გავიხსენოთ ,,გურიას“ ერთ-ერთი თანამფლობელის, მიშა ჯაფარიძის სიტყვები გასული წლის  სექტემბერში: ,,თუ აქამდე ფრთხილად ვიყავით და ვერ ვამბობდით დარწმუნებით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონიდან კლუბი მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს“... გასულ სეზონში, ,,გურიამ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა და მისთვის სამარცხვინო მესამე ლიგიდანაც კინაღამ დაქვეითდა, მხოლოდ ორმა ქულამ იხსნა ,,გურია“ მეოთხე ლიგაში დაქვეითებისაგან. თუმცა, ჩემი პროგნოზი მაშინაც ასეთი იყო ,,გურია“ არ აღზევდება მეორე ლიგაში და არ დაქვეითდება მეოთხე ლიგაში, თუ რას ვგულისხმობ, მოგვიანებით გაიგებთ. გასული წლის სექტემბერშივე მიშა ჯაფარიძემ სხვა ბევრ პირობასთან ერთად მზაობა და სურვილი გამოთქვა ახლოს გაეცნო ადგილობრივი მედია და გულშემატკივრები(ჩვენი შეთავაზების შემდეგ რა თქმა უნდა). ,,გურიას“ ახლანდელ ხელმძღვანელობას არათუ ახლოს არ გაუცნია გულშემატკივრები და მედია, ვგონებ ლანჩხუთშიც არ ჩამოსულან. რაც შეეხება დაანონსებულ ,,მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას“, დაიწყო წლევანდელი სეზონი და ,,გურიას“ სამიდან სამი წაგება აქვს, სამივე იდენტური ანგარიშით 1:2. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად 100% იანი წილისა, ხელშეკრულება არის პირობებით და გამყიდველი(მუნიციპალიტეტის მერია)უფლებამოსილია პასუხი მოსთხოვოს ,,ჯიბი არის“ ფინანსური პირობების შეუსრულებლობის გამო, სამწუხაროდ სპორტულ შედეგებზე არაფერი წერია ხელშეკრულებაში. ფაქტია, პასუხს არავინ ითხოვს, პირიქით ეს თემა ტაბუდადებული აქვთ და არ საუბრობენ, თუმცა აუცილებლად მოუწევთ. გარდა მორალური პასუხისმგებლობისა, დიდია ალბათობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაც. მაშინ, როდესაც ,,გურიას“ ხელმძღვანელობაში არცერთ წინამორბედს მსგავსი ცუდი სპორტული შედეგი, ფინანსური დარღვევები, სრული ქაოსი, ასე დამალული მართვა არ ჰქონია, თუმცა იღებდნენ უდიდეს კრიტიკას, ახლა ყველა ჩუმადაა. ასევე შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრების და ადგილობრივი მედიის იგნორი ასეთი ფორმით ადრე არავის გაუბედია. არადა ფეხბურთი გულშემატკივრებისაა, რომელიც დაივიწყეს და დაავიწყეს ხალხს. 
მივუბრუნდეთ ,,გურიას“ ხელმძღვანელობას, როდესაც ფეხბურთი შენი ინტერესის სფერო დიდად არასდროს ყოფილა, არცთუ დიდი პატრიოტული დამოკიდებულება გაქვს კონკრეტულად ,,გურიას“ მიმართ, მეტიც-სავარაუდოდ, არც კი იცი მისი მიღწევების შესახებ, უმალავ საზოგადოებას შენი ძირითადი საქმიანობის შესახებ, არ ასრულებ ფინანსურ პირობებს და არ გიღირს, უკვე თითქმის ნახევარი მილიონი ლარი ვალის  გადახდა, ყოველწლიურად მინიმუმ 700 000(შვიდასი ათასი) ლარის ინვესტირება, გამოდის ბიზნესმენთა ჯგუფს სხვა ინტერესი გამოძრავებს, რაღაცის გამო მოხვედი. თანაც ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც სრულიად უფლებამოსილია პასუხი მოითხოვოს პირობების ვერ შესრულების გამო, დუმს. ვინაიდან არ გვინდა ჭორაობა გამოგვივიდეს, ჯერ ვერ გეტყვით რა სხვა  ინტერესზეა გათვლილი სქემა, ვმუშაობთ ამ თემაზე და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ჯერჯერობით ვერავის დავდებთ ბრალს, მაგრამ როგორც ყველას, ჩვენც გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ საქმე ეხება კორუფციულ, დაშიფრულ სქემას ან უბრალოდ უდიდეს არაპროფესიონალიზმს (რაც ნაკლებ სარწმუნოდ მიგვაჩნია, როცა საქმე ბიზნესს ეხება) და უპასუხისმგებლობას. ვიმეორებთ, ეს ჯერჯერობით ვარაუდია და ვმუშაობთ ამ თემაზე, რა შეიძლება იმალებოდეს კულისებს მიღმა. ,,ჰო და არა“ არ არის ჩასაფრებულ პოზიციაში, პირიქით როდესაც მიშა ჯაფარიძესთან ინტერვიუ ჩავწერეთ, მზაობა გამოვთქვით აქტიურად გვეთანამშრომლა, საინფორმაციო მხარდაჭერა გაგვეწია კლუბისთვის, ყოველი საშინაო მატჩის შემდეგ ჩაგვეწერა მთავარი მწვრთნელები, მოგვესმინა მათი ანალიზი, ჩაგვეწერა ფეხბურთელები, გაგვეცნო ისინი საზოგადოებისთვის და ა.შ. თუმცა ფაქტია, ეს ხალხი ფეხბურთის საკეთებლად არ მოსულა ლანჩხუთში, არც გულშემატკივრის დასაფასებლად და მოედანზე დასაბრუნებლად, შესაბამისად უნდა გავარკვიოთ რისთვის მოვიდნენ, ჩვენ დამოუკიდებელი მედია ვართ და არა ვინმეს პიარ სამსახური, თვალი დავხუჭოთ მიმდინარე მოვლენებზე.  იმისთვის, რომ დარწმუნდეთ ჩვენს პატიოსნებაში და სიმართლეში, მომდევნო ნომერში იხილავთ გასული წლის სექტემბრის ინტერვიუს მიშა ჯაფარიძესთან. შემდეგ თავად გამოიტანეთ დასკვნები, ინტერვიუდან 7(შვიდი) თვის შემდეგ რა შესრულდა, რა გაკეთდა და რა გაფუჭდა. როგორც მოგახსენეთ, კლუბის სტაფზე, მწვრთნელ-ფეხბურთელებზე, სელექციაზე, სატრანსფერო პოლიტიკაზე მომდევნო ნომრებში მოგიყვებით, მაგრამ ერთი რამ ახლავე უნდა ითქვას, როდესაც ლანჩხუთს ჰყავს თეიმურაზ ლორია, რატომ არ უნდა მუშაობდე მისი მთავარი მწვრთნელად დანიშვნასა და პირობების შექმნაზე. დიდ პატივს ვცემთ დავით დიღმელაშვილის საფეხბურთო კარიერას, მაგრამ ვინმეს მისი გაწვრთნილი გუნდის შესახებ გაგიგიათ ან სამწვრთნელო წარმატების შესახებ? კი ბატონო, დიდი მწვრთნელი ვერ გახდები, თუ არ დაიწყე სადმე და წარმატებებს ვუსურვებთ დიღმელაშვილს, მაგრამ გვეგონა ექსპერიმენტებისთვის არ გვეცალა წელს, ისეთი დაპირება მივიღეთ ჯაფარიძისგან-  უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ გაისიდანო, რეალობა შემდეგია, სამიდან სამი წაგება, გატანილი 3 და მიღებული 6 გოლი. ეს სტატია მხოლოდ დასაწყისია, ვიბრძოლებთ მინიმუმ იმის დასადგენად რა ხდება ,,გურიას“ ირგვლივ და რატომ ხდება. რაც შეეხება ,,გურიას“ გამსხვისებელს, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, ხალხმა სწორედ ამისთვის მისცა მათ მანდატი და უხდის თვეში ათასებს. 
მომდევნო ნომერში დაელოდეთ გასული წლის სექტემბრის ინტერვიუს მიშა ჯაფარიძესთან. ,,გურიას“ გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მობრძანდნენ რედაქციაში, თავიანთი პოზიცია, ხედვა, გულისტკივილი გაგვიზიარონ, დატოვონ კითხვები, რაც აქვთ ,,გურიას“ მენეჯმენტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თუ, რატომ აწყობს მავანს ,,გურიას“ კონკრეტულად  მესამე ლიგაში ყოფნა, ამაზე მოგვიანებით. 
         თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 1 079
FACEBOOK კომენტარები