ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,არც ზევით, არც ქვევით, მესამე ლიგას ძალიან გავუშინაურდით“...

,,არც ზევით, არც ქვევით, მესამე ლიგას ძალიან გავუშინაურდით“...
24-10-2022, 11:56

,,გურიამ“ მორიგი გასვლითი მატჩი ჩაატარა ლიგა3-ის ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერთან. არადა, დრო იყო, ,,ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა, ევროსარბიელზე ულამაზესად ბურთაობდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლებოდა. კიდევ უფრო სავალალოა ,,ჩიხურას“ მდგომარეობა, 24 მატჩიდან ერთი ფრე და 23 წაგება აქვს. ალბათ ყველას გვახსოვს ,,ჩიხურას“კარგი დღეები, დაუვიწყარი საღამო და თერთმეტმეტრიანების სერია ,,ბურსასპორთან“. სამწუხაროდ, დღეს ,,ზესტაფონი“ და ,,ჩიხურა“ ლიგა 3-დანაც ვარდება(სეზონის დასრულება და გაფორმება აკლია). ,,ზესტაფონი“ აწგარდაცვლილ ბიზნესმენ ილია კოკაიასთან დაპირისპირებას გადააყოლა ფედერაციამ, ხოლო ,,ჩიხურა“ კარგი პიარ-მექანიზმი იყო წარმოშობით საჩხერელი ბიძინა ივანიშვილისთვის. გვახსოვს მისი თავდაპირველი ყურადღება და დამოკიდებულება ამ გუნდისადმი, შემდეგ კი ელემენტარული სახსრები არ გაიღო, რათა გუნდი ამ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყო. თუმცა, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და მივუბრუნდეთ ,,გურიას“. ზედიზედ მესამე სეზონია, რაც გუნდი ისეთ ქულებს აგროვებს, რომ არც ლიგიდან გავარდნა ემუქრება და ვერც ლიგა 2-ში გადამსვლელ პლეიოფს უწია. აღსანიშნავია, რომ არასდროს ,,გურიას“ ასეთი სუსტი გულშემატკივრობა არ ჰქონია, რაოდენ ცუდი პერიოდიც არ უნდა ჰქონოდა. სტადიონზე ხალხი თითქმის საერთოდ არ დადის, გასვლით თამაშებზე წასვლაზე ხომ საუბარი ზედმეტია. როგორც გახსოვთ, ,,ჰო და არამ“ ჩაწერა ინტერვიუ ,,გურიას“ მფლობელ მიშა ჯაფარიძესთან, რომელმაც დააანონსა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აუცილებლად შეხვდებოდა მედიას და გულშემატკივრისთვის ბოლო მოდის და დანაპირები არ შესრულებულა. ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით ბატონ მიშა ჯაფარიძეს და თუ მისგან კონკრეტული თარიღი ვერ მოვისმინეთ, უახლოეს მომავალში თავად უზრუნველვყოფთ მინიმუმ გულშემატკივარი შეკრებას. ზემოთ ტყუილად არ მოგახსენეთ ,,ზესტაფონის“ და ,,ჩიხურას“ შესახებ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხსენებულმა გუნდებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე ,,გურიამ“, არ აკლდათ ფინანსები, მოწესრიგებული ჰქონდათ სპორტული ინფრასტრუქტურა, ჰყავდათ კვალიფიციური მწვრთნელ-ფეხბურთელები, მაგრამ კონფლიქტების და უყურადღებობის გამო კარგად ხედავთ სად არიან დღეს ისინი. თავიდან იყო პროტესტი, მერე ყველამ მიივიწყა, ,,დრო ყველაფრის მკურნალია“-მ იმუშავა. საჭიროა მეტი კომუნიკაცია ,,გურიას“ ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ მედიას შორის, გულშემატკივართან საუბარი. ფეხბურთი უმაყურებლოდ საშინელი სანახავია, ეს თრგუნავს ფეხბურთელებს და მათ თამაშზეც აისახება. არსებობს სტატიები, ვიდეო კადრები, სადაც ჩანს როგორ იკრიბებოდა რამდენიმე ათეული ათასი გულშემატკივარი ,,გურიაზე“. სხვადასხვა რაიონებიდან მოდიოდა ხალხი, რათა მხარი დაეჭირათ ლანჩხუთელთათვის, დღეს კი 50 ადამიანიც ძლივს იყრის თავს. მთავარია სურვილი და საქმის სიყვარული, რამდენი საჯარო სკოლაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რამდენი მოზარდია რომელიც სიამოვნებით დაესწრება ,,გურიას“ საშინაო მატჩებს, თუკი უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას, უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი ფანკლუბი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გაამხნევებს საყვარელ გუნდს. საშუალოდ თვეში ორჯერ აქვს ,,გურიას“ საშინაო მატჩები და ეს კოლოსალურ თანხებთან არ იქნება დაკავშირებული. თუ ამაზე ვინმემ არ ისაუბრა, რაღაც ქმედებები არ განხორციელდა, არ გვეცოდინება მწვრთნელ-ფეხბურთელების კვალიფიკაციის, მოტივაციის შესახებ, რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.
უახლოეს ნომრებში შეგატყობინებთ, ვინ და სად გამართავს გულშემატკივართან შეხვედრას. ახლა მოგახსენებთ ,,ზესტაფონი“-,,გურიას“ დაპირისპირების შესახებ: ჩვენებურები შემდეგი შემადგენლობით წარდგნენ მეტოქის წინაშე: ირაკლი ხვედელიძე, ბექა ბერიძე, დიმიტრი ვირუბოვი, როინ ჩხაიძე, გიორგი მაღალდაძე, დიმიტრი მიქავა, ლაშა ახალაია, ამირან ალადაშვილი, თამაზ ლომსაძე, ირაკლი ბაძაღუა, გურამ ადამაძე(კაპიტანი). სათადარიგო შემადგენლობა: ლუკა ლომაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი გურეშიძე, გიგა აბრამიშვილი, ლაშა კუკულავა. მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე; გიგა იმედაიშვილი.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ,,გურიას“ უპირატესობით წარიმართა, უკვე მე-11 წუთზე თამაზ ლომსაძემ ახალაიაზე გადაცემა გააკეთა, ისე მოხდა რომ ბურთს ვერავინ შეეხო და გოლი ლომსაძეს ჩაეთვალა. ტაიმის მიწურულს აქტიურმა ლაშა ახალაიამ მაინც გაიტანა 0:2. მეორე ტაიმიც ,,გურიას“ კარნახით წარიმართა, 54-ე წუთზე როინ ჩხაიძეს აუღო მეკარემ, მაგრამ ამირან ალადაშვილი მოგერიებულ ბურთზე პირველი იყო 0:3 მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და ,,გურიამ“ სამი ქულა წამოიღო. წინა ნომრებში კალენდარზე მოგახსენეთ, ახლა კი ლიგა 3-ის სატურნირო ცხრილს გაგაცნობთ.
1. ,,დინამო თბილისი 2“- 55 ქულა.
2. ,,ფოთი კოლხეთი“-55 ქ.
3. ,,არაგვი“-49 ქ.
4. ,,გორი“-42 ქ.
5. ,,საბურთალო 2“-41 ქ.
6. ,,ვარკეთილი“-38 ქ.
7. ,,ხობი კოლხეთი“-38 ქ.
8. ,,ბორჯომი“-37 ქ.
9. ,,გურია“-31 ქ.
10. ,,მეშახტე“-29 ქ.
11. ,,თბილისი სითი“-29 ქ.
12. ,,ბახმარო“-28 ქ.
13. ,,ირაო“-28 ქ.
14. ,,მერანი თბილი 2“-24 ქ.
15. ,,ზესტაფონი“-15 ქ.
16. ,,ჩიხურა“-1(ერთი) ქ.
ყველა გუნდს 24 მატჩი აქვს ჩატარებული, დარჩენილია 6 ტური.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 399
FACEBOOK კომენტარები