12 ოქტომბერს ლანჩხუთის ,,გურიამ“ მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა საგურამოში ,,ლოკომოტივი 2“-ის წინააღმდეგ. როგორც ადრე მოგახსენეთ, სასწორზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის საგზური იდო. შეგახსენებთ, რომ ,,ლოკომოტივი 2“ ლიგა 4 ის ბინადარია და იქ სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქემ გზად სერიოზული მოწინააღმდეგეები ჩამოიცილა, მათ შორის ეროვნული ლიგის ორი ბინადარი, შანსები თანაბარი იყო. რაც არ უნდა იყოს, მეოთხე ლიგის ბინადარს ვეთამაშებოდით.
მაშ ასე, ,,გურია“ შემდეგი შემადგენლობით წარსდგა მეტოქის წინაშე: 22. ირაკლი ხვედელიძე; 3. ბექა ბერიძე; 5. დიმიტრი ვირუბოვი; 6. როინ ჩხაიძე; 9. გიორგი მაღალდაძე; 11. ლაშა ახალაია; 13. ალექსანდრე სულაძე; 17. ამირან ალადაშვილი; 18. თამაზ ლომსაძე; 23. ირაკლი ბაძაღუა; 33. გურამ ადამაძე;
სათადარიგო შემადგენლობა: 1. ლუკა ლომაძე; 10. გიორგი გურეშიძე; 15. დიმიტრი მიქავა; 21. გიგა აბრამიშვილი;
მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე;
შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო ორივე გუნდის მხრიდან სიფრთხილით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით მატჩის პირველი ტაიმი. ორივე გუნდს შესანიშნავად ჰქონდა ზონები გადაკეტილი, თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ საყურებლად დიდი ვერაფერი იყო. უგოლო და უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა ტემპს ოდნავ მოუმატეს, გარკვეული პერიოდი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, კარგად გამოიყურებოდა ლანჩხუთელთა დაცვა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, ბურთზე კონტროლი დააწესეს და შეტევებსაც მოუხშირეს. მატჩის მიწურულს გუნდებმა რამდენიმე შეტევა გაცვალეს, მთავარმა არბიტრმა 5 წუთი დაამატა ძირითად დროს, თითქოს ყველაფერი დამატებითი დროსკენ მიდიოდა, მაგრამ ჩვენებურთათვის ყველაზე ცუდი სცენარი დატრიალდა. 93 წუთზე ,,გურიას“ გარემარბმა, ლაშა ახალაიამ მეტოქეზე იუხეშა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ თითქოს გარდაუვალი საფრთხე არ იგრძნობოდა, მცველები და მეკარე აზღვევდნენ თავისიანებს, მაგრამ ლაშა ახალაიამ ახალი საფეხბურთო ილეთი მოიგონა და პოზიციადაკარგულ მეტოქეს მარჯვენა კორპუსით დაეტაკა. მატჩის შემდგომ რამდენიმე გულშემატკივარმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა, მაგრამ ალბათ ,,პენალტი“ უფრო იყო, ვიდრე არ იყო. უმნიშვნელოვანესი თერთმეტმეტრიანის დარტყმა რევაზ ხინჩიაშვილმა ითავა, ხვედელიძემ კუთხე გამოიცნო და კარგადაც გაიშალა, თუმცა ხინჩიაშვილის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ზუსტი და ძლიერი იყო, 1:0. ,,გურიამ“ კვლავ გაიბრძოლა. მაგრამ დარჩენილ 2 წუთში ვეღარაფერი გააწყო. ასე და ამგვარად ,,ლოკომოტივი 2“ თასის ნახევარფინალში გავიდა, ჩვენ კი გამოვვარდით. აღსანიშნავია, რომ მეტოქემ 5 ცვლილება განახორციელა, ,,გურიამ“ მხოლოდ ერთი, დიმიტრი მიქავა 65 წუთზე ამირან ალადაშვილმა შეცვალა. თავად განსაჯეთ, ასეთი რესურსით რა წარმატების მიღწევა შეიძლება. კლუბის დირექტორატს ბევრი, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება. რაც შეეხება ლიგა 3-ში ,,გურიას“ არსებულ მდგომარეობას, 22 ტურის შემდეგ ჩვენებურები ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებენ 28 ქულით.
გთავაზობთ ,,გურიას'' - კალენდარს სეზონის დასრულებამდე.
17 ოქტომბერი: ,,გურია“ - ,,დინამო 2“ 15:00 საათი.
21 ოქტომბერი: ,,ზესტაფონი“-,,გურია“ 15 :00 საათი.
27 ოქტომბერი: ,,გურია“ - ,,ბორჯომი“ 15:00 საათი.
3 ნოემბერი: ,,კოლხეთი 1913“ - ,,გურია“ 17:00 საათი.
10 ნოემბერი: ,,გურია“ - ,,თბილისი სითი“ 14:00 საათი.
17 ნოემბერი: ,,ჩიხურა“ - ,,გურია“ 14:00 საათი.
24 ნოემბერი: ,,გურია“ - ,,ვარკეთილი“ 13:30 საათი.
1 დეკემბერი: ,,არაგვი“ - ,,გურია“ 13:30 საათი.
უიღბლობა თუ არაპროფესიონალიზმი?
თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 559