ლიგა 3-ის ჩემპიონატის მორიგ ტურში ,,გურიამ“ ევგრაფი შევარდნაძეზე ,,ირაოს“ უმასპინძლა და უშუალო მეტოქე 3:1 დაამარცხა. სტადიონზე შეკრებილმა 50(ორმოცდაათი)-მა გულშემატკივარმა რადიკალურად განსხვავებული ორი ტაიმი იხილა. სანამ მატჩის განხილვაზე გადავალთ, მანამდე გეტყვით, რომ თამაშს არ ესწრებოდნენ ,,გურიას“ მფლობელები, გულშემატკივართა რაოდენობაზე მოგახსენეთ უკვე და ჩვენებურები სულ 14(!) კაციანი შემადგენლობით წარდგნენ მეტოქის წინაშე, ანუ თადარიგში გვყავდა სულ სამი კაცი, მათგან ერთი ფიქციურად და არც ერთი მეკარე. ე.ი რამე რომ მომხდარიყო, მცველი-ნახევარმცველი-თავდამსხმელი-მეკარე ამ ყველა პოზიციაზე მხოლოდ გიგა აბრამიშვილს და ამირან ალადაშვილს შეეძლოთ შემოსვლა, თადარიგში იყო კოშკაძეც, თუმცა ის არც გახურებულა. მაშ ასე, ,,გურიას“ შემადგენლობა: ირაკლი ხვედელიძე, გურამ ადამაძე(კ), დიმიტრი ვირუბოვი, ალექსანდრე სულაძე, ირაკლი ბაძაღუა, როინ ჩხაიძე, ბექა ბერიძე, თამაზ ლომსაძე, გიორგი მაღალდაძე, ლაშა ახალაია, დიმიტრი მიქავა. სათადარიგო შემადგენლობა: გიგა აბრამიშვილი, ამირან ალადაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე. მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე, გიგა იმედაიშვილი. შეხვედრის მთავარი არბიტრი გახლდათ დავით სანოძე.
თამაშის დაწყებიდან მალევე სტუმართა კართან ხიფათი შეიქმნა, ,,ირაოს“ კარს ერთდროულად მაღალდაძე, ახალაია და მიქავა ემუქრებოდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ სათამაშო ინიციატივა ხელთ სტუმრებმა იგდეს, აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ, ზონები გადაკეტეს და სახიფათოდ შეგვიტიეს რამდენჯერმე. მე-15 წუთზე მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა ადამაძემ საჯარიმოში თამაში დააგვიანა და თერთმეტმეტრიანი აიკიდა, რომელიც გოლად სტუმართა კაპიტანმა ილია საბიაშვილმა გარდასახა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გაგვიჭირდა, ხვედელიძეს რამდენჯერმე მოუწია თამაშში ჩართვა. იყო რამდენიმე გამონათება ახალაიას და ბერიძის მხრიდან, ამ უკანასკნელმა ორჯერ ყუმბარისებული დარტყმა განახორციელა და ორივეჯერ მცირედით ასცდა კარის ჩარჩოს. პირველი ტაიმის მიწურულს გამოცოცხლებამ არ უშველა ,,გურიას“ და ტაიმი 0:1 დათმო. არავინ იცის რა მოხდა ,,გურიას“ გასახდელში შესვენებაზე, რა უთხრა იმნაძე-იმედაიშვილმა ფეხბურთელებს ან ემოციურად როგორ დამუხტეს, მაგრამ მეორე ტაიმში რადიკალურად განსხვავებული ,,გურია“ ვიხილეთ, ჩვენებურებმა მეტოქე უბრალოდ არ შეიმჩნიეს. 48-ე წუთზე ალექსანდრე სულაძის მიერ შესრულებულ სტანდარტს ,,ირაოს“ საჯარიმოში არეულობა მოყვა, საბოლოოდ ადამაძემ იმარჯვა და რევანში აუღო მეტოქეს, 1:1. ,,გურია“ კიდევ უფრო გააქტიურდა, შეუჩერებელნი იყვნენ ბექა ბერიძე და ლაშა ახალაია, თუ ბერიძეს ბურთს ვერ ართმევდნენ და იგებდა ყველა ორთაბრძოლას, თავის მხრივ ახალაია ყველგან იყო სადაც გუნდს სჭირდებოდა, მან შესაშური ენერგია გამოავლინა. 64-ე წუთზე შედარებით ინერტული დიმიტრი მიქავა შეცვალა ამირან ალადაშვილმა, რომელიც შესანიშნავად შემოვიდა. 73-ე წუთზე ჩვენებურების მარცხენა ფლანგმა გააქრო ,,ირაოს“ დაცვა, ხოლო როინ ჩხაიძეს შესანიშნავი თამაში დაუფასა შეცვლაზე შემოსულმა ამირან ალადაშვილმა და ,,გურია“ წინ გაიყვანა 2:1. დარჩენილი სათამაშო დრო ისევ ჩვენებურების კარნახით წარიმართა, თუმცა ანგარიში მაინც სახიფათო იყო, 89-წუთზე როინ ჩხაიძემ ასისტს დაუმატა გოლი და მეტოქის მოტივაცია საბოლოოდ ჩაახშო, 3:1. ამის შემდეგ ბოლო გოლის ავტორი გიგა აბრამიშვილმა შეცვალა, ეს იყო და ეს, მსაჯის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა. ,,გურიამ“ დააგროვა 28 ქულა და 16 გუნდიან ჩემპიონატში მეცხრე პოზიციას იკავებს, გაჩნდა შანსი, მართალია თეორიული, მაგრამ მაინც შანსი. დარჩენილ ცხრა ტურში 9 ქულიანი ჰანდიკაპია დასაძლევი, რათა მეოთხე ადგილს ვუწიოთ. მართალია ძალიან ძნელი 13-14 კაციანი შემადგენლობით ამაზე ფიქრი, მაგრამ ვიღაც გამოჯანმრთელდება, რომელიმე გუნდი ქულებს დაკარგავს და ასე, იმედით ცოცხლობს ადამიანი. ,,გურიას“ მიერ ნაჩვენებმა მეორე ტაიმმა დაგვანახა, რომ თურმე შეუძლებელი არაფერია. ,,გურია“ მომდევნო მატჩს ,,მერანი2“ თბილისთან გამართავს ხუთშაბათს 6 ოქტომბერს, ამის შემდეგ ჩვენებურებს დიდი გამოცდა ელით 12 ოქტომბერს თასის მეოთხედფინალში ,,ლოკომოტივი 2“-თან გასვლაზე. ჯერ კიდევ არის დრო ამ მატჩამდე და კლუბის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს შემადგენლობის სრულყოფაზე, თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია თადარიგში გყავდეს 3 მოთამაშე, აქედან არცერთი მეკარე. იმედია კლუბი სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა ტრავმირებული ფეხბურთელები დროულად დაბრუნდნენ. გულშემატკივრებს მოვუწოდებთ დაბრუნდნენ სტადიონზე, გასაგებია რომ ყველა უკმაყოფილოა ბოლო წლების შედეგებით, მათ შორის ჩვენც(მედია), მაგრამ ფეხბურთელებს თქვენი თანადგომა სჭირდებათ. ხელმძღვანელი პირები, მწვრთნელ-ფეხბურთელები მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ, მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ, როდესაც ტრიბუნაზე ხალხს დაინახავენ.
გოლები: ილია საბიაშვილი(პ) 18 წთ 0:1, გურამ ადამაძე 48 წთ 1:1, ამირან ალადაშვილი 73 წთ 2:1, როინ ჩხაიძე 89 წთ 3:1.
გაფრთხილება: საბა ძნელაძე 18 წთ, ლაშა ლაბაძე 82 წთ, ლევან ვარდიშვილი 89 წთ. სამივე ,,ირაო“.
როგორც ცა და დედამიწა... რა მოხდა ,,გურიას“ გასახდელში?
თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 572