ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ექსკლუზივი: ვინ არიან ‘’გურიას’’ ახალწვეულები

ექსკლუზივი: ვინ არიან ‘’გურიას’’ ახალწვეულები
3-02-2016, 00:00

გუნდი მეორე კვირაა თბილისში იმყოფება შეკრებაზე _ ერთ-ერთ სასტუმროშია დაბანაკებული და თბილისის ზღვასთან მდებარე ‘‘ზესტაფონის’‘ ბაზაზე ვარჯიშობს. როგორც კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, შეკრებას ახალი სპონსორი აფინანსებს. მისი ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მას საფეხბურთო კლუბთან მუშაობის გამოცდილება რუსულ კლუბში უკვე აქვს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, სპონსორი სომეხი ეროვნების თბილისელია და ბიზნესი ავსტრიაში აქვს. რამდენიმე დღეში ‘‘გურია’‘ ახალწვეულების წარდგენას მოახდენს, მანამდე კი ‘‘ჰო და არა’‘ ექსკლუზიურად გაგაცნობთ იმ ახალწვეულებს, რომლებიც კლუბის ღირსებას დაიცავენ. თავიდანვე გეტყვით, რომ ‘‘გურიას’‘ ისტორიაში პირველად ხდება, რომ კლუბში 10-მდე ლეგიონერია. ვინ არიან ისინი? არტაკ ალეკსანიანი 24 წლის შემტევი ნახევარმცველია, ერთდროულად რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეა. უთამაშია სომხეთის ეროვნულ ნაკრებში, სხვადასხვა დროს იცავდა ‘‘პიუნიკის’‘, ‘‘ურალის’‘, ‘‘ხიმკის’‘, ‘‘ბალტიკას’‘, ‘‘ულისესა’‘ და არმავირის ‘‘ტორპედოს’‘ ღირსებას. იგი ‘‘გურიაში’‘ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორისაა _ მისი სატრანსფერო ფასი 300 ათასი ევროა. მაურიციო ნუნიესი 22 წლისაა და კოსტა-რიკის ორგზის ჩემპიონია. საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან გუნდში (‘‘ჰერედიანო’‘) ასპარეზობდა. მარცხენა მცველია და მისი სატრანსფერო ღირებულება 150 ათასი ევროა. ივან მამახანოვი 19 წლისაა. ტანმაღალი ცენტრალური მცველი (197 სმ.) ერთდროულად რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეა და ‘‘ტრანფერმარკეტის’‘ (ფეხბურთელების სავარაუდო სატრანსფერო ღირებულებას აფასებს) მონაცემებით, 100 ათასი ევროდ ფასობს. უთამაშია ‘‘ულისესა’‘ და არმავირის ‘‘ტორპედოში’‘, 1 იანვრიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ‘‘გურიამ’‘ ის უსასყიდლოდ დაიმატა. ტაიმურაზ ტობოევი 20 წლისაა და ისიც მიმდინარე წლიდან თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, ‘‘გურიას’‘ თანხა მასშიც არ აქვს გადასახდელი. იგი რუსეთის მოქალაქეა და მისი სატრანფერო ფასი 125 ათასი ევროა. უთამაშია ყაზანის ‘‘რუბინსა’‘ და ვლადიკავკაზის ‘‘ალანიაში’‘. ანდრეი პოლოტვინცევი 24 წლისაა. ტანმაღალი (191 სმ.) უკრაინელი მეკარე თამაშობდა ლუგანსკის ‘‘ზარიაში’‘, მისი სატრანსფერო ფასი 200 ათასია. დმიტრო ზოზულია 27 წლისაა, ტანმაღალი (189 სმ.) უნივერსალი გასული სეზონიდან ‘‘გურიას’‘ ღირსებას იცავს. უკრაინელის სატრანსფერო ღირებულება 125 ათასი ევროა. სამწუხაროდ, კიდევ სამ ლეგიონერზე მონაცემების მოპოვება ვერ მოვახერხეთ. მათ შორისაა ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც თავის დროზე ესპანურ ‘‘ალმერიაშიც’‘ ჩაუტარებია რამდენიმე მატჩი. ამათ გარდა ‘‘გურიამ’‘ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი დაიმატა. გიორგი კახელიშვილი 28 წლისაა, შემტევი 200 ათას ევროდაა შეფასებული; ასევე წინა ხაზში ითამაშებს გიორგი ალავერდაშვილი, რომელიც ასევე 28 წლისაა, მისი ფასი კი 100 ათასი ევროა. სხვათა შორის, ალავერდაშვილს ‘‘გურიაში’‘ წლების წინ უკვე უთამაშია. საერთო ჯამში, წინა სეზონში ‘‘გურიას’‘ ფეხბურთელების ჯამური საბაზრო ღირებულება 3 მილიონზე ნაკლები იყო, ახლა ეს ფასი 4 მილიონამდეც ადის. ‘‘გურიას’‘ საშუალო ასაკი ბოლო რამდენიმე ცვლილების გარეშე 22,8 წელი გახლდათ, ერთი მობურთალის ფასი კი საშუალოდ 100 ათას ევრომდე. კლუბს ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველები ჰყავს, ყველაზე იაფი კი მეკარეების სატრანსფერო ფასია. აქვე გეტყვით, რომ ლანჩხუთელი ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი ფასი აქვს 22 წლის მცველს, გიგა ჭეიშვილს _ ‘‘ტრანსფერმარკეტი’‘ მას 200 ათას ევროდ აფასებს. თქვენ წარმოიდგინეთ, გიგა თვით ბოლო დროის უდავოდ საუკეთესო ლანჩხუთელ მობურთალ დავით კვირკველიაზე (100 ათასი ევრო) ძვირად ფასობს, თუმც გასათვალიწინებელია, რომ კვირკველია 35 წლისაა. 100 ათასად ევროდაა შეფასებული 21 წლის შუახაზელი ლევან ინგოროყვა. მან ჭეიშვილთან ერთად სეზონის დასაწყისში ‘‘გურიადან’‘ ქობულეთის ‘‘შუქურას’‘ მიაშურა, ამჯერად კი ორივე ოზურგეთის ‘‘მერცხალში’‘ ვარჯიშობენ, რომელსაც ‘‘გურიას’‘ მწვრთნელი, ბოლოს კი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიალო ჩხაიძე წვრთნის. რაც შეეხება ‘‘გურიას’‘ სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას: 22 წლის რატი იმერლიშვილი (25 ათასი ევრო), 26 წლის ერეკლე კილაძე (100 ათასი ევრო), 24 წლის თორნიკე მოსიაშვილი (150 ათასი ევრო), 21 წლის გია ჩადუნელი (150 ათასი ევრო), 21 წლის ლუკა კობერიძე (125 ათასი ევრო), 23 წლის ლაშა ჩაფიძე (150 ათასი ევრო), კოტ-დივუარელი ბოტი გოა დემელი (300 ათასი ევრო). ბოლო სამმა მობურთალმა ‘‘გურია’‘ უკვე დატოვეს.

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები