,,ჰო და არას" სტუმარია, ყოფილი ფეხბურთელი, ლანჩხუთელთა გოლკიპერი, ჩვენი გაზეთის ერთგული მეგობარი, აქტიური და გულღია ადამიანი, ჯემსუატ ურუშაძე. ვულოცავთ მას 80 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.
ვფიქრობთ საინტერესო იქნება თქვენთვის ბატონი ჯემსუატის მონათხრობი.
_ ვცხოვრობდით ქ. ლანჩხუთში რკინიგზის გადაღმა უბანში. საკონსერვო ქარხანა ესაზღვრებოდა ჩემს ეზოს. მე მეცხრე თაობა ვარ, ვინც ცხოვრობდა იქ. ჩვენი ეზოს უკან იყო სპორტული მოედანი...
_ თქვენს ბაბუასაც ჯემსვატი ერქვა?
_ არა. მამაჩემი იყო ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი. დამარქვა ჯემსვატი, უნდოდა გამოვსულიყავი მეცნიერი, მარა გამოვედი ფეხბურთელი. ჰოდა, როგორც გითხარით, ღობე გვყოფდა სტადიონიდან და ხომ იცით ბავშვების სისხარტის ამბავი, გადავხტებოდი ღობეზე და სტადიონზე ვიყავი, გადმოვხტებოდი და სახლში. იმ დროს თამაშობდა ორი პიროვნება, ერთი დედაჩემის ბიძაშვილი, ლერი ლომაძე, მეკარე, დიდხანს იყო სხვათა შორის და მეორე იყო ზანი ჯორბენაძე, დისშვილი დედაჩემის. ესენი ვარჯიშს რომ დაამთავრებდნენ, გადმოვიდოდნენ ამ ღობეზე და მოვიდოდნენ ჩვენთან სახლში. შინაურები იყვნენ, როგორც გითხარით. დავანაყრებდით და მერე მიდიოდნენ ქალაქში და ფორმებს ტოვებდნენ ჩვენთან. მე მაშინ დაახლოებით ვიყავი ხუთი-ექვსი წლის და როგორც კი დავინახავდი ამათ წასულს, ჩევიცვამდი ბუცებს, ამათ ტალახიან ფორმებს და დავპაკუნობდი ასე. დედაჩემი, რომ გარეცხავდა და გააუთავებდა, მერე ვინ ჩამაცმევდა. დამაინტერესა ამათი ვარჯიშების ყურებამ და წავბაძე მეც, დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე, რომ ფეხბურთს გავყოლოდი.
ეს ოთხი დადიოდა ერთად სულ: ნოდარი ჩხაიძე, ლერი ლომაძე, ზანი ჯორბენაძე, ილო დათუნაიშვილი. ერთერთს თუ მოკრავდით თვალს, ესე იგი სამი უკან მოყვებოდა მას. სულ ერთად ვარჯიშობდნენ და ამათ რომ ვბაძავდი, ლერი ლომაძისკენ გადევიხარე უფრო. ჰოდა, მოკლედ მივყევი ხელი მეკარეობას. ჯერ ბავშვებში, მერე ჩემი კუთხე ისეთი იყო, რომ სამი ოჯახი იყო მხოლოდ ქართველი, დანარჩენი გადმოსახლებული იყო უკრაინიდან. სხვები სადღაციდან, რა ვიცი...
ესენი უფროსები იყვნენ ჩემზე და მაგათთან მიბაძვით თანდათან დავიხვეწე და გუნდში მინდა უკვე, მარა გუნდში ვინ მიმიღებდა მე მაშინ.
ჰოდა, მაშინ არსებობდნენ ისეთი დიდებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ სოსო იორდანიძე, იური ებრალიძე, გურამი წილოსანი, გივი სიხარულიძე და შალიკო კაკაბაძე. ეს ხალხი გამოჩნდნენ იმ დროს ფეხბურთის არენაზე. ესენი თამაშობდნენ, მაგრამ თანდათან ასაკში რომ შევიდნენ, მწვრთვნელობა დაიწყეს. ბავშვები დაგვაინტერესა ისე ამათმა, რომ დიდ სიხარულს გვგვრიდა გუნდში ყოფნა. ასე ვთვლიდით, რომ რახან გუნდში ვართ, გუნდი გუნდია და გინდ დიდებისაში ყოფილიყავი და გინდა პატარებისაში, ერთნაირად გვეამაყებოდა. სტადიონზე ვინ ჩაგვიშვებდა, სტადიონი შემოღობილი არ იყო. ჩვენი ბავშვთა გუნდის მოვალეობა იყო, თამაშის დროს, დიდი გუნდი, რომ თამაშობდა, ღორები, ბატები გადაგვედენა და გვემწყემსა, რომ თამაშის დროს არ შესულიყვნენ სტადიონზე. სტადიონზე იყო ასეთი პიროვნება, კიტუშა პატარაია, რომელიც იყო ბუღალტერი წლების განმავლობაში, 81 წლის გარდაიცვალა და 75 წელი სულ იმ სტადიონთან იყო დაკავშირებული. იყო უბრწყინვალესი პიროვნება. ერთი ამბავი მინდა ჩავრთო ამაში. ლანჩხუთში სათამაშოდ უნდა ჩამოსულიყო „ცეესკა“-ს გუნდი, ჩვენს სტადიონზე პირველი თამაში, 1975 იყო თუ 1974 ზუსტად არ მახსოვს და სტადიონს ვამზაებთ ამ ,,ცეესკასთვის”. დიდი შრომა და ჯაფა გავწიეთ, გავამზადეთ სტადიონი თამაშისთვის და ამ დროს მოულოდნელად მოფრინდა ვერტალიოტი და ამ სტადიონზე დასკუპტა, რბილი მიწაა და მთელი ნაშრომი ჩაგვეყანა წყალში. გამწარდა კიტუშა, წამოუსვა ბარს ხელი და გაიქცა ვერტალიოტისკენ და აგინებს და არის ერთ ამბავში. გაიღო ვერტალიოტის კარები და გადმოვიდა ჰალსტუხიანი ხალხი, ორი. ამასობაში რაიკომის მანქანები მოვიდა და ჩასვენ ესენი და წაიყვანენ. თურმე ესენი „ცეკას“ ხელძღვანელობა ყოფილა. თათბირს ატარებდნენ რაიკომში, ჩვენ რომ გავიგეთ გავჩერდით, რაღას ვიზამდით. ჩვენ ისევ სტადიონზე ვართ, გავამზადეთ ყველაფერი, რომ ვერტალიოტის დაზიანებული რბილი მიწა გავასწოროთ, რომ გაფრინდება და ისევ რომ მოიყვანეს ეს ხალხი ვერტალიოტთან. ხელმძღვანელი სტუმარი, პატარიძე გამოეყო თავის ხალხს, მოვიდა ჩვენთან და თქვა: ლანჩხუთელებო, თქვენ სანამდე ასეთი კაცი გეყოლებათ, ამ კიტეზე თქვა, არაფერი არ გაგიჭირდებათო. ასეთები უნდა იყოს ყველა, ასეთი ერთგული თავისი სამსახურისო.
ჩვენს პირველ გუნდს „თაიგული“ ერქვა მე ვიყავი სადღაც მეშვიდე, მერვე კლასში და ვემზადებოდი ამ პირველ დიდების გუნდში მოხვედრისათვის. ყველაზე პირველად ჩვენი შემადგენლობიდან ამ გუნდში მოხვდა თამაზი კვირკველია და ბუხულა შარაბიძე, იყო ასეთი. ეს ორი. ახლა რადგან ესენი მოხვდნენ ამ გუნდში, ჩვენ ვარჯიშს უფრო მოვუმატეთ. უფრო მოვინდომეთ, რადგან ნელნელა ივსება ლანჩხუთელებით „გურია“ და თან მეორე ლიგაში იყო და გახდა ჩემპიონი, გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში. ჩვენ ,,თაიგულს“ სტადიონზე ვინ დაგვიშვებდა, ის იყო განკუთვნილი დიდი გუნდისათვის. ჩვენ სპორტდარბაზში ვვარჯიშობდით მთელი ზამთრის განმავლობაში, მაგრამ ამინდები თუკი გამოვიდოდა, ლანჩხუთიდან ჩიბათამდის, დაახლოებით რვა კილომეტრი იქნება, ფეხით ჩავდიოდით. ჩიბათის სკოლის მიმდებარედ იყო სტადიონი. ვივარჯიშებდით ხოლმე ორ საათს და ისევ მოვდიოდით ფეხით. მაშინ თან ისეთი პერიოდი მოგვიწია, ლანჩხუთში სულ სამი მანქანა იყო. ერთი მანქანა ყავდა რაიკომის მდივანს, ერთი აღმასკომის თავმჯდომარეს და ერთიც ზურია გვარჯალაძეს. არც აბანო არ იყო ასე ადვილად ხელმისაწვდომი. ქალაქის აბანო მუშაობდა მხოლოდ შაბათ-კვირას და ვარჯიში სხვა დღეებშიც ხომ გვქონდა, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ ვსარგებლობდით ჩაის ფაბრიკის აბანოთი. ვახტანგი მშვიდობაძე იყო მაშინ დირექტორი. თუ იყო საშუალება ჩაის ფაბრიკის აბანოში ვიბანდი, თუ არა და წარმოიდგინეთ ახლა ქალაქის ცენტრიდან, ქალაქის ბოლოში, სააგურე ცეხში უნდა ჩავსულიყავით. რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაგვევლო დამატებით. სააგურეს ნასოსი ქონდა დაყენებული მდინარე ფიჩორზე და ისე ქაჩავდა წყალს. სააგურეს უფროსი იყო გეგიაძე, იმ კაცს უყვარდა ფეხბურთი და პატივს გვცემდა. სულ მოით ბიძიებო და მოით, არ გაცივდეთო და იყო ჩვენს ზრუნვაში სულ.
ოჯახებში შემოვიდა 15 წლის მერე აბანოები. ქალაქში ერთი აბანო იყო და რიგები იყო, თუ არ გყავდა ნაცნობი, ისე უოჩერედოდ არ შეგიშობდნენ შიგნით და მოკლედ ძალიან გაჭირვებული დრო იყო. წყალი არ იყო ოჯახში, რომ გაეკეთებინა კაცს. მე მაგალითად, მქონდა ოჯახში აბანო. მამაჩემი ფიზიკოსი იყო და ოჭვათოს წყლების შემგროვებელი სისტემა მოიფიქრა, მარა მაგიც მხოლოდ მაშინ გამოდგებოდა, თუ წვიმის წყალი გვქონდა რეზერვუარში დაგროვილი.
_ ანუ ფეხბურთი პრესტიჟული და პოპულარული იყო მაგ დროიდან ლანჩხუთში?
_ ლანჩხუთში უყვარდათ ფეხბურთი მაგ დროს. აი, ერთ ამბავს მოგიყვებით. ლანჩხუთის რკინიგზის გადასასვლელთან ებრალიძე ცხოვრობდა და მისი სახლიდან ცინცაძის სახლამდე იყო გაბმული ბაწარი. აქეთ ნევთობაზიდან კაჭახმაძე ცხოვრობდა, იქამდე იყო გაბმული მეორე თოკი და მერე იყო გასასვლელი. ხალხის ძალიან გრძელი რიგი იყო, რომ ბილეთი ეყიდათ, ამ დროს ნებისმიერს შეეძლო შემოევლო სტადიონისთვის და უბილეთოდ შესულიყო, მაგრამ ამას არავინ არ იკადრებდა, ეს ჩვენს გუნდს სჭირდებაო და იქ უბილეთოდ კაცი არ შედიოდა. ასეთი პატრიოტიზმი ზოგიერთებისთვის დღეს არის უცხო.
_ გუნდის ამბავი მითხარით, შემდეგ?
_ იმ ორის ამბავი კი გითხარით, კვირკველია და შარაბიძე გადავიდნენ დიდების გუნდში, ჩვენ უკვე მაგალითი გვაქვს იმის, რომ ჩვენს „უმცროსების“ გუნდს ეყდნობიან ზედა გუნდის ხალხი. ეს ხალხი, ჟორდანია, ეს იური და ხალხი ადრე, რომ გითხარი, გურამი, გივი. ესენი იყვნენ ფეხბურთისათვის თავდადებული ხალხი. ის კიტუშა, ხომ გითხარი უცნაური კაცი იყო, ვერტალიოტით მოსულ მთავრობის ხელმძღვანელებს, რომ ეჩხუბა. ოჯახს მიაკლებდა საჭმელ-სასმელს და ჩვენთან მოიტანდა. ახლა სოსოზე მოგიყვებით, ადამიანი, რომელიც თავის საქმეზე შეყვარებული პიროვნება იყო. გუნდის თითოეულ წევს ორმანეთნახევარს გვაძლევდნენ. ეს დღიური კვების ფული იყო. ეს ფული ცალცალკე არავის ეყოფოდა, რომ შეხედა სოსომ რომ ასე ცალცალკე არ გვყოფნიდა და მშივრები ვრჩებოდით, ამ ფულს აღარ გვაძლევდა ცალცალკე. ერთიანად აიღებდა, ოთხ ბიჭს აგვარჩევდა, წავიდოდით ბაზარში, ვიყიდდით ხორცს, რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს და მერე თვითონ გვიმზადებდა სადილს. ჰოდა, მისი გაკეთებული საჭმელით კარგად ვნაყრდებოდით ჩვენ. როცა ასეთ მზრუნველობას ხედავდა გუნდის თითოეული წევრი, ყველა მაქსიმალურად ინდომებდა, რომ არ შევრცხვენილიყავით.
_გულშემატკივარზე რას გვეტყვით.?
_ წილოსანი იყო, ერთი ზორბა კაცი, დიდ ულვაშებიანი. სახელი აღარ მახსოვს. ჰოდა, როცა გასვლით თამაშებზე გავდიოდით საქართელოს სხვადასხვა კუთხეში, გამდიდრდა რაიონი, ავტობუსი გვემსახურებოდა უკვე. ეგვრაფი რომ დააყენეს ატეკის დირექტორად, მერე ტრანსპორტზე გაჭირვება აღარ გვქონია და მაგალითად გაგრიდან ან ტყიბულიდან, რომ წამოვიდოდით, ამხელა გზაზე, გზა არ ვარგოდა, ავტობუსში ნაჭანჭყარები რამდენიმე საათი. მოვიდოდით ლანჩხუთში და სამი დიდი ფიჭვი რომ იყო, ახლა ორია, ერთი გახმა. ცენტრი რომ არის იქანე, დაგვხვდებოდა გულშემატკივარი „ბალეშიკები“, გვკითხავდნენ რა ვქენით?!
თუ წაგებული ვიყავით, ცენტრში აღარ მივდიოდით, ჩაის ფაბრიკასთან ვჩერდებოდით. ხოლო თუ მოგებული, ცენტრში და ნიჩიაზეც ცენტრში მოვდიოდით და მივედით ერთხელ ასე და ამ კაცმა მევიდა ასე დიდი ულვაშებით და ძველი ქართული ყაიდის კაცმა და მკითხა, რა ქენით ბაბუ? - ნიჩია ვითამაშეთ მეთქი და შემომხედა, და მითხრა: - ბაბუ?! აფერი არ გაგიკეთებიათ? კიდევ გავუმეორე ნიჩია ვითამაშეთ მეთქი და მიპასუხა, კი მარა თამაში რომ დეიწყო ნიჩია ისედაც ხომ იყოო...
სწორედ ასეთი ფეხბურთის გულშემატკივარია საჭორო დღესაც! რამდენი ფული იხარჯება და ბოლოს დღესდღეისობით ხელში არაფერი არ გვაქვს. უწინ ორი მოთამაშე იყო მხოლოდ ჩამოსული ჯაგაშვილი და მებურიშვილი, დანარჩენი ყველა ადგილობრივი ფეხბურთელები ვიყავით. საერთოდ ასე უნდა იყოს, გუნდი ერთი ოჯახია, და როცა უმრავლესობა ადგილობრივია და მოტივირებულია წარმატებაზე, წარმატებაც მოდის.
ყოფილი ფეხბურთელი, ჯემსუატ ურუშაძე ლანჩხუთის ,,გურიას~“ წარსულის, სიყრმის მეგობრების, განუმეორებელი ურთიერთობებისა და მომავლის შესახებ

ესაუბრა მერაბ ფირცხალაიშვილი
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 430