ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ბოლო წამის დრამა

ბოლო წამის დრამა
13-04-2022, 12:31

გუშინ ლანჩხუთში „ევგრაფ შევარ­დ­ნაძის“ სახელობის სტადიონზე საქართ­ველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის სადებიუტო შეხვედრა გამართა ლანჩხუთის „გურიამ“ და ახალი სეზონის პირველი მოგებით გაიხარა. ეს მეორე ტურის შეხვედრა იყო, მანამდე კი ჩვენებურებმა საწყის ტურში სტუმრად ითამაშეს გორში, იქაურ „გორთან და ფრედ - 1:1 დაასრულეს შეხვედრა.
გუშინ „ძაღლი რომ გარეთ არ გაიგდება“, სწორედ ასეთ ამინდში შედგა მატჩი, სადაც „გურიას“ მეტოქე „საბურთალო 2“ იყო და სწორედ აქ უნდა წარმოჩენილიყო თუ რას წარმოადგენდა რეალურად გიორგი ონიანის მიერ დამოძღვრილი გუნდი, რომელიც გასულ წელთან შედარებით კარდინალურად შე­ცვლილია შემადგენლობის მხრივ. ფაქტობრივად მხოლოდ ლანჩხუთელი კადრები შემორჩნენ, დანარჩენები კი ახალწვე­ულები არიან. გორში მხოლოდ ერთი ად­გილობრივი ფეხბურთელი, დიმიტრი ვირ­უბოვი ვიხილეთ ძირითად თერთ­მეტ­ეულში, გუშინ კი არც იგი დააყენა მწვრთნელმა. 
„გურია“ გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობას ნაღდად არ განიცდის და სპეციალისტთა აზრით, ის მეორე ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მთავარია ფინანსური უზრუნველყოფა როგორი იქნება სეზონის განმავ­ლო­ბაში, რომელზეც ძალ­იან ბევრია დამოკიდებული. ამ მხრივ გა­რკვეული პრობლემა გუშინაც იყო, მაგრამ დროებით მოგვარდა ყველაფერი და გუნ­დიც უპრობლემოდ გამოვიდა სა­თამაშოდ.
შემადგენლობა საკმაოდ კონ­კურენტული ჩანს და ამ მხრივ არც დაბალანსება  აკლია. კარს გამოცდილი გაბრიელ თებიძე იცავს, დაცვაში ფლანგებზე მიხეილ რუხაია და ალექსანდრე სულაძე იღწვიან, ცენტრში კი გამოცდილი დუეტი - გურამ ადამაძე და გიგა წურწუმია ვიხილეთ, ვირუბოვი კი ამ ჯერზე რეზერვში აღმოჩნდა. შუა ხაზზე  გამოცდილი ძმები გურეშიძეები(გურამი და გიორგი), თორნიკე გრიგალაშვილი და გიგლა ბურკაძე მოქმედებდნენ, ხოლო შეტევის ცენტრში ჯუმბერ ხმელიძე მოგვევლინა, რომელსაც ფლანგიდან თამაზ ლომსაძე ეხმარებოდა. ესენი სა­ს­ტარტოში მოხვდნენ, მაგრამ სა­თადარიგოთა შორისაც ძალ­იან დიდი პოტენციალია. წარ­მოიდგინეთ, მრავლის მნახველი ალექსანდრე კოშკაძე, რომელიც ორივე შეხვედრაში შეცვლაზე შემოვიდა და ამას დაუმატეთ შარშანდელი სეზონის აქტიური შემტევები - სანდრო ბახია და ნიკა კობაური. ამათ გარდა თადარიგშია ორი ლანჩხუთელი - ბექა ბერიძე და ირაკლი ხვე­დელიძე, რომლებსაც გასულწელს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდათ. 
გორში „გურია“ ლომსაძის გოლით კი იგებდა, მაგრამ სას­ურველი შედეგის შენარჩუნება ვერ მოახერხა. გუშინ კი   სტუმართა გუნდმა შეძლო დაწინაურება, მას შემდეგ, რაც მასპინძელთა კაპიტანმა, გურამ ად­ამაძემ თავით ბურთის მოგ­ერიება სცადა, მაგრამ კარგად ვერ შეწვდა და საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.
ამ გოლმა მძიმედ მოთამაშე მასპინძლები გამოაფხიზლა და მალე ინიციატივა მათ ხელში  გადავიდა. საბედნიეროდ ეს პი­რველ ტაიმშივე აისახა გა­ტანილ გოლში და 38-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა ანგა­რიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში „გურია“  მძიმე გრუნტზე გამოცდილებისა და ფიზიკური ძალის ხარჯზე სრულად დომინირებდა. ახალგაზრდა საბურთალოელებმა ამ წნეხს ვერ გაუძლეს და მათ კართან ბევრი საგოლე მომენტიც შეი­ქმნა, თუმცა საბოლოო ფაზაში ჩვენებურები ბევრს სცოდავდნენ და გოლი არ ჩანდა. თითქოს ფრეს ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ, ბოლო მეოთხე წუთზე გამოცდილებამ და მონდომებამ გვიანი,მაგრამ სასურველი შედ­ეგი მაინც გამოიღო. სტუმართა საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს შო­რეულ ძელთან ხმელიძე დაუხვდა და თავით გამარჯვების გო­ლიც გაიტანა.
ამ მოგებით „გურია“ სატურნირო ცხრილის ხუთეულში დამკვიდრდა, სადაც ხუთივე გუნდს 4-4 ქულა გააჩნია. ბურთებით კი პირველზე ფოთის „კოლხეთია“, შემდეგ კი მოდიან თბილისური გუნდები - „ირაო“ და „ვარკეთილი“, მეოთხეზე კი დუშეთის „არაგვია“. რაც შეე­ხება თემურ ლორიას მიერ გა­წვრთნილ ჩოხატაურის „ბახმაროს“, ის თექვსმეტგუნდიანი ცხრილის მეცამეტე ადგილზეა ერთი ქულით. ჩოხატაურელებმა პირველ ტურში შინ ხობის „კოლხეთთან“ ითამაშეს უგო­ლო ფრე, მეორე ტურში კი დასანანი მარცხი იწვნიეს ტყი­ბულში, იქაურ „მეშახ­ტესთან“, სადაც გადამწყვეტი 93-ე წუ­თზე გატანილი გოლი აღ­მოჩნდა.
მესამე ტურში სწორედ გურ­ული დერბი შედგება, რომელსაც 18 აპრილს, ჩოხატაური უმას­პინძლებს.

გოჩა ჯანაშია 
სპეციალურად „ჰო და არასთვის“

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 726
FACEBOOK კომენტარები