_ ბატონო ზაზა, რა ხდება? გურია არცთუ წარმატებულად ასპარეზობს..._ წარუმატებლობაზე მეტად რაც გულს გვტკენს ყველას, არის ის, რომ გუნდი ვერ თამაშობს იმ ფეხბურთს, რაც გურიას ეკადრება. ბათუმის დინამოსთან ბოლო თამაში ავიღოთ! რა გვქონდა მოუგებელი? ან რომც მოგვეგო, ეს არ იქნებოდა მაინც გულშემატკივრის კმაყოფილების საფუძველი, იმდენად ცუდად ითამაშა გუნდმა. ვაჯობეთ გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონს, მაგრამ ხარისხი და შედეგი იყო დაბალი! _ ხომ არ იყო შეცდომა წამყვანი მოთამაშეების გაშვება?_ შეცდომა იყო! თუმც ამ საკითხს მწვრთნელი წყვეტს! ჩვენი შეცდომა იყო, რომ საფეხბურთო საზოგადოების მიერ ასე ნაქებ სპეციალისტს სრული ნდობა მივეცით. ზოგადად შეცდომა იყო მისი დანიშვნა, თორემ თუ დანიშნავ, სრული თავისუფლება უნდა მისცე. მე პიროვნულად მასთან გართულება არ მაქვს, პირიქით, მაგრამ შევცდით _ თბილისის დინამოში ნამუშევარი იყო, გაუკეთეს კარგი რეკლამა და ამან მოგვატყუა. მან ვერ შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და ვერც ფეხბურთელების ფიზიკურად მომზადება. შუა სეზონში ამდენი ტრავმა ეს მოუმზადებლობის ბრალი არაა? ან ფეხბურთელი რომ ერთი ტაიმის მეტს ვერ თამაშობს, ეს ხომ ან მოუმზადებლობის ბრალია, თუ არადა, ასეთი ფეხბურთელს რა უნდა უმაღლეს ლიგაში? _ თუმცა ახალგაზრდული გუნდის კვალობაზე შედეგს კატასტროფული არ ერქვა _ გურიას ხომ 5 ტურში 5 ქულა ჰქონდა და როგორც ვიცით, ამ სეზონში მაღალი მიზნები არც დაგისახავთ გუნდისთვის..._ შესაძლოა, შედეგი არ იყო კატასტროფული, მაგრამ თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. როცა მწვრთნელს ამის შესახებ ვუთხარი, მიპაუხა, რომ ეს ამ გუნდის მაქსიმუმიაო! ამის მოსმენას ყველაფერი მერჩივნა. წელებზე ფეხს ვიდგამთ, ყველაფერს ვცდილობთ, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვცდებით და ამას ყველაფერს ვაკეთებთ უპირველესად გულშემატკივრების გამო. ბევრი მაკრიტიკებს იმის გამო, რომ კლუბს გვერდით ასე ვუდგავარ და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ლანჩხუთისთვის უმაღლეს ლიგაში გუნდის რჩენა ურთულესზე ურთულესი არაა, მწარედ ცდება. მაგრამ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ლანჩხუთში ფეხბურთი და გურია ძალიან უყვართ. იმიტომ, რომ ასეთ პატარა ქალაქში სტადიონზე შეიძლება მოვიდეს 5 ათასი ადამიანი, თუნდაც დინამოსთან სათასო მატჩს გავიხსენებ. აბა, დაგვისახელონ ოპონენტებმა, სხვა რა ღონისძიებაზე შეიძლება მოიყვანო ამდენი ადამიანი ლანჩხუთში? სწორედ მათ გასახარად ვიღწვით. ლანჩხუთელი ქომაგი ყველაფერს ხვდება, ის გაპატიებს წაგებასაც, ოღონდ უნდა დაანახო, რომ ბოლომდე იბრძვი, ყველაფერს აკეთებ. რატომ გავაკეთეთ ახალგაზრდული გუნდი? იმიტომ, რომ დავინახეთ ის რეალობა, რომ გუნდის სასტუმროში ყოფნა უმძიმეს ტვირთად გვაწევს. გრიგოლეთში ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დავიწყეთ და მალე დასრულდება. თუმცა გუნდის გაახალგაზრდავება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ერთგულ ქომაგს უღიმღამო თამაში ვაჩვენოთ.ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებისა და გაფრთხილება მივეცით დირექტორატს. არ გვქონდეს პრეტენზია ამ ეტაპზე მოწინავეობაზე არ ნიშნავს, რომ შევეგუებით მაჩანჩალობას. _ კლუბმა ზედიზედ ორ ტურში ორი მწვრთნელი შეიცვალა... გულშემატკივრებს აინტერესებს, რა მოხდა ბადრი კვარაცხელიას შემთხვევაში? _ ეს პირადად მწვრთნელის სურვილი იყო. ჩვენდა გასაკვირადაც, პირველივე თამაშის შემდეგ ბადრი კვარაცხელიამ მიიღო გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი იმ გუნდში მიდის, რომელმაც მოგვიგო, ვგულისხმობ მარტვილის მერანს . სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის გაუგებარია და სპორტულ მედიაში გავრცელებულ პოზიციას სრულად ვეთანხმები: პარადოქსია, აბა რა, გუნდმა გაათავისუფლა მწვრთნელი, რომელმაც მოაგებინა და ვისაც მოუგო, იმის მწვრთნელს ნიშნავს. რა თქმა უნდა, მე არანაირად არც ვუწუნებ ან ვუქებ მარტვილის გუნდის ხელმძღვანელობას ამ გადაწყვეტილებას, ეს ჩემი საქმე არც არის, მაგრამ ზოგადად ასეთი რამ მოსაწონი ნამდვილად არ გახლავთ. რაც ეს გახმაურდა, ბევრმა დამირეკა, გაოგნებულები მეკითხებოდნენ, რა მოხდა? არც მე ვიცი, რა მოხდა. ზოგადად, სხვა ბევრი კითხვაც მაქვს და ამიტომაც ვამბობდი, ფეხბურთის მმართველ ორგანოში ახალი სისხლი რომ იყო საჭირო, თორემ მე პიროვნულად არავის ვერჩი. _ თქვენს მიმართაც ისმის საყვედურები..._ ეს რომ ოდნავადაც სამართლიანი პრეტენზია იყოს, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ჩემი გამგებლობისას გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ და თავიდანვე ანგარიშგასაწევ ძალად ვიქეცით. თანამედროვე გასახდელი, სამსაჯო, საპრესკონფერენციო და ოფისი მოვაწყვეთ, სტადიონი ნანგრევებისგან გავწმინდეთ, სამთავრობო და მედია-ლოჟა მოვაწყვეთ, ინდივიდუალური სკამები დავამონტაჟეთ. პირველად ისტორიაში გრიგოლეთის ბაზა ლანჩხუთის საკუთრება გახდა, იქ სამშენებლო სამუშაოებს ვატარებთ. არა მგონია, ამდენი რამ გურიაში სამ წელიწადში გაკეთებულიყოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გუნდი სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ვერ ვიზამ, რომ ასეთ დროს მივატოვო გურია , თორემ ეს ჩემთვის დამატებითი ტვირთია. კლუბი დაზარალდება, თორემ მე პრობლემა მომაკლდება. დღე არ გავა, ფეხბურთზე არ ვითათბირო. გამგეობაში სამუშაო საათების შემდეგ უკვე გურიაზე ვერთვები. _ ეს ყველაფერი გააკეთეთ, როგორც გამგებელმა. კლუბის პრეზიდენტობა რაღა საჭიროა?_ ეს არის მხოლოდ ფორმალური თანამდებობა და ჩემთვის ეს დამატებითი ტვირთია. ამით ვეცადე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობას ჩემი გვერდით ყოფნა ეგრძნო. თორემ კლუბს ჰყავს დირექტორატი და ყველა საკითხს ის წყვეტს. მე მათ ყველანაირად გვერდში ვუდგავარ. _ რას ჰპირდებით გულშემატკივრებს? _ მაქსიმუმზე მაქსიმუმს გავაკეთებთ მათ გასახარად. თქვენი გაზეთის საშუალებით აქედანვე ვაძლევ მათ პირობას, რომ მეორე წრეში გავძლიერდებით და ისევ იმ გურიას ვიხილავთ, რომელიც ყველა თამაშზე მოსაგებად გავა! არ ვამბობ, რომ ყველა თამაშს მოვიგებთ, მაგრამ ისე ვითამაშებთ ყველა თამაშს, რომ ასე იმედგაცრუებული არც მე წავალ სტადიონიდან და რა თქმა უნდა, უპირველესად გულშემატკივარი დარჩება კმაყოფილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავს უაღრესად მცოდნე, სამართლიანი ქომაგი, რომელიც ბრძოლაში წაგებისას ტაშით გაგაცილებს, მაგრამ ამ ბრძოლას რომ ვერ ვხედავთ, ამაზე გვექნება უმკაცრესი რეაგირება. თუ უახლოეს ტურებში სატურნირო მდგომარეობა არ გამოკეთდა, გუნდის ხელმძღვანელობისა და დირექტორატის მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0