ხვალ, ლანჩხუთის «გურია» მორიგი ტურის შეხვედრას გამართავს მარტვილში, სადაც ადგილობრივ «მერანს» ესტუმრება. ამ შეხვედრაში ჩვენებურებს, სავარაუდოდ, ახალი მთავარი მწვრთნელი გაიყვანს. როგორც იცით, წინა შეხვედრაში «საბურთალოსთან» 0:0-ის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ მთლიანი სამწვრთნელი შტაბი დაითხოვა. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის გუნდს დროებით გიალო ჩხაიძე ავარჯიშებს, ვინაც ეს ფუნქციები თვეების წინათაც შეასრულა, როცა თემურ ლორია შეცვალა და საჩემპიონო ქულები დააკარგვინა «დინამოს», ვისაც ახლახანს «გურიადან» დათხოვნილი კახა გოგიჩაიშვილი წვრთნიდა. ვინ შეცვლის მას? საუბარია ბადრი კვარაცხელიაზე, რომელიც ბოლოს «ცხინვალის» სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ, ადრე ამ კლუბის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. უფრო ადრე კი, 8 წლსი წინ, ბოლნისის «სიონში» საქართველოს ნაკრების დღევანდელ თავკაც კახა ცხადაძეს ეხმარებოდა, შემდეგ ეს დუეტი აზერბაიჯანულ კლუბს წვრთნიდა _ მალევე კვარაცხელია ბაქოს «სტანდარტს» დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა. ასევე მუშაობდა აზერბაიჯანულ «გაბალაში». საფეხბურთო კარიერა, საკმაოდ გვიან, 39 წლის ასაკში დაასრულა. თამაში მშობლიურ წალენჯიხის «სქურში» დაიწყო, სადაც ათი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. უმაღლეს ლიგაში დებიუტი საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში ჰქონდა და სხვადასხვა დროს გამოდიოდა: თბილისის «დინამოში», თელავის «კახეთში», რუსთავის «მეტალურგსა» და თბილისის "მერანი-91»-ში. 1997 წლიდან კი მის კარიერაში ახალი და მართლაც განსაკუთრებული ეტაპი იწყება: ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, აზერბაიჯანში სათამაშოდ ვინც გაემგზავრა. ერთი სეზონი «ქიაფაზში» იყო, შემდეგ კი 6 წლის (!) განმავლობაში «შამქირის» უპირობო ლიდერი გახლდათ. სწორედ ქართველი ლეგიონერის უდიდესი დამსახურებაც იყო, ეს პროვინციული კლუბი აზერბაიჯანულ გრანდად რომ იქცა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ამ ქვეყნის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა: ერთხელ - «ქიაფაზის» შემადგენლობაში, ოთხჯერ - «შამქირის». ამას გარდა, ორჯერ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და თითოჯერ საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი. 34 წლის ასაკში, აზერბაიჯანის ნაკრებში მიიწვიეს და ამ ქვეყნის მთავარ გუნდში 4 შეხვედრა ჩაატარა.
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0