რომელიც აქამდე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობის სავარაუდო კანდიდატად იყო დასახელებული. ლანჩხუთური ფესვების მქონე საფეხბურთო მოხელესთან შეხვედრა ‘‘ჰო და არამ’‘ ექსკლუზიურად მოახერხა, შესაბამისად, ჩვენთან გააჟღერა პირველად ჟორდანიამ, რომ სფფ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. ‘‘დიახ, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში. მშობლიურ ლანჩხუთში ჩამოვედი პირველ რიგში, რათა გავიგო ჩემი გურულების მოსაზრება’‘ _ გვითხრა მან. ის შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაჟორიტარ დეპუტატ თეიმურაზ ჩხაიძეს და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ამავდროულად კლუბ ‘‘გურიას’‘ პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის განცხადებით, ის მერაბ ჟორდანიას შეხვდა, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა. ‘‘არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. ვისაუბრეთ ‘‘გურიას’‘ დღევანდელობასა და გეგმებზე, ლანჩხუთში ფეხბურთის განვითარებაზე. რა გასაკვირია, რომ ჟორდანია ამით დაინტერესდა, ის ხომ ‘‘გურიაში’‘ თამაშობდა. მართლა არ ყოფილა სხვა რამეზე საუბარი. როგორც იცით, ‘‘გურიას’‘ ხმაც კი არ აქვს და ჩვენ უკვე მივმართეთ ფედერაციას, მოგვცეს ეს უფლება’‘ _ აცხადებს ზაზა ურუშაძე. ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, ‘‘გურიას’‘ ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე, რომელიც ჟორდანიას მეგობარია, არ მალავს, რომ სხვანაირად არც ელოდა: ‘‘გამიკვირდებოდა, რომ მერაბ ჟორდანია პირველად ლანჩხუთში არ ჩამოსულიყო. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო _ მისი წინაპრები ხომ აქედან არიან, მამა და თავადაც ‘‘გურიაში’‘ თამაშობდნენ, ლანჩხუთში მერაბს დიდ პატივს სცემენ. გურიიდან მისი წარდგენა არ უნდა იყოს რამე პრობლემა, პირიქით. მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მას’‘ _ განუცხადა ‘‘ჰო და არას’‘ თემურ ჩხაიძემ. ვინ არის მერაბ ჟორდანია ლანჩხუთისთვის? ჯერ მამა, ხოლო შემდეგ თავად თამაშობდა ‘‘გურიაში’‘. უნდა ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო სეზონები გაატარა მან მშობლიურ კლუბში _ ლანჩხუთში ჩატარებული 50 შეხვედრიდან ‘‘გურიამ’‘ მისი მონაწილეობით 49 მოიგო და მხოლოდ 1 დაასრულა ფრედ! მისი ‘‘საფირმო’‘ ჯარიმები და პენალტები ქომაგებს დღესაც ახსოვთ. შემდეგ ჟორდანია თბილისის ‘‘დინამოს’‘ პრეზიდენტი გახდა და ‘‘გურიას’‘ აქტიურად ეხმარებოდა. 1998 წელს ის სფფ-ის პრეზიდენტი გახდა _ ასე აღმოჩნდა მერაბ ჟორდანია ევროპაში ნაციონალური ფედერაციის ყველაზე ახალგაზრდა თავკაცი. ყველასათვის ცნობილია, რომ ჟორდანიას მხარდაჭერა იმ პერიოდში ‘‘გურიას’‘ არ მოჰკლებია. შემდეგ იყო 2003 წელი, საპარლამენტო არჩევნები ლანჩხუთში, რომელშიც ჟორდანიამ ვერ გაიმარჯვა. ეს მის კარიერაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა წააგო. ამის მიუხედავად, მას ლანჩხუთზე საყვედური არ დასცდენია. ‘‘მე ვრჩები ჩემი რაიონის დიდ გულშემატკივრად. არჩევნები ვერ შეცვლის ჩემს სიყვარულს ლანჩხუთელებთან’‘ _ უთხრა მაშინ ლანჩხუთიდან გამგზავრების წინ ჟორდანიამ ‘‘ჰო და არას’‘. ეს სიტყვები მან საქმედ აქცია _ როცა უმეტესად გამარჯვებული მაჟორიტარები დანაპირებს ივიწყებენ, მერაბ ჟორდანიამ წაგების მიუხედავად, ლანჩხუთელებისთვის გაცემული ყველა დაპირება შეასრულა! ‘‘ჰო და არა’‘ მას გუშინაც ესაუბრა ტელეფონით და მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო მოხელემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლანჩხუთელების მხარდაჭერაა და ამიტომაც, გადაწყვიტა საარჩევნო კამპანიაში ჩართვლის შესახებ ლანჩხუთში განეცხადებინა. სხვათა შორის, ლანჩხუთი მას მხარს სფფ-ის 1998 და 2002 წლების არჩევნებშიც უჭერდა. როგორც ცნობილია, ჟორდანია ‘‘ნაციონალებმა’‘ ორჯერ დააპატიმრეს და მის შემდეგ გახადეს იძულებული პოსტი დაეტოვებინა _ მისი გუნდი ახლა სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, ისევე, როგორც ლანჩხუთის ‘‘გურია’‘. როგორც ცნობილია, ჩვენს კლუბს არ აქვს ხმის უფლება, რომელიც მაშინ ჩამოგვართვეს, როცა გიორგი ნემსაძეს ვუჭერდით მხარს (2007 წ.), შემდეგ პირველ ლიგაში ვიყავით, თან კლუბმა სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შპს ა(ა)იპ–მა ჩაანაცვლა, ბოლოს ლიცენზირებას მიუღებლობაც დაემატა, მაგრამ ფაქტია, ‘‘გურია’‘ უმაღლესლიგელია და დღემდე ვერ მოგვარდა თითქოს უმარტივესი საკითხი. გუშიწნინ, ‘‘გურიამ’‘ ოფიციალურად მიმართა ფეხბურთის ფედერაციას. ლანჩხუთის გამგებელი და ამავდროულად კლუბის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე და მაჟორიტარი თემურ ჩხაიძე თვლიან, რომ ‘‘გურიას’‘ ხმის გარეშე დატოვება დანაშაულია. ‘‘მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბი ‘‘გურია’‘ ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. იგი დაარსდა 1924 წელს და მას შემდეგ არაერთი წარმატება აქვს მოპოვებული. სსრკ-ის საფეხბურთო ჩემპიონატებში ორჯერ მოახერხა უმაღლეს ლიგაში გადასვლა, რაც ასეთი პატარა რაიონისთვის მსოფლიო მასშტაბით სენსაციური მოვლენა გახლდათ. ამასთან, ასეთ წარმატებას საქართველოდან მხოლოდ თბილისის ‘‘დინამომ’‘ და ქუთაისის „ტორპედომ“ მიაღწიეს. ლანჩხუთის ‘‘გურია“ არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 1990 წელს, როცა ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის გზას დაადგა, „გურია“ იყო პირველი ქართული ფლაგმანი, რომელმაც უარი თქვა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშზე და მხარი ღიად დაუჭირა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას. „გურია“ არის საქართველოს დამოუკიდებელი თასის გათამაშების პირველი გამარჯვებული და ორგზის ვიცე-ჩემპიონი. „გურიამ“ ქართულ ფეხბურთს აღუზარდა არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი: რამაზ ურუშაძე, ილია დათუნაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გია თავაძე, ვახტანგ ძიძიგური, ბეგი სიხარულიძე, თეიმურაზ ჩხაიძე, გიგლა იმნაძე, გიალო ჩხაიძე და სხვები. მიგვაჩნია, რომ კლუბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და სახელოვანია, უნდა იყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრი-სუბიექტი, რათა „გურიამ’‘, რომელიც ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ბრენდად არის მიჩნეული, საშუალება ჰქონდეს მიიღოს მონაწილეობა ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში და ჰყავდეს ყრილობის დელეგატი, შეეძლოს კანდიდატის წარდგენა, მონაწილეობდეს სფფ-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნებში’‘ _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც კლუბი სფფ–ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უგზავნის. პ.ს. ლანჩხუთის „გურია“ დაარსდა 1924 წელს. საქართველოს ჩემპიონი (1961, 1966, 1971); თასის მფლობელი (1965, 1966, 1971); შოთა შავგულიძის თასის მფლობელი (1973, 1974, 1977); 1972-79 წლებში ასპარეზობდა სსრკ-ის ბ კლასსა და მეორე ლიგაში: პირველი ადგილი (1968, 1976, 1979); მეორე ადგილი (1978); მესამე ადგილი (1969, 1975); 1980-86, 1988-89 წლებში ასპარეზობდა სსრკ-ის პირველ ლიგაში: პირველი ადგილი (1986); მეორე ადგილი (1989); 1987 წელს გამოდიოდა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში; 1990 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში: თასის მფლობელი (1990), ვიცე-ჩემპიონი (1990, 1991). ასეთ გუნდს საარჩევნო ხმა აუცილებლად უნდა ჰქონდეს!
განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 0