ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ფეხბურთის სიყვარულს ვერ ზღუდავს კორონა“

2-09-2020, 12:55

 სუფსა ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია ლანჩხუთის რაიონში. ის სპორტის უდიდესი სიყვარულითაც გამოირჩევა. ამ სოფელს არაერთი ცნობილი სპორცმენი აღუზრდია. აღსაღნიშნავია და ძალიან საამაყოა, რომ სპორტისადმი ინტერესი და სიყვარული ახალგაზრდა თაობებშიც გრძელდება.
დღევანდელი სტატიის გმირი 25 წლის თეიმურაზ რამინაიშვილია, საოცრად ენერგიული, ემოციური და მიზანსწრაფული, რომლისთვისაც ფეხბურთი მთელი სამყაროა. სწორედ ამიტომ საკუთარ თავზე აიღო მეტად მნიშვნელოვანი და საამაყო მისია _ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება, რაც მინი ფეხბურთის ტურნირებით გამოიხატება. მისი ორგანიზატორობით მიმდინარე ზაფხულში 3 ტურნირი ჩატარდა მინი ფეხბურთში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გამოდგა ბოლო დასკვნითი ტურნირი, რომელიც როინ (პეპელა) ჩხარტიშვილის სახელის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.
როინ ჩხარტიშვილი ლანჩხუთის ,,გურიას” ღირსებას იცავდა წლების მანძილზე და ფეხბურთის ისტორიაში მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობდნენ მისი აღზრდილები. შეჯიბრებაში 12 გუნდი მონაწილეობდა. თემურმა შეუძლებელი შეძლო, მან რამდენიმე სოფლის ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებული გუნდები გააერთიანა, რაც დღევანდელ დღეს მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.თამაშებმა საზოგადოების მაღალი ინტერესი გამოიწვია, რაც გულშემატკივრების აქტიურმა დასწრებებმაც ცხადყო.
ფინალამდე გუნდებმა დიდი გზა განვლო. ფინალური მატჩი, რომელიც გაიმართა ტაბანათისა და ლესის გუნდებს შორის, საოცრება იყო. მატჩი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობებით და გამარჯვებული 11 მეტრიანების სერიამ გამოავლინა. საბოლოოდ როინ (პეპელა) ჩხარტიშვილის გარდამავალი თასი „ტაბანათმა“ მოიპოვა. 
ტურნირმა გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სამახსოვრო  პრიზებით.ტურნირის საუკეთესო მეკარე-ნიკოლოზ ჭანტურია (ტაბანათი)
საუკეთესო მცველი _ გიორგი კუნჭულია (ლესა);
ტურნირის აღმოჩენა _ საბა მხეიძე (ლესა);
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი _ ნური ტუღუში (ლესა);
მატჩის საუკეთესო მოთამაშე _ გენადი კალანდაძე (ტაბანათი);
ასევე დაჯილდოვდნენ: შეხვედრის არბიტრი და ორივე გუნდის ლაივოპერატორები.
ტურნირის ბომბარდირის (26 გოლით) და საუკეთესო ორგანიზატორის წოდება მიენიჭა -თეიმურაზ რამინაიშვილს.
დაჯილდოვების ცერემონიალის ორგანიზებაში თეიმურაზის გვერდით იდგა და აქტიურად მონაწილეობდა როინის შვილიშვილი როინ (როკო) ჩხარტიშვილი.  
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს თასი გარდამავალია და ის ყოველ წელს გათამაშდება.ჩხარტიშვილების ოჯახი უღრმეს მადლობას უხდის თემურს, როინ (პეპელა) ჩხარტიშვილის სახელის ღირსეულად გახსენებისთვის; მადლობას ვუხდით ასევე  ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა აღნიშნული ტურნირის ასე ლამაზად ჩატარებაში.
სანამ ჩემს სოფელში თემურის გვერდით იდგება ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდობა, სანამ გამარჯვება სისხლს აგვიჩქროლებს, სანამ სპორტის სიყვარული სიხარულის ცრემლებამდე მიგვიყვანს, ვერანაირი პანდემია ვერ მოგვერევა. ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია.             ნატო მჟავია

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 398
FACEBOOK კომენტარები