ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,გურიას~“ ხელმძღვანელობა ადგილობივ მედიას და გულშემატკივარს შეხვდა!

14-08-2020, 14:02

 12 აგვისტოს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ,,გურიას“ ახალი ხელმძღვანელობა ადგილობრივ მედიას და გულშემატკივარს შეხვდა. შეხვედრა კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საბა ჯაფარიძემ გახსნა, გაეცნო შეკრებილ საზოგადოებას და მისი გუნდიც წარადგინა, მოსული იყო გუნდის კაპიტანიც ერეკლე კილაძე. ახალი და განსაკუთრებული არაფერი თქმულა, პრეზიდენტმა, სპორტულმა დირექტორმა, მწვრთნელებმა დრო ითხოვეს, მათი თქმით, რთულია ისეთ პირობებში წარმატების მიღწევა, როდესაც გუნდი მათი გაკეთებული არ არის. მოგეხსენებათ, ადრეც ვწერდი, რომ უცნაურად განვითარდა ,,გურიას“ ირგვლივ მოვლენები და იყო დასახელებული სატრანსფერო შეცდომა, სახელფასო ფონდის შემცირება, ბაზის მიმართ ინტერესი და ა.შ გიგა სურმავას გულისწყრომა სწორედ ამ სტატიებს გამოუწვევია, მისი თქმით მისი საკონტაქტო ნომერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ინფორმაცია მასთან გადავამოწმოთ. ორი წაგებული, ერთი ფრედ ნათამაშები მატჩის შემდეგ, გულდასაწყვეტი სწორედ ახალი ხელმძღვანელობის მაინც რიხიანი ტონია. აქვე ვამბობთ, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გვამოძრავებს და არ ვესხმით თავს არავის, უბრალოდ ვწერთ იმას, რაც ხდება და როგორც ხდება. გასაგებია, გვესმის რომ დრო უნდა მიეცეს სამწვრთნელო შტაბს, სელექციონერებს, იმისთვის რომ ძლიერი, შეკრული გუნდი ჩამოაყალიბონ, მაგრამ მათაც უნდა გაიგონ გულშემატკივრის წუხილი, ძნელია ყოველ წელიწადს იმის მოსმენა, რომ ,,მოგვეცით დრო, ქვეყანა ერთ დღეში არ აშენებულა“. შეკრებილი გულშემატკივრების უმრავლესობა ჩვენდა გასაოცრად ლამის ტაშს უკრავდა და ამბობდა რომ ყველაფერი კარგად იქნება, დროა საჭიროო. მწვავე, თუმცა ობიექტური კითხვებით იყო ჯანო ქინქლაძე, სოსო ჟორდანია, გელა პატარაია და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ,,გურიას“ ლეგენდის, თემურ ჩხაიძის თქმით, საჭიროა მოთმინება და აუცილებლად უნდა დავუდგეთ ხელმძღვანელობას გვერდით. ნუგზარ ჩხაიძემ ისევ კლუბის სტრუქტურული შეცვლის აუცილობლობაზე ისაუბრა, მანვე სრული ნდობა გამოუცხადა ახალ ხელმძღვანელობას: ,,მართალია არ გიცნობთ, მაგრამ რასავ ვუყურებ ნამდვილი პროფესიონალები ხართ და წარმატებებს გისურვებთ“... საინტერესოა, რის საფუძველზე დაასკვნა ასე საჩქაროდ ჩხაიძემ ვინმეს პროფესიონალიზმი. გია გოგუაძე დაინტერესდა, თუ რა პირობები წაუყენა ახალ მენეჯმენტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და კლუბის კერძო საკუთრებაში გადასვლის პროცესი როგორ მიმდინარეობს. სიმართლე გითხრათ ეს კითხვა პირადად ჩემთვის კვლავაც პასუხგაუცემელი დარჩა, ვინაიდან კონკრეტულ  ულტიმატუმებზე არაფერი თქმულა, მათ შორის ცუდი შედეგის დადების შემთხვევაშიც. სპორტული დირექტორის თქმით, ბევრი პროცედურაა საჭირო იმისთვის, რომ კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მან თქვა რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხელშეშლას ვერ გრძნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც გააგრძელებდნენ მუშაობას. რაც შეეხება თორნიკე მუმლაძის თემას, გიგა სურმავა ამბობს, რომ როდესაც მუმლაძე ელოდებოდა პასუხს მისგან, მას არ შეეძლო მაშინ რაიმე კონკრეტულის გაკეთება, ვინაიდან ბოლომდე გადაწყვეტილი არ იყო მათი ,,გურიაში“ მოსვლა. ხელფასების შემცირება კოვიდ 19-ის გამო შექმნილ მდგომარეობას დაბრალდა. მწვრთნელების თქმით, მიუხედავად ცუდი სტარტისა, ისინი ხედავენ სხვაობას პირველი ტურიდან მოყოლებული, რაც სიტუაციის დასტაბილურების იმედს აძლევთ. მამუკა ურუშაძე, სიმონ ღლონტი, დიმა ტაკიძე, ელგუჯა ჩხაიძე და სხვები ამბობდნენ, რომ დრო სჭირდება ახალ სტაფს. მამუკა ურუშაძემ ვერაფერი იმედი მისცა მენეჯმენტს: ,,კარგი შედეგი იქნება გაგიშვებენ, ცუდი შედეგი იქნება გაგიშვებენ“... ისმოდა კითხვები, ვინ უშლის ხელს ,,გურიას“ ხელმძღვანელობას მუშაობაში ან წინსვლაში. როგორ შეიძლება, მუდმივად ვიღაცას ვაბრალებდეთ ხელშეშლას, ბოლო წლებმა მოიტანა ის, რომ გულშემატკივრებს ნერვოზი დაემართა, გუნდმა ვერაფრით მოახერხა ზედიზედ რამდენიმე სეზონის სტაბილურად ჩატარება. ჯანო ქინქლაძემ აღნიშნა,  რომ 2012 წლიდან მოყოლებული უკვე 25 მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, მარტო ეს ამბავი ქმნის რეალურ სურათს ,,სტაბილურობის“. გუნდში წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობა გახშირდა, ფიზმომზადების მწვრთნელმა თითოეული ფეხბურთელის პრობლემაზე ისაუბრა და გამორიცხა ფიზიკური მოუმზადებლობის მიზეზი იყოს მათი ტრავმიანობა. მთავარი მწვრთნელების თქმით მათი საფეხბურთო ფილოსოფია და სტილი არ არის მარტივი, ამას სჭირდება შემსრულებლები და მათ მიერ გაკეთებული გუნდი. როგორც ისინი ამბობენ, ,,გურია“ წელს არ გავრდება ლიგა3-დან, მაღალი მიზნებისთვის კი მომდევნო წლებში იბრძოლებენ. ,,ჰო და არა“ წარმატებას უსურვებს ყველა ვარიანტში ,,გურიას“, იმედია დალაგდება ყველაფერი ისე, როგორაც ეს კლუბი და მისი გულშემატკივარი იმსახურებს.
,,გურია“ მომდევნო მატჩს ორშაბათს 17 აგვისტოს გამართავს ,,საბურთალო2“ის წინააღმდეგ. თბილისური გუნდის დამარცხების შემთხვევაში თანაბარი 7-7 ქულა დაუგროვდება მომავალ მეტოქეებს. მთავარია, გუნდი ათამაშდეს, თორემ დაკარგული ჯერ არაფერია, თანაც ამ ლიგაში.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სპორტი
გადასვლები: 127
FACEBOOK კომენტარები