ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

წერილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს

15-08-2017, 00:00

,,პოლიტიკური საქართველოს კონსტიტუცია~ ( საქართველოს პოლიტიკური კონსტიტუცია); ,,წინა ქალაქის ხელისუფლება~ (ქალაქის წინა ხელისუფლება); ,,ესპანეთში დააკავეს ხუთი საქართველოს მოქალაქე (ესპანეთში დააკავეს საქართველოს ხუთი მოქალაქე); ,,რამდენიმე პარლამენტის თანამშრომელი; (პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელი); ,,ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი~ (ფეხბურთის ახალგაზრდა სპეციალისტი); ,,რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი~, (პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი); ,,ერთ დღესაც სერგო ავტოავარიაში მოყვა და მსუბუქი ტვინის შერყევით სახლში წოლამ მოუწია~ (ტვინის მსუბუქი შერყევით); ,,გარწმუნებთ, აუცილებლად შედგება ახალი ნიუნბერგის პროცესი~ (გარწმუნებთ, აუცილებლად შედგება ნიუნბერგის ახალი პროცესი); ,,ყველა სპორტი ერთ ტალღაზე~ (სპორტის ყველა სახეობა ერთ ტალღაზე); ,,მივმართავ ყველა მერობის კანდიდატს~ (მივმართავ მერობის ყველა კანდიდატს); ,,სწავლებაში მონაწილეობს რვა ნატოს წევრი ქვეყანა~ (სწავლებაში მონაწილეობს ნატოს 8 წევრი ქვეყანა); ,,თბილისში ახალი დამწვრობის ცენტრი გაიხსნა~ (თბილისში დამწვრობის ახალი ცენტრი გაიხსნა); შეიძლება კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა, რამ ჩაუყარა საფუძველი ,,ამგვარ ქართულს~. პირველ რიგში, - ქართულმა ტელევიზიამ, რადიომ, ჟურნალ-გაზეთებმა, ჟურნალისტებმა, პარლამენტმა, მინისტრებმა. და პირველ რიგში ყოფილმა პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა. ალბათ გახსენდებათ მან არაერთხელ, რომ დამოძღვრა ქართველი ხალხი; ,,ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ინგლისურად ილაპარაკებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ენაზე მსოფლიოში ჩვენ გარდა არავინ ლაპარაკობს, მსოფლიოს რომ გავაგებინოთ, რა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ინგლისური~. ხუმრობით ვიტყვი, ყოფილ პრესიდენტს, როგორც ეტყობა, არ გაუგონია, რომ ერთხელ რუსულ ტელეგადაცემაში: `რა? სად? როდის?~, იყო ასეთი საინტერესო კითხვა: - რა ენაზე ელაპარაკებოდა ღმერთი ადამს, მაშინ როცა ევა ჯერ კიდევ არ იყო შემქნილი? პასუხი იყო: - ქართულადო! ეს იმიტომ, რომ ქართული ენა აღმოჩნდა დედამიწაზე ერთადერთი ენა, რომელშიც არ არსებობს მდედრობითი და მამრობითი სქესი. ასე, რომ დედამიწაზე ქალი რომ არ იყო გაჩენილი, ყველა ადამიანი, მათ შორის ინგლისურ, ქართულ ენაზე ლაპარაკობდნენ თურმე! (მაგრამ გასარკვევია, საერთოდ კი იყვნენ მაშინ ინგლისელები დედამიწაზე?!) მსოფლიოში აღიარებული არაერთი გამოჩენილი ენათმეცნიერი სამართლიანად აღნიშნავს ქართული ენის განსაკუთრებულ უნიკალურობას ფონეტივის, მორფოლოგიისა და სინტაქტის თავისთავადობის თაობაზე. საკმარისია მოვუსმინოთ დიდ ენათმეცნიერს. პ.კ. უსლერს: ,,ქართული ანბანი უკლებრივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანთა შორის~. როგორც ამბობენ, მთავარი არ არის, თუ რამდენ ენას ვფლობთ, არამედ მთავარია რას ვლაპარაკობთ. გავიხსენოთ ერთ-ერთი ეპიზოდი აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან: როცა აკაკის უთხრეს ,,თქვენმა ბიძაშვილმა მეხუთე ენის შესწავლა დაიწყოო, აკაკიმ მიუგო, - დავიღუპეთ, აქამდე ოთხი ქვეყანა იცნობდა რა ხვითოც იყო, ახლა მეხუთეც გაიგებსო!~. პარლამენტარი (ყოფილი) გუბაზ სანიკიძე სამართლიანად აღნიშვნავდა: ,,ჩემთვის ყველა გოიმია, ვინც უცხოურ ტერმინებს ხმარობს: ,,ბრენდი~, ,,ივენთი~, ,,ბორდი~, ,,ფართი~ და ა.შ. რა ,,ბონდი~, რა ,,ბორდი~, საბჭო არის ქართული, ილაპარაკეთ ქართულად, თორემ დარჩებით გოიმებად, ჭკუაზე მოდით, გამოფხიზლდით!~ ეს კარგია, მაგრამ საინტერესოა, ბატონი გუბაზი ყოველივე ზემოთქმულს თუ მართლაც ურჩევდა თავის გვერდით მსხდომ კოლეგებს! ტელეგადაცემებში წამყვანებსა და მოწვეულ პირთა შორის კნინებით მიმართვა ჩვეუბრივი მოვლენა გახდა. მაგრამ ყველას მიმართ კი არა, არამედ - შერჩევით. მაგ. ტელეარხ ,,რუსთავი-2~-ის ყოფილი სპორტული მიმომხილველი და კულინარიული გადაცემის ზედამხედველი დიმიტრი ობოლაძე ყოველთვის მოიხსენიებოდა, როგორც ,,დიმა~, სხვების მიმართაც ხშირად გვესმის: თიკო, კეკე, ნანიკო, ელო. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ამ წამყვანებს არ გააჩნიათ მიხვედრილობა, ერთნაირი ცივი გონებით ლაპარაკის და დიალოგის კულტურა. ცალკე მსჯელობის საგანი გახდა ,,დარჩა~ სიტყვის (ზმნის) გაუაზრებელი გამოყენების უამრავი მაგალითი. აი, ზოგიერთი მაგალითი: ,,პენსია თუ დარჩა~, ,,ავტობუსი თუ დარჩა~, ,,წვიმა თუ დარჩა~, ,,ხელისუფლების მხარდაჭერა თუ დარჩა~ და ა.შ. ყველა ამ წინადადებაში ,,დარჩა~ ზმნა ერთპირიანია. მაგრამ ამ წინადადებაში: ,,ციცინოს ჩანთა ავტობუსში დარჩა~, ,,დარჩა~ ზმნა ორპირიანია, ამიტომ უმჯობესია ვთქვათ: ,,პენსია თუ ჩამოირიცხა~, ,,ავტობუსი თუ მოვიდა~, ,,თუ არ გაწვიმდა~, ,,ხელსუფლებამ თუ მხარდაჭერა გამოიჩინა~.. ზეპირ მეტყველებაში, კითხვითსიტყვიან წინადადებაში ჩვეულებრივ ადვილად შეიჩნევა წერის დარღვევა, ინტონაციაში. შეკითხვის გადმოსაცემად ქართულ ენას ორი საშუალება აქვს, კითხვითი სიტყვების (,,ვინ?~, ,,სად?~, ,,როდის?~, ,,რა?~, ,,რისთვის?~, ,,რატომ?~) ან ნაწილაკების (,,ხომ?~, ,,ნუთუ?~ ,,განა?~) გამოყენება. თუ წინადადებაში გვაქვს კითხვითი სიტყვა ან ნაწილაკი, იგი ჩვეულებრივ უმეტესად წინადადების თავში დაისმის (იშვიათად შუაში ან ბოლოს და ხმის ამაღლებით წარმოითქმის. ტელეშოუების მონაწილეობის მიერ, კითხვითსიტყვიან წინადადებაში ინტონაციის უადგილოდ ამაღლება (გაწელვა) არ შეიძლება არ გვაღიზიანებდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავს შეცდომებს წარამარა იმეორებენ თვით სამთავრობო დაწესებულებათა პასუხისმგებელი მუშაკებიც. ზაზა მაჭარაშვილი - კომპოზიტორი და მუსიკის მცოდნე, 20 წელია აშშ-ში ცხოვრებს და მოღვაწეობს. იგი გულისტკივილით ამბობს: ,,საქართველოს ტელევიზიის წამყვანები არ ფლობენ ქართულ ენას, პროფესიონალები არიან და ეს დიდი სირცხვილია~. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ. ქართულში სიტყვების შეერთება წინადადებაში და ცნებების შეერთება მსჯელობაში ექვემდებარებიან მკაცრ კანონზომიერ და სავალდებულო ხასიათის ლოგიკურ პროცესებს, ვნახოთ ორიოდე მაგალითიც. ზემოთ მოვიყვანეთ მაგალითი, რომ ,,ესპანეთში დააკავეს ხუთი საქართველოს მოქალაქე~. რა ბედნიერი ვიქნებოდით ქართველები, რომ დედამიწაზე ,,ხუთი საქართველო~ რომ იყოს; სამწუხაროდ, ხუთი საქართველო კი არა, ხუთი ქართველი უნდა თქმულიყო. მეორე წინადადება, წარმოთქვა საქართველოს სოფლის მეურნეობის ახლანდელმა მინისტრმა. მან თქვა: ,,კერძების შესამზადებელ მწვანილების ფხვნილებს დიდი რაოდენობით გააჩნიათ ტყვიის შემცველობა. ,,რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, თუმცა საგანგაშო არ არის!~ მაგრამ გჯერავთ ეს? ის, რაც საფთხეს უქმნის მოსახლეობას, საგანგაშო არ არის, დავიჯეროთ, ვირწმუნოთ?! ერთი ავტორი ,,კვირის პალიტრაში~ წერს, რომ ,,ერთ დღესაც სერგო ავტოავარიაში მოყვა და მსუბუქი ტვინის შერყევით სახლში წოლამ მოუწია~. საინტერესოა, რა იცოდა ამ წინადადების ავტორმა, რომ ,,ბატონ სერგოს~ ,,მსუბუქი ტვინი~ ჰქონდა? ყველა აქ ჩამოთვლილ მაგალითში კარგად ჩანს, რომ ბევრმა ჟურნალისტმა, ტელეწამყვანმა არ იცის ქართული ენის ელემენტარული წესები მსაზღვრელ-საზღვრულის და სიტყვების რიცხვში შეთანხმების შესახებ. ისმის კითხვა: - ვინ არის ვალდებული იცოდეს ქართული ენა? რა თქმა უნდა, ყველა ის მცხოვრები, ვინაც ჩვენთან, მთავრობისაგან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, ეს ისე უნდა იყოს აუცილებელი, როგორც ამას მოითხოვენ ამერიკელები და ინგლისელები ინგლისურის ცოდნას, რუსეთში – რუსულის, თურქუთში - თურქულის და ა.შ. ჩვენმა სახელმწიფომ, თუ ქართული ენის ცოდნა არ გახადა სავლდებულო ყველა მოქალაქისათვის, მალე სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეთანხმებით აზრს, რომ ქვეყნის თანამდებობის პირები უცხო ქვეყნის დელეგაციების მეთაურებს ელაპარაკებიან ინგლისურ ან სხვა უცხოურ ენაზე და ამ დროს ქართულ ენას უპატივცემულოდ ეკიდებიან? ამ ვაჟბატონებს არ აგონდებათ დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი, როცა მან ტაქტიკური მოსაზრებით მოითხოვა თარჯიმანი, რომ ელაპარაკა ცკ-ის მეორე მდივანთან ქართულად. (სსრკ-ში ხომ რესპუბლიკების მეორე მდივნები აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო) ეს მაშინ, როცა ბატონმა კონსტანტინემ არა მარტო რუსული ენა იცოდა ბრწყინვალედ, არამედ სხვა რამდენიმე უცხო ენაც, მაგრამ ის ხომ ჭეშმარიტი ქართველი რაინდი იყო. ცალკე მსჯელობის საგანია უცხოური რეკლამებით გატარება. ყველგან ინგლისური წარწერებია, შემდეგ ქართული (ან საერთოდ არ არის). ზოგიერთი ჟურნალისტისათვის გაუაზრებელი აქციების მოთავეებისათვის, ბუნების წიაღში აღმოცენებული ან მოქალაქის მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთიდან ხეების გადარგვა-გაყიდვა გახდა საგანგაშო და ხელოვნურად გახმაურებული აქციების საბაბი და არა ის მართლაც პრობლემატური საკითხები, როგორიცაა ენა ქართული, ტრადიციები ქართული, ახალგაზრდობის აღზრდა-განათლება, მათი მომავალი, ქვეყნის ერთიანობა და ა.შ.... რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო, გვაფრთხილებენ სახელოვანი ქართველი წინაპრები, მაგრამ ჩვენ მაინც წავხდით და ეს უწინარეს ყოვლისა ბრალია უკულტურობის, უმეცრობის, უზნეობის, ქვეყანაში შინაური აშლილობა-დაპირისპირების, საკუთარის სათანადოდ შეუფასებლობის შედეგი. გაზეთი ,,ჰო და არა~ არაერთი სასარგებლო წამოწყების პიონერია და ვისურვებდი თავის პუბლიკაციებში უფრო მეტად დაუთმოს ადგილები ისეთ მისაბაძ ქართველ ავტორებს, როგორებიც ბრძანდებიან ქალბატონი ეთერ კუკულაძე, ბატონები დიმიტრი ბერიძე, ჯონი ცინცაძე, ომარ ხუციშვილი და სხვა. მე კი ნება მიბოძეთ ჩემი წერილი დავამთავრო ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის სიტყებით: ,,მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერს, კითხვას და ლაპარაკს!~. ჯუმბერ ფირცხალაიშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა