თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდებიან კომპანიაში მომუშავე უკმაყოფილო ლანჩხუთელები და არსებულ გაუსაძლის პირობებზე ჩივიან. ჩვენი ინფორმაციით, იქ დასაქმებულთა უმრავლესობა თავს მონებად გრძნობს. მუშების თქმით, ირღვევა შრომითი ხელშეკრულებები, გარდა ამისა, საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლეს. დავინტერესდით, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ, რა ან ვინ უქმნის მათ სიცოცხლეს საფრთხეს. ,,მეტი რაღა გინდათ, კაცს უთხრეს ე.წ ,,მეშალკა~ ამოწმინდეო, ისიც ჩავიდა და ერთ-ერთმა ჩინელმა, არ ვიცი განგებ თუ განზრახ, ჩაურთო მანქანა, რომ არა იქვე მდგომი ქართველის მყისიერი რეაქცია ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა~ _ ამბობს თვითმხილველი. მეორემ გაიხსენა, თუ როგორ გამოუშალა სიმაღლეზე მომუშავე ქართველს ჩინელმა კიბე, რის შემდეგაც სიცილით ირთობდნენ თავს. ზოგიერთს კი დღიურ ანაზღაურებას მხოლოდ იმიტომ აკლებენ, რომ რამდენიმეტონიანი სიმძიმე ვერ გადაადგილა. პრობლემაა დამატებითი სამუშაო საათები, რომლის შესრულების შემდეგ მუშები ვერ (არ აძლევენ) იღებენ შესაბამის სარგოს. სხვათა შორის, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებამდე კომპანიის შეფებს უკითხავთ _ რამდენია ნორმალური ანაზღაურება, დამხვდურებს უპასუხიათ, 250 ლარიო, ხოლო ჩინელებმა `კეთილი ნება~ გამოიჩინეს და 200 ლარი დაამატეს, ისიც თუ ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებდა მუშა. ასევე ამბობენ, კომპანიაში სოლიდურად ჩაცმული ქართველი მამაკაცი მისულა, ძვირადღირებული მანქანით და უკითხავს, ვინმე ხომ არ გაწუხებთო, თუ ვინმემ გაბედოს მე მითხარით და აქ ვარო. ანუ რა გამოდის, ჩინელების ასეთ დამოკიდებულებას ზურგს ქართველების მხარდაჭერა უმაგრებს, ისინი ვინც ამ მფარველობაში არცთუ პატარა თანხას იღებენ. `ნუთუ პატრონი არ გვყავს, სადაა პროფკავშირები, ან მთავრობა. გვიჭირს და ვითმენთ, მაგრამ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს, იმის შიშით, რომ ეს მონური სამუშაოც არ გვექნება, ენა ვერ ამოგვიღია. იტყვით, წამოდი მერეო, მაგრამ რა ვუყოთ მშიერ ცოლ-შვილს, ეს 15 ლარიც შვებაა ჩვენთვის~ _ აცხადებენ ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ლანჩხუთელები. ,,ჰო და არამ~ ისიც გაარკვია, რომ კომპანიაში შექმნილია ე. წ `შავი სია~, რომელშიც შეყვანილი პირები ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ სამუშაოზე. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ-ერთ მათგანს დავხმარებოდით სიტუაციის გარკვევაში. მისი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა, ის დასაქმებული იყო კომპანიაში, საიდანაც აღებული ანაზღაურებით ფარავდა ბანკის ვალს. თუმცა ბოლო პერიოდში მისი სამუშაო პირობები აუტანელი გახდა, რის შესახებაც მან მორიდებულად მოახსენა ადმინისტრაციაში, ამის შემდეგ ის მალევე დაიბარეს, გაუსწორეს ანგარიში და გაუწყვიტეს კონტრაქტი, მიზეზად კი ზედმეტი კითხვების დასმა წაუყენეს. ეს ახალგაზრდა დარჩა გამოუვალ მდგომარეობაში, ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშე. ის უკვე იმ გაუარესებულ პირობებში მუშაობაზეც თანახმა იყო და დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა. `ჰო და არას~ კითხვაზე _ თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ამ ადამიანის აღდგენა სამუშაოზე, ჩინელებს თავდაპირველად პასუხი არ ჰქონდათ, ცოტაოდენი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს ჩვენთვის ეთქვათ, რომ თურმე ეს ახალგაზრდა ჩქარი ტემპით ვერ მუშაობდა. არადა, ყველა მის შრომისმოყვარეობაზე მიუთითებდა. როგორც იტყვიან, ქვასავით შეუვალები არიან და მათ მიერ ჩამოწერილ `შავ სიას~ დიდ პატივს ცემენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავიანთი იმპერია აქვთ შექმნილი, როგორც უნდათ ისე იქცევიან და კაციშვილი პასუხს არ(ვერ) თხოვთ... ამ ვითარებიდან გამოსავალი რომ რთული იქნება ფაქტია, ჩვენი რაიონის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. `ჰო და არამ~ გადაწყვიტა მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან გაერკვია რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება არსებულ სიტუაციაზე, როგორ აპირებს დაიცვას თავისი მოქალაქეები. _ ბატონო ზაზა, ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ლანჩხუთელები გაუსაძლის პირობებზე ჩივიან, მათი თქმით პრობლემაა, როგორც არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, ასევე ცუდი დამოკიდებულება ჩინელების მხრიდან, საუბარია უამრავ მძიმე ფაქტზე. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათი უფლებები დაცული იყოს? _ სიმართლეს გეუბნებით, არავის ჩვენთვის არ მოუმართავს მსგავსი პრობლემის გამო. კი ბატონო, კულუარულად შეიძლება მეც გავიგო რაღაც, მაგრამ საჭიროა ოფიციალურად მომმართონ. ვუშუამდგომლებ ამ ადამიანებს შესაბამის სამსახურებთან, გავაგზავნი წერილს საგზაო დეპარტამენტშიც. მოვიწვევ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ამისთვის მე მჭირდება დადასტურებული ფაქტები. გჯეროდეთ, გამგებლობას კი არა, ყველაფერს შევწირავ იმას, რომ ჩაგრულ და მონურ ყოფაში არ იმყოფებოდნენ ლანჩხუთლები იმ კომპანიაში. თუმცა ხდება ისეც, რომ ჩვენი თანამოქალაქეებიც არღვევენ ხოლმე ხელშეკრულების პირობებს, აგვიანებენ, აცდენენ, ან უბრალოდ არ მუშაობენ. ასე რომ, კარგად უნდა შევისწავლო თითოეულის საკითხი. - სამწუხაროდ, უმეტესი მათგანი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ შესაძლოა კომპანიიდან დაითხოვონ... _ თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ მათ და ვეტყვი, რომ ვაძლევ თითოეულ მათგანს სრულ გარანტიას, ვერავინ დაითხოვს იმ მიზეზით, რომ მათ სიმართლე თქვეს. სულაც არ ვეტყვი ჩინელებს თავდაპირველად მათ სახელებს და გვარებს, მთავარია ეს პიროვნებები არ ტყუოდნენ. ზოგადად ძნელია ადამიანს დაეხმარო, რომელსაც არც მწვადის დაწვა უნდა და არც შამფურის. ჩემის მხრივ პირობას გაძლევთ გვერდით დავუდგები ყველას, ვინც მოგვმართავს და დაგვეხმარება სიმართლის დადგენაში. აგრეთვე მზად ვართ, პრესაც ჩავაყენოთ საქმის კურსში და ყველამ ერთად განვიხილოთ არსებული პრობლემა... `ჰო და არა~ მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ სკანდალურ მასალას კომპანიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0