აქ ჯერ კიდევ 1873 წელს გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. ყოველ 23 მაისს იმართება სოფლის დღესასწაული ,,ჩიბათობა“. ასევე 1976 წლიდან 5 აპრილს იკრიბებიან და მიცვალებულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. აქ განვითარებული იყო მეჩაიობა, მეცხოველეობა, აქაური კოლმეურნეობა მოწინავეთა შორის იყო. სოფლის უხუცესები ამბობენ, რომ იმ ,,ავად სახსენებელ“ კომუნიზმში თითქმის ყველა დასაქმებული იყო. კულტურის სახლი აქტიურად და მრვალფეროვნად მუშაობდა, დღეს საერთოდ არ არსებობს სოფელში ეს ინსტიტუტი. სხვათა შორის, სპორტული აქტივობითაც გამოირჩეოდა ეს სოფელი, აქ ლანჩხუთიდან დადიოდნენ ფეხბურთის საყურებლად, ლანჩხუთის ,,გურიის“ სათადარიგო გუნდი `ჩიბათი~ მაშინ საკმაოდ წარმატებულად გამოდიოდა. სოფელში დგას ახალი სკოლა, რომელიც 2012 წელს აშენდა, აქ მართლაც დიდებული სტანდარტებია, მაგრამ სპორტდარბაზი არა აქვს სკოლას, რასაც ძალიან განიცდიან და იმედი აქვთ, რომ მალე ექნებათ თანამედროვე დარბაზი, რაზეც სიტყვიერი დაპირება აქვთ მიღებული. სკოლაში 172 მოსწავლე ირიცხება, რომელთა უსაფრთხოებაზეც პედაგოგებს უწევთ ზრუნვა. ვგულიხმობთ, რომ სკოლასთან, რომელიც ტრასასთან ახლოს მდებარეობს, გზაზე არ არის ავტომობილთათვის შემაფერხებელი ბარიერი. სოფლის მოსახლეობის თქმით, ისინი დიდი ხანია ითხოვენ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა ე.წ ,,მწოლიარე პოლიციელის“ დაყენება. სკოლის დირექტორის, მამუკა იმნაიშვილის თქმით, მოსწავლეებისთვის ნამდვილად შექმნილია იდეალური გარემო, ამას თუ სპორტდარბაზიც დაემატება, ბედნიერები ვიქნებითო. ჩვენს მუნიციპალიტეტში დიდ იშვითობას წარმოადგენს ბაღის სტანდარტული შენობა, მაგრამ ჩიბათლებს აქვთ ამის ფუფუნება, თუმცა ბაღში ჩასატარებელია შიდა რემონტი. ბაღის გამგის, ნანა სარჯველაძის თქმით, არის დაპირება, რომ ეს პრობლემაც მოგვარდება, რაზეც დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემაც განაცხადა, რომ მართლაც ჩასმულია პროგრამაში. ბაღში 51 ბავშვი დადის, რომლებსაც კარგი პირობები აქვთ შექმნილი. სოფლის ცენტრში დგას სიმონ კანანელის სახელობის ეკლესია. სამწუხაროდ, ეკლესიის მახლობლად მდებარე ყოფილი კულტურის სახლი, როგორც მოგახსენეთ, აღარ არსებობს. იქვეა ,,კოოპერატივი ჩიბათის“ ჩაის საწარმო. მართალია, ზოგან მოხრეშილია შიდა გზები, თუმცა უმრავლეს ადგილას არცთუ კარგი მდგომარეობაა. ზოგიერთი ამას უცოდინარობას აბრალებს. მათი თქმით, გრეიდერმა გზა კი არა, კვლები გააკეთა. პრობლემაა გარე განათებაც. პენსიონერის ეთერ კუკულაძის თქმით, დიდი ხანია იბრძვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გადააგზავნეს კიდეც წერილი ენერგეტიკის სამინისტროში უამრავი ხელმოწერით, სადაც მიუთითეს, რომ ითხოვენ გარე განათებას და ბუნებრივ აირს. მისივე თქმით, ძალიან ბევრი იბრძოლა წყლის გამოყვანაზეც. განათებაზე მოთხოვნა გამძაფრებულია ხშირი ავარიების გამო, აქ მართლაც ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ. ადგილობრივები შიშობენ, რომ სოფლის ბოლოს, გზისკენ გადახრილი უზარმაზარი ხე კარგს არაფერს მოუტანთ. უკვირთ, რატომ არ მოხდა აქამდე ამ ხის მოჭრა. ეთერ კუკულაძე ასევე რაიონის დეპუტატის დამოკიდებულებითაც უკმაყოფილოა. როგორც ის ამბობს, როდესაც გარე განათებისა და გაზის პრობლემის შესახებ მოახსენა, მისგან პასუხი მიიღო, რომ ყველაფერს ვერ მოაგვარებდა. ჟანი კობალავა, რომელიც 11 წელიწადი თავმჯდომარეობდა საბჭოს, წუხს, რომ კერძო საქმეს არა აქვს არანაირი ხელშეწყობა, ხოლო თავის მხრივ ხალხის მხრიდანაც დაიკარგა მუშაობის სურვილი. ,,თუ არ ექნა კერძო საქმის მხარდაჭერა, არაფერი გამოვა. აგერ, მაგალითად გელა ზოიძემ დაარსა კოოპერეტივი `ჩიბათი“, წვალობს ის კაცი, დარბის, იძიებს სახსრებს, მუშახელს. ყოფილა შემთხვევა, მამათიდანაც მოუყვანია ხალხი. რატომ? იმიტომ, რომ ადგილობრივი არ მუშაობს. ჩემი თავმჯდომარეობის დროს დაფიცება შემიძლია, ვერ ნახავდით უმუშევარ ადამიანს, ახლა დასაქმებულს ვერ ნახავთ. იყო დრო, ჩიბათის ფერმიდან დღეში სამი ტონა ყველი ბარდებოდა. ხალხი რაიონის სხვადასხვა საწარმოებში იყო დასაქმებული, ავტობუსები ვერ აუდიოდა მათ გადაადგილებას. დღეს ძალიან უჭირს სოფელს, კარგი იყო ის სამწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც უფასოდ ხნავდნენ და თესავდნენ გლეხები. წელს ესეც დიდ ტვირთად დაგვაწვება. იმიტომ, რომ არა აქვს გლეხის ნაშრომს ფასი და აღარც გლეხი იკლავს მუშაობით თავს. წყლის პრობლემა რატომ უნდა იდგეს, ჭაბურღილი მე თვითონ დავდგი, 40 მეტრზე დაარტყა წრე ცხონებულმა კუკულაძემ, რომელიც ლაშისღელელი იყო. რა ვიცი, ყველაფერს სიყვარულით მიდგომა სჭირდება და იქნებ გვეშველოს“ _ გვითხრა მან. სოფელში ბევრია ისეთი ოჯახები, რომლებიც თვლიან, რომ იმსახურებენ სოციალურ პაკეტს, თუმცა არა აქვთ. ასევე, ბევრ მათგანს აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემა, მათი ფინანსები ვერ წვდება ძვირადღირებულ მედიკამენტებს. რაც შეეხება დასაქმებას, ისევ და ისევ თურქეთი, თან უბედურება ისაა, რომ სიამოვნებით გარბიან, რათა ოჯახები არჩინონ. სოფელში იმედით ელოდებიან, იქნებ სოფლის მხარდამჭერი პროგრამა უფრო ეფექტური გახდესო. ინფრასტრუქტურაში არის საინტერესო ძვრები, თუმცა სოციალური კუთხით, ისევე როგორც სხვა სოფლებში აქაც მძიმე მდგომარეობაა. ისე, ჩიბათში აღმოჩენილია განძი, რომელიც ჩფლული იყო მეშვიდე საუკუნის 20 იან წლებში, იქნებ კიდევ გაუმართლოთ მათ. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0