ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თანამედროვე ნიკოლოზები და სახელფასო დანამატები

თანამედროვე ნიკოლოზები და სახელფასო დანამატები
19-04-2017, 00:00

არ ვიცი, რამდენად გადაატრიალეს მეცხოველეობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში და კიდევ ვინ არის იქაური ნიკოლოზი, მაგრამ ფაქტია, ჩატარებული სამუშაოების გამო აღნიშნულ შენობაში სააღდგომოდ პრემიები დარიგდა. მართალია, ფულმიღებულები ამბობენ, ეს პრემია არ არის, სახელფასო დანამატია, ისიც ნახევარი თვისო, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, ჩინოსნები ბიუჯეტის ხარჯზე კარგად ცხოვრობენ. თითქმის დღე არ გავა ჩვენს რედაქციაში ზარი არ შემოვიდეს, ან პიროვნება არ გვესტუმროს, რომელიც გაჩერებულ ქვეყანაზე წუწუნებს, სადაც მხოლოდ ხეების მოძრაობა შეინიშნება და ჩვენს დამყაყებულ გარემოს მისი ფოთლების შრიალი თუ აცოცხლებს. 5 წელია ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყანაში. ამ 5 წლის მანძილზე რამდენი არჩევნები ჩატარდა და რამდენი დაპირება გაიცა. თურმე ჩვენ ვერ ვხედავთ, თორემ ქვეყანა განვითარებას ჩქარი ტემპებით ახერხებს და ამიტომაც სახელფასო დანამატების გაცემა უპრობლემოდ შეიძლება. ეს იმ რაიონში ხდება, რომელიც გასულ წელს ყველაზე ღარიბი რაიონების გვერდით მოხდა და რომლის საკრებულოს სხდომებზე გვესმის, რომ ბოლო წლებში 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს იმ რაიონში ხდება, რომლის საკრებულოს წევრები ღიად საუბრობენ, რომ წლიური ბიუჯეტი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და გეგმის შესრულებას ვინ ამბობს, სესკვესტრ–სეკვესტრზე ახდენენ. ეს არის ის რეალობა, რაშიც დღეს ლანჩხუთი ცხოვრობს და ჩინოსნები დანამატებს იღებენ. უარს არ ამბობენ, ზემოთ თქმული ნიკოლოზის არ იყოს, ზრუნავენ ქვეყნის მშენებლობაზე და საქმე–საქმეზე რომ მიდგება, რაც გვაქვს აშენებული და გაკეთებული კარგად ჩანს. დღეს ლანჩხუთელების უმეტესობა იმ ჩინელების იმედად არიან, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, ასაქმებენ ადამიანებს. ერთი პროტესტი ან იმ საშინელი სამუშაო პირობების მიმართ შენიშვნა და ყველას სახლში უშვებენ. ლანჩხუთელებს იმაზე ნაკლებს უხდიან, ვიდრე სხვებს. ესეც აგდებაა, მაგრამ ვინ არის პატრონი?! ჩინოსნებს არ სცალიათ, მუშაობენ და ამ მუშაობასაც აფასებენ საკუთარი თავისთვის. კარგია წახალისება, მაგრამ ყველას ერთდროულად მისცე ეს წახალისება, მაშინ როდესაც გამგეობასა და საკრებულოში ასობით წერილია შესული იმ ადამიანებისა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, ცოტათი უხერხულობას კი უნდა ჰქმნიდეს. შემდეგ როცა ამ განცხადებებს განიხილავენ, 300 ლარით თუ დაეხმარენ რომელიმეს ეს მაქსიმალური ზღვარია. ჩვენს ქვეყანაში უხერხულობად დღეს ის ითვლება, რომ აშენებულ–გაკეთებულს ვერ ვხედავთ თურმე, თორემ ისე ისეთ ლამაზი გარემო–პირობებში ვართ სააღდგომოდ კი არა, ყველა კვარტლის ბოლოს უნდა ვარიგებდეთ ჩვენი ჯიბეებიდან წასული გროშებით სანახევროდ შევსებული ბიუჯეტიდან დანამატებს. ისე, იმ ნიკოლოზს, ორკესტრი მაინც ჰქონდა შეძენელი, აქ ვინმე არ არის, რომ ეს გაითვალისწინოს?!

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა