ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`აქ, სადაც იმყოფები, არ ხარ ამათი, როცა საქართველოში ჩადიხარ, იქაც არ ხარ იმათი~

`აქ, სადაც იმყოფები, არ ხარ ამათი, როცა საქართველოში ჩადიხარ, იქაც არ ხარ იმათი~
3-04-2017, 00:00

ადამიანები გაურბიან არასტაბილურ ცხოვრებას, დიქტატურას, ომს, დამამცირებელ სამუშაო პირობებს. თუ საქმე გვაქვს რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებთან, მით უფრო დამანგრეველია ქვეყნებისთვის. საქართველოში მიგრაციის პრობლემა დიდი ხანია დგას, თუმცა საშიში ფორმები ბოლო წლებში მიიღო. საგანგაშო ინფორმაციებს ავრცელებენ სხვადასხვა დემოგრაფიული ფონდები. მათი კვლევების შედეგად ირკვევა, რომ 2002 წლიდან დღემდე მოხდა საქართველოს მოსახლეობის 15-პროცენტიანი კლება, კონკრეტული ციფრები კი ასეთია – იყო 4 371 535 და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 3 713 800 ადამიანია ქვეყანაში. `ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის~ მტკიცებით, თუ მოვლენები ისევე წარიმართა, როგორც ბოლო 20 წელიწადში, ან გაუარესდა, მაშინ 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონს ჩამოსცდება და დაახლოებით 2 985 000 შეადგენს. კარგად ვიცით, რომ `მიგრატიო~ ლათინური სიტყვაა და გადაადგილებას, გარკვეული დროით გადასახლებას ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ ქართველთათვის ეს `სამუდამოდ~ იქცა. ეს ნამდვილი ტრაგედიაა, უფრო უარესი კი ისაა, რომ თითქმის ერთადერთი გამოსავალია. გაეროს უმაღლესი კომისარიატის დასკვნაში წერია, რომ საქართველო პირველ ადგილზეა საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლის მსურველთა ზრდის ტემპით. რა თქმა უნდა, მიგრაციის ზრდა უკავშირდება ქვეყანაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს, ეკონომიკურ-სოციალურ პრობლემებს, ფსიგოლოგიურად მძიმე პირობებს. ხელისუფლებათა არაეროვნული მიდგომა, უგულისყურობა, სამუშაო ადგილების ვერ(არ) მიცემა, აიძულებს ჩვენს თანამემამულეებს უარი თქვან თავიანთ სამშობლოზე და გაურკვეველი დროით გადაიხვეწონ უცხოეთში, მოითხოვონ თავშესაფარი და ეძებონ სტაბილური სამუშაო. სამწუხაროდ, ძალიან მომატებულია ქალთა მიგრაციაც. მართალია, ამან ნაწილობრივ მოაგვარა მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ დედის, ბებიის მაგივრობას სახლში დარჩენილებს ვერავინ გაუწევს. იქმნება ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც შემდგომში კონფლიქტებს იწვევს ოჯახებში. ბევრი ახლობელი მყავს საზღვარგარეთ, რომლებსაც პატარა შვილები, და-ძმა, დედ-მამა ჰყავთ დატოვებული სამშობლოში. თავად ვიცი, რა ძნელია იყო მიგრაციაში, მეც ბოლო 7 წლის მანძილზე ყველა ზაფხული თურქეთში მაქვს გატარებული, იქ დასასვენებლად ნამდვილად არ დავდივარ. ამაზე მოგვიანებით, ახლა კი გაგაცნობთ რუსეთში მცხოვრებ ქართველი ემიგრანტის, ბიჭიკო კვაჭაძის (25 წელზე მეტია, ემიგრაციაში იმყოფება) გამოგზავნილ წერილს: `საბჭოეთის დანგრევამდე არ ვთვლიდი თავს ემიგრანტად, თუმცა ძალიან მიჭირდა მშობლიური ქვეყნის გარეთ ყოფნა, ჩემი განცდები მქონდა და მაქვს. ვიყავი ჩემი სურვილით წამოსული უცხოეთში სასწავლებლად, პროფესიის დასაუფლებლად. განათლების მიღების შემდეგ გამანაწილეს კიდევ უფრო შორს. საქართველოში ჩემი დაბრუნება შეუძლებელი გახდა დროის გარკვეულ მონაკვეთში. მახსოვს, როცა ახლად სკოლადამთავრებულმა გამოვიარე დარიალის ხეობა, ჩავისუნთქე ქართული ჰაერი, ერთხელაც კი არ გამიფიქრია – ,`სამშობლოვ, დიდხანს გტოვებ-მეთქი~. სულ მალე დავიწყე ურთიერთობა სხვა ერისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, ვეზიარე მათ კულტურას, ადათ-წესებს, სამზარეულოს. აი, მაშინ წარმოიშვა ჩემში სხვანაირი გრძნობა, ემიგრანტული. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ღვივდებოდა სიყვარული და ნოსტალგიური გრძნობა. მინდოდა დავმჯდარიყავი ჩემს საყვარელ კერასთან, ბუხართან, მეჭამა მჭადი და ყველი, მეტი ბედნიერება არ მჭირდებოდა. როცა ტელევიზორს ვუყურებდი, ან პრესას ვკითხულობდი, გავიგებდი თუ არა რაიმეს საქართველოზე, გული სხვანაირად მიცემდა, მთელი ყურადღება სამშობლოზე გადადიოდა. ძალიან ცუდი `პროფესიაა~ ემიგრანტობა. მახსოვს ერთმა მეგობარმა მითხრა სუფრასთან : `აქ, სადაც იმყოფები, არა ხარ ამათი, როცა საქართველოში ჩადიხარ, იქაც არა ხარ იმათი! ასე როგორ შეიძლება, ვინ დაგწყევლაო?~ – თავი ჩავღუნე. ემიგრანტი ყოველთვის დაძაბულია და ყოველ წუთს ელოდება, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებას მოაწყობენ, წაართმევენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ჩასჭიდებია. ყოველთვის უწევს იმის მტკიცება, რომ `აქლემი არ არის“. ყველა ქვეყანაში ჭირდებათ ხალხი შავი სამუშაოებისათვის, იქ, სადაც ადგილობრივი არ იმუშავებს. უმეტესი ემიგრანტის ხვედრია ცოცხი ხელში, ქუჩების დასუფთავება, რეცხვა, მომვლელობა და ა.შ. ბევრი შეეჩვია ამ სიტუაციას, მაგრამ არიან ემიგრანტები, რომლებსაც აქვთ ამბიცია, წარმოადგენდნენ საზოგადოების მაღალ ფენას, გამომდინარე თავისი განათლებიდან და გონიერებიდან. მიიღეს უმაღლესი განათლება, შეისწავლეს ადგილობრივი კანონმდებლობა, მაგრამ ემიგრანტი მაინც იჩაგრება. საფინანსო სფეროში ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას, რადგან კონკურსები, გასაუბრებები ყოველთვის მის წინააღმდეგაა. ასეთ წნეხში ყოფნის დროს, შენ უნდა შეინარჩუნო შენი ქართველობა, ღირსება, მეობა... ვინაიდან შენი წაქცევა ნიშნავს ბევრის დანგრევას, უნდა გახსოვდეს სიტყვები, რომელიც დარიალის ხეობაში, წამოსვლის წინ წაიკითხე, ზევით მთაზე: `გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!“. უნდა გახსოვდეს ილიას სიტყვები მგზავრის წერილებიდან: `იცით, ეს ოთხი წელიწადი, რა ოთხი წელიწადია?“ უფლება არ გაქვს შეგეშალოს, შენ გიყურებენ, გაკვირდებიან, დასკვნა გამოაქვთ არა მარტო შენზე, არამედ მთელ ერზე. ამიტომ ვამბობ, ემიგრაციაში ცხოვრება – ეს ,`პროფესიაა~. სამწუხაროდ, ბევრი ემიგრანტი სახელსაც უფუჭებს საქართველოს, მაგრამ ეს სხვა თემაა, სიყვარულთან არ არის კავშირში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ემიგრანტები ბრძოლის ველზე წინა ხაზზე არიან!!!“ რა საკვირველია, მე ბატონი ბიჭიკოს დარი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი ამ საკითხში, მაგრამ შევეცდები ნათლად დაგანახოთ მიგრაციის გამომწვევი მიზეზები და საფრთხეები. როგორც აღვნიშნე, უკვე 7 წელია ტრადიციად მექცა ზაფხულის თურქეთში გატარება, რაც კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. პირველად იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ მსურდა უმაღლესი განათლება მიმეღო, რისთვისაც გარკვეული ფინანსები იყო საჭირო. მოხდა ის, რაც უამრავი ქართველის შემთხვევაში _ `ფინანსური გასაჭირი“ ყოველწლიურად დგება, ვინაიდან ჩვენი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სტუდენტის მომავალს, გლეხის ხელშეწყობას, მუშის დასაქმებას... ვინც ემიგრაციაში სამუშაოს ძებნის მიზნით არ ყოფილხართ, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ წასვლას გადაწყვეტთ. მიუხედავად ქვეყანაში არსებული გაჭირვებისა. იქ ნამდვილად არაა სახარბიელო გარემო შექმნილი ქართველისათვის, ყველას იაფი მუშახელი სჭირდება, თავდახრილი, ყველაფერზე `თავის ქიცინა“ ადამიანები. მშვენივრად ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს და შესაშური ნიჭიერებით იყენებენ ამ მომენტს. სარფში, საზღვარზევე მიხვდები რა გელოდება თურქეთში გადასულს. ადამიანი რომ კვდებოდეს, რიგს არავინ დაუთმობს, მიდის ვაჭართა გადაძახილი, სირბილი, ჩანთებში კონტრაბანდის ჩატენვა. იხილავთ სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, მებაჟეებთან მიახლოებისას მლიქვნელურ ღიმილს რომ გადაიკრავენ სახეზე (რათა ჩხრეკა აიცილონ თავიდან). არანაირი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მთავარია _ საქმე გააკეთონ. დიახ, ესენიც ,,ქართველები“ არიან, ასეთებად აქცია საკუთარმა ქვეყანამ... საზღვრიდან არც ისე შორსაა პატარა ქალაქი, სადაც მე დავდივარ. პატარა საქართველო გეგონებათ, აქ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან არიან ჩასულები, თუმცა აჭარა და სამეგრელო განსაკუთრებული მრავალრიცხოვნობითაა წარმოდგენილი. სამუშაო ,,ბირჟაზე“ ყოველ დილით, 1000 კაცზე მეტი ელოდება ,,კლიენტს“, რათა დღიური ანაზღაურება გამოიმუშავოს. დანარჩენს, ვინც `ბირჟაზე“ არ გამოდის, უკვე წლებია გარკვეული აქვთ სამუშაოს ამბავი და სირისტიან ოთახში გამოკეტილნი `ამაყად“ ელოდებიან თურქ დამსაქმებელს. ზოგი ჩაიში მუშაობს, ზოგი თხილს კრეფს, ვაჭრობს, უვლის მოხუცს, სახლს, სამრეცხაოშია დილიდან საღამომდე, მაგრამ არიან ისეთებიც (არცთუ ცოტანი), რომლებმაც ასეთ მძიმე სამუშაოს პროსტიტუცია ამჯობინეს. ნაწილი ამას `ლეგალურად აკეთებს“, ნაწილი არალეგალურად. ლეგალურში ვგულისხმობ `ქართველ ცოლებს“, დღეს ხომ ყველა მეორე თურქს ქართველი ქალი ჰყავს ცოლად. რა თქმა უნდა, სიყვარულითაც ქმნიან ოჯახს _ იშვიათი გამონაკლისები, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ანგარების გამო (გინდ გაჭირვება დაარქვით) დგამს ამ ნაბიჯს. შეხვდებით დედაბუდიანად წამოსულ ქართულ ოჯახებსაც, შიმშილს, სიღატაკეს, უსამართლობას რომ გამოქცევია თავისი მიწაწყლიდან. `საჯიშე ქართველობა“ აქ (საქართველოში) რომ კაზინოებში ათენებენ, სხვდასხვა ღამის კლუბებში ერთობიან, ვერ გარკვეულან რომელი ნარკოტიკული საშუალება სჯობია, იქ – უცხოეთში, ჩვენი ახალგაზრდები – ჩაიში, თხილში, სამრეცხაოზე, მღებავად, მრეცხავად, მეეზოვედ მუშაობენ, რათა როგორმე თავი და ოჯახი არჩინონ. ასე რომ, მეგობრებო, უცხოეთში თქვენ არ დაგხვდებათ სასტუმროს აპარტამენტები, რესტორანში გაშლილი სუფრა, დიპლომატიური სამსახურები, არც თავზე გადაგყვებათ მასპინძელი, თუ ვერ გამოგიყენა. სისხლის და ოფლის ფასად მოიპოვება თითოეული თეთრი. როგორ შევაჩეროთ მიგრაცია? – კიდევ მეტი უნდა ვისწავლოთ, განვვითარდეთ, დავანახოთ ჩვენს სახელმწიფო მმართველებს, რომ ის მეთოდები, რომელსაც იყენებენ მართვის მექანიზში, არაეფექტურია და გამოუსადეგარი. როცა ამდენი იძულებით გადაადგილებული მოქალაქე გყავს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუკი ჩვენს ქვეყანაში უამრავი ჩინელი, ინდოელი, პაკისტანელი, ნიგერიელი ჩამოდის და იმკვიდრებს თავს, რატომ არ შეიძლება ჩვენივე თანამემამულენი დარჩნენ სამშობლოში და არ იყვნენ უცხოელების ნება-სურვილზე დამოკიდებულები. გვაქვს რესურსი საიმისოდ, რომ ის შემაშფოთებელი ციფრები, რომელსაც გავლენიანი ფონდები დებენ, სასიკეთოდ შევცვალოთ. ამისთვის საჭიროა, სახელმწიფომ იცოდეს, რა სჭირდება ხალხს და ხალხმა იცოდეს, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მათ წინაშე. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს კერძო საქმის განვითარებას, უნდა ხდებოდეს სესხების გაცემა შეღავათიან პირობებში, უნდა შემცირდეს საგადასახადო ტარიფები... თუ არ მოხდა სახელმწიფოებრივი, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება (პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან), მაშინ ძალიან მალე ნამდვილი კატასტროფის წინაშე დავდგებით, თუმცა მე მიმაჩნია, უკვე ზღვარზე ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში სულ 59 მუნიციპალიტეტია და აქედან 36-ში უფრო მეტი მოქალაქე კვდება, ვიდრე იბადება! როგორც დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე ამბობს: ,,ქართველი ერი ყოფნა–არყოფნის საფრთხის წინაშე დგას და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ თავი დავაღწიოთ ფიზიკური არსებობის შეწყვეტის საშიშროებას!!!“ თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა