`ჰო და არას~ მკითხველი ინფორმირებულია, რომ 2016 წლის 23 ივნისს ხანძარმა ჩვენი თანამშრომლის, რუსუდან მანაგაძე-წულაძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება. შესაბამისად, მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა _ არ აქვთ საშუალება საკუთარი ძალებით საცხოვრებლად თუნდაც მინიმალური პირობები შეიქმნან. თავის დროზე, დაზარალებულმა დახმარების თხოვნით მიმართა არაერთ სახელმწიფო უწყებას. მხოლოდ ადგილობრივმა გამგეობამ გაუწოდა დახმარების ხელი, თუმცა ეს დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი ვერ იქნებოდა. სხვა უწყებიდან პასუხიც არ მოსულა და უკვე აღარც ველოდებით, რადგან სტიქიიდან 7 თვეა გასული. რუსუდან წულაძემ მიმართა ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციას, საიდანაც მოვიდა წერილობითი პასუხი! ეს არის დაზარალებულის აბუჩად აგდებისა და დაცინვის ნიმუში! სტიქიიდან 7 თვეა გასული და ნახეთ, რას პასუხობს სამხარეო ადმინისტრაცია რუსუდან წულაძეს!!! `გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადების შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია. იმ შემთხვევაში, თუ კომისია დადებითად გადაწყვეტს განცხადებაში აღნიშნულ საკითხს, მისი დასკვნის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის შუამდგომლობა გადაეგზავნება სსიპ `ეროვნულ სატყეო სააგენტოს~. `ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #42 დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი 1 მაისამდე მიმართავს სააგენტოს რეგიონისათვის კონკრეტული მოცულობის ტყე-კაფის გამოყოფის თხოვნით, ხოლო სააგენტო პასუხს გვაცნობებს არაუგვიანეს 1 სექტემბრისა~ _ ნათქვამია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ რუსუდან წულაძისადმი გამოგზავნილ წერილში. ვერაფერს იტყვი! გამოდის, რომ დაზარალებულს სამხარეო ადმინისტრაცია `ჰპირდება~, რომ ან დაეხმარება, ან ვერა და თუ დაეხმარება, ესეც აქედან 6-7 თვეში!!! რა თქმა უნდა, ეს არაა მხოლოდ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ბრალი _ კანონმდებლობაც ისეთია, რომ ის არ იძლევა საშუალებას, დაზარალებულმა დროულად ისარგებლოს დახმარებით. ეს კანონი, როგორც პასუხიდან ჩანს, წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული. ასეთი კანონების გამო, ქართველმა ხალხმა `ნაცხელისუფლება~ პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვა, ახალ ხელისუფლებას კი ჯერ სათავისოდ მოსარგები კანონები აქვს მისაღები და ალბათ, ისე გაუყვება წინამორბედის გზას, რომ გაჭირვებულ რიგით ადამიანებზე საფიქრალად დრო არ დარჩება... ჩვენ ისევ კეთილი ადამიანების იმედზე ვართ. ხელისუფლებისგან დაცინული დაზარალებულის დასახმარებლად `ლიბერთი ბანკში~ გახსნილია ანგარიში: GE67LB0711140927845000, მიმღები: ნაზიბროლა მანაგაძე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც ფულადი, ასევე სხვა სახის დახმარება ქალბატონი რუსუდანისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 108080 ან მობრძანდით ჩვენს ოფისში, ქ. ლანჩხუთი, კვირკველიას ქ. #22
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0