ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თხილის უხარისხო მოსავალმა ფასი საგრძნობლად შეამცირა

თხილის უხარისხო მოსავალმა ფასი საგრძნობლად შეამცირა
14-02-2017, 00:00

ამას ის ფაქტის განაპირობებს, რომ ევროპის ბაზარზე საქართველოში წარმოებულ თხილს ფასი დაედო და შესაბამისად უფულო გურულებმა გამოსავალს თითქოს მიაგნეს. ევროპაში თხილი ძვირად ფასობს, მაგრამ გურიაში მისმა ფასმა კარგა ხანია `ჩაილურის წყალი დალია~. უკვე მეორე წელია, რომ `სტაბილურად~ 4-5 ლარზეა გაჩერებული და ხელისუფლებამ თუ რაიმე არ წაახმარა, შესაძლოა გურულების ოცნება, პაწაი ფული ჩვენს ჯიბეშიც გაჩნდებაო, დასამარდეს! ამ ყოველივეს ემატება ათასი მანვებლების შემოტევა და ისედაც ცუდ დღეში ჩავარდნილი თხილის მეპატრონის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურმა საკმაოდ საინტერესო წერილი გაავრცელა, სადაც საუბარია ჩვენს რეგიონში თხილის წარმოების განვითარებაზე: `გურიაში და მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც თხილის წარმოება საგრძნობლად განვითარდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. თხილის პლანტაციამ 2000 ჰა მიაღწია. მიმდინარეობს 3000 ჰა-მდე ფართობების ტყე ბუჩქნარებისგან გაწმენდა, გასუფთავება და პლანტაჟი, რომელზეც ახალი პლანტაციები უნდა გაშენდეს. ქვეყანაში 60-650 ათასი ტონა თხილი იწარმოება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 3000-3200 ტონამდე. საშუალოდ 1 ჰა-ზე თხილის საშუალო მოსავალი ადგენს 1,6-1,7 ტონას. თუმცა ჯიშების შერჩევისა და ინტენსიური ტექნოლოგიის ხარჯზე საშუალო მოსავალმა შესაძლებელია 2,8-3,5 ტონამდე მიაღწიოს~. როგორც ცნობილია, თხილის ევროკავშირის ქვეყნებში გატანას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამისთვის კი მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი: `1. თხილის ბაღის გასაშენებელი ნაკვეთის საველე და ლაბორატორიული შესწავლა; 2. ნიადაგის დამუშავება-მომზადება; 3. ნიადაგის განოყიერება; 4. პლანტაციის გაშენებამდე პლანტაციის მოწყობა; 5. ბაღის გაშენება, სხვლა ფორმირება; 6. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და სხვა. გასულ წელს თხილის მოსავლიანობის რაოდენობასა და ხარისხზე განსაკუთრებით იმოქმედა მავნებელ-დაავადებებმა, რომლებმაც პლანტაციების 70-80% დაფარა. ყოველივე ეს აისახა თხილის რაოდენობასა და ხარისხზე. შემცირდა თხილის გულის გამოსავლიანობაც 42%-დან დაიწია 30%-მდე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თხილის მეურნეობაში განსახორციელებელი აგროტექნიკიდან მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებიდან დავიწყოთ. განსაკუთრებით პრობლემური იყო და იქნება დასავლეთ საქართველოში გასულ წელს გავრცელებული ახალი მავნებელი ე.წ ყავისფერი მარმარა ბაღლინჯო, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები ჩვენი ქვეყნის მცენარეთა დამცველებისათვის ცნობილი არ იყო. ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯოს მიერ თხილის დაზიანება მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პოპულაცია ერთნაირად იკვებება სეზონის მანძილზე, ბაღლინჯოს სტილეტის მიერ მიყენებული ზიანი განსხვავდება კვების პერიოდის მიხედვით. მისი უკონტროლო გადაადგილება (მას შეუძლია ფრენა) მასთან ბრძოლას აძნელებს, რადგან წინასწარი პროფილაკტიკური ღონისძიებების დროს, მავნებლობისათვის არ `შეარჩიოს~ გატარებული ღონისძიების არეალი. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რაც განაპირობებს ამ მავნებლის გრძელვადიან და არაპროგნოზირებად არსებობას ბაღებსა თუ ნათესებში~. სპეციალისტის განმარტებით: `კონტროლის არ არსებობის შემთხვევაში ბაღლინჯოს მდედრების მიერ დადებული კვერცხები შეიძლება გახდეს ახალი პოპულაციის დასაბამი და შესაბამისად, ზდასრულების ახალი თაობის წყარო. სხვა შემთხვევაში, ხეხილის დაზიანება მხოლოდ მიგრატორი კუსებურას იმაგოების მიერ ხორციელდება. გვიან ზაფხულსა და შემოდგომით როგორც ნიმფების, ისე ზრდასრულების მიერ კვება განსაკუთრებით ინტენსიური ხდება, რადგან ისინი ზამთრის დიაპაუზისთვის ემზადებიან და რესურსებს აგროვებენ. ბაღლინჯოს კვება მცენარეზე (მისთვის ზიანის მიყენება) იწყება ადრე გაზაფხულზე (მაის-ივნისში) და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. ერთმა ნიმფამ ნაყოფი შეიძლება განვითარების 4-6 კვირის განმავლობაში დააზიანოს. სტილეტის (ხორთუმის) მცენარეში ყოველი ჩასობისას მცენარეს ახალი ზიანი ადგება. თხილზე კუსებურას ზიანი შეიძლება აისახოს ცარიელი ნაყოფის (ადრეულ სეზონზე), დაჭმუჭნული გულის (სეზონის შუაგულში) ან/და გაფუჭებული გულის სახით (სეზონის ბოლოს კვების შემთხვევაში). მცირე ბაღჩებსა და მეურნეობებში რეკომედებული აქტივობებია ბაღლინჯოს მონიტორინგის დაწყება მაის-ივნისის პერიოდში. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, ხაფანგების განლაგების ადგილები უნდა განისაზღვროს მოსახლეობისგან ზამთრის განმავლობაში მიღებული შეტყობინებების მიხედვით. იმ ადგილებში, სადაც ზამთარში კუსებურას დიდი პოპულაცია აღინიშნა, ხაფანგები უნდა განლაგდეს პლანტაციების საზღვრებთან და კუსებურას პოტენციურ სამალებთან და უნდა მოხდეს ყველა შესაძლო მასპინძელი მცენარის ყურადღებით შერჩევა (ვიზუალური შემოწმება, მცენარეთა გადასინჯვა). ხეხილის და თხილის ბაღები, სადაც დოკუმენტირებული იქნება კუსებურას არსებობა, შეიწამლება ეფექტური ინსექტიციდებით, რათა აღიკვეთოს ბაღლინჯოს ზრდასრულებისა და ნიმფების ახალი პოპულაციის წარმოქმნა~. ბაღლინჯოს წინააღმდეგ ბრძოლის მოსამზადებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე თხილის მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განიხილეს და წარმოადგინეს პირველადი გეგმა-რეკომენდაციები. აღინიშნა, რომ რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება. დაისვა საკითხი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რომელიც მოიცავს: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება (ბუკლეტების დარიგება, სატელევიზიო კლიპი); მონიტორინგი (სად, რომელ სოფელშია გავრცელებული); მენეჯმენტი (1,5 ჰა ნაკლები მიწის ნაკვეთის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა, ტექნიკის რაოდენობის განსაზღვრა, რომელიც საჭირო იქნება ამ ამოცანისათვის, მობილური ჯგუფების ტრენინგი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით). ახალი მავნებლის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს. შემუშავდება ერთობლივი გეგმა, რომელიც მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. კომპლექსური ღონისძიებების გატარების მიზნით, ადგილზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ფერმერებმა ამ კუთხით ნაკლები დანაკარგი ნახონ. თუ რა წამლობაა საჭირო თხილის პლანტაციების დაცვასთან დაკავშირებით და რა დროს არის მის გამოყენება ყველაზე ეფექტური ამის შესახებ `ჰო და არა~ უახლოეს ხანებში სპეციალურ გზა-მკვლევს შემოგთავაზებთ.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა