ქართველების მონდომებამ, რომ ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებულიყო შედეგი არ გამოიღო. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს სეპარატისტები აკონტროლებენ, რომელთა მთავარი დასაყრდენი რუსეთია. რომ არა რუსეთის ხელისუფლების გეგმა ჩვენი ქვეყნის დანაწევრებისა, ისე არაფერი გამოვიდოდა. 20 წელზე მეტია საქართველო მსოფლიო თანამეგობრობიდან დახმარებას ელის. არის განცხადებები, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციები, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ტერიტორებს კი ისევ რუსული ფორმირებები აკონტროლებენ და ცდილობენ, მათი აღნიშნულ მიწებზე ყოფნა გაამართლონ. უფრო მეტიც, მუდამ იმის სცდაში არიან, როგორმე პროვოკაცია მოაწყონ და ამით უფრო მეტი ზიანი მოგვაყენონ. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. მათ შორის 2004 და 2008 წლის ზაფხულებია, როცა ხელჩართულ ომში აღმოჩნდა საქართველო რუსეთთან. `არ არსებობს ქართულ-აფხაზური ან ქართულ ოსური კონფლიქტი, ეს არის ქართულ-რუსული კონფლიქტი, რომელიც ჯერ კიდევ 200 წლის წინ დაიწყო~ _ ასეთი განცხადება არაერთხელ მოგვისმენია. მართლაც, 1801 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერატორმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას მოაწერა ხელი, ბევრი სისხლი დაიღვარა ერთმორწმუნე ერის მიერ ჩვენს მიწაზე. რუსეთისთვის პატარა საქართველო ამ ხნის მანძილზე ერთგვარ პოლიგონად იქცა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აქ მშვიდობა ნაკლებად სუფევდეს. ჯერ კიდევ 1922 წელს მიღებულ საბჭოთა კონსტიტუციაში ჩადეს კრემლის დამქაშებმა ბომბი, როცა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ავტონომური რესპუბლიკები შემოიღეს. ამ სტატუსმა აღნიშნულ რეგიონებს სხვა მოთხოვნები გაუჩინა. საბედნიეროდ, აჭარის გადარჩენა მოხდა. აფხაზებმა და ოსებმა რუსულ პროვოკაცებს ვერ გაუძლეს და ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილით ომი გამოგვიცხადეს. დღეს ეს ქვეყნები `დამოუკიდებელია.~ მათი აღიარება რუსეთი მიერ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს მოხდა. თანამედროვე მსოფლიოში რუსულ იდეალებს და მისწრაფებებს მხოლოდ 4 ქვეყანა დაემორჩილა და ოკუპირებული ქვეყნების დამოუკიდებლობა აღიარა. სოხუმსა და ცხინვალში `თავისუფლებით~ ტკბებიან. რეალობა კი არის, რომ მალე აღნიშნულ ტერიტორებზე აფხაზიც და ოსიც აღარ იქნება და ეს ნანატრი დამოუკიდებლობა თვალსა და ხელს შუა გაქრება. აფხაზეთის ომის მონაწილეები დღესაც გულისტკივილით იხსენებენ იმ დღეებს, როცა ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა თუ სოხუმში იბრძოდნენ. `14 აგვისტო იყო, როცა ჩვენი მეომრები აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. ეს არ იყო თვითმიზანი. ამის აუცილებლობა იმ ფაქტებმა გამოიწვია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე გახშირდა თავდასხმები. ეს პროვოკაცია იყო, მაგრამ მისი აღკვეთა საჭირო გახლდათ. სწორედ აქედან დაიწყო ის ომი, რომელმაც არაერთი ქართველი ვაჟკაცი შეიწირა. ლანჩხუთიდან ბევრი წავიდა აფხაზეთში. ჩვენი ბიჭები ძირითადად ოჩამჩირესთან იყვნენ დაბანაკებულები. მათ ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. ომი ომია და მას ბევრი სირთულე ახლავს. ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათასი ბინძური გამოწვევის მიუხედავად, მათზე ვერავინ იტყვის, ვინმეს უსამართლოდ მოექცნენო. დღესაც, ამდენი წლის შემდეგ ისევ ისეთი შემართება გვაქვს, როგორც მაშინაც. ბევრი მეგობარი დავკარგეთ: ჯამბულათ ხოფერია, დათო რამიშვილი, ვაჟა თოდუა, ზაალ მდინარაძე თუ სხვები. ეს ის ტკივილია, რომელიც დროთა სვლამ ვერ გაანელა. ვიცით, რომ ომს მშვიდობით დაბრუნება სჯობია, მაგრამ თუ საჭირო დარჩა, იარაღზეც არ დავიხევთ უკან,~ _ ეს ომის ვეტერანის მონათხობია. `ალყაში ბევრჯერ მოვქცეულვარ ოჩამჩირეში, გაგრაში, სოხუმში, დალის ხეობაში. ზოგი მომხვდა და ზოგი ამცდა. მტრის ტყვია არ არჩევდა, ქალია, კაცია… ოჩამჩირეში, როცა შტაბის უფროსი ვიყავი და ფრონტის ხაზის ყველა ინფორმაციას ვფლობდი – ჯარების განლაგებას, შეიარაღებას თუ სხვას, ჩემზე საკმაოდ დიდი ნადირობა მიდიოდა. ჩვენ, მხედრიონელებს ერთი ჩვევა გვაქვს: სიმბოლურად ტყვია გვქონდა გახვრეტილი და გულზე ჩამოკიდებული. ბრძოლისას არის ერთი ყველაზე მთავარი მომენტი: ვინც შენს სამშობლოს ესვრის, ის თუ არ აღიქვი მტრად, სხვანაირად ვერ იბრძოლებ. ჩემ გვერდით იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები და მე რომ იმაზე მეფიქრა, ვის ვესროლე, იმ ომში ვერ ვიომებდი. ჩემს ფსიქიკაში ყველაფერი დავალაგე და მერე მოვკიდე ხელი იარაღს. უკან არ ვიხევდი არა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩემ გარშემო გმირობის უამრავ მაგალითს ვხედავდი. რამდენჯერმე დავიჭერი ყუმბარის ნამსხვრევებით, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიმიტოვებია. სოხუმის დაცემის შემდეგ დალის ხეობაში, იგივე, აფხაზეთ-სვანეთში, ჩემი რაზმით ავბრუნდი და იქ პირველი პარტიზანული შენაერთის მეთაური ვიყავი. ყოველთვის მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, სამართლიანად ვაკეთებდი. ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომლისთვისაც სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც. როცა მტერი ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა, არც მაშინ მინანია. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, რომ არ დავსახიჩრებულიყავი, არ დამეკარგა რომელიმე კიდური, თორემ, გულწრფელად გეუბნებით, ამას ვერ გადავიტანდი. ვერც იმას გადავიტანდი, რომ მტერს ტყვედ ავეყვანე. არავინ იცის, როგორ გამოსძალავდნენ ტყვეებს ინფორმაციას ჩვენი ოპერაციების შესახებ. ადვილად შესაძლებელი იყო, ჩემი, როგორც ქალის ღირსება შეელახათ. ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. გვქონდა ამის მაგალითები: ბიჭები აწამეს და აჩეხეს. ჯამბულ გერლიანს კატეგორიულად სთხოვდნენ ინფორმაციებს, ასევე იმას, რომ ეგინებინა სამშობლოსთვის და ჯაბასთვის. როდესაც მან ეს არ გააკეთა, დამდუღრეს და ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. განსაცდელის წინაშე მეც დავმდგარვარ, მაგრამ ამ შედეგამდე არ მივსულვარ. ბევრჯერ მომიწია საკუთარი ხელებით თანამებრძოლის კიდურების თუ ნაწლავების აკრეფა და მისი მუცელში ჩადება. ყველაზე მთავარი ტკივილი ის იყო, რომ რუსებისგან ვიღაც წაქეზებული გადამთიელი სამშობლოში გეცილება და ბიჭებს გიკლავს. მიუხედავად ამისა, ჩემზე არავის უნახავს ცრემლი. არ შეიძლება, ამ დროს შენი სისუსტე გამოაჩინო. ჩვენ არ ვტოვებდით ჩვენს დაჭრილ თუ გარდაცვლილ მებრძოლებს მტრის საჯიჯგნად. თბილისში ვგზავნიდით. ბევრი დღესაც იქ განისვენებს, აფხაზეთის მიწაზე.~ _ ასე იხსენებს ომის ქარ-ცეცხლიან დღეებს ლანჩხუთელი დოდო გუგეშაშვილი. `1993 წლის ივლისში, როცა აფხზებმა დაიწყეს სოხუმზე შემოტევა, ოჩამჩირეში „მხედრიონიდან“ სულ რამდენიმე კაცი იყო დარჩენილი, რადგან ხელშეკრულებით ჩვენი ძალები გამოყვანილი იყო. ამავე დროს რუსებმა და აფხაზებმა ტამიშში გადმოსხეს დესანტი და დაახლოებით რვაასმა კაცმა მთლიანად ალყაში მოაქცია სოხუმი ოჩამჩირის მხრიდან. ამის დაშვება ყოვლად წარმოუდგენელი იყო და სასწრაფოდ იყო გასახსნელი ტამიშის მონაკვეთი. ამ ადგილზე დისლოცირებული ჩვენი ბატალიონები „ავაზა“, „ჩოლოყაშვილი“, „შინაგანი ჯარი“, დუშეთის ბატალიონი ღამით მოულოდნელი თავდასხმის გამო ძალიან დაზარალდნენ და ფაქტიურად ამოხოცეს. კბილებამდე შეიარაღებულ გაწვრთნილ სპეცნაზს ეკავა ტამიშის მისადგომები. მტერმა შეტევა კარგად განავითარა და გზაზე ყველაფერი გაანადგურა და შეუტია ლაბრას. ენით აუწერელი სისასტიკით ხოცავდნენ შემხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობას თუ მებრძოლებს. შემდეგ განათავისუფლებისას ჩემი საკუთარი თვალით ვნახე სასტიკად ნაწამები და დასახიჩრებული ცხედრები, მათ შორის ქალებიც, რომლებიც ტრასაზე შიშვლები ეყარნენ და საკუთარ სისხლში ცურავდნენ. ჩვენი ბიჭები ჩაეყარათ ერთ დიდ ორმოში. ერთი პატარა გოგო ეწამებინათ და ჯვარზე გაეკრათ. საიდან ქონდათ ასეთი ყოვლადწარმოუდგენელი სისასტიკე და დაუნდობლობა ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით გულმა არ მოგვითმინა და გადავედით ოჩამჩირეში ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. პირველ დღეებში მიდიოდა გაცვლითი სროლები. ისინი შეტევაზე არ გადმოდიოდნენ. მათი მთავარი მიზანი იყო პოზიციების შენარჩუნება და სოხუმის ალყაში მოქცევა, რადგან იქ ქალაქზე შეტევა წარმატებით დაემთავრებინათ და შემდეგ მთელი ძალით წამოვიდოდნენ ოჩამჩირეზე. ეს გეგმა მათ მოგვიანებით ოთხ თვეში თავიანთთვის, ჩვენდა საუბედუროდ, წარმატებით დააგვირგვინეს,~ _ ეს არჩილ ხოფერიას მოგონებაა აფხაზეთის კონფლიქტზე. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ბლოგერმა აფხაზეთში გადაღებული ფოტოები (მათ ნაწილს აქვე გთავაზობთ) გამოაქვეყნდა. რუსეთის მიერ დამოუკიდებლად ცნობილი ქვეყანა როგორ აღმავლობას განიცდის ფოტოებში კარგად სჩანს. განადგურებული ინფრასტრუქტურა, ჩამკვდარი ქალაქები და სოფლები, სადაც ღამ-ღამობით ცხოველთა ყმუილი ახმაურებს იქაურობას, ხოლო დღისით მხოლოდ მზეა, რომელსაც ის სითბო და ელფერი დაჰკარგვია, რომელიც ოდითგან ჰქონდა. ასეა, სანამ ქართულ მიწაზე ყევლაფერი ქართული არ აღდგება, მანამ იქაურობას არაფერი ეშველება. ეს აფხაზებმა და ოსებმაც კარგად უნდა გაიგონ. ისინი დღეს დამოუკიდბელნი კი არა, რეალურად დაპყრობილნი არიან და მალე შეიძლება ისევე გაქრენ, როგორც ეს მრავალ ერს დამართნია. გიორგი დარჩიაშვილი ფოტოებზე: 1. ოჩამჩირის რკინიგზის სადგური; 2. ტყვარჩელის რკინიგზის სადგური; 3. მიტოვებული საავადმყოფო; 4. კელასურის დასახლება; 5. სოხუმის სამკურნალო წყლის აბაზანები; 6. გაგრა - კინოთეატრი; 7. ბაბუშერას აეროპორტი; 8. მეშახტეთა დასახლება; 9. ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი
`ბევრჯერ მომიწია საკუთარი ხელებით თანამებრძოლის კიდურების თუ ნაწლავების აკრეფა და მისი მუცელში ჩადება. ყველაზე მთავარი ტკივილი ის იყო, რომ რუსებისგან ვიღაც წაქეზებული გადამთიელი სამშობლოში გეცილება და ბიჭებს გიკლავს~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0