დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. ამ მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სახლის სააქტო დარბაზში პროექტის კოორდინატორი მარინე სუნგულია კოოპერატივების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრი. ქალბატონი მარინას თქმით, ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET), საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით გამოაცხადა საგრანტო კონკურსის მე-5 ფაზა კოოპერატივებისთვის დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში: სენაკი, ხობი, აბაშა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ცაგერი, მარტვილი და ლენტეხი. პირველ ეტაპზე შერჩეული ფერმერთა ჯგუფები/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ტრეინინგს გაივლიან ბიზნესის დაგეგმვისა და მართვის საკითხებში, რაც მათ დაეხმარება ბიზნეს გეგმის განაცხადის საბოლოო ვერსიის სწორად ჩამოყალიბებაში, პროგრამის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებაში. მისივე ინფორმაციით, კონკურსი წარმოადგენს „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“ პროექტის ნაწილს, რომელი ცხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD საქართველო) ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდას. გელა ზოიძე, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი: - ამ პროგრამამ უკვე მოგვცა პირველი შედეგი - კოოპერატივი „ჩიბათი“ უკვე უშვებს მაღალხარისხიან შავ და მწვანე ჩაის, კოოპერატივი „გურიის თხილი“ აშენებს თხილის გადამამუშავებელ ფაბრიკას ქ. ლანჩხუთში, დანადგარებს კი ENPARD-ის პროექტით მიიღებს. კოოპერატივ „ნერგების“ მიერ გამოყვანილი სტანდარტული ნერგები და ყვავილები უკვე იყიდება სოფელ ლესაში და მთელ საქართველოში, კოოპერატივი „წიქარა“ მომავალი წლიდან გამოუშვებს რძის დაფასოებულ პროდუქტებს სოფ. ჩიბათში. ეს ოთხი პროექტი უკვე მიმდინარეობს. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ დასკვნით ეტაპზე, რაც შეიძლება მეტი კოოპერატივი ჩაერთოს, რათა 2017 წელს კიდევ ახალი საწარმოები გაიხსნას მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე პროექტის მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს კოოპერატივმა „ლანჩხუთის აბრეშუმმა“, რომელსაც პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მან შარშან მთავრობის მხარდაჭერის პროგრამით 10 ათასი ძირი თუთის ნერგი გააშენა ინტენსიური მეთოდით. სუფსაში კოოპერატივი „მალინა მარწყვი“, რომლის პროდუქტი უკვე იყიდება და იგეგმება მეურნეობის გაფართოება და ტექნიკური აღჭურვა. კოოპერატივი „ლაშიღელე - 2015“ 30 ჰა-ზე მრავალწლიანი კულტურების გაშენებას და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. სასურველია, პროგრამაში ჩაერთოს მეფუტკრეები, მემცენარეები და სხვა ტრადიციული დარგების წარმომადგენლები. დაინტერესებულმა პირებმა დაუყოვნებულ უნდა მომოართოს ჩვენს ცენტრს და ჩვენ გავუწევთ ყველა საჭირო მხარდაჭერას. ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.rda.org.ge; www.care.org.geდეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ ფერმერთა ჯგუფებს და კოოპერატივებს შეუძლიათ მიმართონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებულ რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრსა და ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 16 ნოემბერი 18:00სთ
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0