არჩევნების თემა ჩვენს ქვეყანაში უკვე 25 წელია საკმაოდ აქტუალურია. 8 ოქტომბერს მე–9 მოწვევის პარლამენტს ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. წინასაარჩევნო კამპანია თავის პიკშია და შესაბამისად, არჩევნებისთვის დამახასიათებელი მძიმე ფონი თვალშისაცემია. უკვე გაყოფილია ამომრჩეველი _ ამისტებად თუ იმისტებად. თუმცა, ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ გადაუწყვეტია, რომელი კანდიდატის ან საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერა სჯობია. საარჩევნო სუბიექტებმა უკვე დაიწყეს სააგიტაციო მასალებით ამა თუ იმ ადგილების ათვისება. შესაბამისად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან მათი ჩამოხევით. როგორც ენაკვიმატი გურულები ამბობენ, _ მთელი დუნიის გადამრევ მხარეში ისედაც უმუშევრობაა და ახალგაზრდები ამით თუ დაკავდნენ, ორი კაპიკს გააკეთებენ და კონკურენტი სუბიექტების მესვეურნებსაც ასიამოვნებენო. რამდენიმე დღის წინ სახლში მივდიოდი, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ქალბატონი შემხვდა, რომლებიც გაცხარებულნი იყვნენ: ეს რა უბედურებაა, დადიან ახალგაზრდა ბიჭები და ბოძებზე გაკრულ პლაკატებს ხევენ. კანონით არ ისჯება ეს?! ერთი პრეცედენტი რომ დაუშვან, შემდგომ სხვები აღარ იზამენ. ჯერ ერთი ანაგვიანებენ აქაურობას და მეორეც, მთავარი რაც არის, მაინტერესებს ვინ არის კანდიდატი, სახეზე მაინც ვიცნობდე, სადმე რომ შემხვდეს, ეგებ რაიმე კითხვა დავუსვა.~ როგორც ქალბატონებმა გვითხრეს, როცა ახალგაზრდებს მიუთითეს, რომ ეს კანონდარღვევა იყო, ყურადღებაც არ მიუქცევიათ, ისე გაშორდნენ. ჰო და არას~ ცხელ ხაზზე რამდენჯერმე დაუკავშირდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. რესპოდენტები ძირითადად ფაქტს აფიქსირებენ, მაგრამ მის ფოტო ან ვიდეო გადაღებას არ ახდენენ, შესაბამისად, თუ მტკიცებულება არ არსებობს, დამნაშავის დასჯა, რომელსაც საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ვერ მოხდება. ერთ–ერთი ასეთი ფაქტი ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. საღამოს ხანი იყო და ჩვენი სახლის წინ არსებულ ელექტროენერგიის ბოძზე ორი სხვადასვხა კანდიდატის სააგიტაციო მასალა გააკრეს, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ჩემი ოჯახის წევრი სხვა სუბიექტის მხარდამჭერია და მანაც გამოიტანა კიბე და უფრო მაღალზე გააკრა კანდიდატის პლაკატი. ისეთ სიმაღლეზე იყო, რომ კიბის გარეშე მისი ჩამოხევა შეუძლებელი იყო. დილით გამოსულებს, ყველა პლაკატი ჩამოხეული დაგვხვდა. ეტყობა ადამიანი ობობა ან მისი ბიძაშვილი იყო ჩამოსული, თორემ ისე როგორ ჩამოხევდა პლაკატებს.~ სააგიოტაციო მასალების გაკვრა–ჩამოხევის თემა ჩვენს მუნიციპალიტეტში ოდითგანვე იყო. წლების წინ აჯანყებული გურულის ძეგლი აღმოჩნდა სააგიტაციო მასალის ტყვეობაში, როცა მის ფეხებთან ისეთი ფერთა გამა იყო ერთ–ერთი პარტიის, რომ ჩვენი გურული იძახდა~ _ ვიღაცამ ამიშვით, თვარა მთლად გადვირევიო! ვისაც ლანჩხუთის რკინიგზის სადგურით უსარგებლია აუცილებლად ნახავდა 10 წელზე მეტი ხნის წინ გაკეთებულ სარეკლამო წარწერას, თუ რა გადაარჩენდა საქართველოს და შესაბამის ნომერსაც. საღებავებით გაკეთებული წარწერა სკანდალის მიზეზიც კი გახდა ჩვენს მუნიციპალიტეტში, როცა რამდენიმე შენობაზე გამოჩნდა: ცემე მიშა, გახდი გამგებელი!!! ისეთი ფაქტებიც ყოფილა, რომ ერთი სუბიექტის მხარდამჭერებს სხვა სუბიექტის სარეკლამო პლაკატები დაუზიანებიათ და მესამესთვის დაუბრალებიათ! ასეთი ფაქტები მრავლად 2003 წლის საპარლამენტო არჩევენების წინა პერიოდში იყო. დღეს საღებავები პლაკატებმა შეცვალეს, შესაბამისად მათი ჩამოხევა, გადაფარვა სხვა სუბიექტით უფრო ადვილიც გახდა. ჰო და არამ~ ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გადაიღო ფოტოები, სადაც კარგად ჩანს სხვადასხვა კანდიდატების ჩამოხეული პლაკატები. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მუხლი 64, რომელიც სააგიტაციო მასალას ეხება მე–4 ქვეპუნქტში ვკითხულობთ: დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.~ საარჩევნო კოდექსის მუხლი 80. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა 1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ასე რომ, დამრღვევებზე ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია!!!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0