ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

და-ძმა

7-03-2016, 00:00

სოფოს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ დედ-მამა კარგად ექცეოდა, თავს ევლებოდნენ. თბილი ოჯახი ჰქონდათ, სოფოს ყოველთვის ანებივრებდნენ სათამაშოებით თუ ათასგვარი ტანსაცმლით, ისიც ახსოვდა, რომ იმ საბედისწერო დღეს მანქანაში თვითონაც იყო მშობლებთან ერთად, მამის ახლობლის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რაც თანდათან მოაგონდა ის იყო, რომ რამდენიმე დღე საავადმყოფოში იყო, ყველა ეფერებოდა და ყველას ებრალებოდა, სოფოს ეს არ უხაროდა. ბებიამ მამის მხრიდან, სოფო თავის სახლში არ მიიღო, სადაც ჩემი შვილი არ იქნება, იქ შვილიშვილიც არ მინდაო, განუცხადა მეორე ბებიას, დედის დედას, რომელიც ასაკით ძალზე ხანშიშესული იყო და თანაც მძიმე ავადმყოფი, ბებიას სხვა რა გზა ჰქონდა, ობოლი სოფო თავის სახლში წამოიყვანა, ბავშვი მალე შეეჩვია ბებიას, ის კეთილი და ძალზე მზრუნველი ქალი იყო. სოფო სკოლაშიც შევიდა, კარგადაც სწავლობდა. ბებიას სიტყვა შეუბრუნებლად უჯერებდა ყველაფერს, იცოდა, რომ ახლა ის იყო მისი დედაც და მამაც. თუ რაიმე საიდუმლო ჰქონდა, ბებიას ყოველთვის უმხელდა, მოხუცი სულ იმაზე ოცნებობდა, ნეტავ ისე არ მომკლა ეს ობოლი გოგო თავის პატრონთან არ დავტოვოო. სკოლა რომ დაამთავრა, სოფომ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა, კიდევ კარგი ქალაქში ცხოვრობდნენ და სოფოს შორს წასვლა არ უწევდა, ამიტომ არც ბებიას უთქვამს უარი სოფოსათვის სწავლის გაგრძელებაზე. გულში კი ფიქრობდა, ნეტავ ამ გოგოს ერთი წესიერი ყმაწვილი გაეცნო, რომ ჩემს სიცოხლეში მომსწრებოდა მაგის ბედნიერებაო. მეორე კურსზე რომ გადავიდნენ სოფოს ერთი ახალგაზდა შეუჩნდა, მოსვენებას არ აძლევდა, ყოველთვის მის გვერდით იყო, სახლშიც აცილებდა, თუმცა ამ ურთიეთობაზე სოფო უარს ამბობდა, რადგან სწავლის დასრულებამდე არ უნდოდა ოჯახის შექმნა. ბებისაც გაუმხილა ეს ამბავი, ყველაფერი მოუყვა, არაფერი დაუმალავს, სოფოს ნიკას მშობლებიც ჰყავდა გაცნობილი, ურიგო ხალხი არ ჩანდნენ, ნიკა კი, როგორც ეუბნებოდა, ჭკუას კარგავდა მისი გულისთვის, ბებიას ძალიან გაუხარდა, მაგრამ დაძალებით არაფერი დაუძალებია:_ შვილო, მე კი მირჩევნია, რომ ბედნიერ ოჯახში დაგტოვო, მაგრამ ეს მაინც შენ უნდა გადაწყვიტო, ეს შენი ცხოვრებაა და გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო.სოფო კარგა ხანს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ნიკამ სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ ერთად ყოფილიყვნენ.ნიკას კიდევ ერთი ძმა ჰყავდა, ამიტომ წყვილმა ცხოვრება სოფოს ოჯახში გადაწყვიტა. ამან ხომ ბებია უსაზღვროდ გაახარა, თავისი ნალოლიავები შვილიშვილი ყოველთვის თვალწინ ეყოლებოდა და არც მისი მონატრება დატანჯავდა. ბებია არასოდეს ერეოდა მათ ცხოვრებაში, არ უნდოდა სიძე ზედმეტი კითხვებით შეეწუხებინა, თუმცა სოფო და ნიკაც შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. ერთად მუშაობდნენ, ერთ კაბინეტში ისხდნენ. იქ მათ გარდა კიდევ ორი ახალგაზრდა ქალი იყო, მათ შორის ერთი დაოჯახებული არ იყო და სოფოს არც ერიდებოდა ისე ეუბნებოდა ნიკას კომპლიმენტებს, ნიკა მას არ თანუგრძნობდა, ყოველ შემთხვევაში სოფოს ასე ეგონა, რადგან ფიქრობდა, რომ ნიკასათვის ამქვეყნად სხვა ქალი არ არსებობდა მის გარდა. ცოტა ხანს სოფოს შვილი არ გა-უჩნდა, ამაზე ცოლ-ქმარი ძალიან ნერვიულობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნიკა ნასვამი მოვიდოდა სახლში. სოფო არ ამტყუნებდა, მას თავი დამნაშავედ მიაჩნდა, შვილი თავადაც ძალიან უნდოდა. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ სოფოს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. ეს ზომაზე მეტი სიხარული იყო მათი ოჯახისათვის. ჯერ ერთი არ ჰყავდათ, ახლა კი ერთბაშად ორი შვილი მოუვლინა ღმერთმა. ცოლ-ქმარი სიხარულით აღარ იყვნენ. ნიკა ყოველთვის ეხმარებოდა სოფოს ბავშვების მოვლაში. თავად სოფო კი ბევრს არაფერს ავალებდა, რადგან დილით ნიკა სამსახურში იყო წასასვლელი. ანანოს და ვანოს ზღაპრული წვეულება გაუმართეს, ისეთი რომ მეორე დღეს მთელს სამსახურში ამაზე საუბრობდნენ. რა თქმა უნდა, წვეულებაზე ის ქალბატონიც იყო, რომელსაც ნიკა ფარულად მოსწონდა, მთელი საღამო ნიკასთან ცეკვავდა თიკო, თვალს არ აცილებდა, მომენტს არ უშვებდა, რომ როგორმე ნიკას ყურადღება არ მიექცია. სოფოს გასართობად ნაკლებად ეცალა, ორი ბავშვი და ამასთან ერთად სუფრის გამზადება იოლი არ იყო, თუმცა მის ქალურ ინსტიტუციას არ გამოჰპარვია, რომ თიკო ნიკას ყურადღების მიქცევას ცდილობდა და ძალზე გამომწვევადაც იქცეოდა. სტუმრები ძალიან დიდხანს დარჩნენ, ძალიან მოილხინეს, თითქმის თენდებოდა, დაშლა რომ გადაწყვიტეს. როცა სუფრის მომსახურებას მორჩა, სოფომ ბავშვები დააძინა და თავადაც მათ ოთახში დარჩა. რატომღაც სტუმრებთან გასვლის სურვილი არ გასჩენია. ნიკა ისე იყო გართული, რომ არც კი შეუმჩნევია ცოლის უხასიათობა. სოფო თავის გულში თავის მეორე მეს ეპაექრებოდა, ეგრძნობინებინა თუ არა რაიმე ქმრისთვის, ბოლოს კი გადაწყვიტა, თავი ისე დაეჭირა, ვითომ ვერაფერს ამჩნევდა. როგორც იქნა სტუმრები წავიდნენ, ნიკამ ისინი ეზომდე გააცილა. ოთახში რომ შემობრუნდა, მხოლოდ ახლა შენიშნა, სოფოს უხასიათოდ ყოფნა. ახლოს მივიდა, თავი აუწია, თვალებში ჩახედა, სოფო თვალს არიდებდა ქმარს._ რაო, საყვარელო, იტირე? ძალიან დაიღალე ხომ? როგორ ვერ მოვიფიქრე, მაპატიე საყვარელო, ეს რა მომივიდა. სოფოს ამ სითბომ გული აუჩუყა და ხმამაღალი ტირილი აუვარდა:_ მითხარი ძვირფასო, რა გატირებს, ჩემგან ხომ არაფერი გწყინს? სოფოს არ უნდოდა ურთიერთობის დაძაბვა, თვალები შემშრალა, ადგა, ქმარს გაუღიმა და უთხრა:_ არა, ნიკა, პირიქით შენი ძალიან მადლობელი ვარ, უბრალოდ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ჩემი ბებია, რომელიც სათუთად მზრდიდა და სულ ჩემს ბედნიერებაზე ოცნებობდა, ნეტავ ახლა ისიც ხედავდეს ამას, ნიკამ ირწმუნა ცოლის სიტყვები და დასაძინებლად წავიდა. სოფოს კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ჯერ სუფრა აალაგა, მერე ჭურჭელი დარეცხა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მერე ბავშვების ოთახში შეიხედა, მშვიდად და უშფოთველად ეძინათ უცოდველ არსებებს, მათ ხომ გვერდით მზრუნველი დედ-მამა ჰყავდათ, მართალია პატარები იყვნენ და ამას ვერ გრძნობდნენ, მაგრამ იმდენი ინსტიქტი პატარებსაც აქვთ მოსიყვარულე დედ-მამა სხვებისგან გაარჩიონ. სოფომ ბავშვებს აკოცა, თავზე ხელი გადაუსვა და დიდხანს ეფერებოდა, მერე კი მათ გვერდით მიუწვა, თუმცა არ დასძინებია, ისე დაათენდა თავზე. სწრაფად ადგა, თავი მოიწესრიგა და ნიკასათვის საუზმის მომზადებას შეუდგა. ნიკა ღიღინით გამოვიდა საძინებლიდან, არც კი შეუმჩნევია, რომ იმ ღამეს სოფოს თვალი არ მოუხუჭავს, უსიტყვოდ ისაუზმა, სოფოსთვის არც კი შეუხედავს. არადა, ჩვეულებრივ ერთმანეთის გარეშე ლუკმას არ გატეხდნენ. ნიკა არც იმით დაინტერესებულა, რატომ არ საუზმობდა სოფო, კარგად დანაყრდა და პიჯაკი ჩაიცვა, კარებიდან მიაძახა სოფოს _ გვიან მოვალ.ცივად ნათქვამი ეს ორი სიტყვა სოფოს ტყვიასავით მოხვდა გულში, უკვე ბევრი საუბარი არ იყო საჭირო, რომ ნიკასა და სოფოს ცხოვრებაში რაღაც საშიშრება იყო მოსალოდნელი. სოფოს ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მისი მეუღლის გულში კიდევ სხვა ქალი არსებობდა, ვინ მიხვდებოდა ეს სიყვარული იყო თუ გატაცება, მაგრამ ცხადი იყო თიკომ ნიკას გონება აურია და მათ ოჯახზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მთელი დღე ტვინს იჭყლეტდა სოფო როგორ მოქცეულიყო, ეთქვა ყველაფერი ქმრისთვის რასაც ფიქრობდა, თუ ისევ გაჩუმებულიყო. თქმა თავადვე უარყო, რადგან სულერთი იყო ნიკა სიმართლეს მაინც არ ეტყოდა და მოსალოდნელი უბედურება მხოლოდ დაჩქარდებოდა. ასე იყო თუ ისე, სოფომ დუმილი არჩია, თავს აიძულებდა მეუღლესთან ძველებურად თბილი და ალერსიანი ყოფილიყო, ყოველთვის მისი საყვარელი კერძი მოემზადებინა, ოთახი ისე მოეწყო, როგორც ნიკას მოსწონდა, ნიკა კი თითქოს ამ ყველაფერს ვერც ამჩნევდა, ცივად შემოვიდოდა სახლში, უხმოდ ისაუზმებდა, არც ბავშვების ოთახში შეიხედავდა. მაშინ აკვირვებდა, ბავშვებს რაღას ერჩოდა ნიკა, მათი სიყვარული სად გაქრა, რამ შეცვალა მოკლე დროში ასე და რამ გააცივა მისი გული. ასეთი რა ჯადო ჰქონდა იმ ქალს, რომ ნიკას ცოლ-შვილი დასანახად შეაძულა. მიუხედავად ყველაფრისა, სოფო არ ჩქარობდა მეუღლისათვის ზედმეტი კითხვების დასმას, იცოდა, ეს მათი თანაცხოვრების დასასრული იქნებოდა, ამიტომ სურვილი არ ჰქონდა ოჯახის დანგრევის ინიციატორი გამოსულიყო. თუმცა არც ასე გაგრძელება შეიძლებოდა, აბა, რომელი ქალი აიტანდა, რომ ქმარი სახლში ისე შემოდიოდა, როგორც უცხო ადამიანი, არც შვილებზე ზრუნავდა, არც მეუღლის მიმართ დაცდებოდა ერთი თბილი სიტყვაც კი. მისი მზრუნველობა, თუ იმას საერთოდ შესაძლებელი იყო მზრუნველობა დარქმეოდა ის იყო, რომ როცა ხელფასს აიღებდა, გარკვეულ თანხაც უსიტყვოდ დადებდა მაგიდაზე და გარეთ გადიოდა. გმირობის ტოლფასი იყო სოფოს თავშეკავება, ერთი ზედმეტი კითხვაც არასოდეს დაუსვამს მეუღლისთვის. ადრე, როცა ნიკა ხელფასს აიღებდა, სოფოსთან ერთად საყიდლებზე მიდიოდა, თავისი ხელით ურჩევდა მეუღლეს რაც მოუხდებოდა, ფულს არასოდეს ზოგავდა, როცა სოფო ეტყოდა, მე ამდენი არ მჭირდებაო, ნიკა ალერსით ეტყოდა:_ ჩემო სიცოცხლევ, ეს მხოლოდ მანამდე, სანამ პატარები ჩაგვეზიარებიან, შემდეგ კი მათ მოუწევთ მეტი ყურადღება, ამიტომ უარს ნურაფერზე იტყვი.სოფოს ძალიან ახარებდა ქმრის ასეთი გულუხვობა, არც კინოსა და სხვა სანახაობებზე წასვლას აკლებდა მეუღლეს. თავის მეგობრებთანაც კი ყველა წვეულებაზე მიჰყავდა სოფო. მერე მართლაც, როცა პატარები გაჩნდნენ ნიკას ხასიათი სრულიად შეიცვალა და არა მარტო პატარების გაჩენის გამო, არამედ იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდა. თავადაც უკვირდა ნიკას, სად გაქრა ის სიყვარული, ის თავდავიწყება, რომელსაც გრძნობდა. ერთი დღეც არ შეეძლო გაეძლო სოფოს გარეშე, თუ ვერ შეხვდებოდნენ, მაშინ ტელეფონით საათობით საუბრობდნენ. ახლა კი თითქოს წინათ არაფერი ყოფილა, სოფოს მიმართ არაფერს არ გრძნობდა, თუ ადრე მის დანახვაზე გული ლამის ბუდიდან ამოუვარდებოდა, ახლა ერთი ძარღვიც კი არ აუტოკტებოდა, ის კი არა, მისი დანახვა აღიზინებდა კიდეც. საოცარი იყო, მაგრამ ნიკას აღიზიანებდა სოფოს უსაზღვრო სიყვარული ქმარ-შვილისათვის, მისკენ გახედვაც არ უნდოდა, როცა სოფო თავზე თეთრ თავსაფარ დახურული გემრიელ კერძს ამზადებდა სამზარეულოში, იქნებ ნიკას ესიამოვნოსო. ნიკას ხშირად ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ შევარდნილიყო სამზარეულოში და ყველაფერი დაემტვრია და დაელეწა, მერე თავადვე უბრაზდებოდა საკუთარ თავს, ეს რა ეშმაკი ჩამისახლდა სულშიო. ნერვიულობდა, როგორ არ ნერვიულობდა, მაგრამ თავს ვერაფრით ერეოდა, სახლში გაჩერება აღარც უნდოდა, ადრინდელი თბილი კერა, სადაც ათასგვარი სურსათ-სანოვაგით დატვირთული სულმოუთქმელად მოიჩქაროდა სახლისკენ, როგორმე სოფო გავახაროო, ციხედ და ჯოჯოხეთად ექცა, ვერც იმაში უგებდა საკუთარ თავს, ეს ორი საყვარელი არსება, რომელსაც ორ წელზე მეტი ელოდნენ მის მის გულს არანაირად არ ათბობდნენ, პირიქით, როცა ბავშვები ერთდროულად დაიწყებდნენ ტირილს უნდოდა საძინებელში შევარდნილიყო და ისინი ფანჯრიდან გადაეყარა, რამდენჯერ დაბრუნდა კარებთან მისული და უკან დაიხია, ცოლმა არაფერი შემამჩნიოსო, თუმცა ვერ იყო და ვერა პატარები ვერ შეიყვარა. ხვდებოდა ახლა მას ვინმე კეთილისმყოფელი სჭირდებოდა, რომელიც სასარგებლო რჩევას მისცემდა, დაეხმარებოდა გრძნობებში გარკვევაში. ნიკას ბევრი ამხანაგი და მეგობარი ჰყავდა, თუ სკოლიდან, თუ უნივერსიტეტიდან თუ სამსახურიდან, მაგრამ ვერავისთან ვერ გაბედა საკუთარი გასაჭირის თქმა და გულის გადაშლა, ამასობაში კი ავი გრძნობები, რომლებიც მასში უკვე მყარად ჩასახლდა თანდათან ძლიერდებოდა. ნიკას ხასიათში უკიდურესმა ცვლილებამ თანამშრომლების ყურადღებაც მიიქცია. ძმაკაცები ფიქრობდნენ, ოჯახის საქმეში ჩარევა რა ჩვენი საქმეა ცოლ-ქმარი თავად გამონახავენ საერთო ენასო. ამ სიტუაციით ყველაზე კარგად თიკომ ისარგებლა, თუმცა არც მანამდე აკლდა გამომწვევი ქცევები და ჩაცმა-დახურვა, მაგრამ ახლა ყველა ზღვარს გადავიდა, სულ ნიკას თვალწინ ტრიალებდა, ცდილობდა მისი ყურადღება მიექცია, საუბარში ჩართულიყო. ნიკა თანდათან ხვდებოდა, რომ ძალზე სიამოვნებდა თიკოს ასეთი ქცევა, იცოდა ასეთი რამ ეკრძალებოდა, როგორც ცოლ-შვილის პატრონ კაცს, მაგრამ აკრძალული ყველაფერი გემრიელია და ნიკაც თანდათან დაადგა მოღალატე მეუღლის გზას. უკვე დღე არ გავიდოდა, რომ თიკოსთან ერთად სადმე არ ევახშმა, მერე სახლში მიაცილებდა...ბუნებრივია, ასეთ დროს სახლში მისვლა ყოველთვის აგვიანდებოდა, მაგრამ ბოროტად სარგებლობდა სოფოს დამთმობი ხასიათით, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, სოფო ყოველთვის წყნარად იჯდა სამზარეულოში და ელოდა ქმარს, ყოველთვის ჰქონდა მთელი გულითა და სულით მომზადებული ნიკას საყვარელი კერძი. სოფომ კარგად იცოდა, როცა მისი ქმარი იგვიანებდა, ყოველთვის იმ ქალთან იყო, რომელიც ბოროტად ჩადგა მათ შორის და ბედნიერი ოჯახი დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. მათი ბედი ახლა სუსტ ძაფზე ეკიდა, რომელიც ყოველ წამს შეიძლება გაწყვეტილიყო. ამიტომ იყო, რომ სოფოს უდიდესი ნერვიულობისა და მოთმინების ხარჯზე უწევდა ამ ძაფის შენარჩუნება. ყოველ სიტყვას და ქცევას წონიდა, შიშობდა მეუღლეს ზედმეტად არ შეჩხირებოდა თვალში ან რაიმე სასაყვედურო სიტყვით არ გაეღიზიანებინა. როცა ნიკა ბოლოს და ბოლოს სახლში დაბრუნდებოდა, სოფო უსიტყვოდ გაშლიდა სუფრას და თავად იქვე კუთხეში მიჯდებოდა. ნიკა სუფრას არც შეხედავდა:_ არ მშია, არა, არ გესმის? _ მიუგდებდა სოფოს ორივე სიტყვას და საძინებელში წავიდოდა.სოფო კვლავ მორჩილად აალაგებდა სუფრას, ბავშვებთან შევიდოდა, მიეალერსებოდა მათ, საბანს შემოუკეცავდა და თავადაც იქ იძინებდა, თუ რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას დაძინება რქმეოდა. ასეთი ყოფისაგან, გაუთავებელი ნერვიულობისაგან სოფო ერთიანად ჩამოხმა, თვალები ჩაუცვივდა, ხშირად ავად ხდებოდა, მაგრამ არც ექიმთან მიდიოდა და არც ზედმეტად წუწუნებდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი მდგომარეობისაგან გამოსავალი ყოფილიყო. ერთადერთი, რაზეც ყურადღება შეაჩერა, ის იყო სამსახური დაეწყო, მაშინ შეიძლება ცოტა მორიდება გამოეჩინათ სოფოს მიმართ. დიდხანს წონიდა ამ გადაწყვეტილებას და ერთ საღამოს მორიდებით უთხრა ქმარს:_ ნიკა, იცი რა მოვიფიქრე?ნიკა გაკვირვებული დარჩა, ჩვეულებრივ ამ მდგომარეობას შეეჩვია, რომ სოფო თითქოს უსულო საგანი იყო, არაფერზე არ რეაგირებდა, ახლა კი თურმე რაღაც მოუფიქრებია კიდეც._ აბა, თქვი, რა აზრები გაწუხებს _ უთხრა ნიკამ და ისეთი ბრაზიანი სახე მიიღო, სოფომ ინანა კიდეც, ნეტავ საერთოდ არაფერი არ მეთქვაო, მაგრამ სხვა რა გზა იყო, წამოწყებული აზრი უნდა დაესრულებინა. თანაც ხედავდა, რაც თქმას აგვიანებდა, ნიკა სულ უფრო ცოფდებოდა._ რა და, თუ ნებას მომცემ სამსახურს დავიწყებ, ბავშვებს კი მომვლელი ავუყვანოთ. _ მაშ მომვლელი არა? _ იღრიალა ნიკამ და მაგიდას მუშტი დაჰკრა, სოფო შეშინდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, ჭურჭელი, რაც მაგიდაზე იყო ერთიანად იატაკზე გადმოცვივდა და დაიმსხვრა, მაგრამ ამით ნიკა არ დაკმაყოფილდა და კვლავ განაგრძობდა ბობოქრობას._ სამსახური მოუნდა ქალბატონს, შვილები ღვთის ანაბარად უნდა მიატოვოს, განა რამე გაკლია? გამომივიდა ეს გადაწყვეტილების მიმღები. კარგად დაიმახსოვრე, ამ ოჯახში გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ, შენ კი უსიტყვოდ ასრულებ, თუ არ მოგწონს გზა აქეთაა. ნიკა ცოფიანივით ეცა კარებს, წიხლისკვრით გააღო და იყვირა, გასაგებია, რაც გითხარი? კიდევ გაწუხებს აზრები?სოფოს ცივმა ოფლმა დაასხა, ნეტავ არ წავიდეს, ისევ ჩვენთან დარჩეს და ხმის ამომღები აღარ ვარ, ფიქრობდა თავისთვის.ნიკა არსად წასულა, საძინებელში შევიდა, დიდად ნასიამოვნები ჩანდა, რომ ცოლს თავისი ძალა დაანახა.რა თქმა უნდა, არც თანამშრომლებს გამოჰპარვიათ, რაც ნიკასა და სოფოს ოჯახში ხდებოდა, დიდად არავის აინტერესებდა, რა მოხდებოდა შემდეგ, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვისაც სკანდალების ნახვა აინტერესებდათ. ამიტომ დაიწყეს ტელეფონით ხან მესიჯების წერა, ხან დარეკვა, ვინაობას არავინ ამხელდა, მხოლოდ მინიშნებით ეუბნებოდნენ სოფოს, რა ჩუმად ხარ, ქმარი გღალატობს, სჯობს ხმა ამოიღო, თორემ ოჯახი დაგენგრევა, ნიკა სახლიდან წავა. პირველად სოფოს ეგონა ამას თიკო აკეთებდა, მაგრამ მერე გაარკვია, რომ არც დანარჩენები აკლებდნენ ხელს, ჩასაფრებულის მდგომარეობაში იყვნენ და ერთი სული ჰქონდათ, ნაღმი როდის აფეთქდებოდა.მას შემდეგ, რაც სოფოსთან პირველი ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა, ნიკას გული მოეცა, გამბედაობა მოემატა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ნიკა ზოგჯერ ღამით სახლში საერთოდ არ მოდიოდა. მხოლოდ დილით შემოუვლიდა, გაწკრიალებულ და მზრუნველობით დაწყობილ ტანსაცმელს ამოარჩევდა და კარგად გამოიპრანჭებოდა, სოფოსთვის სიტყვაც არ ემეტებოდა, არც რაიმეს უხსნიდა. თავს ვალდებულად არ თვლიდა ეთქვა, სად იყო მთელი ღამე. ახლა სად მიდიოდა, ან საღამოს დაბრუნდებოდა თუ არა, არც იმით ინტერესდებოდა, ბავშვებს ხომ რაიმე არ უჭირდათ, მათ ოთახში ერთხელაც არ შეიხედავდა, არც მოეფერებოდა. ერთადერთი რასაც ჯერ კიდევ აკეთებდა ეს იყო, რომ თვის ბოლოს, როცა ხელფასს აიღებდა, მაგიდაზე ფულს უსიტყვოდ დადებდა. ოღონდ ეს თანხა ახლა გაცილებით იმაზე ნაკლები იყო, რაც ადრე შემოჰქონდა ოჯახში ნიკას. სოფომ იცოდა, რომ თანხა, რომელსაც ნიკა ოჯახს აკლებდა, თიკოს ხმარდებოდა. ეს იმდენად არ უკვირდა, რამდენადაც ის, რომ ასეთი რა გაუკეთა მის ქმარს იმ ქალმა, რომ თავისი შვილების ლუკმა გააყოფინა და ისინი ისე შეაძულა მათი დანახვაც არ უნდოდა. სოფოს თავისთავზე მეტად შვილები ეცოდებოდა, ცოცხალი მამის ობლები, მას ობლობა გამოვლილი ჰქონდა და კარგად იცოდა რასაც ნიშნავდა. თუმცა ბებია ყველა ღონეს ხმარობდა მისთვის რაიმე არ მოეკლო. მიუხედავად ამისა, მშობლების მონატრება მის გულში მძიმე ლოდივით ედო და დრო და დრო, მიუხედავად სხვა მრავალი დარდისა, თავს ახსენებდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი სოფოს ასეთი თავშეკავებისა და მიმტევებლობისა ქმართან, რომ იქნებ დამდგარიყო დრო და ნიკას შვილებზე მაინც შემოებრუნებინა გული. ასეთ გაურკვევლობაში სოფომ ორი წელი გაატარა, ანანო და ვანო უკვე შეჩვეული იყვნენ, რომ მამა სახლში იშვიათად მოდიოდა. სოფო მათ არასდროს აძულებდა მამას, ეუბნებოდა, რომ ბევრს მუშაობს, სხვა ქალაქებში უწევს მოგზაურობა, რომ ფული იშოვოს და ოჯახში მოიტანოსო. თანაც როცა ნიკა ფულს მოიტანდა, სოფო შვილებს ეუბნებოდა: _ აი, მამამ რამდენი ფული მოგვიტანა, წავიდეთ და მაღაზიაში რაც გაგიხარდებათ ვიყიდოთო.ბავშვებს მართლა ასე ეგონათ და ტაშს შემოჰკარვდნენ. თანაც მამა ძალიან შეუყვარდათ. ჩვეულებრივ ანო და ვანო არასდროს კინკლაობდნენ, არც სათამაშოების გაყოფაზე და არც სხვა რამეზე, მაგრამ თუ მაინც რაიმე ექნებოდათ სათქმელი, მაინც გაიძახოდნენ:_ ნახავ, მამა მოვა და ყველაფერს ვეტყვიო.მართლაც შემოეხვეოდნენ მამას, როცა მოვიდოდა, თუკი, რა თქმა უნდა, არ ეძინათ და რაღაცის ახსნას ცდილობდნენ, ის კი ცივად მოიშორებდა ორივეს: _ კარგი, მადროვეთ, თქვენთვის არ მცალია, მეჩქარება.ბავშვებს გული წყდებოდათ, მაგრამ რას იზამდნენ, დედის სიტყვები ახსენდებოდათ და სჯეროდათ, რა ქნას, ალბათ, ძალზე დაღლილია, კიდევ სადღაც ეჩქარება, ჩვენ რომ ფული არ მოგვაკლოს.რაც მეტი დრო გადიოდა პატარები მეტ დაინტერესებას იჩენდნენ მამის მიმართ, თანაც არც ის რჩებოდათ შეუმჩნეველი, რომ დედა ყოველთვის მოწყენილი დადიოდა. _ დედა, მამა რატომ არ გვეფერება, აი ისე, როგორც შენ გვეფერები ძილის წინ? _ ჰკითხა ვანომ დედას, როცა სოფომ ბავშვები დასაძინებლად შეიყვანა თავის ოთახში.სოფო ჯერ ნამდვილად არ ელოდა ასეთ შეკითხვას, არ ეგონა თუ ასე განიცდიდნენ მამის საქციელს, კარგა ხანს ჩუმად იყო, თუმცა არც უპასუხოდ დატოვება შეიძლებოდა._ ბავშვებო, განა ოდესმე თქვენთვის რაიმე მომიტყუებია? აბა, ჩემი რატომ არ გჯერავთ, მამას თქვენ ძალიან უყვარხართ, უბრალოდ იმდენი დრო არ რჩება თქვენთვის, როგორც მე. მე ხომ არ ვმუშაობ სულ სახლში ვარ, ის კი თქვენთვის ყველაფერს აკეთებს. ბავშვები დამშვიდნენ და ჩაეძინათ. სოფოსთვის ეს დიდი დარტყმა იყო, იცოდა, რომ აქ თუ სხვა ფორმით კიდევ დაუსვამდნენ ამ კითხვას და ტყუილით ყოველთვის ფონს ვერ გავიდოდა, არც ანო და ვანო იყვნენ იმ ასაკში, რომ ყველაფერი გასაგებად აეხსნა მათთვის. არადა, ხედავდა, რომ ბავშვებს მამის ქცევაში უკვე ეჭვი ეპარებოდათ და დედის სიტყვების სულ უფრო ნაკლებად სჯეროდათ. სოფოს კიდევ ისიც დაემატა სადარდებლად, რომ პატარები ტყუილს იშვიათად პატიობენ და მეც არ შემიძულონ შვილებმა, სიმართლეს რომ არ ვუმხელო. ახლა მართლა ორ ცეცხლს შუა იწვოდა. ვერც ნიკას ეტყოდა, რომ შვილები მის შესახებ კითხულობდნენ, რადგან იცოდა, კიდევ სკანდალს ატეხდა და უფრო უარესი იქნებოდა, ახლა ის ოცნების კოშკიც დაენგრეოდათ, რომელიც მამაზე ჰქონდათ შექმნილი. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად კარებზე ზარი გაისმა, სოფო არავის ელოდა, არც ვინმე დადიოდა მათთან, ერთადერთი თუ ვინმე გადასახადის ასაკრებად მოდიოდა, დანარჩენი სოფოს გულშემატკივარი არავინ ჰყავდა, რომ მისი ბედ-იღბლით დაინტერესებულიყო, ხოლო როცა ნიკა მოდიოდა, ის კარებს თავისი გასაღებით აღებდა. სოფომ კარები გააღო და მათი თანამშრომელი შერჩა ხელში. შემოიპატიჟა, ამ ქალთან დიდი ახლობლობა არ აკავშირებდა და გულმა უაზრა, ეს, ალბათ, იმიტომ მოვიდა, რაიმე საჭორაო გამომტყუოსო._ როგორ შევრცხვი შენთან, ჩემო სიცოცხლევ, უკვე შენი პატარები გაიზარდნენ და მე კი აქამდე ვერ ვინახულე, ალბათ როგორი ნაწყენი იქნები ჩემზე _ თქვა სტუმარმა რაღაცნაირი ირონიული ღიმილით, რითაც კიდევ მეტად გააღრმავა სოფოს განცდა, რომ ის ბავშვების სანახავად სულაც არ იყო მოსული._ არა, რას ამბობთ, თქვენზე ნაწყენი რატომ უნდა ვიყო, განა მე რა გამიკეთებია თქვენთვის, რომ რაიმე დაგავალდებულოთ, სულ რამდენიმე თვეა ერთმანეთს ვიცნობთ _ უთხრა სოფომ ისეთი კილოთი, რომ სტუმარი აუცილებლად მიუხვდებოდა, მისი მოულოდნელი ვიზიტის მიზეზს._ რა კარგია, როცა ბედნიერი ოჯახი აქვთ ადამიანებს, კარგი შვილები ჰყავთ _ ისევ თავისას განაგრძობდა ქალბატონი._ ჰო, მართლა, სად არიან შენი პატარები?_ ჯერ სძინავთ, ახლახანს დავაძინე.მერე ათასნაირი რაღაც დახლართა, ყოველი მხრიდან უვლიდა სოფოს, ყოველ წინადადებაში ცდილობდა რაიმე ისეთი ეთქვა, მერე ენაზე წამოსაკიდებლად რომ გამოადგებოდა. სოფომ მტკიცედ გადაწყვიტა ამ აბეზარი სტუმრისთვის თავი დაჩაგრულად არ ეგრძნობინებინა და ყველაფერზე მორგებულ პასუხს აძლევდა, თანაც თავს იმით იმართლებდა, რომ ესეც ნიკა ხომ არ არის, ეწყინება და ეწყინოს, განა მას ვინ ეკითხება ასე დაუკითხავად ხომ შემომეჭრა ოჯახში და დაკითხვებს მიტარებს. თითქმის მოსაღამოვდა, სტუმარი წასვლას სულაც არ ჩქარობდა, სოფო ადგა, მაგიდას თეთრი ტილო გადააფარა, ყავის ჭიქები და თეფშები გამოალაგა, კარგი მურაბაც გახსნა, ნამცხვარიც ჰქონდა, ოთახში ცხელი ყავის სურნელი დატრიალდა._ ოჰ, რა გემრიელი ნახელავი გცოდნია, ის რა ადამიანია, ვინც ასეთ ქალს მიატოვებს _ უკვე მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა._ მერედა ვინ გითხრათ, რომ ნიკამ ჩვენ მიგვატოვა _ არც სოფო დარჩა ვალში და გაბრაზებაც აშკარად დაეტყო მის ხმას. _ კარგი, ჩემო სიცოცხლევ, ჩემთან არ გინდა ასეთი ლაპარაკი, მე ხომ ყველაფერს ვხედავ, როგორც იქცევა შენი ქმარი, უკვე ღარც მალავენ, რომ ერთმანეთი უყვართ, თანაც ჩვენ ხომ ქალები ვართ, თუ ვინმეს შენ დარდს გაუზიარებ, გულზე მოგეშვება და გათავისუფლდები. სოფოს უკვე მოთმინებამ უღალატა და ვინ იცის რას მოიმოქმედებდა, რომ ოთახში ანო და ვანო არ შემოსულიყვნენ, ამ ხმაურობაზე გაღვიძებოდათ, ტანსაცმელი ჩაეცვათ, ისეთი სასაცილოები იყვნენ, ზოგი წაღმა ეცვათ, ზოგიც უკუღმა, ფეხშიშველი იყვნენ. სტუმარი ისე გაიბადრა მათ დანახვაზე თითქოს მათი სიყვარულით კვდებოდა. სოფომ ბავშვებს ნორმალურად ჩააცვა და ისევ ოთახში შემოიყვანა, თუმცა არ უნდოდა ბავშვებს მათი საუბარი მოესმინათ, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, ბავშვებს სად გაუშვებდა._ უი, რა ლამაზები ხართ, რა საყვარლები, ასე რამ შეაძულა თქვენი თავი მამათქვენს, გული სულ არ ჰქონია _ ახლა ბავშვებს გადაეკიდა ქალბატონი. სოფო ისეთ დღეში ჩავარდა, ლამის იკივლა. _ ჩვენ მამას არ ვძულვართ, დეიდა, მას ბევრი ფული მოაქვს ჩვენთვის, მერე დედას მაღაზიაში მივყავართ და ყველაფერს ვყიდულობთ _ ერთმანეთს საუბარს არ აცდიდნენ ანო და ვანო._ ეჰ, შვილო, თქვენ ჯერ რა იცით, ყველაზე მთავარი სათამაშო და კანფეტები გგონიათ, მერე მიხვდებით მამათქვენი რა კაცია._ დედამ ჩვენ გვითხრა, რომ მამას ძალიან ვუყვარვართ, ოღონდ ის ბევრს მუშაობს და ხშირად სახლში ვერ მოდის _ თავისას არ იშლიდნენ პატარები._ ყოჩაღ, სოფო, მართლა გმირი ყოფილხარ, ის როგორ გექცევა და შენ კიდევ ბავშვებს მის თავს აყვარებ _ ახლა სოფოს მოთაფვლა სცადა სტუმარმა._ ბოდიშს გიხდით, მაგრამ სტუმარს ველოდები, რომელსაც ჩემთან მარტო საუბარი უნდა _ თქვა სოფომ და ფეხზე წამოდგა._ კარგი, კარგი, მე წავალ უკვე გვიანაა, ისედაც ვაპირებდი წასვლას, შენთვის სიკეთე მინდა, მხოლოდ ამიტომ გეუბნები, შენი ფასი იცოდე, რა გაქვს ვინმეს შესახვეწი, ან ამქვეყნად მეორედ ხომ არ მოხვალ, რატომ უნდა გაიმწარო ცხოვრება, ულამაზესი ქალი ხარ._ როგორმე მივხედავ ჩემს თავს _ უთხრა სოფომ სტუმარს და კარები გაუღო. კარები რომ მიხურა, ანო და ვანო დედას გვერდით დაუდგნენ და კითხვები დააყარეს:_ დედა, ის ქალი რატომ მოვიდა, რატომ გვითხრა, რომ მამა ცუდი კაცია, რომ ჩვენ მიგვატოვა, აბა, შენ ამდენ ხანს ტყუილს გვეუბნებოდი? როდის მოვა მამა, რომ მას ვკითხოთ, დაურეკე ძალიან გთხოვ, მოვიდეს, მამა გვენატრება _ ორივემ ტირილი დაიწყო. სოფომ ისინი ძლივს დაამშვიდა და ჩაეძინათ. იმ ღამეს სოფოს თვალი არ მოუხუჭავს, როცა ნიკა წამით შემოირბენს სახლში ბავშვები მას რაღაცას ჰკითხავენ და მართლა საშინელი აურზაური ატყდება. თავის თავზე აღარ დარდობდა, უკვე შეეგუა მუდმივ შიშში ცხოვრებას, ბავშვები ეცოდებოდა, რომ ასეთი პატარა ასაკიდან დიდების საქმეში ჩარევა უწევდათ და უკვე გული ტკიოდათ რაღაცეებზე, უკვე დედის სიმართლეშიც ეჭვი შეეპარათ და აღარც მამას ენდობოდნენ.ნიკას თითქმის ორი დღე არც შემოუხედავს სახლში, ამასობაში ბავშვებსაც გადაავიწყდათ იმ ქალის სტუმრობა და სოფო მორიგ საშიშროებას ასცდა, რა თქმა უნდა, დროებით. აბეზარი ადამიანები კი მათ ცხოვრებაში ჩარევას მაინც არ იშლიდნენ და სოფოს ნიკასა და თიკოს ყოველ ნაბიჯს ატყობინებდნენ, თუ სად ერთობოდნენ ისინი სამსახურის შემდეგ. მართალია, სოფო ყველა მათგანს ბრაზით ეუბნებოდა, რომ არ აინტერესებდა მათი საუბარი, მაგრამ ისინი უფრო მეტად აქტიურობდნენ. ბოლოს და ბოლოს ისიც ქალი იყო და დაინტერესდა, რა ხდებოდა მისი გვერდის ავლით და გადაწყვიტა თავად შეემოწმებინა ყველაფერი, ბავშვებს ვერსად დატოვებდა და კიდევ ერთი ტყუილი მოიგონა: _ ბავშვებო, მოდი სადმე გავისეირნოთ, სულ სახლში ვართ, პარკში წაგიყვანთ, სათამაშოებს და ტკბილეულს გიყიდით.ანო და ვანო სიხარულით კინაღამ გაგიჟდნენ, ასეთი რამ დედისგან არასდროს სმენოდათ. სოფომ მათ ლამაზად ჩააცვა, ორთავეს ხელი ჩასჭიდა და ქუჩაში გავიდნენ. მართლაც კარგი საღამო იყო, მშვიდი და წყნარი, ის იყო ნიკა სამსახურიდან უნდა გამოსულიყო. სოფო ძალიან ფრთხილობდა ან ბავშვებმა არ შეამჩნიონ მამა და არ დაუძახონ ან ნიკამ არ შენიშნოს ცოლ-შვილი, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, მიდიოდა სოფო და ფიქრობდა:_ ამას რას ვაკეთებ, რამდენი ხანია ვიცი, რასაც ნიკა აკეთებს და ხმას არ ვიღებდი, ახლა, ამ შუა ქუჩაში, რომ აურზაური ამიტეხოს და საქვეყნოდ თავი მომჭას ხომ მეკუთვნის.ასე ფიქრობდა, მაგრამ თავის თავს აგულიანებდა, სწორად იქცევი, რამდენ ხანს უნდა ითმინო ქმრის ასეთი საქციელი, განა სულ დაკარგე თავმოყვარეობა ან ასეთი მამა შვილებს რაში წაადგება. ამდენ ჩხუბში, შიშსა და აყალმაყალში ბავშვებს ხომ ნერვები წაუხდებათ, ფსიქიკა მოეშლებათ, სიმშვიდე არასოდეს ეღირსებათ.სოფომ ანო და ვანო ჯერ პარკში შეიყვანა, აქედან მათი სამსახური კარგად ჩანდა, ვინ შედიოდა და ვინ გამოდიოდა, ბავშვები ატრაქციონზე ერთობოდნენ, თავად იქვე ჩამოჯდა და თვალყურს ადევნებდა ნიკა როდის გამოვიდოდა. ცოტა ხანში მართლაც გამოვიდნენ, ეტყობოდა ორივე შესანიშნავ ხასიათზე იყვნენ, ისე შინაურულად საუბრობდნენ, ისე თავისუფლად, ვითომ ნამდვილი ცოლ-ქმარი იყვნენ და არა ოჯახის მოღალატეები. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. სოფომ დაახლოებით იცოდა სადღაც იმ მხარეს ცხოვრობდა თიკო, უკან გაყოლას აზრი არ ჰქონდა, თანაც გვიან იყო, ბავშვებიც ახლდა. გარდა ამისა, მანქანას როგორ დაეწეოდა. ნერვების დიდ დაძაბვად დაუჯდა, რომ ბავშვებისთვის მისი მდგომარეობა არ შეეტყობნებინა, თუმცა მათ თვალებს არ გამორჩენიათ, რომ დედა ნამტირალევი იყო:_ დედა, იტირე? ჩვენ გაწყენინეთ? ცუდად მოვიქეცით?_ არა, ჩემო კარგებო, თქვენ არაფერ შუაში ხართ, ცოტა თავი ამტკივდა და ცრემლები უნებურად წამომივიდა, სახლში რომ მივალთ წამალს დავლევ და ყველაფერი გამივლის._ კარგი, თუ ასეა ახლავე წავიდეთ სახლში და წამალი დალიე, გასართობად სხვა დროს წამოვალთ.სოფომ სათითაოდ აკოცა შვილებს და სახლში წავდნენ, სულ აკანკალებდა, თავს ძლივს იკავებდა, რომ ხმამაღლა არ ეყვირა, ეს რითი დავიმსახურე, ზედმეტი პატივისცემითა და მზრუნველობით? რატომ მამჯობინა თიკო? ან ეს ორი საყვარელი არსება რატომ გასწირა, განა ასეთი რა დავაშავეთ?სახლში რომ მივიდნენ, სოფომ პატარებს ვახშამი აჭამა და მათთან ერთად მიწვა. ფიქრებში გართული, მთელი ღამე თვალმოუხუჭავად იწვა ლოგინზე, მხოლოდ დილით ჩაეძინა, სწორედ ამ დროს გაისმა კარებზე ზარის ხმა. სოფო მიხვდა, რომ სიჩქარეში კარები ისე ჩაკეტა, გარედან არ გაიღებოდა, ეს ალბათ ნიკაა, სახლში მოსვლა მოეგუნება, ხალათი მოიცვა და კარები გააღო, მართლაც ნიკა იყო._ რაო, უკვე კარებსაც მიკეტავ? არ დაგავიწყდეს მე ჯერ შენი ქმარი ვარ. სოფო თითქმის ხელით გასწია გვერდზე და ოთახისაკენ წავიდა, სადაც ახალი და სუფთა ტანსაცმელი ეგულებოდა, ცხოვრებაში პირველად, რაც მეუღლეები გახდნენ ის დღე იყო, რომ სოფოს ნიკას ტანსაცმელი მოწესრიგებული არ ჰქონდა და თავის ადგილზე არ ედო. _ რაო, შენი მოვალეობებიც დაივიწყე? შუადღემდე გძინავს, ნებივრობ, რა გენაღვლება, სამსახური შენ არ გაწუხებს და ფულის შემოტანა, ყველაფერი მზამზარეული შემოგდის, ოჯახში აღარაფერი გევალება _ ყვიროდა ნიკა მთელი ხმით. ბავშვებსაც გაეღვიძათ, შიშით ლოგინიდან წამოხტნენ, მამასთან მიირბინეს, ეგონათ მოგვეფერებაო, ნიკამ ისინი ხელისკვრით მოიცილა და ჩხუბი განაგრძო._ ახლავე მომაწოდე ჩემი ტანსაცმელები, მაგვიანდება. სოფოს თითქოს არც ესმოდა, გულში იმეორებდა სათქმელს, რასაც ხმამაღლა ვერ ეუბნებოდა ქმარს:_ განა შენ ასრულებ შენს მოვალეობას ცოლისა და შვილებისა წინაშე? განა შენ გრძნობ პასუხისმგებლობას, რაც ოჯახში მამას აკისრია? სად და ვისთან ერთად ერთობი მთელი საღამოები, კიდევ გაქვს ხმა ამოსაღები?ყველასათვის მოულოდნელად ანომ მამასთან მიირბინა, წინ დაუდგა და უთხრა:_ მამა, დედიკოს რატომ უყვირი, ის ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს, რასაც ვეტყვით გვისრულებს, იცი რა გემრიელი ნამცხვარი გამოგვიცხო გუშინ? მიდი შენც გასინჯე მოგეწონება._ თავიდან მომწყდი ლაწილაკო, შენც გამიხდი ახლა დამცველი, ერთს მაგრად მიგტყეპავ, მერე ნახავ როგორ გამოესარჩლები დედაშენს. ყველაფერს გიკეთებთ ჩემი მოტანილი ფულით, თუ მაგარია თავად იმუშაოს, ნახავთ რასაც მოიტანს.ბავშვის საქციელზე ნიკა მთლად გადაირია, ტანსაცმლის მოტანას არ დაელოდა და სოფოს კიბეებიდან მოაძახა:_ იცოდე, ბავშვებს ნუ განაწყობ ჩემს წინააღმდეგ, თორემ არ გაცოცხლებ. სოფომ კარები კვლავ შიგნიდან ჩაკეტა და ახლა მართლა მოურიდებლად ატირდა, როლები გაცვალეს, ანო და ვანო იქეთ ამშვიდებდნენ დედას. ანომ ჭიქით წყალი მოარბენინა, ვანომ კი თავისი აზრი გამოთქვა:დედა, მამას ამის შემდეგ კარები აღარ გავუღოთ, მეშინია, როცა ყვირის, თანაც შენც გემუქრება._ არა შვილო, არ შეიძლება ასე, ის თქვენი მამაა, თანაც ეს მისი სახლიცაა, მას სხვა ოჯახი არ ჰყავს ჩვენს გარდა _ თქვა სოფომ, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ნიკას სხვა ოჯახი ადრე თუ გვიან ეყოლებოდა და მერე მით უფრო გაუსაძლისი შეიქნებოდა მათი ცხოვრება. ამ დღის შემდეგ სოფო ცოტა უფრო გაბედული შეიქნა, მასში ქალურმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა. ნიკას მიმართ თითქმის აღარაფერს გრძნობს, უკვე დიდი ხანია გაქრა ის გრძნობა, რომ ეგონა სამუდამოდ ერთმანეთს დაგვაკავშირებსო. აქამდე მასთან მხოლოდ ოჯახის შენარჩუნების მიზნით რჩებოდა, მაგრამ სადღა იყო ოჯახი, უკვე ყველა ნაცნობმა იცოდა, რაც ხდებოდა მათ ოჯახში. ეს თავის მოტყუება იყო და სხვა არაფერი, ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ბავშვები უკვე დიდები იყვნენ, ბევრ რამეს ხვდებოდნენ. სოფოს შეეძლო სამსახური დაეწყო და ნიკას ფულზე არ ყოფილიყო დამოკიდებული, მას საამისო განათლებაც გააჩნდა, ანოსა და ვანოს კი ბაღში მიიყვანდა, ეს გადაწყვეტილება მიიღო და თავის თავს უმტკიცებდა, რომ უკან აღარ დაიხევდა, ქმარს რაც უნდა ეთქვა. არც ნებართვას აიღებდა მისგან, ან რატომ უნდა აეღო ნებართვა, განა ნიკა ეკითხებოდა მას, როცა რაიმეს აკეთებდა? ისიც ადამიანი იყო და აღარ შეეძლო ამდენი წლის განმავლობაში უსულო საგნის როლის თამაში, ვითომ არაფერი ესმის, ვითომ არაფერს ხედავს, განა რაიმე დანაშაული აქვს? ყოველთვის ოჯახის ერთგული იყო, შვილებს თან ჰყვებოდა. სოფომ თვისი თავი იმაში გამოიჭირა, რომ თუ აქამდე ყველა მოსულ მესიჯს წაუკითხავად შლიდა, რასაც ნიკასა და თიკოს შესახებ წერდნენ, ახლა წაუკითხავს არ ტოვებდა, ზარებსაც ყურადღებით უსმენდა და ყოველთვის იცოდა სად იყო მისი ქმარი, საყვარელთან ერთად.იმ წელს საშინლად ცხელი ზაფხული დადგა. ძე ხორციელი, ვისაც კი რაიმე შანსი ჰქონდა ქალაქს გაერიდა, კურორტებზე ან სოფლებში წავიდნენ. სოფო ბავშვების საცოდაობით იწვოდა, მთელ ღამეს ათენებდნენ სიცხის გამო. რა უნდა ექნა, არსად ჰქონდა მათი წაყვანის შესაძლებლობა, პარკში ხშირად ატარებდა, ფანტანთან გრილდებოდნენ, მაგრამ მთელ დღეს გარეთ ხომ ვერ დარჩებოდნენ. ნიკამ სახლში სიარულს უკლო, უკვე ტანსაცმლისათვისაც აღარ მოდიოდა, ეტყობა თავისი კუთხე იქ ჰქონდა მოწყობილი თიკოს სახლში. მერე კი მთელი ორი კვირა გავიდა, ნიკა თვალით აღარ უნახავს, აღარც ფული მოჰქონდა. სოფო ხან რა, ხან რა გზით ახერხებდა ბავშვებისთვის საჭმლის ყიდვას, ახლა ზაფხული იყო, პატარებს შემოდგომამდე ბაღში ვერ მიიყვანდა, შესაბამისად ვერც სამსახურს დაიწყებდა, საგონებელში ჩავადა, როგორ გაეტარებინა ეს რამდენიმე თვე. ერთ დღეს, საღამო ხანს, ქალბატონი, რომელიც ადრე ესტუმრა სოფოს კვლავ აიტუზა მათ კართან:_ აქეთ ვიყავი გოგო და შემოგიარე, ვიფიქრე ამბავს ვიკითხავ, მარტო იქნება-მეთქი, თანაც ცოტას შევისვენებ, მაცივარში წყალი გექნება, ეს რა საშინელებაა, როგორ ცხელა. ვერც შენ წახვედი ხომ ვერსად დასასვენებლად, ამ ანგელოზებს ქალაქში როგორ ამყოფებ, ცოდვები არიან, მაგრამ ჰო, სულ დამავიწყდა ზღვაზე დასვენება ძალზე ძვირია, შენ კი საიდან ამდენი ფული, მარტოხელა გქვია მაინც, აბა, ქმარი გეხმარება რაიმეს თუ? მაგას დაუდგეს თვალები, მთელ ხელფასს იმ გათახსირებულ გოგოს ახარჯავს, მისი ცოლ-შვილი კი აქ იხუთება. სოფო წყლის მოსატანად გავიდა, მაგრამ სტუმარს ყურადღებით უსმენდა, მას ისიც ეცოდინებოდა, სად ისვენებდა ახლა მისი ქმარი საყვარელთან ერთად. წყალს კიდევ ხილი და უკრემო ნამცხვარი მოაყოლა სოფომ. სტუმარი სიამოვნებით შეექცეოდა, თანაც ენას არ აჩერებდა:_ გოგო, რავა გითხრა, მაგრამ რაღა დასამალია, ისედაც გაიგებ, შენი ქმარი ახლა იმ კახპასთან ერთად ზღვაზე ერთობა, თქვენ კი ასე გიმეტებთ, შენც წადი და ჩაუყვანე ეს ბავშვები, ამათ მაინც მიხედოს, მარტო შენი შვილები ხომ არ არიან, ასე როგორ შეიძლება.ამასობაში ბავშვები ამოვიდნენ ეზოდან, სტუმარი რომ დაინახეს არ გაუხარდათ:_ დედა, ეს ქალი კიდევ მოვიდა, წავიდეს რა, ჩვენ გვეშინია მაგისი. ქალბატონი ცოტა არ იყოს შეცბა, სოფოს მოუბოდიშა და წავიდა, მაგრამ იმდენი ბოროტება დაანთხია კიდევ დიდხანს იქნებოდა საკმარისი.სოფომ გადაწყვიტა, მოდი მართლა ჩავულაგებ ბავშვებს თავიანთ ტანსაცმელს და ზღვაზე ჩავუყვან მამამისს, მე საერთოდ არ გამოვჩნდები, ვნახავ, რას გააკეთებს, ბავშვებს რომ დაინახავსო._ ბავშვებო, გინდათ ხვალ დილით ზღვაზე წაგიყვანოთ? იქ დიდი გემები იქნება, მამა ბევრ ნაყინს გიყიდით, ცოტა ხნით მასთან დარჩებით, ცურვას ისწავლით._ დედა, თუ შენ არ წამოხვალ, ჩვენ მამასთან მარტო არ დავრჩებით, მისი გვეშინია, ყველაფერზე ყვირის და ბრაზობს._ მეც წამოვალ, განა მარტო გაგიშვებთ _ დაამშვიდა სოფომ შვილები, თუმცა თავადაც არ იცოდა, ეს როგორ მოხდებოდა, კარგად იცოდა ეს სწორი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ რაღაც ძალა არ ასვენებდა და წასვლას აძალებდა. ადრე დილით წავიდნენ, სასიამოვნო ამინდი იყო, მალე ჩავიდნენ და პირდაპირ ზღვის ნაპირისაკენ გასწიეს, რადგან არსად არავინ ელოდათ და არც ღამის გასათევი ჰქონდათ, სადმე, მხოლოდ შინ დასაბრუნებული ფულით იყვნენ წამოსული.ეს რა გავაკეთე, აქ ბავშვები რატომ ჩამოვიყვანე, როგორ ავყევი იმ ქალის ლაპარაკს, ახლა რა მოხდება, ნიკა რომ დაგვინახავს, მაგრამ უკან დახევა უკვე გვიან იყო.ბავშვები ნაპირისაკენ გაიქცნენ, სოფომ პატარა ჩანთა სკამზე დატოვა და ბავშვებს გაედევნა, წყალში რომ არ შესულიყვნენ, ეტყობ პატარებმა მამა დაინახეს და იქეთ გარბოდნენ...როცა ისინი ნიკას მიუახლოვდნენ, სოფომ დამალვა არჩია, თუმცა მათთან იმდენად ახლოს იყო, რომ ყველაფერი ესმოდა. ნიკა დიდხანს უყურებდა შვილებს, ხომ არ შემეშალა, აქ ამათ ვინ ჩამოიყვანდაო, მერე მიხვდა, რომ ნამდვილად ანო და ვანო იყვნენ._ თქვენ აქ ვინ მოგიყვანათ, დედაშენი სად არის, ტვინი სულ არ აქვს _ შეიგინა ნიკამ სოფოს მისამართით._ მამა, შენთან გვინდა ვიყოთ, ხომ არ გაბრაზდები, დედაც აქ არის, ხომ არ უყვირებ, დავრჩებით რა.ნიკა გამწარებული იხედებოდა ყველა მხარეს, ელოდა სოფო როდის გამოჩნდებოდა. დამალვას აზრი არ ჰქონდა, სოფომ ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა, ან ახლა ეთქვა ყველაფერი და ან არასდროს, როდესმე ხომ უნდა დასრულებულიყო ეს ტანჯვა. ნიკამ ცოლი დაინახა თუ არა, მკლავში ჩააფრინდა და ზღვისკენ წაათრია:_ წამოდი, ახლავე დაგახრჩობ, ამდენს როგორ ბედავ, ბავშვები აქ როგორ ჩამოიყვანე? სოფომ როგორც იქნა მკლავი გაითავისუფლა, უკან დახევას არ აპირებდა. ნიკა ლაპარაკს არ აცდიდა, ახლა კისერში წვდა, რაც შეიძლება უჭერდა ხელებს, თითქოს აზრიდან გადავიდა. _ ახლა დამთავრდება შენი ცხოვრება, აი, ამ წუთში, შენი შვილების თვალწინ და მერე მოინდომე ზღვაზე ნებივრობა.ბავშვებმა მოირბინეს და სცადეს დედას მიშველებოდნენ. რამდენიმე გამვლელიც შეჩერდა, ნიკა ცოტა დამშვიდდა, ცდილობდა ადამიანის სახე მიეღო, სოფო კი, სოფო მართლა გიჟს ჰგავდა, თვალები ლამის იყო ბუდიდან გადმოუცვივდებოდა, სიმწრიდან ვერც ლაპარაკობდა, ყელი სტკიოდა, მერე პატარებს ხელი დასტაცა და გზისკენ გაიქცა, უნდოდა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას. აქ ქალაქის ცენტრი იყო და ძალიან სწრაფი მოძრაობა, სოფოს არც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი უძებნია, პირდაპირ გაერია მანქანების ზღვაში. ჯიპმა, რომელიც თავაწყვეტით მოძრაობდა, სვლა ვერ შეანელა და სოფოს დაეჯახა. იქვე პატრული გაჩნდა, სასწრაფო დახმარება, ბავშვები უვნებლად გადარჩნენ. სოფო საავადმყოფოში კი წაიყვანეს, მაგრამ ექიმმა წინასწარვე იცოდა ამას აზრი აღარ ჰქონდა. ამ აურზაურში ნიკა ისე გაეცალა იქაურობას, რომ ვითომ მას არც არაფერი ეხებოდა, ვითომ ეს მისი განადგურებული ოჯახი არ იყო. ბავშვები რამდენიმე დღე საავადმყოფოში გააჩერეს, ყოველნაირად ცდილობდნენ მათ შოკურ მდგომარეობიდან გამოყვანას. რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ, რადგან ოჯახის ახლო ნათესავი ვერავინ იპოვეს ანო და ვანო ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. იქ არსებულ მდგომარეობას ისინი იმთავითვე ვერ შეეგუენ. დედა ენატრებოდათ, სულ ტიროდნენ, ყოველდღე ეკითხებოდნენ აღმზრდელს, დედას რა მოუვიდა, რატომ არ მოდის, ჩვენ აქ სანამდე უნდა დავრჩეთო. ეს ქალი კი ისეთი უჟმური ვინმე იყო, პატარებს ერთ თბილ სიტყვასაც არ ეტყოდა:_ რა ჩემი საქმეა თქვენი დედა მოვა თუ არა, წყნარად იჯექით თქვენთვის, ხმა არ გამაგონოთ _ პასუხობდა ყოველთვის ანოს და ვანოს.იქ პატარებს რაღაც სათამაშობიც ჰქონდათ, მაგრამ იმდენი ბვშვი იყო, ანოს და ვანოს თამაში არასოდეს უწევდათ. ისინი სულ კუთხეში ისხდნენ მოწყენილნი. ვანო დას ამშვიდებდა:_ აი ნახავ, თუ დედა არ მოვა და აქედან არ წაგვიყვანს, ცოტაც მოითმინე, ისევ ჩვენს სახლში წავალთ.დასვენების დღეებში ყველას ვიღაც აკითავდა, ზოგიერთი სახლშიც მიჰყავდათ, მხოლოდ ანოსა და ვანოს მომკითხავი არ იყო არავინ. ბავშვებმა ყურადღება მიაქციეს, რომ პატარების სანახავად ვიღაც ქალი მოდიოდა, საჩუქრებითა და ტკბილეულით დატვირთული, ყველას თანაბრად გაუნაწილებდა მოტანილს, მერე ცოტა ხანს რჩებოდა მათთან და ისევ მიდიოდა, ვანომ რამდენჯერმე თვალი შეასწრო, რომ ეს ქალი ანოს თვალს არ აცილებდა და ყველა ბავშვისაგან გამოარჩევდა. რატომღაც ვანო ამ ქალზე ეჭვიანობა დაიწყო და სულ აფრთხილებდა ანოს._ მაგ ქალს არაფერი გამოართვა, არც ახლოს მიეკარო, ხედავ როგორ გიყურებს? ეს, ალბათ, ისეთივე ბოროტი იქნება, ჩვენთან რომ მოდიოდა და ტკბილეულით ჩვენი მოტყუება უნდა.ვანოს ნათქვამიდან აღარც ანო ეკარებოდა ამ ქალს, არც მის მოტანილ თოჯინებს თამაშობდა, სხვა ბავშვები კი იმაზე ეჭვინობდნენ, რომ ეს ქალი ანოს ექცეოდა ყველაზე გამორჩეულად. ერთ დღეს ეს ქალი ბავშვთა სახლის დირექტორთან ერთად შემოვიდა ოთახში და დიდხანს საუბრობდნენ, თან ანოს უყურებდნენ. ვანო მაშინვე მიხვდა, რომ ისინი რაღაცას აპირებდნენ, დას ხელი მოჰკიდა და ჩუმად დასხდნენ ოთახის კუთხეში:_ ანო, იცოდე ამ ქალს არაფერი დაუჯერო, რაც უნდა გითხრას, ეს ბოროტი ქალია დაიმახსოვრე _ ანო თავს უქნევდა ძმას, როცა დასაძინებლად წვებოდნენ ვანოს მაგრად ეჭირა ხელში ანოს ხელი, ეშინოდა ვაი თუ ძილში ვინმემ წაიყვანოსო. ასე ორივე იმედიანად იყვნენ და ძალიან უხაროდათ, როცა გაიღვიძებდნენ და ისევ ერთმანეთის გვერდით იყვნენ.ერთ დილით, კი როცა ჩვეულებრიც გაიღვიძა, ვანომ დაინახა, რომ ანო მის გვერდით აღარ იყო. მიხვდა, აუცილებლად იმ ბოროტმა ქალმა წაიყვანაო, ყველგან ეძებდა, ეძახოდა დას, აღმზრდელი მას ოთახში ჩაკეტვით დაემუქრა, ვანომ ყველაფერი დაამტვრია, რაც შეძლო და რასაც მოერია, მერე აღმზრდელმა იგი მართლა ჩაკეტა ცარიელ ოთახში. ვანომ გადაწყვიტა ფანჯრიდან გადამხტარიყო, ასეც მოიქცა, კიდევ კარგი ოთახი პირველ სართულზე იყო და ვანომ მხოლოდ ფეხი იტკინა მსუბუქად. შეუმჩნევლად გაიპარა ბავშვთა სახლის ეზოდან. ჯერ პატარა იყო და ეგონა ანოს მაშინვე მიაგნებდა, ღამდებოდა, ძალიან შეშინდა, მაგრამ უკან დაბრუნება მაინც არ უნდოდა, ჯერ ერთი და ვერ იპოვა, მეორეც აღმზრდელისაგან ცემა არ ასცდებოდა. მიდიოდა სიბნელეში, მიდიოდა და არაფერი იცოდა სად. ქუჩა ნახევრად ჩაბნელებული იყო. ანოს ნახვის იმედი გადაეწურა. აღარც ის იცოდა, თავი სად შეეფარებინა, ღამე სად გაეთია, სიბნელეში ადამიანები შენიშნა, გაუხარდა, ვეტყვი, იქნება დამეხმარონო._ მოდი აქ, ძმაკაც _ უთხრა ერთმა ვანოს და წინ გადაუდგა._ რა ძმაკაც, ბიჭო, თვალები არ გაქვს? სულ ბავშვია, ხუთი თუ ექვსი წლისა იქნება. ალბათა დაიკარგა, ახლა მშობლები, ალბათ, როგორ ეძებენ._ რაო პატარავ, სახლიდან გამოიპარე? _ ტონი შეცვალა შემხვედრმა._ სახლში არც ვყოფილვარ, საბავშვო სახლის ფანჯრიდან გადმოვხტი, მათ ჩემი და წაიყვანეს, ანო უნდა ვნახო აუცილებლად._ ეს რა გულადი ვინმე ყოფილა, თანაც დას ეძებს._ ეჰ, პატარავ, შენ დას ახლა რაღას ნახავ, ეტყობა გააშვილეს, შენ რა დედ-მამა არ გყავს?ვანომ არც იცოდა გაშვილება რა იყო, ამიტომ ბიჭებს არაფერი უპასუხა.ჯობია ჩვენთან წამოხვიდე, უკვე ღამდება, ცივა, გარეთ გაიყინები, არც ჩვენ ვცხოვრობთ სასახლეში, მაგრამ ქუჩაში ძილს ნამდვილად სჯობს.ბიჭებმა ვანო რაღაც ჩამონგრეულ სარდაფის მსგავს ოთახში შეიყვანეს, ვანოს არც ეგონა აქ თუ შეიძლებოდა ადამიანს ეცხოვრა, დედა ყოველთვის სათუთად ეპყრობოდა. სუფთად და ლამაზად ეცვა. პატარა იყო, მაგრამ ამას მაინც ხვდებოდა._ აბა, მოეწყვე შინაურულად ძმაო, თუ ჩვენთან ყოფნა გინდა, შენი ოჯახი ეს იქნება, აჰა, ცოტა პურის ნატეხიც გვაქვს, ამაღამ გეყოფა, ხვალ რასაც ღმერთი მოგვცემს, ის ვჭამოთ _ უთხრეს ბიჭებმა. ვანოს ახლა გაახსენდა, რომ მთელი დღე არაფერი უჭამია, სულმა წასძლია, პური გამოართვა და ჩაკბიჩა, ხმელი იყო, მაგრამ იმდენად შიოდა, ეგემრიელა, მერე ბიჭებმა, რაღაც საბნის მსგავს ნაგლეჯებზე მიუთითეს:_ აი, შენ აქ დაწექი, სტუმარი ხარ, მიწაზე ხომ არ დაგაწვენთ, უკეთესი ჩვენ არ გვაქვს.ვანო მიწვა, სიზმარში მთელი ღამე ანო ელანდებოდა, ვითომ ნახულობდა, გულში იკრავდა, მერე კი ვიღაც მოდიოდა და ხელიდან ჰგლეჯდა. როგორც იქნა გათენდა, ვანო კარგად ვერ მიხვდა სად იყო, როცა ირგვლივ მიმოიხედა, ერთადერთი ჭუჭრუტანიდან შემოსულმა სხივმა მათი ბუნაგი გაანათა._ აბა, ახლა ჩვენ წავალთ, შენ ჯერ ჩვენთან ვერ წამოხვალ, აქ იჯექი, გინდა იწექი, თუ მოგშივდება ცოტა პური კიდევ გვაქვს, იქნებ რამე მოვიტანოთ, შენც გიწილადებთ, სანამ შენით ისწავლი თავის რჩენას, მანამდე ჩვენი იმედი გქონდეს. ბიჭები წავიდნენ. _ არა, აქ რა მინდა, აქ არ გავჩერდები, მე ანო უნდა ვიპოვო, იმიტომ გამოვიქეცი იქედან, თორემ იქ ლოგინზე მაინც მეძინა _ ფიქრობდა ვანო. ჯერ ფრთხილად გამოიხედა გარეთ, მერე გამოვიდა, არავინ ჩანდა, ირგვლივ სულ ნანგრევები იყო, ძლივს გა-იკვლია გზა. ინტუიციით ქუჩის ხმაურს მიჰყვა, მართლაც გამოვიდა გზაზე. აქ უამრავი ხალხი და მანქანა ირეოდა. ვანოს დედა მარტო გარეთ არასდროს უშვებდა. ასწავლიდა, მანქანას უნდა გაუფრთხილდეო. ასფალტის კიდეს გაჰყვა, ყველას აკვირდებოდა, იქნება ანო დავინახოო, ფიქრობდა.როცა საბავშვო სახლში ბავშვები ვახშამზე შეკრიბეს, აღმოაჩინეს, რომ ვანო არ იყო. საჩქაროდ შეიხედეს იმ ოთახში, სადაც ვანო იყო ჩაკეტილი, ფანჯარა ღია დახვდათ, ამით მიხვდნენ, რომ ის ფანჯრიდან გადახტა, რადგან სახლის ახლომახლოს ვერსად აღმოაჩინეს, ბავშვთა სახლის დირექტორმა პატრულში დარეკა, ქალაქში რამდენიმე მანქანა გამოვიდა და ქუჩები გაინაწილეს._ პატარა შორს ვერსად წავიდოდაო, გადასცემდნენ ერთმანეთს პატრულის მუშაკები. საღამო ხანს ერთმა ჯგუფმა ვანო მართლა იპოვა. იგი ქუჩის კუთხეში იჯდა და ტიროდა, მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაკარგული ბიჭი._ მოდი ჩვენთან პატარავ, _ უთხრა პატრულმა ვანოს, შენ აქ რატომ ხარ, შენი მშობლები სად არიან, რა გატირებს? ვანოს პატრულის შეეშინდა და ყველაფერი მოუყვა._ თქვენთან დავრჩები, იქ არ წამიყვანოთ, ისინი მცემენ, მათ ჩემი და სადღაც წაიყვანეს, მე ის უნდა მოვნახო, იქ თუ წამიყვანთ მაინც გამოვიქცევი.პატრულის დასანახად ვანოს ყველა კარგად მოექცა, შემდეგ კი ბნელ ოთახში ჩაკეტეს, რომელსაც ფანჯარა საერთოდ არ ჰქონდა, რომ ვანო ისევ არ გადამხტარიყო. მთელი დღეები იჯდა ვანო და ტიროდა, ის არც იმ საჭმელს აკარებდა პირს, რომელსაც როგორც პატიმარს ისე შემოუტანდნენ. როცა უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ვანო თავისას არ იშლიდა და საჭმელს პირს არ აკარებდა, აღმზრდელები შეიშინდნენ არაფერი მოუვიდესო და სხვა ბავშვებთან გამოსვლის ნება მისცეს, ოღონდ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, ეზოშიც არ უშვებდნენ. ახლა ვანომ ეშმაკობას მიმართა, ისე იქცეოდა, ვითომ გაქცევას აღარც აპირებდა, არადა, ყოველ წუთს საშუალებას ეძებდა, როგორ შეიძლება გაქცეულიყო. რამდენიმე თვე გავიდა, ვანო ცოტა არ იყოს მიავიწყდათ კიდეც, უკვე თავისუფალი იყო, შეეძლო სხვა პატარებთან ერთად ეთამაშა ეზოში, მაგრამ ეზო ისეთი მაღალი რკინით იყო შემოვლებული გადახტომისას ვინმე დაინახავდა. ფიქრობდა, ღამით გადამხტარიყო. უკვე რამდენიმე თვე გავიდა, რაც ანოსა და ვანოს ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა, უდედოდ დარჩნენ და ბავშვთა სახლში მიაბარეს. ალბათ, ყველაზე უგულო და უსინდისო ადამიანში ერთხელ მაინც იღვიძებს სინდისის გრძნობა და ახსენდება, რომ ადამიანად დაიბადა და მერე ცხოველად გადაიქცა. თვეების შემდეგ ნიკას გულშიც ასეთი რაღაც მოხდა და მან ვეღარ გაუძლო ცდუნებას ობოლი, თავშესაფარში გამოკეტილი შვილები არ ენახა. გარდა ამისა, მან სიზმარიც ნახა, სოფო ესიზმრა, ცრემლებით ევედრებოდა: _ ნიკა, ჩემგან ხომ გათავისუფლდი, გზა ხსნილი გაქვს, ვინც გინდა ის იყოს შენს გვერდით, ჩემს მაგივრად ვინმე ვეღარ შეგიძლის ხელს, მაგრამ ერთხელაც არ გინახავს, ხანდახან მაინც ინახულე, არ დაგავიწყდეს მამა ხარ. ნიკას ამ სიზმრის შეეშინდა და მეორე დილით მივიდა ბავშვთა სახლში:_ ვანო, შემოდი ჩვენთან, ნახე ვინ გესტუმრა _ დაუძახა ერთ დილას დირექტორმა ვანოს.ვანო ოთახში შევიდა და კარებთან გაჩერდა, ფიქრობდა, ალბათ კიდევ უნდა მცემონო და დირექტორისკენ არც გაუხედავს._ ვანო, შემხედე, შვილო, როგორ ხარ, არ მოგენატრე? _ ხმა ნაცნობი იყო ეს ხომ მამას ხმაა, იცნო ან კი რა დაავიწყებდა ამ ხმას. დილაუთენია, რომ შემობრძანდებოდა სახლში და იქაურობას ააწიოკებდა. ვანომ თავი ასწია. არც შემცდარა, ეს მართლა მამამისი იყო.აღმზრდელები ფიქრობდნენ, ვანო გაიქცეოდა და მამას კისერში ჩამოეკიდებოდა, მაგრამ ვანო ადგილიდან არ დაძრულა, ნაბიჯიც არ გადაუდგამს მამისკენ. ნიკა უფრო მიუახლოვდა შვილს, უნდოდა მოფერებოდა, თავზე ხელი გადაესვა. ვანომ ისე დაუბღვირა მამას, ყველა სმენად გადაიქცა, ერთი სული ჰქონდათ, რას ეტყოდა ვანო მამას._ აქ რა გესაქმება, ისევ უნდა გვეჩხუბო? სჯობია ანო მოძებნო, ამათმა სადღაც დამალეს, მე ვერ ვიპოვე. წადი არ მიყვარხარ, ჩემი მამა არ ხარ _ ვანო ოთახიდან გამოვარდა და ბავშვებში გაერია. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მამამ ისიც ვერ იკითხა, სად იყო მისი მეორე შვილი, წავიდა და უკვე ამჯერად სამუდამოდ, ამის შემდეგ შვილების ამბავი აღარასოდეს უკითხავს. სამაგიეროდ თავისი ცხოვრების მოწყობას შეუდგა. თიკო სახლში მოიყვანა და მეორე ოჯახი შექმნა, ვითომ არც არაფერი მომხდარიყო. ვანო კი ისევ გამოიქცა ბავშვთა სახლიდან და ისევ ნაცნობ ადგილას მივიდა. ბიჭებიც იქ დახვდნენ. ვანო უფრო გათამამებული იყო, ცოტა წამოზრდილი. ბიჭებს დახმარება სთხოვა, ჩემი და მომაძებნინეთო. ბიჭებს ვანოს ნათქვამი სასაიცოლოდ არ ეყოთ:_ შენ ჯერ ბავშვი ხარ, მეტი არ იცი, ვინ გამოაჩენს ახლა შენს დას, სადმე, ალბათ, თბილ და მყუდრო ოჯახში იზრდება, დედ-მამაც ჰყავს, შენ კი აგერ ჩვენთან ხარ, ამ საზიზღარ სოროში._ შეიძლება ხვალ მარტო პურიც არ გქონდეს, ისევ მასზე ფიქრობ, შენ დას კი საერთოდ არ ახსოვხარ. _ არა, ჩემი და არასოდეს დამივიწყებს, ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, თქვენ დამეხმარებით თუ არა, ანოს მე მაინც ვიპოვი. ბიჭებმა კვლავ დააყარეს სიცილი.უკვე მეორე დღიდან სადაც მიდიოდნენ ვანოც თან მიჰყავდათ, ყველაფერ შავ საქმეს აკეთებინებდნენ. ვანოს არ ეთაკილებოდა, პატარა იყო და მეტს ვერ ხვდებოდა, უხაროდა დიდი ბიჭები მათ თანატოლად რომ თვლიდნენ. საღამოობით კი ძმაკაცები ვანოს აგულიანებდნენ:_ სჯობია შენი დის ძებნას თავი დაანებო და მამაშენზე იძიო შური, მან დაანგრია თქვენი ცხოვრება._ რა და მამაშენი უნდა მოკლა, სადმე უნდა ჩაუსაფრდე და უნდა მოკლა _ უხსნიდნენ ბიჭები._ მაგრამ მე, რომ თოფი არ მაქვს _ იკითხა გულუბრყვილოდ. ისევ სიცილი _ მერე და ვინ გეუბნება რომ ხვალ უნდა მოკლა. ჯერ დაიცადე, გაიზრდები და იარაღიც გექნება, თუ ჩვენ დაგვიჯერებ ყველაფერი გექნება _ არიგებდნენ ჭკუას ვანოს. ისიც ცდილობდა მათთვის ყველაფერი შეესრულებინა, რასაც ეტყოდნენ, ოღონდ შურისძიებაში დახმარებოდნენ. ახლა ეს იყო მისთვის მთავარი. გულში მხოლოდ ამ სიტყვას იმეორებდა. ერთი სული ჰქონდა როდის გაიზრდებოდა. ამ ხნის მანძილზე, რაც მათი ცხოვრება შეიცვალა ეს კეთილი და სათნო ბავშვი უკვე ბოროტ არსებად იქმნებოდა თანდათან, არავინ და არაფერი ებრალებოდა, ყველაფერი შეეძლო მოესპო და გაენადგურებინა. სული დაუმახინჯდა, მასში ადამიანური გრძნობები თანდათან კვდებოდა. რაც დრო გადიოდა, ის იმედიც ეკარგებოდა, რომ ოდესმე მის დას ნახავდა. ვანომ არც წერა-კითხვა იცოდა. ნორმალურად საკუთარ გვარსა და სახელსაც ძლივს წერდა, სკოლაში ხომ თითქმის არასდროს უვლია, გარდა იმ რამდენიმე თვისა, რაც ბავშვთა სახლში იყო. ვანოს ძმაკაცები წვრილმან ქურდობაზე დაიჭირა პოლიციამ, ბაზარში მათ ხილი და საჭმელი მოიპარეს. ყველა გაოცდა, რომ მათ გვერდით ეს პატარა ყმაწვილიც აღმოაჩინეს. ამჯერად უკვე საბავშვო სახლში არავის დაუბრუნებია, როგორც მცირეწლოვანი, რამდენიმე დღით იქვე გააჩერეს, მერე კი გამოუშვეს, მისი ძმაკაცები კი კოლონიაში გადაიყვანეს, ისინი უკვე 19-20 წლისნი იყვნენ. ვანო სულ მარტო დარჩა. იქ დაბრუნება აღარ უნდოდა, სადაც ცხოვრობდა, უკვე ხვდებოდა, რომ პოლიცია აქ ყოველთვის შეამოწმებდა. დღე ქუჩაში ხეტიალობდა. სანამ ზაფხული იყო, პარკში ეძინა სკამზე, მერე კი როცა აცივდა, იქ ვეღარ დაიძინებდა, კიდევ მოძებნა სხვა მიტოვებული ნანგრევები, მაგრამ იქ ისევე წვიმდა და უბერავდა, როგორც გარეთ. ერთ დღეს როცა ნაგვის ყუთში პურის ნატეხს ეძებდა, მასთან ისეთივე გაბურძგნული და ჩამოგლეჯილ ტანსაცმლიანი ბიჭი მივიდა, როგორიც მისი ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ მისთვის უცხო:_ შენ ეი, _ უთხრა მან მკაცრად _ განა არ იცი, რომ აქ ჩემი ადგილია და სხვას უფლება არა აქვს აქედან რაიმე აიღოს, აქ ყველაფერი მე მეკუთვნის _ ისე ამაყად უთხრა ბიჭმა, ვითომ დიდი ადგილ-მამულის პატრონი ყოფილიყო.ვანო უხმოდ გაეცალა იქაურობას._ მოიცა, ძმა, განა საწყენად გითხარი, მოდი ერთად ვიყოთ, ორს მეტი ძალა გვექნება, ყველაფერი გავიყოთ. ვანო შეჩერდა._ ღამეს სად ათევ? _ შეეკითხა უცნობი ვანოს._ ღამის გასათევი არსად მაქვს _ უპასუხა ვანომ, სულ მარტო დავრჩი, რაც ჩემი ძმაკაცები დაიჭირა პოლიციამ, მე კი გამომიშვეს._ შენ რა, უკვე პოლიციაში ყოფნაც მოასწარი? აბა, არც ისეთი გულუბრყვილო იქნები, როგორც მე მგონია. მე აგერ, აი, იმ სახლის ჭერში ვცხოვრობ, ერთი დაგლეჯილი საბანი ვიპოვე, ზედაც იმას ვიხურავ, როცა ყველა დაიძინებს, ჭერში მაშინ ავდივარ, დილას კი მათ გაღვიძებამდე ვდგები, რომ არ დამინახონ და პოლიციაში არ დამასმინონ. როცა დაღამდა, ვანო იმ ბიჭთან ერთად ახალ ბინაში ავიდა, იქ შედარებით უკეთესი იყო, ქარი არ უბერავდა, ნაკლებად ციოდა, ორივენი საბნის მაგვარ ნაგლეჯში გაეხვივნენ და მალე ჩაეძინათ. ვანო მთელი ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავდა, ვითომ თავის სახლში იყვნენ, დედასთან და ანოსთან ერთად, უამრავი სათამაშო ჰქონდა, ტკბილეული, მამაც სახლში იყო, არ ჩხუბობდა._ ე, ძმაო, ადექი დროზე, წავიდეთ, ვინმე გვიპოვის და პოლიციაში დაგვასმენენ გააღვიძა მასპინძელმა ვანო.ვანოს გული დააწყდა ტკბილი სიზმრიდან რომ გამოერკვა. კიბეზე ჩამოირბინეს, ჩქარობდნენ, არავის დაენახათ. ქუჩაში გავიდნენ, ხალხს შეერივნენ._ აბა მითხარი, არ გშია? _ ჰკითხა ახალმა ძმაკაცმა. ვანომ თავი დაუქნია, მაშ ხელი გავანძრიოთ, სხვა ვინმე გვაჭმევს თუ? ბაზარში შევიდნენ. რა აღარ იყო აქ. ვანოს შიმშილით კუჭი უხმებოდა, ყველაფერი უნდოდა შეეჭამა, რასაც ხედავდა, მაგრამ დაუკითხავად აღება მაინც ვერ გაბედა. მივიდა, ერთ მოხუცს წინ დაუდგა, რომელიც ვაშლს ყიდდა და ჩუმად უთხრა:_ ბაბუ, ძალიან მშია, ერთი ვაშლი შეიძლება ავიღო?_ აბა, დამეკარგე აქედან, შე მაწანწალა, აქ იცი დღეში შენნაირი რამდენი მოდის? თუ ყველას მუქთად მივეცი, სახლში რაღა მივიტანო. ვანო იქაურობას გაეცალა. თვალი მოჰკრა მის ძმაკაცს, რომელსაც უბე უკვე გავსებული ჰქონდა, ეტყობა ის უკვე დიდი ხანია შეჩვეული იყო ყველაფერს. ხელით ანიშნებდა ვანოს წამოდიო. ჩუმად მიიყუჟნენ._ შენ რა ქენი, ვერაფერი აიღე _ ჰკითხა ვანოს ძმაკაცმა, გეტყობა ყველა გეცოდება, არა, ძმაო, ასე არ შეიძლება, შენ შეგიცოდა ვინმემ? საკუთარმა მამამაც არ შეგიცოდა, თვითონ ახლა სადმე, ალბათ, ნებივრობს. წუთითაც არ ვაცოცხლებ _ თქვა მტკიცედ.ესეც შურისძიებას მირჩევს, გაიფიქრა ვენომ, მეც ასე მოვიქცევი, თუ სადმე იარაღს ვნახავ, აუცილებლად მოგკლავ _ დაიქადნა ვანომ თავის გულში, ვითომ ასე ადვილი ყოფილიყოს პატარა ბიჭისაგან იარაღის პოვნა და ადამიანის მოკვლა, მაგრამ მთავარი ისაა, ვანომ ეს აზრი ტვინში ჩაიბეჭდა და სულ ამაზე ფიქრობდა.მთელი მისი ცხოვრება ქუჩას დაუკავშირდა, ქუჩას და ქურდბაცაცა ძმაკაცებს, მერე კი პოლიციას, ვინ იცის რამდენჯერ დაიჭირეს და გამოუშვეს, უკვე ყველაფერს შეეგუა და შეჩვეულიც იყო ამას, ამაყობდა კიდეც სხვების გასაგონად, რომ ბევრჯერ მოხვდა იქ და გამოუშვეს, არც იმას უმალავდა ვინმეს, რომ მამის მოკვლას აპირებდა, ზოგი იცინოდა, ზოგს მართლა სჯეროდა, ასე იყო თუ ისე, ვანოს წლები ემატებოდა და თანდათან საშიში დამნაშავე ხდებოდა.ბოლოს თვალსაჩინო ადგილებშიც აკრავდნენ მის ფოტოებს, როგორც ძებნილის, მაგრამ პატარაობიდანვე გამოწვრთნილს იოლად ვერავინ მოიხელთებდა. მისგან უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი და არც არავის ერიდებოდა. შემთხვევით გამვლელს, რომ ხედავდა, ისიც სძულდა, ისიც მისი მტერი ეგონა, საერთოდ სიტყვა `ადამიანი~ სძულდა, უნდოდა ყველაზე ეძია შური, განურჩევლად. მიუხედავად ასეთი შავ-ბნელი ცხოვრებისა, მის გულში ერთი პატარა ნაპერწკალი მაინც ენთო, აქ ანოს ადგილი იყო, აქ მისი სიყვარული ინახებოდა, მისი მონატრება ღამ-ღამობით, როცა ფიქრებთან მარტო რჩებოდა, ვანო ისევ პატარა გოგონად წარმოიდგენდა ანოს, თითქოს ის არ გაიზრდებოდა, ჩუმად ტიროდა, ნეტავ როგორია, ვიცნობ რომ შემხვდეს? თავად მიცნობს? ეს კითხვები უღრღნიდნენ გულს, მაგრამ არაფრის შეცვლა შეეძლო.სანამ ვანო ამ ყოფაში იყო და როგორც იტყვიან `ქუჩის ბიჭად~ ჩამოყალიბდა, ანოს ცხოვრება კარგად აეწყო. პირველ დღეს, როცა დედობილმა მეგიმ ანო სახლში მიიყვანა, მას არაფრის გაგონება არ უნდოდა, არც მოფერების, არც ტკბილი სიტყვების, არც დაპირებების. მეგიმ იგი წინასწარ ლამაზად მორთულ ოთახში შეიყვანა, აქ იმდენი თოჯინა და სათამაშო იყო რამდენიც მთელს ბავშვთა სახლში არ ყოფილა. ვარდისფერი თეთრეული, ფუშფუშა ლოგინი, ასეთივე ფარდები, იქაურობას ზღაპრულ სანახავს ხდიდა._ შვილო, ეს ყველაფერი შენია, რასაც აქ ხედავ, ყველაფერი შენთვის შევიძინე, მოუთმენლად ველოდი შენს გამოჩენას. ახლა ორივე ბედნიერი ვართ, შენ დედა გყავს, მე კი ლამაზი გოგონა, რომელიც მუდამ ჩემი შვილი იქნება._ არაფერი არ მინდა, შენ ჩემი დედა არ ხარ, დამაბრუნე ისევ ბავშვთა სახლში, მე ვანოსთან მინდა ვიყო _ თავისას არ იშლიდა ანო. ასე გაგრძელდა თითქმის თვეზე მეტი, მერე კარგმა მოპყრობამ თავისი გაიტანმა და ანოს დედობილზე თანდათან გაუთბა გული. თამაშიც დაიწყო, აღარ ტიროდა, მხოლოდ მეგის ხშირად ეკითხებოდა:_ როდის წამიყვან ჩემი ძმის სანახავად.მეგის ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, უფრო სწორად დადებითი პასუხი, რადგან მას ცოცხალი თავით არ უნდოდა ანოს საბავშვო სახლში დაბრუნება. როცა ანო წამოიზარდა თავისით მიხვდა, თუ რატომ არ უნდოდა დედობილს მისი წაყვანა ძმის სანახავად. ანოსაგან უჩუმრად მეგი თავად რამდენჯერმე იყო ბავშვთა სახლში, რათა გაეგო, როგორ იყო ვანო, მაგრამ როგორც აღზრდილებმა უთხრეს ის იქ დიდხანს არ დარჩენილა, მეორე დღესვე გაიპარა დის ძებნის მოტივით, შემდეგ ქუჩის ბიჭებს აჰყვა და მიუხედავად მცირეწლოვნობისა ციხეშიც მოხვდა. მეგის გული დაეწვა, სინდისის ქეჯნა იგრძნო, ეს მისი ბრალი იყო, მას რომ არ დაეცილებინა და-ძმა ერთმანეთს, შეიძლება მათი ცხოვრება სხვაგავარად წასულიყო, თავისი დანაშაული მეგის იმით უნდოდა გამოესყიდა, რომ ანოს ისე ექცეოდა, როგორც ნამდვილი დედა და კიდევ უკეთესად.ერთ დღეს ანომ რთული შეკითხვა დაუსვა მეგის:_ ეს სურათები, შენს ოთახში რომ ჰკიდია ვისია?მეგი ჯერ არ ელოდა ამ შეკითხვას, მაგრამ ანო იმდენად მგრძნობიარე ბავშვი იყო, მისგან ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო._ კარგი, რადგან დაინტერესდი მოგიყვები _ თქვა მეგიმ და თვალები ცრემლებით აევსო.ანოს ეწყინა, არ უნდოდა ამ ქალისთვის ტკივილი მიეყენებინა._ კარგი, თუ არ გინდა ნურაფერს მომიყვები, უბრალოდ დავინტერესდი _ ხელზე ხელი დაადო ანომ მეგის._ არა, არა, ადრე თუ გვიან ამის მოყოლას ისედაც ვაპირებდი:_ ესენი ჩემი ქმარ-შვილი არიან. ჩვენ ჯერ კიდევ სკოლიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი. მას მდიდარი ოჯახი ჰქონდა, ამაყი და თავმომწონე მშობლები. იოლად არავის მოიწონებდნენ. ჩვენი სიყვარულის ამბავი რომ გაიგო, სადედამთილომ ქვა ააგდო და ჩემს რძლობაზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, ჩვენ იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი, მშობლები წინააღმდეგობას ყური არ ვათხოვეთ და როგორც კი სკოლა დავამთავრეთ, მაშინვე გადავწყვიტეთ დავქორწინებულიყავით. ეს მშობლების უკითხავად გავაკეთეთ, ხელიც მოვაწერეთ. საკუთარი ფული რომ გვქონოდა, ჩემმა ქმარმა მუშად დაიწყო ქარხანაში მუშაობა, რადგან ვიცოდით რომ, როცა მისი მშობლები ამას გაიგებდნენ, ბინის ქირაობა მოგვიწევდა. მართლაც და სანამდე შეიძლებოდა ამის დამალვა და როცა ეს სადედამთილომ გაიგო, შვილს კატეგორიულად უთხრა: ან სახლიდან წახვალ ან იმ გოგოს თავს დაანებებ.ჩვენ როგორც მოფიქრებული გვქონდა, ცალკე გადავედით საცხოვრებად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რძლობა არ უნდოდა, დედამ უკიდურესად ინერვიულად იმაზე, რომ ერთადერთი შვილი სახლიდან წავიდა. ცდილობდა ჩემთვის სამაგიეროს გადახდას. ერთხელ როცა მარტო ვიყავი სახლში შემომეჭრა და არაფერს მორიდებია, არც ფიზიკურ შეურაცხყოფას. პირველად ეს ამბავი ჩემს ქმარს დავუმალე, ინერვიულებს-მეთქი, მაგრამ ამან სისტემური ხასიათი რომ მიიღო, იძულებული გავხდი მეთქვა მისთვის. ბევრი იფიქრა, სიმართლე გითხრა, ვერც მე ვურჩიე რაიმე გამოსავალი, შემდეგ გადავწყიტეთ და ბინა გამოვიცვალეთ, რომ ჩვენი ადგილსამყოფელი ვერ მოეგნო, არც ამან გაჭრა, იქაც მოგვაგნო.მერე ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, მივალ, დაველაპარაკები, დედაა, იქნება გამიგოს, ასეც მოიქცა, იქედან განადგურებული დაბრუნდა, არ ვიცი რა უთხრა დედამ საკუთარ შვილს ასეთი, მაგრამ ამ ნერვიულობაზე იგი ცუდად გახდა, შემდეგ ავადმყოფობა მოერია. ძალიან ნერვიულობდა, ახლა იმასაც, რომ უკვე ბავშვს ველოდებოდით და მუშაობა არ შეეძლო, რომ ოჯახში ფული შემოეტანა. ერთადერთი სიხარული ახლა ის იყო, რომ პატარას გაეხარებინა ჩვენი გულები, ვფიქრობდით, იქნებ ბებია რომ გახდებოდა, მასაც მოეხედა ჩვენსკენ და გული გათბობოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არც ეს სიხარული დაგვცალდა ბოლომდე, პატარა მძიმე ავადმყოფი დაიბადა, ალბათ ამდენმა გაუთავებელმა ნერვიულობამ და სტრესმა ჩემზეც იქონია გავლენა. ახლა მთლად სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, ბავშვს ყოველდღე სჭირდებოდა ყურადღება, წამლები, ექიმი. მოკლედ, მშვიდი ცხოვრება არ გვეღირსა. მუშაობა რომ დამეწყო, ბავშვს ვერსად დავტოვებდი. ჩვენი შებრალებისა და დახმარების ნაცვლად დედამთილი კიდევ მოგვივარდა სახლში, ყველანაირი სიტყვებით მლანძღა, შენი ბრალია, ამდენი ცოდვა რომ დაატრიალე, ახლა როგორ შეგიძლია უპატრონო ავადმყოფ ქმარსა და დავრდომილ შვილს, ვერასოდეს გაიხარებ ამის გულისთვის. ვერ ვხვდებოდი რაში მდგომარეობდა ჩემი დანაშაული, გული რომ იჯერა ჩემი ლანძღვით, წავიდა, ჩემი ქმარი ცუდად გახდა, მაშინვე ექიმი გამოვიძახე, მაგრამ ამაოდ, არაფერი ეშველა. დავრჩი სულ მარტო ავადმყოფ მცირეწლოვან შვილთან ერთად. იმის იმედიც არ მქონდა, რომ გაიზრდებოდა და გამახარებდა, მაგრამ მაინც ყველაფერს ვუკეთებდი, თან ვყვებოდი, არაფერს ვიშურებდი მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ასე ორი თუ სამი წელი გაგრძელდა, პატარაც დამეღუპა. ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიყავი. მერე ერთმა ნაცნობმა მირჩია, ბავშვი აიყვანე და გაზარდე, უკეთეს რას გააკეთებო, ბევრი ფიქრის შემდეგ მეც ასე გადავწყვიტე. თუ რაიმე ფული მექნებოდა, ვაგროვებდი, ვყიდულობდი, სათამაშოებს, ტანსაცმელებს, ცალკე ოთახიც მოვაწყვე, როცა დარდი შემომაწვებოდა, მეც ამ ოთახში შევიდოდი და მოსვენებას ვპოულობდი, შვებას ვგრძნობდი, ხშირად დავდიოდი ბავშვთა სახლში, საჩუქრები მიმქონდა პატარებთან, ვუცდიდი როდის გამოჩნდებოდა ვინმე, რომელიც ჩემს დატანჯულ გულს გაახარებდა. აი, შენც გამოჩნდი, შენ ხარ ის ერთადერთი, ვისი ხათრითაც ვცხოვრობ ამქვეყანაზე და ვის ბედნიერებას მინდა მოვესწრო.ანო სულგანაბული უსმენდა დედობილს, სიტყვა არ გამორჩენია მისი მონათხრობიდან, ახლა მეტად შეუყვარდა ეს ქალი. თურმე რამოდენა დარდი ჰქონია, თან რა დიდი გული, კიდევ როგორ შეუძლია, მე, სხვის შვილს, ასე თბილად და დედობრივად მომექცეს. მეგი ინტერესით ადევნებდა თვალს ანო როგორ მოიქცეოდა, როცა ყველაფერს მოისმენდა._ მადლობთ დედა, რომ არსებობ და ღმერთმა შენი თავი შემახვედრა _ უთხრა ანომ მეგის და მოეხვია.მეგის ყველაფერზე მეტად სიტყვა `დედის~ გაგონება გაუხარდა, რადგან ამჩნევდა, რომ მიუხედავად მათი კარგი ურთიერთობისა, ანოს მისთვის დედის დაძახება მაინც ეძნელებოდა.ანო ყველაფრამდე იმ გზას მიჰყვებოდა, როგორც დედობილს უნდოდა, სახელიც და გვარიც შეუცვლია, მშობლების ვინაობაც, ის უკვე ნინო იყო, იმ ადრე დაღუპული პატარას სიცოცხლის გამაგრძელებელი. ანო დიდხანს ვერ ეგუებოდა, როცა სკოლაში ნინოს ეძახდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან დედობილს ასე უხაროდა. მის არანაირ სურვილს არ ეწინააღმდეგებოდა. ერთხელ სკოლაში ხმა გავრცელდა, რომ საბავშვო სახლიდან გამოპარულმა ბიჭმა, მისთვის შეუფერებელი, განსაკუთრებით საშიში საქციელი ჩაიდინა. ყველა გაკვირვებული იყო მცირეწლოვნის ამ ქმედებით, ანომ კი გაკვეთილები მიატოვა და სახლში გამოიქცა. ფიქრობდა, დედობილს ვეტყვი და იმ ბიჭის სანახავად ციხეში წამიყვანს, ის უთუოდ ჩემი ძმა იქნებაო. მეგის გაუკვირდა ანო დროზე ადრე მისული რომ დაინახა სკოლიდან: _ რა მოხდა შვილო, ადრე რატომ მოხვედი, ხომ კარგად ხარ, რამე ხომ არ გტკივა? _ დააყარა კითხვები ანოს._ არა, არა, მე კარგად ვარ, მაგრამ იცი? ჩემი ძმა გამოჩნდა და მინდა მის სანახავად წამიყვანო. მეგის ელდა ეცა, არანაირად არ უნდოდა და-ძმა ერთმანეთს შეხვედროდა._ რა იცი, შვილო, რომ შენი ძმაა, ან სად გამოჩნდა, რითი მიხვდი?_ დედა, მას საშიში დანაშაული ჩაუდენია, ახლა ციხეშია, გთხოვ წამიყვანე და მაჩვენე.მეგი კიდევ მეტად შეშფოთდა, ესღა აკლდა ახლა ციხეში ევლო._ ანო, მომისმინე შვილო, შენ უკვე დიდი ხარ, როგორ შეიძლება ჩვენ იქ მივიდეთ, ვიღაც ქუჩის ბიჭის სანახავად, ხალხი რას იფიქრებს ჩვენზე._ არა, მე მაინც წავალ, ვინც რა უნდა ის თქვას, შეიძლება ის ჩემი ძმაა, უნდა ვნახო, მაინც წავალ.მეგიმ იფიქრა, არ დამიჯერებსო და წაყოლა ამჯობინა. თუმცა როგორც უთხრეს, ის ბიჭი უკვე მცირეწლოვანთა კოლონიაში გადაიყვანეს, მაგრამ არც ადგილმდებარეობა გაუმხილეს და არც მისი ვინაობა.ანო ტირილით წამოვიდა სახლში. დიდხანს ნერვიულობდა, მაგრამ რას იზამდა, არ იცოდა ძმა სად ეძებნა, არადა, გეგმებს აწყობდა, თუ ჩემი ძმაა ყოველთვის მოვაკითხავ, სანამ გაათავისუფლებენ, მერე კი ერთად ვიცხოვრებთ. თუ დედობილი ამის ნებას არ დამრთავს სახლიდან წავალ და მას არ დავკარგავ.წლები მიდიოდა, ანოს ცხოვრებაც იცვლებოდა, ოღონდ არ იცვლებოდა მისი ოცნება, როგორმე ძმა ეპოვა და ამასთან ერთად ბედნიერი ენახა. ანო, ახლა უკვე სამედიცინო უნივერსიტეტს ამთავრებდა, ესეც დედობილის სურვილით აირჩია. მან თხოვა სამედიცინოზე ჩაბარება. ანო ერთ ბიჭს მოსწონდა, არც თავად იყო გულგრილი, ხშირად ხვდენოდნენ ერთმანეთს. მეგის ძალიან უხაროდა ეს ამბავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თუ ოჯახს შექმნის, მერე ძმაზე ფიქრს შეწყვეტს და აღარც იმ მაწანწალასთან ექნება კავშირი. ამიტომ ყოველთვის ეკითხებოდა ანოს, როცა შინ ბრუნდებოდა, დღეს შეყვარებულს შეხვდი თუ არაო. ასე თუ ისე, ანოც ჩაწვდა დედობილის ჩანაფიქრს, ასე რატომ იყო დაინტერესებული მისი დაოჯახებით. ამჯერადაც ტალღასავით გადაუარა ქალაქს, ვიღაც საშიში დამნაშავის სახელმა, რომელიც პოლიციის მიერ იძებნება და მნახველზე ჯილდოც წესდება. ანოს კვლავ აერია გონება, ფიქრობდა, უთუოდ ჩემი ძმააო. მერე გავრცელებული ხმის მიხედვით დამნაშავე უკვე დაპატიმრებული იყო და უახლოეს დღეებში სასამართლო შედგებოდა. ანომ მტკიცედ გადაწყვიტა წასვლა, მაგრამ ამ ამბავში ახლა აღარ უნდოდა მეგის ჩარევა, რადგან იცოდა აუცილებლად დაუშლიდა. არც მარტო წასვლა უნდოდა, გადაწყვიტა შეყვარებულისთვის ეთქვა, ამიტომ საჭირო გახდა მისთვის მთელი ცხოვრებისეული ეტაპების მოყოლა, ისიც დიდხანს და ყურადღებით უსმენდა, ერთხელაც არ ამოუღია ხმა, როცა ანომ მოყოლა დაამთავრა და ჰკითხა, წამომყვები თუ არა, მხოლოდ მაშინ გამოერკვა:_ ანო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ შენ ბავშვთა სახლში გაიზარდე, ახლა ხომ ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრობ და დედა გყავს, ოღონდ მე ვერ შევეგუები, რომ ჩემი შეყვარებული ციხის კარზე დადიოდეს, საშიში დამნაშავის სანახავად, გინდაც იგი მისი ძმა იყოს. ძალიან გული მტკივა ეს რომ უნდა გითხრა, მაგრამ შენ არჩევანის გაკეთება მოგიწევს ჩემსა და შენს ბოროტმოქმედ ძმას შორის. ან მე ან ის, მე მის სანახავად წასვლის ნებას ვერასოდეს მოგცემ.ანო ყურს არ უჯერებდა, რაც გაიგონა, მაგრამ როცა შეყვარებულის მკაცრ სახეს შეხედა მიხვდა, მართალს ამბობდა, მაგრამ არც თავად დაიხია უკან, მაშინვე უპასუხა:_ ძალიან კარგი, რომ ახლავე გამოავლინე შენი სახე, სანამ ოჯახს შევქმნიდით. მე მეგონა შენ მიხვდებოდი, რომ ადამიანს არ შეუძლია აირჩიოს დედმამიშვილი და ოჯახის წევრი, ის ყოველგვარი არჩევნის გარეშე ისეთი უნდა მიიღო, კარგია თუ ცუდი. იმის გამო, რომ მშობლების გარეშე გავიზ-არდეთ და ჩემს ძმას, ჩემსავით არ გაუმართლა, ცუდ წრეში მოხვდა, ცუდ გზას დაადგა, ასეთები ხომ ოჯახებშიც იზრდებიან. ამიტომ მე მას არ დავკარგავ, მის ძებნას სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელებ, შენ კი სადაც გინდა და ვისთანაც გინდა წაბრძანდი, არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს და ესაა ჩემი არჩევანი _ ჩემი ძმის პოვნა. ანო ამჯერად მარტო მივიდა ციხეში, მაგრამ რა თქმა უნდა, დაკავებული პატიმარი არ აჩვენეს, გარკვეული მიზეზების გამო. ამჯერადაც გულდამწვარი დაბრუნდა სახლში. როცა მეგიმ გაიგო, რომ ანო შეყვარებულს დაშორდა და დაშორების მიზეზიც გამოიძია, ანოს უსაყვედურა. ანო კარგა ხანს იყო ჩუმად, მერე კი ცხოვრებაში პირველად შეესიტყვა დედობილს:_ ყოველთვის ისე ვიქცეოდი, როგორც შენ გინდოდა, გინდოდა სახელი და გვარი შევიცვალე, თანახმა ვიყავი, გინდოდა სამედიცინოზე მესწავლა, ჩემი სურვილი უკან წავიღე და შენ დაგიჯერე, გინდოდა შენი ამორჩეული შეყვარებული მყოლოდა, არც ამაზე ვამბობდი უარს, მაგრამ უგულო და არაადამიანი აღმოჩნდა, ისიც შენსავით მთხოვდა, საკუთარი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი დავივიწყო. ის რომ ბოროტმოქმედი გახდა ჩემი ბრალიცაა, ჩემს გამო გამოიქცა ბავშვთა სახლიდან, მე მეძებდა, ჩვენ რომ ორივე ერთ ოჯახში წავეყვანეთ ვინმეს, დღეს ისიც კაცი იქნებოდა, ახლა რას მთავაზობ, არც მივიდე და ვნახო, იმიტომ რომ ქუჩის ბიჭია? ყველასაგან მიტოვებული და უარყოფილი? მეგის ხმა არ ამოუღია, ან რა ჰქონდა სათქმელი, თავადაც ხედავდა მის დანაშაულს, მაგრამ ამის აღიარება უჭირდა.გარდა იმისა, რომ საბავშვო სახლიდან გამოქცეული ვანო თავისი დის ნახვის უაზრო მონდომებით იყო შეპყრობილი, ის მამაზე შურისძიებასაც ფიქრობდა, რადგან მათი ოჯახის დანგრევის ძირითად მიზეზად მამა მიაჩნდა. რაც უფრო ემატებოდა, წლები ამას უფრო მეტად გრძნობდა. მას საშუალება არ ჰქონდა ეძებნა და სად ცხოვრობდა, რადგან უფრო ხშირად თუ გარეთ იყო და არა ციხეში, მაინც არალეგარულ ცხოვრებას ეწეოდა. თორემ ახლა მას ყოველგვარ იარაღზე მიუწვდებოდა ხელი და არც დამხმარეების ნახვის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა ვანოს უნდოდა, მამისთვის პასუხი მოეთხოვა, ასე როგორ უღალატა ოჯახს, ამიტომ მას უნდოდა თუ მამის ადგილმდებარეობას დაადგენდა მარტო მისულიყო მასთან. ერთ დღესაც მას მეგობარმა ამბავი მიუტანა, სად ცხოვრობდა მისი მამა, რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზე. ვანო წავიდა მიცემულ მისამართზე სინამდვილის დასადგენად, თუმცა შიში ჰქონდა ამდენი წლის შემდეგ იცნობდა თუ არა მამას. მივიდა მითითებულ სახლთან, ერთ წყნარ კუთხეში მიიყუჟა და გამვლელ-გამოვლელებს თვალიერება დაუწყო. ეს დღე ისე გაიარა, მამა ვერსად დაინახა, თუმცა მეზობლისაგან გაიგო, რომ ასეთი ადამიანი აქ მართლა ცხოვრობდა. მეორე დღესაც მოვიდა ვანო, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი აუცილებლად შესულიყო მამასთან, თვალებში ჩაეხედა, პასუხი მოეთხოვა მისთვის. როცა ყველაფერი მიწყნარდა და ხალხის მოძრაობაც ნაკლები იყო, ვანომ რევოლვერი მარცხენა ჯიბეში ჩაიდო და ფეხაკრეფით შევიდა სადარბაზოში. კარები ღია იყო, შევიდა, მამა ტელევიზორთან იჯდა, სავარძელში, მაშინვე იცნო, ოდნავ შეჭაღარავებული იყო. კარები შიგნიდან ჩაკეტა და ოთახში ჩუმად შებრუნდა, მამას წინ დაუდგა:_ ადექი, შემხედე თვალებში, მიცანი?პასუხი არ იყო, მამამ ვერ იცნო ამდენი ხნის უნახავი შვილი, ჩვეულებრივი ქურდი ეგონა, სახლში შეპარული._ წაიღე რაც გინდა, ოღონდ ეს იარაღი გადააგდე._ მაშ, ქურდი გგონივარ არა? ქურდიც ვარ, მაგრამ ეს შენი ბრალია, შენს ნამუსზე იყოს, ახლა კი ამისთვის არ მოვსულვარ. ადექი, ამდენი დრო არ მაქვს, პოლიცია მომისწრებს, ამ რევოლვერში სამი ტყვიაა, ერთი დედაჩემისთვის, ერთი ჩემი და ანოს ობლად დატოვებისთვის, ერთიც კი ჩემთვის, აღარც მე ვიცოცხლებ თავს ამის შემდეგ. ორი ტყვია გაისროლა ვანომ, მაგრამ სასიკვდილო არც ერთი არ იყო, მაინც ვერ გაიმეტა, ამასობაში ოთახში პოლიციელები შემოცვივდნენ და ვანოს მესამე გასროლის საშუალება აღარ მისცეს.სპეცოპერაციის გამო ახლომახლო გზები გადაკეტილი იყო. ხალხმა ფეხით დაიწყო გადაადგილება. ანო სრულიად შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს, მეგობართან მიდიოდა მეზობელ ქუჩაზე მდებარე სახლში. საუბარს მოჰკრა ყური, რომ მიტოვებულმა შვილმა დაჭრაო. მაშინვე ენიშნა, იქნებ ვანო იყოსო, რაც შეიძლება ახლოს მივიდა, იქ მხოლოდ პოლიციელები იყვნენ, შემდეგ ხალხს უკანდახევა თხოვეს. ორმა პოლიციელმა გამოიყვანა ვანო, მაშინვე იცნო ანომ ძმა, მუხლები მოეკვეთა, მაგრამ ძალა მოიკრიბა, ახლა ამის დრო არ იყო, აუცილებლად უნდა მისულიყო ახლოს, წრე გაარღვია და პოლიციელთან მივიდა:_ მისი ნახვის საშუალება უნდა მომცეთ, ის ჩემი ძმაა _ თქვა თითქმის ტირილით.ვანომ გაიგონა და გაოცებული მობრუნდა უკან, პოლიციელებმა მეტი საშუალება არ მისცეს ჩასვეს მანქანაში._ პოლიციაში მობრძანდით ქალბატონო, იქ ვილაპარაკოთ _ უთხრა ანოს უფროსმა და წავიდა.ანომ მაშინვე ტაქსი გააჩერა და პოლიციის მანქანას უკან გაჰყვა. მივიდა თუ არა, პოლიციის უფროსთან შესვლის ნება ითხოვა და მას ყველაფერი მოუყვა, ძალიან დაენანა უფროსს ეს მდგომარეობა. როგორც გამონაკლისი, ანოს პოლიციელების თანდასწრებით, ხუთი წუთით დართო ძმის ნახვის ნება._ ნუ გეშინია ვანო, რადგან გიპოვე, გვერდიდან აღარ მოგცილდები, დამპირდი, რომ ეს ბოლო შემთხვევა იქნება შენთვის, დამპირდი, დედას გაფიცებ._ წადი ანო, აქ აღარ მოხვიდე, მე შენ შეგარცხვინე, ცუდ ხალხთან დავიჭირე საქმე, მეც არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა, მაპატიე თუ შეგიძლია. ძალიან მიყვარხარ, როგორ გაზრდილხარ, აღარ ვნანობ ამის მერე რაც მომივა, ვიცი, რომ შენ კარგად ხარ.დანიშნული დრო ამოიწურა. და-ძმა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ მხოლოდ დროებით, რამდენიმე წელი, რაც ვანომ ციხეში გაატარა, ანო ყოველთვის მიდიოდა მის მოსანახულებლად. როცა პატიმრობის ვადა გავიდა ანომ ძმა თავისთან წაიყვანა სახლში. მიუხედავად დედობილის დიდი წინააღმდეგობისა. დედასავით ზრუნავდა მასზე და წუთით არ აძლევდა საშუალებას ძველ მეგობრებთან ურთიერთობა გაეგრძელებინა. მისი დიდი მცდელობით ვანომ ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყო.მარინა ჩხაიძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა