მღვდელი გიორგი (ტუღუში) 2012 წლიდან საქართველოს დედა ეკლესიას ღირსეულად და ერთგულად ემსახურება. ის ფლობს ღვთისაგან ბოძებულ იმ ტიტულს, რომელიც მიზნად ისახავს ერში ქრისტეს სიტყვისა და მცნებების ჩანერგვას. მამა გიორგი თითქმის 12 წელია ემსახურება ამ საქმეს და ატარებს მღვდლობის უმძიმეს, ამავე დროს საპატიო ჯვარს რომელიც დააკისრა მაღალმა ღმერთმა. უფალი ამ ჯვარს ყველას არ აკისრებს, იმიტომ რომ, ყველას არ აქვს უფლისაგან ბოძებული უდიდესი ნიჭი, თავმდაბლობა, რომელიც უძლიერესი იარაღია ეშმაკთან და სატანასთან საბრძოლველად, სწორედ ეს ნიჭი არის ღვთისგან ჩანერგილი მამა გიორგიში. ის მსახურობს ლანჩხუთის რაიონის ორ სოფელში - ნიგოითის და ლაშისღელის ეკლესიებში, ამ ტაძრების წინაშე დიდი ღვაწლის მატარებელია. მხოლოდ იმისთვის არის დასაფასებელი მისი ღვაწლი, რომ ნიგოითში უპირობო მდგომარეობაში ატარებს წირვა-ლოცვას და ასრულებს საღვთისმსახურო საიდუმლოებებს. გადავწყვიტე მამა გიორგისთან გასაუბრება, რომ უფრო მეტი გაიგოს ხალხმა მის შესახებ:
- გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა და თქვენი გზა ერისკაცობიდან მღვდლობამდე?
- ჩემი მშობლიური მხარეა გურია. დაბადებული ვარ ლანჩხუთში. ერთი წლის ასაკში გადავედით საცხოვრებლად ბათუმში, ვსწავლობდი ბათუმის მე-16 საშუალო სკოლაში მეოთხე კლასის ჩათვლით, მეხუთე კლასიდან ვსწავლობდი ქუთაისში 32-ე საშუალო სკოლაში და სკოლა დავამთავრე ქუთაისში. სკოლა და მასწავლებლები ძალიან მიყვარდა და კარგადაც ვსწავლობდი, ძირითადად ჰუმანიტარულ საგნებს. ძალიან დამჯერი და მშვიდი ბავშვი ვიყავი, როცა სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ქუთაისში ისტორიის განხრით. უნივერსიტეტში კარგი სტუდენტი ვიყავი და მიყვარდა წიგნებთან მუშაობა. წიგნის კითხვა ყოველთვის მიყვარდა და ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობი იყო. ოთხი წლის შემდეგ მივიღე ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ ორი წელი ვისწავლე მაგისტრატურაში, ისიც წარმატებით დავასრულე და მივიღე ისტორიის მაგისტრის წოდება. ასე რომ, მღვდლობის გარდა მე ვარ ისტორიკოსიც. მაგისტრატურიდან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, 38 წლის ასაკში ჩავაბარე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, საკმაო ასაკის მიუხედავად მაინც წარმატებით დავასრულე სწავლა და გავდი საღვთისმეტყველო მეცნიერებების ბაკალავრი, სემინარიის დამთავრების შემდეგ, შემოქმედელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დიაკვნად დამასხეს ხელი, დიაკვნად ვიმსახურე ერთი თვე, 28 ივლისს დიაკვნად მაკურთხეს და ერთი თვის შემდეგ, 28 აგვისტოს, მარიამობას, მღვდლად მაკურთხა მიტროპოლიტმა იოსებმა და დღემდე ვაგრძელებ სამღვდელო მსახურებას ღვთისა და ერის წინაშე, უფლის მადლით და მეოხებით.- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ?
- მამაჩემი, სამწუხაროდ, წლებია გარდაცვლილია. ძალიან კარგი მამა მყავდა და ცხოვრების ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯში გვერდში მედგა, ყოველივე ჩანაფიქრის განხორციელებში ხელს მიწყობდა, აცხონოს უფალმა. სამაგიეროდ მყავს დედა, რომელიც სულ გვერდში მიდგას და მამხნევებს. მყავს ერთი დედ-მამის შვილი და ორი დისშვილი, დისშვილისშვილები; ცხოვრობენ თბილისში ერთად და ბედნიერად. მე პირადად მყავს ორი შვილი, შვილიშვილები და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, მეუღლე.
- თქვენი ბავშვობის პერიოდში როგორი იყო დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, სასულიერო პირების მიმართ და თქვენი ოჯახი თუ იყო მორწმუნე?
- ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ, უფრო სწორედ არ ვიცოდით რას ნიშნავდა მღვდელი და ეკლესია. ქრისტიანულ საიდუმლოებებზე, ზიარებაზე და აღსარებაზე საერთოდ წარმოდგენა არ გვქონდა. ქუთაისში დედაჩემს დავყავდით პეტრე-პავლობის ეკლესიაში ზიარებით არ ვეზიარებოდით, იმიტომ რომ, არ ვიცოდით რა იყო, სანთელს ავანთებდით, მოვილოცავდით და შემდეგ მოვდიოდით სახლში. ეგ იყო ჩვენი მაქსიმალური რწმენა, ღმერთის გვწამდა ყველას, მაგრამ ეკლესია და მღვდელი არ გვწამდა. მამაჩემის დიდი ბაბუაც მღვდელი იყო საჩხერეში მამა დავით (ტეფნაძე), ბებიაჩემი და მისი დები მღვდლის ოჯახში იყვნენ გაზრდილები, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენს ოჯახში მაინც იყო რწმენა და ღვთის შიში.
- რამ განაპირობა თქვენი ქრისტეს გზაზე შედგომა?
- ბევრი რამე მოხდა ისეთი, ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოსავალი ვნახე მხოლოდ ეკლესიაში. ვთხოვე უფალს, მაცხოვრის ხატს შევფიცე თუ ხელს შემიწყობდა და მიშველიდა, მივიდოდი ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად, ვეზიარობოდი და თუ მისი ნება იქნებოდა მღვდელიც გავხდებოდი. ეკლესიიდან გამოსვლიდან ზუსტად ნახევარ საათში სასწაული მოხდა ისეთი ჩემს ცხოვრებაში, რომ შევასრულე ჩემი დანაპირები, რომელიც მაცხოვარს დავპირდი.
წამოვედი სოფელში, თბილისში ვცხოვრობდი 1996 წლიდან, ჩამოვედი სოფელში, მივედი მამა მირიანთან, ჩავაბარე აღსარება, სტიქარი ჩამავა და წელიწად- ნახევარში დიაკვნად მაკურთხეს. ერთი თვის შემდეგ მეუფე იოსებმა მღვდლად მაკურთხა. უფლის ნებით ჩემი ცხოვრება წავიდა უკეთესობისკენ. უფალს მადლობას ვწირავ, რომ მეხმარება ღმერთი ვზიდო მისგან ბოძებული მძიმე ჯვარი და მისი სიტყვა მივიტანო მრევლამდე.
- როდის ჩაინერგა თქვენში ღვთის შიში და თქვენი პირველი ნაბიჯი ეკლესიისკენ?
- ჩემი პირველი ნაბიჯი ეკლესიისკენ ძალიან დიდი ხნის წინ იყო. როგორ გითხარით, ღრმა ბავშვობიდან. შემდეგ სტუდენდობის პერიოდში, იქვე ხარების ეკლესია იყო შევდიოდით, როცა ბიჭებს გაგვიჭირდებოდა, ვთხოვდით საჭმლის ფულს და ღმერთიც რაღაცნაირად სხვადასხვა გზით ჩვენს თხოვნას გვისრულებდა. მონათვლით როგორც ყველა გურული, მეც გვიან მოვინათლე მეცხრე კლასში ვიყავი, მოვინათლე ჯიხეთის დედათა მონასტერში, მამა ანდრიამ მომნათლა. მახსოვს, როცა მოვინათლე, სანათლავზე სამი სანთელი ეკვრება, როგორც წესი და სამივე სანთელიდან თითო წვეთი ჩამოიღვენთა და წყალში ჯვრების სახით გამოისახა. მაშინ მამა ანდრიამ მითხრა, რომ შენ ცხოვრებაში დიდი საქმე გელოდებაო და დიდი კაცი გამოხვალო, შემდეგ ყველა წინ გადადგმული ნაბიჯისას მამაოს ნათქვამი მახსენდებოდა, ჯერ სკოლა წარმატებით დავასრულე, მეგონა რომ ეს არის დიდი საქმე. უნივერსიტეტი დავასრულე, ალბათ ახლა დადგა, მაგის დრო-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ უკვე მღვდელი რომ გავხდი, მივხვდი, რომ ის სწორედ ის ჯვარი იყო, რომელიც მღვდლობაში დამაკისრა უფალმა.
- როგორ შეეგუა თქვენი ოჯახი თქვენი მღვდლობის სურვილს?
- ერთადერთი ადამიანი იყო მამაჩემი, რომელსაც ჩემი სჯეროდა და სწამდა, რომ მღვდელი გავხდებოდი. დამცინოდნენ 38 წლის ასაკში რა დროს შენი სემინარიაში ჩაბარებააო. მერე რომ ჩავაბარე, მეუბნებოდნენ, ჭკვიანი კი ხარ, ჩააბარე, მაგრამ შენ მღვდელი როგორი გახდებიო. მაინც გავხდი მღვდელი, ჩემი საქმით და უფლის დახმარებით გავაჩუმე ხალხი, დედაჩემიც წინააღმდეგი იყო, არ სჯეროდათ, რომ მღვდელი გავხდებოდი და შეიძლებოდა ერთ დღეს ჯვრითა და კაბით დავბრუნებულიყავი სახლში.
- რა გრძნობა დაგეუფლათ მღვდლად კურთხევისას?
- თავიდან პასუხისმგებლობა არ ვიცოდი რამდენი მექნებოდა, რაღაც ისეთი გრძნობა არის, რომ სიტყვებითYვერ გადმოცემ კურთხების დროს რაც მოდის ადამიანში. გაქვს შიშის, დაბნეულების, დაბრძენების შეგრძნება. შემდეგ უკვე მეტად გავაცნობიერე რასაც ნიშნავდა მღვდლობა, მივხვდი, რომ ძალიან მძიმე ტვირთი არის და მართლაც შინაგანად თუ არ ხარ ძლიერი, ისე ამ დიდ ჯვრის ტვირთვა წარმოუდგენელია.
მღვდლის ცხოვრება ძალიან რთულია. ყველა გიყურებს, ასე ვთქვათ, გამადიდებელი შუშით. შენა მეუღლეს, შენს შვილებს... თუ რამე ერთი შეეშალათ, შენ და შენი ოჯახის წევრები მაშინვე კრიტიკის და ლანძღვის საგანი ხდებით. კარგს აკეთებ, მაინც გჭორავენ, ათას სისულელეს იგონებენ, რომ რაღაცით დაგაკნინონ. სადაც არის მღვდლობა, სიკეთე, სიყვარული, იქ ჩნდება ეშმაკიც და თუკი ოჯახის წევრები არ არიან მორწმუნეები, პირდაპირ ოჯახის წევრებზე მოდის იშმაკი. ამიტომ ლოცვა, თავმდამბლობა გადაგვარჩენს. ესაა ყველაზე ძლიერი იარაღი ეშმაკთან საბრძლოველად. მე ჩემი მღვდლად ყოფნის პერიოდში მომწევია: დაცინვა, წყევლა, გინება, ტყუილუბრალოდ _ მეკუთვნოდა თუ არ მეკუთვნოდა, მაგრამ არ მახსოვს ჩემგან შურისძიება, პირიქით იმ სიბოროტისთვის, რასაც ადამიანი გამიკეთებდა სიკეთით მიპასუხია. აბა მღვდელი რა მღვდელია, ცოტა თავშეკავება და თავდამბლობა თუ არ გამოიჩინა. მღვდელს ძალიან დიდი დანიშნულება აქვს, ის არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის; არის მასწავლებელიც, შემრიგებელი, სულიერი მამა, ფსიქოლოგი, გვერდში მდგომი, თავიც უნდა გაწიროს თავისი მრევლისთვის თუ საჭირო იქნა, უდიდესი დანიშნულება აქვს ღვთისა და ადამიანის წინაშე და ამ დანიშნულებას უნდა გაუმკვლავდეს. ადამიანს რაც მეტი ცოდვა აქვს, იმას მეტი დრო უნდა დაუმთო და ესაუბრო. ზოგჯერ ეჭვიანობაც არის, რატომ მე არ მელაპარაკება იმდენსო, მაგრამ შემდეგში იმასაც ხვდებიან, რატომ ვანდომებ ამდენ დროს იმ ადამიანს.
მომავალ მღვდლებს ვუსურვებ თავდმდაბლობით და მოთმინებით ემსახურონ უფალს, დანარჩენი სიბრძნე და ყველაფერი მოვა ღმერთისგან.
- რას ურჩევდით დღევანდელ ახალგაზრდობას, საქართველოს მომავალს?
- საქართველოს მომავალს ვურჩევდი იმას, რომ ჰქონდეს ღვთის რწმენა. ვერავინ ვერ გადაგვარჩენს ჩვენს მსოფლიოში ღმერთის გარდა, ამიტომ ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი გზა უფლის გზაა, დანარჩენი ყოველივე ამ აქვეყნიური, წარმავალია. ადამიანმა მარტო აქ ცხოვრების მოწყობაზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ სამუდამო სასუფევლისკენ უნდა გაიწალდოს გზა. აუცილებელია განათლება, მაგრამ ბევრი წიგნის კითხვა არ ნიშნავს განათლებას. მთავარია სულიერი განათლება, რამეთუ პირველი წიგნი არის ბიბლია, სახარება; იკითხონ და ასე გადარჩებიან სხვა გზა არ არის, მხოლოდ და მხოლოდ უფლის გზა.
უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა და დაიცვას ჩვენი ღვთივდაცული ქვეყანა, დალოცვილი იყოს ქართველი ხალხი და გაუნათოს გონება უფალმა!
_ დიდი მადლობა მამაო ასეთი საინტერესო საუბრისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობა! კიდევ დიდხანს გემსახუროთ!
მჯერა, რომ სულ მალე ნიგოითის ახალ ტაძარში თქვენს მრევლთან ერთად აღავლენთ წირვა-ლოცვას! იმედია, ეს სულ მალე მოხდება ღვთის მადლით და კეთილი ადამიანების დახმარებით. გისურვებთ გამძლეობას და დიდხანს სიცოცხლეს, უფალმა არ მოუშალოს ნიგოითლებს და ლაშისღელელებს თქვენი თავი!
მრავალჟამიერ თქვენს სამღვდელო მსახურებას!
_ იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!
ლუკა გოგეშვილი ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის
სახელობის სასულიერო
გიმნაზიის მე-9
კლასის მოსწავლე
მამა გიორგის გზა ერისკაცობიდან მღვდლობამდე; ჯიხეთის სანათლავში გამოსახული სამი ჯვარი, რომელიც წლების შემდეგ ღვთისგან ბოძებულ სამღვდელო ჯვრად გადაიქცა
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 609