ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

უამრავი რეზონანსული საქმის - მკვლელობების, ფოსტის ძარცვის, საქონლის ქურდობების, პოლიციელის მძიმე ცხოვრების და დღევანდელობის შესახებ

28-02-2024, 12:53

 
  ძვირფასო რედაქცია, ამ ბოლო დროს ამეკვიატა აზრი დამეწერა წერილი მდიდარ ადამიანებზე, მაგრამ არა იმათზე, ვინც არაკეთილსინდისიერი შრომითი საქმიანობითაა მდიდარი, არამედ იმათზე, ვინც სულით და პატიოსანი შრომითი ბიოგრაფითაა მდიდარი. სწორედ ამ მიზნით გადავლახე ჩემი სოფლის, ლესის, პირობითი საზღვარი, რკინიგზა და რამდენიმე მეტრში მივადექი ბატონ თამაზ კუნჭულიას ჭიშკარს. თითქოს მელოდა, შიგნიდან გამომეძახა, მობრძანდიო და მეც აღმოვჩნდი ლამაზად მოწყობილ, თბილ, განათებულ ოთახში, სადაც მომეგება ბატონი თამაზის მეუღლე, ქალბატონი როენა. ბატონ თამაზთან შინაური მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ, როგორც მას წესად აქვს ყოველი შეხვედროის დროს, ორმა კოლეგამ (მეც მილიციის სისტემაში ვმსახურობდი) დავიწყეთ საუბარი ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობაზე. 
  როცა ვითომ შეუმჩნევლად ჯიბიდან ამოვაცურე ჯიბის წიგნაკი და ავტოკალამი, ჩეკისტის თვალს რა უნდა გამოაპარო, უცებ, ჰოპ, და მისი თავმდაბლობიდან გამომდინარე, ბატონმა თამაზმა შეწყვიტა საუბარი და მითხრა, მილიციის მუშაობა ხალხის თვალწინ ხდებოდა, ხალხმა ისედაც იცოდა ჩვენი საქმიანობის შესახებ, რა საჭიროა გაზეთში დაწერაო.
ვუთხარი, მართალია თქვენი საქმიანობის შესახებ ყველამ იცის ჩვენს თაობაში, მაგრამ ეს ნაკლებად იცის ახალგაზრდობამ, მინდა, რომ მათაც წაიკითხონ და გაიგონ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება შრომა და შრომითი ბიოგრაფიის გამდიდრება, სულ საზღვარგარეთისკენ რომ უჭირავთ თვალი. დაე, იმათაც გაიგონ თქვენი ბიოგრაფია;
ძლივს შევძელი ბატონი თამაზის დათანხმება, გაეგრძელებინა საუბარი.
ჰოდა, აი მისი ბიოგრაფიაც: თამაზ მიხეილის-ძე კუნჭულია დაიბადა 1948 წელს სოფელ ლესაში, 1966 წელს დაამთავრა ლესის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელიმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით. პარალელურად მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ამწყობ-ზეინკლად, შემდეგ რუსთავის ქიმიურ კომბინატში საქონელმცოდნედ. 1973-74 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1974-75 წლებში მუშაობდა ლანჩხუთის რაიკოოპერატივის სუფსის საცალო გაერთიანების საქონელმცოდნედ. 1974-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს ლანჩხუთის განყოფილების რიგებში. სხვადასხვა დროს იყო შსს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების სოციალისტური საკუთრების, მტაცებლობისა და სპეკულაციის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის, სისხლის სამართლის სამძებრო ქვედანაყოფის უფროსი, კრიმინალური სამსახურის უფროსი _ განყოფილების უფროსის მოადგილე, გურიის სამხარეო სამმართველოს ეკონომიურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს გურიის სამმარველოს შტაბის უფროსი, სხვა და სხვა დროს სამჯერ ხელმძღვანელობდა შსს ლანჩხუთის რაიონულ განყოფილებას. არის პოლიციის პოლკოვნიკი, მუშაობაში მიღწეული წარმატებებისათვის წახალისებულია მრავალგზის შსს საქართველოს და საკავშირო მინისტრის მიერ სიგელებითა და ჯილდოებით; არის საკავშირო შსს ორგანოების ფრიადოსანი. 
ჩემი ვარაუდი ბატონ კუნჭულიას მიმართ გამართლდა, არ მეგულებოდა შრომითი ბიოგრაფიით ამაზე მდიდარი ადამიანი და როგორც დავინახეთ, არ არსებობს შსს ორგანოებში თანამდებობა, სადაც თამაზ კუნჭულიას არ ემუშავა. ყველგან პირნათლად, ჩუმად, უპრეტენზიოდ აკეთებდა თავის საქმეს, აკეთებდა უხმაუროდ, უანგაროდ, მთელი შეგნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. 
ბატონ თამაზ კუნჭულიას ხელმძღვანელობით განხსნილია უამრავი რეზონანსული საქმე. მათ შორის ე.წ. ოზურგეთის ფოსტის საქმე. ბატონი თამაზი ყვება: მოინდომეს პენსიონერების პენსიის მითვისება, იყენებდნენ სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებს ფულის მითვისების მიზნით, რაც იწვევდა პენსიონერების სამართლიან უკმაყოფილებას. სისხლის სამართლის  პასუხისგებაში მივეცით რაიონული ფოსტის უფროსი, მთავარი ბუღალტერი, რამდენიმე სოფლის საფოსტო განყოფილების უფროსი.
ბატონმა თამაზ კუნჭლიამ ყვება: არეულობის დროა, გახშირდა ცხენების ქურდობა, მივიღე ინფორმაცია, სამეგრელოში დიდი რაოდენობით მოპარულ ცხენს მოუყარეს თავი, დატვირთეს სამი ვაგონი წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ რკნიგზის სადგურში. აპირებდნენ მოპარული ცხენების რეალიზაციას, რომლებსაც ყიდულობდნენ შუა აზიიდან ჩამოსული პიროვნებები. 
სულზე მივუსწარით, მყიდველები ავიყვანეთ, დავიჭირეთ გამყიდველებიც, ამოვიღეთ 97 სული ცხენი, რომეთაგან ხუთმა ვაგონში იმშობიარა.
  ბატონი თამაზ კუნჭულია იგონებს ასეთ ფაქტს: რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის უფროსები დაბარებული ვიყავით საქართველოს შს სამინისტროში, მინისტრის მოადგილე გენერალ ვარლამ შადურთან, როცა დავბრუნდი, დაღლილმა გადავწყვიტე დასვენება და რომ წამოვწექი ოჯახში, მომიახლოვდა მეუღლე და მეუბნება, ძილის დრო არ არის, ჯურუყვეთში ორი დის გვამია თავის სახლში ნაპოვნი. ავდექი და სასწრაფოდ გავედი შემთხვევის ადგილზე. გავიგე, რომ გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში უნახავთ დახოცილები. ეს იყო განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. 24 დღე-ღამე თავი არ დაგვიდვია ბალიშზე და ავიყვანეთ 4 ბოროტმოქმედი. ამოღებულ იქნა ნაძარცვი, ფული, ობლიგაციები და ძვირფასი ნივთები.
ლანჩხუთის შინაგან საქმეთა განყოფილების ორი თანამშრომელი მოგვიკლეს, განაგრძობს თამაზ კუნჭულია. ბოროტმოქმედთა დაკავების საქმე გაიწელა. ერთ დღეს გავიგე მეზობელ ქვეყანაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს  ბოროტმოქმედი, დავინტერესდი, ჩავედი, ვითარება შევისწავლე და აღმოჩნდა გადაკეთებული გვარით ჩვენი მილიციელების მკვლელი.
დამეხმარნენ ადგილობრივი ხელმძღვანელები და მკვლელი ჩამოვიყვანე განყოფილებაში.
უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება თამაზ კუნჭულიას შრომითი ბიოგრაფიიდან, მაგრამ გაზეთის ფორმატით ეს შეუძლებელია. 
დასასრულ, ერთი რამ უნდა აღვნიშნო. მდიდარი კაცია ბატონი თამაზ კუნჭულია, როგორც სულით, ასევე შრომითი ბიოგრაფიით და რაც მთავარია ადამიანური თვისებებით გამოირჩევა. არის შრომისმოყვარე, მისი ნალია ყოველთვის სავსეა სიმინდით, არის არაჩვეულებრივი მეურნე. მის ეზოში ფუტკრის მრავალი ოჯახია, სულ შრომობს, სულ ფუსფუსებს თავის ცოლ-შვილთან ერთად.  დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მოსახლეობასთაში. ჰყავს შესანიშნავი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილი.
ღმერთო, უმრავლე საქართველოს ასეთი სულით, შრომითი ბიოგრაფიით მდიდარი ადამიანები, როგორიც თამაზ კუნჭულიაა.
                                                                    დიმიტრი ბერიძე 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 690
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა