ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დარეჯან ბიწაძე: მაინტერესებს ვინ მებრძვის და რატომ? გამცეს მერიამ პასუხი საჯაროდ, პრესის საშუალებით"

19-02-2024, 11:53

     
  მიჩნეულია, რომ მსოფლიოში ყველაზე ექსტრემალური ტუალეტი ციმბირში, ზღვის დონიდან 2 600 მეტრზე, კლდის წვერზე მდებარეობს. ეს ტუალეტი, რომელიც ამინდის სადგურის თანამშრომლებს ემსახურება, ექსტრემალური იმითაცაა, რომ იქ შემსვლელს, თუ ნაგებობამ წონას ვერ გაუძლო, ხრამში გადაჩეხვა ემუქრება. ტუალეტი კი, რომლითაც ლანჩხუთში, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის თანამშრომლები თუ სხვადასხვა ღონისძიებებზე იქ მისული სტუმრები სარგებლობენ, მართალია არც კლდის წვერზეა და არც ზღვის დონიდან 2 600 მეტრზე, მაგრამ იქ არსებულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ ექსტრემალურია. შემსვლელს ხრამში გადაჩეხვა არა, მაგრამ ფეკალიებში ჩავარდნა ნამდვილად ემუქრება, თუკი ვინიცობაა, ტუალეტის იატაკმა წონას ვერ გაუძლო. კედლები კი, როგორც  მუზეუმის დირექტორი, დარეჯან ბიწაძე ამბობს, სუროთი საგანგებოდ აქვს გამაგრებული.,,ტუალეტი კი არა უბორნიაა ეს, ასეთი ბახმაროშიც აღარაა უკვე, არათუ სადმე, რომელიმე დაწესებულებაში," – აცხადებს ქალბატონი დარეჯანი.შემოქმედთა მუზეუმი ლანჩხუთში 2011 წელს გაიხსნა პოეტ თემურ ფირცხალაიშვილის სახლში და ეს ხის ტუალეტიც სწორედ მაშინ გაკეთდა.
,,მაშინ ეს ტუალეტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ გააკეთა დაჩქარებულად, სახელდახელოდ, რომ მუზეუმის გახსნისთვის მოსწრებილიყო. მერე მალევე ხელისუფლება შეიცვალა და ახლის გაკეთება აღარ დაცალდათ. ჰოდა, ამდენი წელია ვართ შავ დღეში. წვიმის დროს ტუალეტი წყლით ივსება და შიგ უბრალოდ არ შეისვლება. მერიაში კარგად იციან აქ არსებული პრობლემა და გვითხრეს, ავდარში ნუ მოხვალთ სამსახურშიო. გაგიგიათ ასეთი რამ სადმე?! ტუალეტის კედლები დიქტისაა, დაძველებულია უკვე და რომ არ დაიშალოს, გასამაგრებლად, სურო გავუშვი ზედ. იატაკი ხომ ყანყალებს და ჩავარდნის პირასაა. ახალი ხის ტუალეტი მაინც გაგვიკეთეთ-მეთქი ვითხოვე.  პასუხად კი მითხრეს, რომ მაგის გაკეთების უფლება არ აქვთ, – თუ გავაკეთებთ სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა, საამისო თანხა არ გვაქვსო. აბა, იმის თანხა აქვთ, ბაბი კირკიტაძე რომ ჩამოჰყავთ და ათი ათასობით ლარს  იხდიან ერთ კონცერტში?! 
არ არის შემოქმედთა მუზეუმი უმოქმედო, არააქტიური მუზეუმი. აქ სისტემატურად ეწყება სხვადასხვა ღონისძიებები და ხშირი სტუმრიანობა გვაქვს. სირცხვილით სად წავიდეთ არ ვიცით, როცა მოსულ სტუმრებს უწევთ ამ ტუალეტით სარგებლობა. ამ ბოლოს ჰოლანდიიდან გვყავდნენ ვიზიტორები. დავიწვი მათ წინაშე სირცხვილით. კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ, როგორ შეიძლება ასე? მე ამ მთავრობის მხარდამჭერი რომ არ ვარ, მსჯიან ეტყობა. 2019 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მივმართე მერიასა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ უშედეგოდ... ახლა 2024 წელია და ყველაფერი ისევ ძველებურადაა. ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, მაგრამ, რატომღაც ეს აყვავება არანაირად არ აისახა ჩვენს მუზეუმზე და განსაკუთრებით იქ მდებარე ხის ტუალეტზე," – უკმაყოფილებას ვერ მალავს შემოქმედთა მუზეუმის ხელმძღვანელი.
ამავდროულად ბიწაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება, როგორც პირადად მისი, ისე შემოქმედთა მუზეუმის უგულვებელყოფა. 
,,ვერავინ დამარწმუნებს რომ ვერ გააკეთეს,  უბრალოდ შეგნებულად არ გააკეთეს. ჰოდა, მითხრან მაინც, თუ ვინ ავალებს მერიას პირადად ჩემი და შემოქმედთა მუზეუმის ასე დასჯას, როცა ამდენი წელია ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას?! არაერთი განცხადება მაქვს შეტანილი მერიასა თუ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში, რომ მუზეუმში ტუალეტი მოაწესრიგონ. ხელფასზე აღარაფერს ვამბობ, ვიცი რომ დამსაჯეს და წამართვეს. მაინტერესებს ვინ მებრძვის და რატომ? გამცეს მერიამ ამაზე პასუხი საჯაროდ, პრესის საშუალებით" – ამბობს დარეჯან ბიწაძე, რომლის ინფორმაციითაც, მისი სახელფასო ანაზღაურება 50 ლარით ნაკლებია დანარჩენი მუზეუმების ხელმძღვანელთა ხელფასზე –,,ხელფასზეც 50 ლარი დამაკლეს, დანარჩენი მუზეუმების ხელმძღვანელებთან შედარებით. როცა მოვიკითხე მერის მოადგილესთან, მითხრა, რომ პრესტიჟულობის მიხედვით განისაზღვრა. მასე თუა, მეც ვარ პრესტიჟული, ქართული კულტურის ამაგდარი ვარ, 50 ლარიდან  20 ლარი მაინც ხომ მერგება? ის 30 ლარი იყოს ხელისუფლებისკენ.
თავიდან არაფერს ვამბობდი ამ 50 ლარით ნაკლებ ხელფასზე, ვფიქრობდი, იქნებ სანაცვლოდ ტუალეტი მაინც გამიკეთონო, მაგრამ არც ტუალეტი გაკეთდა და არც ხელფასი მომიმატეს, სხვებისგან განსხვავებით.  ჰოდა, მეც ამოვიღე ხმა და 22 დეკემბერს შევიტანე მერიაში განაცხადი, რომ  სხვა მუზეუმების დირექტორების ანაზღაურებას გაუთანაბრონ ჩემი ხელფასი, მაგრამ ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მაქვს, არც კულტურის გაერთიანებიდან და არც მერიიდან.
იმის გასარკვევად რა გეგმები აქვს ლანჩხუთის მერიას შემოქმედთა მუზეუმში ტუალეტის პრობლემის მოსაგვარებლად, უწყების პიარს მაკა სულაბერიძეს მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ პასუხი პარასკევს, 16 თებერვლის დღის ბოლომდე მოეწოდებინა, თუმცა დაპირების მიუხედავად, მერიისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. 
                                                                სოფო წილოსანი 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 695
FACEBOOK კომენტარები