ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ისეთ დღეში ვართ, ქათმებს საცურაო აღჭურვილობა უნდა შევუძინოთ, აბა, მიწა არ აქვთ, ფეხი რომ დაადგან სადმე"~

9-02-2024, 13:48


 
  ლანჩხუთში, სოფელ ჩოლობარგში, სადაც ავტობანთან დამაკავშირებელი გზა ჩადის, ათობით ოჯახის საკარმიდამო თუ საყანე ფართობები, ყოველი გაწვიმებისას, კალაპოტიდან გადმოსული მდინარის წყლით იტბორება. ფაქტობრივად იქაურობა იმდენად ზიანდება, სიმწრით დათესილი ყანებიდან ხალხს არაფერი რჩება. აქ მდინარეს ფაქტობრივად, კალაპოტიც აღარ აქვს, ისეა შლამით ამოვსებული, რომ წყალი გზას უსწორდება. გაუწმენდავი არხები და იქ მდებარე რამდენიმე ხიდი, მოჭარბებულ წყლის ნაკადს ვერ ატარებს, რის გამოც მდინარის კალაპოტი თანდათან შლამით ამოივსო და  ათეულობით ოჯახის მთავარ თავსატეხად იქცა.,,ისეთ დღეში ვართ, ქათმებს საცურაო აღჭურვილობა უნდა შევუძინოთ, აბა, მიწა არ აქვთ, ფეხი რომ დაადგან სადმე" _ იუმორსაც იშველიებს მოსახლეობა საკუთარ გასაჭირზე საუბრისას.ადგილობრივთა თქმით, წლებია ამ დღეში არიან, ადგილზე ბევრჯერ მივიდა მერი, დეპუტატი თუ მერის წარმომადგენელი, ფოტოებიც გადაიღეს, თუმცა, ამ ყველაფერს შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია და პრობლემის მოსაგვარებლად რეალური არაფერი გაკეთებულა – ,,ყველა იყო აქ მოსული, სოფლის რწმუნებულიდან დაწყებული მერით დამთავრებული, სოფლის დეპუტატმაც არაერთხელ ნახა რა მდგომარეობაშიც ვართ, მაგრამ რად გინდა, ასე ტელეფონში ჩვენც გვაქვს დაარქივებული რაც აქ ხდება. საქმე ისაა, როგორ მოგვარდება ეს ჩვენი პრობლემა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, 35 ოჯახი  ვზარალდებით, ბოსტანი და ყანა ვერ დაგვითესია. სექტემბრიდან მოყოლებული გვიან გაზაფხულამდე ხშირი წვიმებია და გაშრობას ვეღარ ასწრებს მიწა, რომ რამე მოსავალი მოიყვანო. თუ რამე დათესე, ისიც მერე წყალს მიაქვს. ერთი გაწვიმება და წყალი ნიაღვრად გადმოდის. რას ვითხოვთ და, ამ პრობლემის დროულ გადაჭრას, მარტო დაპირებები და ფოტოების გადაღება არ გვშველის, საქმე დაგვანახონ. აბა, რა საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლება?! იტყვიან, ქვემოთ არხები მელიორაციამ უნდა გაწმინდოსო. ჰოდა, კეთილი ინებონ და საქმის კურსში ჩააყენონ და მოსთხოვონ გაწმენდა. კარგი, მელიორაციის საქმე ერთია, რკინიგზის გასაკეთებელი _ მეორე, მაგრამ აქეთ, ეს მდინარის კალაპოტი ხომ ადგილობრივი ხელისუფლების გასაწმენდია და რატომ არ წმენდენ?! გვითხრეს, არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობა, აქედან ამოღებული შლამი რომ გავიტანოთ, დიდ ხარჯთანაა დაკავშირებულიო. ეზოებში თუ ჩაგვაყრევინებთ, იქნება ვქნათ რამეო. ეზოში ხრეშს ვინ ჩააყრევინებს, რათ ივარგებს მერე იქაურობა, როგორ დათესავ ან დარგავ რამეს?!"
ადგილზე მისულებს სოფლის მოსახლეობა, რომელთაც გვთხოვეს მივსულიყავით და მათი მდგომარეობა გაგვეშუქებინა,  ისეთი აღშფოთებული დაგვხვდა, რომ კარგა ხანია მსგავსი პროტესტი  არ გვინახია. ისინი სრული კატეგორიულობით ითხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას და პრობლემის მოგვარებაას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა, უფრო მკაცრი ზომების გატარებას აანონსებენ. მათი თქმით, დაპირებების დრო უკვე წავიდა და დროა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ქმედითი ღონისძიებების გატარებაზე იფიქროს საკითხის მოსაგვარებლად–,,დაპირებები არა, კონკრეტული პასუხი და ქმედება გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საშველი დაგვადგეს!"
,,35 მოსახლეა ამ ღელეს აქეთ, თითქმის ნახევარი სოფელი, რომელიც ეყრდნობა ამ მიწებს. აქ გვაქვს სახნავ-სათესი სავარგულები. მე პირადად სამი წელია მოსავალი არ ამიღია. შარშან საკმაოდ ბევრი თანხა დავხარჯე ყანა რომ დამეთესა და სიმინდი მომეყვანა, მარა ბოლოს 100 კილო სიმინდი მივიტანე სახლში.
ეს ღელე ამოსაწმენდია თავიდან ბოლომდე. ქვემოთ დიდ არხს უერთდება და იქედან მოყოლებული ამოსაწმენდია. 
ახლა მდინარის კალაპოტი უფრო მაღლაა, ვიდრე ჩვენი ეზოები თუ საყანე ფართობები, ამიტომ გაწვიმდება თუ არა, აქედან წყალი მოსახლეობაში შემოდის. მე პირადად შვიდი ქათამი დამეხრჩო. სხვებიც ანალოგიურ მდგომარეობაშია. აქ ადრე ღელეზე ხიდი იყო გადებული და მოსახლეობა საქონელს დენიდა საძოვარზე. ახლა სადღაა ეს ხიდი, დაიმარხა შლამში. როცა წვიმს საქონელმა კი გამოცურა წყალში, მარა ადამიანი ვეღარ გადმოდის მეორე მხარეს. აქ, ადგილზე მოყვანილი გვყავდა გამგებელი. ვიზამ, ვიზამთო, დაგვპირდა და დარჩა ეს დაპირება დაპირებად, ასე გვატყუილებენ კარგა ხანია. ახლა ჩვენ ვიწყებთ თქვენგან, მერე სხვა გზასაც მოვნახავთ და უფრო ზემოთ წავალთ პასუხის მოსათხოვად.  რატომ უნდა დავიტანჯოთ? ვშრომობთ, ვშრომობთ და საბოლოოდ ხელში არაფერი გვრჩება, წყალს მიაქვს ჩვენი ნაოფლარი. ჭაც აღარ ვარგა ეზოებში, აქედან წამოსული წყლით ამოივსო.  ამას, რაც აქ ხდება მერიამ და დეპუტატმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ამათ კი ყველაფერი ძალითა და ხვეწნით უნდა გააკეთებინო"–გვიყვება აქ არსებული მდგომარეობის შესახებ ემზარ გოგეშვილი. 
ის, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემა რეალურად არსებობს და ის გადაჭრას საჭიროებს, ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებს მერის წარმომადგენელი ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გიგა დოლიძე, რომელიც იმედს გამოტქვამს, რომ რელის კალაპოტისა და არხების გაწმენდა სოფელ ჩოლობარგში 2024 წლისთვის განხორციელდება.
,, მერიამაც იცის და ჩვენც ვიცით ეს პრობლემა. მანდ რკინიგზის ქვემოთ მდებარე არხი უნდა გაწმინდოს მელიორაციამ. ჩვენ ამის თაობაზე საქმის კურსში გვყავს ჩაყენებული ეს უწყება. რადგან ქვემოთ არხი ვერ ატარებს ჭარბ ნალექს, შემდეგ წყალი მოსახლეობისკენ გადმოდის ეზოებში. დაგროვილი ხრეშითა და შლამით ამოვსებულია კალაპოტი და გასაწმენდია. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ წელს აუცილებლად მოხდება აქაურობის გაწმენდა, როგორც რკინიგზისა და ავტობანის მიმდებარედ არსებული არხების, ისე ზემოთ, ღელის კალაპოტის.  ზამთარში ვერ ხერხდება მსგავსი სამუშაოების ჩატარება, თან წელიც ახალი დაწყებულია. პროექტი არის და უნდა მოხდეს კალაპოტის გაწმენდა" – გვითხრა გიგა დოლიძემ.
                                                                        სოფო წილოსანი 

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 511
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა