ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

„ისე ვართ, როგორც გამოქვაბულის ხანაში" – რატომ ვერ დასრულდა წყალმომარაგების სამუშაოები დათქმულ დროში

30-01-2024, 17:59


სოფელი ეწერი იმ ჩამონათვალშია, სადაც სადაც საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ 2022 წელს პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლითაც სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება უნდა ქონოდა. გარდა ეწრისა ამ პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის სოფლებში: წყალწმინდაში, ომფარეთში, ღრმაღელეში, წიაღობანში, ბაღლეფში, ჯურუყვეთსა  და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულში (ქვემო აკეთში, ჭანჭათში, გაგურში, ზემო აკეთში) მოეწყობოდა წყლის ახალი სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და  მაგისტრალური ქსელი.როგორც მაშინ ითქვა, ზემოთ ნახსენები  სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარამდე გაიხარჯებოდა. პროექტის დასრულება კი 2023 წელის ზაფხულის სეზონზე იყო დაგეგმილი.
„შედეგად ლანჩხუთის 11 სოფლის მოსახლეობა  უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, _ განმარტავდნენ მაშინ წყალმომარაგების კომპანიაში, სადაც პროექტის დასრულებოის ვადად 2023 წლის ზაფხული სახელდებოდა.
თუმცა, სამწუხაროდ,ზემოთ ნახსენები პირობა ვერ შესრულდა და სოფელ ეწრის მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ვერ სარგებლობს  უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით, რის გამოც, ოჯახებში სასმელი წყლის მიტანა მეზობელი სოფლიდან, ჭინათიდან უწევს. მართალია, სოფელში არსებობს წყალგაყვანილობის ძველი სისტემა, რომელიც მოქმედებაშია, თუმცა ის იმდენად მოშლილი და მოძველებულია, რომ ის სრულად ვერ აკმაყოფილებს სოფელს და ონკანში წყლის წამოსვლა, სოფლის ერთი ნაწილისთვის, იშვიათობაა, ისიც ზამთარში. უწყლობა კი ადამიანებს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის და მათ გულისწყრომასაც იწვევს:
„ისე ვართ, როგორც გამოქვაბულის ხანაში, ზოგჯერ ხელის დაბანაც კი პრობლემას წარმოადგენს. უმეტესად დღეები ისე გადის, წყალი საერთოდ არ მოდის, თუ წამოვიდა ისიც ძირითადად ზამთარში და გაჭირვებით, მარა ესეც ,,დიდ წყალობად" მიგვაჩნია. წვალებით, მაგრამ მაინც ვახერხებთ წინასწარ მომზადებული ავზები შევავსოთ, რომ წყლის მარაგი გვქონდეს და დაბანა–გარეცხვა შევძლოთ. როცა გარეთ 21–ე საუკუნეა, არაა ეს ნორმალური, მაგრამ რა ვქნათ?! 
სამწუხაროდ, ჭაც არ აქვს ოჯახების უმეტესობას, თორემ როგორ დავიწუწუნებდით. ამოვთხარე, ფულიც გადავიხადე, მაგრამ წყალი არ ამოვიდა, ტყუილად გავწიე ხარჯი. ჰოდა, ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ასაკიანი ვარ და სიარულიც მიჭირს, ხშირად მეზობელი სოფლიდან მიწევს სასმელი წყლის მოტანა. ხან მეზობელს ვთხოვ რომ მანქანით მომატანინოს წყალი, ხან ვინმე მანქანია ნათესავი თუ გამომივლის, მაშინვე წყლის მოსატანად მივაქანებ. ზოგჯერ ეწერი – ჯაპანის ავტობუსითაც მომიტანია წყალი. არაა ადვილი ასაკიანი ადამიანისთვის ჭინათიდან ვზიდო წყალი, მაგრამ რა უნდა ვქნა?! არც ის ვიცი როდემდე უნდა ვიყოთ ამ დღეში, არ დაადგა საშველი. წესით და რიგით, როგორც ხელისუფლება გვპირდებოდა,  შარშან ზაფხულში უნდა დამთავრებულიყო სამუშაოები და სასმელი წყალი უწყვეტად უნდა გვქონოდა, მაგრამ აგერ 2024 წელი დაიწყო, თუმცა, პირობა არ შესრულებულა და ნანატრი წყალი ჯერაც არ მოდის ჩვენს ონკანებში, არც ზუსტი პასუხი გვაქ როდის გვეღირსება. ერთი ის გვეიმედება, რომ წელს საარჩევნო წელია და ხელისუფლებას მოსახლეობასთან მისასვლელი პირი რომ ქონდეს, შეასრულებს ჩვენთვის მოცემულ პირობას.
ერთი შეხედვით, ჩვენს სოფელში წყალგაყვანილობის სამუშაოები დამთავრებული ჩანს და ცოტა გაურკვეველია, რატომ არ მოგვეწოდება ამ დრომდე წყალი. ისიც კი ითქვა, როცა შემოწმების მიზნით, სისტემაში წყალი გაუშვეს, აღმოჩნდა, მილები ერთმანეთთან უხეიროდ იყო მიერთებული, წყალმა გაჟონა და ამან წარმოქმნა პრობლემაო. ეტყობა, მართლაც ამ კუთხითაა რაღაც დილემა, აბა, ჩვენს სოფელში ისეთი სტიქია და უბედურება არ მომხდარა, რომ ამას გამოეწვია შეფერხება'.  
ირკვევა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, დათქმულ დროში, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა–რეაბილიტაციის საპროექტო–სამშენებლო სამუშაოების დასრულება, სოფელ ეწრის დარად ვერც ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სოფლებში შეძლო, რაც აქაური მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ნაწილი პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს ამჯობინებს.
“ზამთარშიც აღარაა წყალი! დაშრა, ბატონო, წინაპრების დატოვებული “ბასეინები”. რამდენ წელიწადს გვემსახურა ერთგულად. წყლის გარეშე როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა?! ზაფხულში ვიცი, საერთოდ გაუსაძლისი იქნება”
წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ლანჩხუთის სოფლებში სამუშაოების შეფერხების მთავარ მიზეზად სწორედ რომ სტიქია სახელდება. კომპანია თვლის, რომ ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურა უკვე დაზიანდა გურიაში ხანგრძლივი წვიმებით გამოწვეული მეწყერული პროცესების დროს. უწყებისვე პასუხით, ამ ეტაპზე, პროექტების ფარგლებში, ობიექტებზე სამუშაოების 80–90% შესრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ისე დარჩენილი შესასრულებული სამუშაოები.
,,გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა პროექტების ფარგლებში მოწყობილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები, ასევე პროექტების ფარგლებში შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები. დღეისთვის, პროექტების ფარგლებში შესრულებულია სამშენებლო სამუშაოების 80-90%”–განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში, თუმცა არ აკონკრეტებენ როდის დასრულდება სამუშაოები და ზემონახსენები 11 სოფლის მოსახლეობა როდის შეძლებს ისარგებლოს დაპირებული 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.
                                                                                                                      სოფო წილოსანი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 278
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა