აკაკი ბაქრაძის ლანჩხუთში სტუმრობის ისტორია
29 მარტი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კინომცოდნის, თეატრმოცოდნისა, კრიტიკოსის - აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა.
ძალიან ცოტამ იცის ის, რომ აკაკი ბაქრაძის დედულეთი იყო ლანჩხუთის რაიონის სოფელი აკეთი, მისი დედა მარიამ ჩხაიძე - ბაქრაძე სოფელ აკეთში დაიბადა და ბაქრაძეების ოჯახი ამ სოფლის სიყვარულით ცხოვრობდა, სტუმრობდნენ ნათესავებს, თავადაც დადიოდნენ სტუმრად სოფელ აკეთში. ამის შესახებ თავის წიგნში ,,ჩემი დედა მარიამ ბაქრაძე“ - წერს აკაკის უმცროსი და ნათელა: ,, გაუგონარი სითბო და სიყვარული გამოამჟღავნეს ჩვენი ნახვით გახარებულმა ნათესავებმა. ჩამოსვლისთანავე დაიწყო გადაბმული ქეიფები. მამა ქეიფის და დროსტარების დიდი მოყვარული იყო და მოიხიბლა გურული სტუმართმოყვარეობით. განსაკუთრებით გადაუდებელ მოთხოვნილებად ექცა ისაკი მორჩილაძის ოჯახში სტუმრობა. ამ ხალხმა დასვენების ფასიც იცოდა და შრომისაც: საქონელს უვლიდნენ, მიწას ამუშავებდნენ, თესავდნენ, მოსავალს იღებდნენ, ყურძენს კრეფდნენ, ღვინოს აყენებდნენ. ქეიფიც ამ შრომის შესადარი იცოდნენ. დღესასწაულად აქცევდნენ მათ ოჯახში მამას მისვლას.
ახლაც ასეა: მამია მორჩილაძე (ისაკის შვილი) აკეთში მასწავლებლად მუშაობს. იგი მოწოდებითაა მასწავლებელი, ამიტომაც დიდი სიყვარულით იხსენებენ მას სოფელში. მის ოჯახში თუ ფეხი მოგიცდება, უპურმარილოდ არავინ გამოგიშვებს. ოჯახის დიასახლისი მომაკვდავიც რომ იყოს, სუფრას გაგიშლის და დაულოცავი ეზოდან არ გადმოგიშვებს.
გურიაში მამას კერძო მუშაობისათვის საუკეთესო პირობები შეუქმნეს. აკეთში, კირილე ჩხაიძის ოჯახში დაუთმეს პატარა ოთახი კაბინეტისათვის.’’ _ იგონებს ნათელა ბაქრაძე.
არაორდინარული ხედვის მქონე მოღვაწე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საბჭოური აზროვნების ნგრევის, ქართული ცნობიერების გაღვიძების თუ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დამკვიდრებაში; განმანათლებელი, რომელსაც წინამძღოლის უმძიმესი მისია ერგო; რომელმაც ერთხელ სინანულით შენიშნა: ,,მთელი ცხოვრება მეგონა სინათლეს ვაღვიძებდი _ სიბნელე გამიღვიძებია”-ო.
,,მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ. შეუძლებელია ამ ყველაფრის დავიწყება და გაარაფრება, ვერ ამოძირკვავენ ქართულ ენას, ქართულ სულს, საქართველოს მთლიანად ვერ მოსპობენ. ვიდრე ერთი ქართველი იარსებებს, იარსებებენ ქართველი პატრიოტებიც.
აკაკი ბაქრაძე ,,დავიწყებულ იდეას” ასე ასრულებს: ,,ცალკეული პიროვნებებისა თუ მთელი ერის ცვალებად ბედ-იღბალში, ბედნიერება-უბედურების მონაცვლეობაში ნათლად ჩანს ბოროტების დამარცხებისა და კეთილის გამარჯვების ერთიანი, მთლიანი, მტკიცე კანონზომიერება. ორივე აზრობრივი ხაზის გამთლიანება და ერთად წარმოდგენა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ _ რა მემკვიდრეობას, წინაპართა რა ანდერძს უნდა მოვუაროთ, განვავითაროთ, ახალი დროისა და პირობების შესაბამისად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორჩენილობას თავი დავაღწიოთ და საკაცობრიო ასპარეზზე ყავარჯნის მოუშველიებლად ვიაროთ.”
ოთხმოცდაათიან წლებში აკაკი ბაქრაძე რამდენჯერმე ესტუმრა ლანჩხუთს, ერთხელ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და გარდაცვალებამდე რამედენიმე თვით ადრე, აღდგომას ეგ. ნინოშვილის სახლ მუზეუმი მოიარა და მწერლის საფლავზე წითელი კვერცხი მიიტანა ეს უკანასკნელი აღდგომა იყო მის ცხოვრებაში, ამის ამსახველი ფოტომასალა განთავსებულია ნინო კუკულაძის წიგნში ,,ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე".
1995 წლის სექტემბერში, ლანჩხუთის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნა, ამავე სახელწოდების ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლი, აკაკი ბაქრაძის, ,,აკაკი წერეთლის" მიხედვით, სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ აკაკის და - ნათელა ბაქრაძე, ტექსტს კითხულობდა ნინო კუკულაძე.
ნინო კუკულაძე - ფილოლოგი: ,,აკაკი ბაქრაძემ თავისი წიგნი: ,, აკაკი წერეთელი“ ოზურგეთში, თავის დედმამისეულ სახლში, დაწერა და მე ამ წიგნის დაბადების მოწმე გახლდით. იმთავითვე გაჩნდა მისი სცენაზე გაცოცხლების იდეა, როგორც ერთი მსახიობის სპექტაკლისა. აკაკის დამ, ნათელამ, ამ სპექტაკლის კომპოზიცია დაწერა, ხოლო სათაური: ,,ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე“ თავად ავტორს ეკუთვნის. მე მხატვრული კითხვა ბავშვობიდანვე შემეძლო, ხშირად ვკითხულობდი სცენაზე ლექსებს, სხვადასხვა როლსაც ვასრულებდი, მაგრამ აკაკი ბაქრაძის ნააზრევის სცენიდან გადმოცემა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.
არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მაშინ (1995წ) ეს სპექტაკლი, სადაც დაიდგა, ყველაგან ანშლაგით მიდიოდა და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ლანჩხუთში სპექტაკლი 5 სექტემბერს ვითამაშე, ოქტომბერში კი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აკაკი ბაქრაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, კენჭს იყრიდა და ბევრმა ჩვენი წარმოდგენა საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა. არადა, ეს ასე ნამდვილად არ იყო. აკაკი ბაქრაძეს არავითარი პიარი არ სჭირდებოდა, მან ხალხს, როგორც თავად განმარტა, შანსი მისცა, რომ ჩვენს ქვეყანას ეროვნული სულისკვეთების გონიერი და წესიერი პრეზიდენტი ჰყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხალხმა მცდარი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამის ნაყოფი ვიგემეთ.
ლანჩხუთში სპექტაკლი რუდუნებით მოვამზადეთ, სცენის დეკორაცია თავად გავაკეთეთ, მძიმე წლები იყო, შუქი ხშირად ქრებოდა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ სპექტაკლის ბოლომდე ელექტრო ენერგია გვქონდა, სცენიდან აკაკი წერეთლის საინტერესო ბიოგრაფიის გადმოცემა და მისი ნააზრევის ანალიზი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ ამას თავი კარგად გავართვი, რომელსაც ასევე ლანჩხუთლებსაც ვუმადლი. მათი მასპინძლობა მე არასოდეს დამავიწყდება და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები.
ოქტომბერში, კი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლანჩხუთში თავად აკაკი ბაქრაძე ჩამობრძანდა და ხალხთან შეხვედრა კულტურის სახლში მოეწყო. მას, ლანჩხუთში საინტერესო საზოგადოება დახვდა და თავად ვარ მოწმე, როგორი კმაყოფილი გახლდათ იგი ლანჩხუთელებთან შეხვედრით.“
თალიკო კვირკველია, ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ,,ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს დღე, არ ველოდი თუ აკაკი ბაქრაძე ჩემს ოჯახში შეიძლებოდა შემოსულიყო, იგი ჩამოიყვანა ბატონმა ოლეგ კეშელავამ, ჩემი დურმიშხანის მეჯვარე იყო ის ბიჭი. პირდაპირ შევფოფინები. იგი როგორც ყოველთვის, იყო ძალიან თავმდაბალი და მორიდებული. ყავაც კი არ დალია. შეხვედრის დაწყებამდე მოწესრიგდა ჩემს სახლში. შემდეგ საღამოს ვნახე შეხვედრაზე, ის იყო პიროვნება, რომელსაც მთელი თბილისი და საქართველო იმედის თვალით უყურებდა. წინა რიგებში ვიჯექით, მახსოვს ქალბატონი ნათელა ბაქრაძე იყო ასევე სტუმრად მოწვეული. მან საჩუქრად გადმოგვცა აკაკი ბაქრაძის წიგნი - ,,ილია და აკაკი." ჩემთან ერთად ნინო კეკელიძეც მოვიდა, ძალიან ამაღლებული დღე იყო ჩემთვის, ვღელავდი რომ ასეთ დიდ პიროვნებასთან მქონდა შეხება და მან ის წიგნი გადმომცა, რომლითაც წლების მანძილზე ვაკვალიანებდი ჩემს მოსწავლეებს, ეს იყო საღი მარცვალი იმისა, თუ როგორ უნდა გაიგონ, ილია და აკაკი. ხედვა აკაკი ბაქრაძისა ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გამომადგა.
აკაკი ბაქრაძე, როგორი მოკრძალებულიც და თავმდაბალიც იყო, ისეთი სიტყვა წარმოთქვა, ეს არ იყო პომპეზური გამოსვლა. რომ იციან, ამას დაგპირდებიან, იმას დაგპირდებიან, მის სიტყვას ჰქონდა ფასი და წონა.
რაც შეეხება სპექტაკლს, გაოცებული დავრჩი ნამდვილად, როგორ წარმოადგინა ერთმა გურულმა გოგონამ, აკაკი წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, მხატვრულად. რა დონეზე გადმოსცა, მე აღფრთოვანებული დავრჩი"
ნინო კეკელიძე, ლანჩხუთის Nმე-3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ,,დარბაზს რომ გადავხედე მივხვდი, რომ წიგნიერ ლანჩხუთელებს სულის დაპურება უნდათ და სტუმარსაც უთუოდ ეს უნდოდა, ცოცხალი კონტაქტი თავის ხალხთან და ეროვნული ცნობიერების ამაღლებული განცდის გადადება საკუთარი მაყურებლისათვის.
ტრიბუნასთან იდგა საოცრად კეთილი ბრძენკაცი და ქვეყნის გულმხურვალე ჭირისუფალი, ერის გამოფხიზლება მიაჩნდა თავის უპირველეს მოვალეობად. ნახევრად ცარიელ დარბაზში ვისხედით მაშინ და სუნთქვაშეკრული ვისმენდით მართალ სიტყვას მართალი კაცისას, რომელსაც პრეზიდენტობის სკამზე მეტად, ერის ბედი აღელვებდა და ქვეყნის მომავალი აფიქრებდა.
ბაქრაძისეული სიმართლე, მახვილივით მჭრელი ლოგიკური აზროვნება და გამბედაობა, საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. დარბაზი მონუსხულივით იჯდა და ისრუტავდა ორატორის თითოეულ სიტყვას. იგი არაფერს დაგვპირებია და ან რას უნდა დაგვპირებოდა იმაზე მეტს, რაც ცხადათ ვიგრძენით, ჩვენ მოვისმინეთ სიტყვა საქმიანი და ამის მეტი რა უნდა ყოფილიყო....
სპექტაკლი ,,ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე" აკაკი ბაქრაძის აკაკი წერეთლის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი იყო ლანჩხუთის თეატრის სცენაზე, ეს იყო მისი როგორც მწერლისა და პუბლიცისტის ნააზრევის დემონსტრირება, რომელიც დიდებულად წარმოგვიდგინა ლანჩხუთელმა ახალგაზრდა ქალბატონმა ნინო კუკულაძემ. ეს იყო ნამდვილი ერთი მსახიობის თეატრი. მე პირადად ახალი ჩემთვის უცნობი აკაკი წერეთელი აღმოვაჩინე და დღემდე არ გამნელებია ეს შთაბეჭდილება.
მახსოვს ლანჩხუთის თეატრის სცენაზე ბედნიერად მომღიმარი აკაკი ბაქრაძე, რომელიც მადლიერება გამოხატავდა უსაზღვროდ კმაყოფილი ლანჩხუთელების მიმართ.''
პ.ს პირადად ჩემთვის განსაკუთრებული იყო ეს დღე ,,სპექტაკლი ,,ტკბილი სიცრუე და მწარე სინამდვილე" ლანჩხუთელმა მაყურებელმა იმდენად თბილად მიიღო, მას შემდეგ ქუჩაში მხდებოდა ხალხი და მეკითხებოდა, განმეორებით ხომ არ ესტუმრებოდა ლანჩხუთს ეს შემოქმედებითი ჯგუფი. მოგეხსენებათ მძიმე ოთხმოცდაათიანი წლები, უშუქობა სიღარიბე და გაჭირვება სუფევდა ირგვლივ, მაშინ ლანჩხუთში ახალ ჩამოსული ვიყავი და ბევრს არავის ვიცნობდი. ეს ამბავი რომ გავიგე, ჩემი და და ნათელა ბაქრაძე ერთი მსახიობის სპექტაკლზე მუშაობდნენ და მისი დებიუტი უკვე შედგა, მაშინვე ვუთხარი ლანჩხუთში ხომ არ ჩამოხვალთ-მეთქი, მათაც მოეწონათ ეს აზრი და დამთანხმდნენ. მორიდებით შევაღე ლანჩხუთის თეატრის დირექტორის ნანული ჩავლეიშვილის კაბინეტის კარი და მოვუყევი იმის შესახებ თუ რისი დადგმაც გვსურდა. აკაკი ბაქრაძე რომ ვახსენე, ქალბატონი ნანული ფეხზე წამოდგა და მითხრა, ამაზე უარს როგორ გეტყვი, მაგრამ ნახეთ რა პირობებია, ცოტა არეულობაა, თქვენ თვითონ შეხედეთ და თუ შესძლებთ მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვსო და დარბაზისაკენ გამიძღვა. ჩვენ თავად მოვაწესრიგეთ იქაურობა, მოვიტანეთ საჭირო რეკვიზიტები, მახსოვს ძველებური პატეფონი იდგა სცენაზე, რომელიც დები იშხნელების ფირფიტას უკრავდა, არავითარი ხმის რეჟისურა და ამგვარი არაფერი იყო. სცენის კუთხეში იჯდა ქალბატონი ნათელა - სპექტაკლის რეჟისორი. ტექსტს კითხულობდა ნინო კუკულაძე.
ასევე თავად დავხატეთ აფიშა, სამ ცალ ვატმანის ფურცელზე და ლანჩხუთის ცენტრში სახვადასხვა ადგილას გამოვაკარით. ამის შესახებ ხმა მალე გავარდა და მაშინდელმა აქტიურმა ახალგაზრდობამ დახმარება თავადვე შემოგვთავაზა. ესენი იყვნენ: სოსო ბოლქვაძე, მამუკა ჭყონია, დავით გოგუაძე, ჯუბა კვაჭაძე და სხვები. ახლანდელი გამგეობის შენობის პირველ სართულზე იყო ლანჩხუთის ტელევიზია, სადაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ჩაწერეს მსახიობი და რეჟისორი, იქვე სახელდახელო სუფრაც გაიშალა.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გაიმართა შეხვედრა აკაკი ბაქრაძესთან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთან. ეს შეხვედრა ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა იმიტომ, რომ ბევრს ეშინოდა, შევარდნაძის პერიოდი იყო და ხალხის ოპოზიციური განწყობა, ხელისუფლებისათვის არ იყო მისაღები, თუმცა ვინც გაბედა და მოვიდა, გარეთ აღარ უშვებდა ბატონ აკაკის. ბოლოს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. საკუთარი ლექსების ხელნაწერი რვეული გადასცა მარინე კვაჭაძემ, ძალიან ბევრი ადამიანი ესაუბრებოდა ცალკეც, ეფერებოდნენ და საოცარ სიყვარულს გამოხატავდნენ მის მიმართ.
აკაკი ბაქრაძის მოსმენა მართლაც იყო უდიდესი ბედნიერება.
აკაკი ბაქრაძე: ,,ვიდრე ერთი ქართველი იარსებებს, იარსებებენ ქართველი პატრიოტებიც... ვერ ამოძირკვავაენ ქართულ სულს, ქართულ ენას”...
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 600