ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლადიკო ბაბუა, სოფელი და დიდი სიყვარული

ლადიკო ბაბუა, სოფელი და დიდი სიყვარული
22-02-2023, 11:36

მას ასე იცნობდა გურია: მჭედელი  ლადიკო ტუღუში. მართალია ჩვენ გარდაცვლილი ადამიანების ღვაწლის შესახებ მათი გარდაცვალების შემდეგ უფრო  ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ  ეს სხვა შემთხვევაა, ის სიცოცხლეშივე დააფასა თავისმა სოფელმა, უაღრესად დიდ პატივს სცემდა ყველა. მინდა გესაუბროთ მის ღირსეულ ცხოვრებაზე. ვინც არ იცნობთ, მინდა იცნობდეთ იმის გამო, რასაც ახლა მოგიყვებით.  ვფიქრობ, რაც უფრო  მეტად იარსებებენ კარგი ადამიანები  ჩვენს გონებასა თუ მეხსიერებაში, მით უფრო ემსგავსება ჩვენი ცხოვრება და ცნობიერება სიკეთის გზას... ჰოდა, მეც გიამბობთ ამ კეთილი ადამიანის შესახებ, რომელმაც თავისი ცხოვრების 88 წელი ისე განვლო, რომ როცა გურიაში, მის პატარა „შუკაში“ თავდახრილი მიდიოდა  სამსახურისკენ,  ზურგს უკან  მისი სოფლის მზერა მიყვებოდა, მადლიანი, სიკეთით სავსე მზერა. 
მისი ნაკვალევი კი სიკეთის ნათელია, რომელშიც  დღესაც  არაფერია  დამალული.  ნებისმიერ ადამიანს რომ კითხოთ, მხოლოდ კარგს მოისმენთ. გეტყვიან რომ პატიოსანი, მშრომელი და ერთგული გურული კაცი იყო.
ყველას უყვარდა, ყველასთვის სამაგალითო, სოფლის სიამაყე და კოლორიტი ადამიანი იყო. გურიაში როცა ჩავდიოდი, ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ქუჩაში რაღაცნაირად ჩუმი, მშვიდი, აუღელვებელი, დინჯი და თავმდაბალი. 
როცა ვკითხავდი, როგორ ხარ- მეთქი, ყოველთვის ასე მპასუხობდა: ,,რა ვქნა ბაბუა, ჯერ კი ვარ ცოცხალი...“ მახსოვს, იანვარი იყო, ახალ წელს გურიაში  ვხვდები ყოველთვის, მიყვარს გურია, რადგან აქ სხვანაირი სიყვარულია. მინდოდა მენახა ადგილი, სადაც ეს უხუცესი კეთილი კაცი, გათენებასაც კი არ ელოდებოდა ისე მიიჩქაროდა სამსახურში, მთელი ბავშვობა ეს კადრი  თვალწინ მედგა, გადავწყვიტე   სამჭედლოში წასვლა. მივაკითხე,  მაინტერესებდა მისი სამუშაო გარემო: პატარა  ქვის სახლი ერთი ოთახით,  სახლის წინ  ნახევრად დამტვრეული  ხის სკამი,  სადაც  ხშირად ისვენებდა და გაჰყურებდა სამჭედლოს გვერდით პატარა ეკლესიას, ვინ იცის რაზე ფიქრობდა მოხუცი გულში, როცა ტაძრის გუმბათს მხცოვანი მზერით გაჰყურებდა. სამჭედლოს  შუაგულში რკინის  გამოსაწრთობი ღუმელი იდგა, ირგვლივ რკინის იარაღები ეწყო, კუთხეში ე. წ. სალესი ქვის დიდი რგოლი იდო, ტომრით ნახშირი იატაკზე. კედლებზე კი მისი ხელით გაკეთებული სამუშაო იარაღები ეკიდა.  
პატარა ხის ფანჯრებში  შუქი  რომ შეიპარებოდა და მზის სხივი  რკინის გამოსაწრთობ ღუმელს თავს დაადგებოდა, სამჭედლოს  კარებს მისი ერთგული პატრონი აღებდა ასე ერთგულად და ჯიუტად. ამის შემყურე ნებისმიერი ადამიანი იტყოდა:,,ღმერთო დიდხანს აცოცხლე!“. 
მუშაობა აღარ  შეეძლო, ხელებში ძველებურად აღარ  ჰქონდა ძალა, მაგრამ  ერთგულებამ, საქმის სიყვარულმა  ასე იცის.
მითხრა: ,,ბაბუა, აღარ შემიძლია მუშაობა, მარჯვენაში ძალა გამომელია, მარა არ მეთმობა  ეს ოთახი გასაციებლად და უპატრონოდ მისატოვებლად, აქ ჩემი ცხოვრების თითქმის 50 წელზე მეტი  გავლიე. ხალხს ვემსახურებოდი, არავისთვის წამირთმევია არაფერი, არავინ მომიტყუებია, თუ ფული არ ჰქონდა, ისე ვუკეთებდი სამუშაო იარაღებს: თოხს, ბარს, ნაჯახს, წალდს, ცხენის ნალებს, დასაჭედ ლურსმნებს, დანებს... ახლა  ყველა დღე  იმის ფიქრში ვარ, რომ ერთ დღესაც აქ ვეღარ მოვალ... ხოდა  სანამ შევძლებ, სანამ ღმერთი შემაძლებიებს და მუხლში ძალაც მაქვს,  მაინც  მინდა ვიარო აქ და გავაღო სამჭედლოს კარები. შვილები და შვილიშვილები მთხოვენ, არ წახვიდეო, მეუბნებიან, ხომ ხედავ არ შეგიძლია, სახლში იყავი, დაისვენე, იქ რამე არ შეგემთხვასო, მაგრამ არ ვუჯერებ ბაბუა, მათი მესმის, მაგრამ მე თუ გავჩერდები, მოვკვდები. ისიც მეყოფა,  რომ ცხოვრება დამჯაბნის  და ერთ დღესაც აქ მოსასვლელ გზას ჩამიკეტავს... ამ კაკლის ხეს  ხომ ხედავ  როგორ შრიალებს, ჩემი დარგულია, ყოველ დღე ვუყურებ ამას და მიხარია...“
საოცარი გრძნობაა ერთგულება... ასეთი ადამიანები  მეტად უნდა დავაფასოთ... მეტად უნდა გავუფრთხილდეთ... სიცოცხლეშივე უნდა ვუთხრათ, რომ ძვირფასი ადამიანია, რომ იგრძნოს, მისი ერთგულება და თავგანწირვა დაუფასებელი არ არის. 
როცა მაშინ ვკითხე, თუ  რაზე წყდება გული ყველაზე მეტად, მიპასუხა: ,,ჩემს შემდეგ ალბათ აქ არავინ იქნება... ვერავინ ვერ დავაინტერესე, რომ შეესწავლა ეს საქმე. ეს მაწუხებს ყველაზე მეტად“... გარდაიცვალა.
გული მტკივა, რომ მისი სიტყვები ასრულდა, მისი შემცვლელი, საქმის გამგრძელებელი არავინ არის. დაიხურა სამჭედლოს კარები.
მზის შუქიც კი  სევდიანია, როცა  სამჭედლოს სარკმელს ანათებს იმის მოლოდინში, რომ მივა ვინმე ოსტატი და შეაღებს კარებს.
ისევ ამაყად დგას კაკლის ხე და შრიალებს. 
ისევ რეკავენ სამრეკლოს ზარები. 
ისევ ფუსფუსებენ დედები მონასტრის ეზოში, სამჭედლოსთან ახლოს.
ისევ ისმის წირვა-ლოცვა პატარა მონასტერში, სადაც მამა ირაკლი აღავლენს წირვა-ლოცვას. მჯერა ხშირად გულში მოიხსენიებს ამ კეთილ კაცს. 
ისევ ყვავის პატარა ბზები სამჭედლოს გვერდით, მისი ხელით დარგული.
ეს  კაცი ლადიკო ტუღუში, ჩემი სოფლის უხუცესი, კარგი ქართველი, ღირსეული გურული კაცი გახლდათ, პატივსაცემი, შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანი. რაც მთავარია, ძლიერი, გაუტეხავი, ასაკთან, დროსთან და  სიკვდილთან მებრძოლი!
სიკვდილზე გამარჯვებული მისი განვლილი სამაგალითო ცხოვრებით და მარადისობით.
მადლობა ლადიკო ბაბუა, ყველა კეთილი საქმისთვის, სოფლის, შუკის, გურიის სიყვარულისთვის.
მადლობა ყველაფრისთვის. ჩემს ეზოში ისევ ყვავიან  შენი ნაჩუქარი  ტყემლის, ვაშლის, ბროწეულის ნერგები და ყოველ გაზაფხულს განსაკუთრებით ვეფერები   შენს ხსოვნას.
მადლობა ყველაფრისთვის! 
უყვარხარ შენს სოფელს, შენს შუკას, სადაც დადიოდი თავდახრილი, მოკრძალებული და უჩვეულოდ მშვიდი. 
მიყვარხარ მე და მენატრები!

თინა ღლონტი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 757
FACEBOOK კომენტარები