ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დეპუტატის მანდატით ხელში, მეორეჯერ სტუდენტობის წლები გავიარე

დეპუტატის მანდატით ხელში, მეორეჯერ სტუდენტობის წლები გავიარე
7-11-2022, 12:35

როცა პარლამენტში ამირჩიეს 90-იან წლების ურთულესი პერიოდი იდგა. ყველგან ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. დღე არ გავიდოდა, რომელიმე რაიონულ პოლიციაზე შურისძიების მიზნით თავდასხმა არ მოეწყოთ. ფოთში მოსახლეობამ დღისით პოლიციის შენობის კარები გარედან ჩაკეტა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. შიგნით მომწყვდეული ადამიანები მეორე სართულიდან გადმოხტომით ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას და ზოგიერთებმა მძიმე ტრავმები მიიღეს. ამ დროს ლანჩხუთში მოსახლეობამ პოლიციის თანამშრომელს არჩევნებით პარლამენტის დეპუტატის მანდატი მომცა, რაც მთელი რაიონული განყოფილების დამსახურებას ნიშნავდა. ასეთი ამომრჩევლის ღალატი არ შეიძლება, ასე გადავწყვიტე და ეს გადაწყვეტილება შევასრულე.
არანაირი ქრთამი, კორუფციაში ჩართვა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ამ პრინციპებით ადრეც ვხელმძღვანელობდი და ბოლომდე ერთგული დავრჩი. ამიტომ იყო, რომ თბილისში არ მქონდა ბინა, ავტომანქანა, კურორტებზე აგარაკი. არც რაიმე პრივატიზებული ობიექტი გამაჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს გრიგოლეთშიც არ გამაჩნია აგარაკისათვის მიწის ნაკვეთი. ეს რომ გამეკეთებინა, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებისათვის უნდა მეღალატა ან ხელფასი უნდა მქონოდა შესაბამისი. მოგეხსენებათ მაშინ ხელფასი კუპონებში იყო და არაფერს არ ყიდულობდა. როცა ლარი შემოვიღეთ, პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 48 ლარით განისაზღვრა. ასეთი თანხით რაიმეს შეძენა კი არა, არსებობაც შეუძლებელი იყო, ამიტომ დეპუტატის მანდატით ხელში, მეორეჯერ სტუდენტობის წლები გავიარე. ამის გამო ზოგიერთი ნაცნობ-მეგობარი დღესაც სინანულით მეუბნება, რომ ვერ მოვიხმარე ეს წლები. დავკარგე ფულის, ქონების შეძენის და ცხოვრების მოწყობის საუკეთესო შანსი, თუმცა რასაც ისინი დაკარგულად თვლიან, ჩემთვის ეს დიდი მონაპოვარია და დღევანდელი გადმოსახედიდან საამაყოც კი. 
მოსახლეობასთან მუშაობა რთული იყო, რადგან ამის არანაირი პირობები არ არსებობდა. ამის მიუხედავად ჩემი წარმომადგენლები, შესანიშნავი ადამიანები: ადამი ხუხუნაიშვილი, მარინა ცენტერაძე, ცხონებული გივი ებრალიძე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხალხთან კომუნიკაცია შენარჩუნებული ყოფილიყო.
მაშინ ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსვლას მატარებლით, მინიმუმ ორი დღე სჭირდებოდა. თუ ვინმე აუცილებელი პრობლემის გამო გაჭირვებით ჩამოაღწევდა, სასტუმროში ჩემს ნომერში ვათავსებდი და მანამ არ გავუშვებდი უკან, სანამ პრობლემას არ მოვუგვარებდი. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო.

ომარ ხუციშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 528
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა