ალბათ არ არის ადამიანი საქართველოში, გურიაში, ლანჩხუთში, რომელიც ვერ აცნობიერებდეს რა რთული სიტუაციაა ქვეყანაში. როგორ იცლება ახალგაზრდობისგან ჯერ სოფლები, შემდგომ ქალაქები და ბოლოს საერთოდ სამშობლო. არასათანადო სამუშაო პირობები, ხშირ შემთხვევაში საერთოდ უმუშევრობა, ფასების კატასტროფული ზრდა, ნეპოტიზმი, პოლიტიზებული სასამართლო, მიკერძოებული ან დასჯილი მედია, სახელმწიფო ბიუჯეტის მმართველი პარტიისთვის დაქვემდებარება, სია ძალიან დიდია და ამ დროს გვყავს ოპოზიცია, რომელმაც ვერაფერი უყო ხელისუფლებას აგერ უკვე 10 წელია, ვერც მუხტი შეიტანა, ვერც ხალხის დარწმუნება შეძლო მათ უპირატესობაში, ვერც არჩევნები მოუგო და რაც მთავარია, ვერ მოახერხა თავისი ამომრჩევლის ხმების დაცვა. ბოლო წლებია, ,,ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით იგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ ნაწილში. ,,ჰო და არას“ სტუმარია მთავარი ოპოზიციურ პარტიის ,,ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ხელმძღვანელი და საკრებულოში ამავე ფრაქციის ლიდერი კახა ასკურავა, რომელსაც სწორედ იმ საკითხებზე ვესაუბრეთ და დავუსვით შეკითხვები, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.
_ ბატონო კახა, გვითხარით ფრაქციის შემადგენლობასა და ფუნქციაზე, რომლითაც წარმოდგენილი ხართ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
_ ჩვენი ფრაქცია შედგება 4 (ოთხი) დეპუტატისგან. თავმჯდომარე გახლავართ მე, მოადგილე გია გოგუაძე (ლანჩხუთის ექსგამგებელი), ირმა მგელაძე და გივი ცინცაძე. რაც შეეხება ფუნქციას და მნიშვნელობას, რაოდენობიდან გამომდინარე არ შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული საკითხის დამოუკიდებლად გატანა და მხარდაჭერა, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ცდას ან მეცადინეობას ვაკლებთ. პირდაპირ ვიძახი, რომ არა ჩვენ, ეს საკრებულო დაემსგავსებოდა კომკავშირის კრებას. როდესაც ზემოდან დირექტივა მოდის და სხვებს მხოლოდ ხელის აწევა ევალებათ. იმ პროგრამებს და სამუშაოებს რომელსაც აფინანსებს ადგილობრივი თუ სახელმწიფო ბიუჯეტი მუდმივად ვუწევთ მონიტორინგს, შეგვაქვს შესწორებები, პრეტენზიით მივმართავთ ხელისუფლებას და ვიბრძვით ლანჩხუთელთა ინტერესის დასაცავად. ხოლო, რამდენად ითვალისწინებს ამას ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა საკითხია და ნათლად მიუთითებს მათ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე ხშირ შემთხვევაში. მაგალითად ახლა ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამართულ და ადეკვატურ, ადამიანებზე მორგებულ მუნიციპალურ სატრანსპორტო მომსახურებას. გარდა იმისა, რომ სატრანსპორტო ტექნიკა თითქმის არ განახლებულა ,,ქართული ოცნების“ პერიოდში, ასევე დგას საათობრივი მომსახურების პრობლემა. აკეთის, აცანის, მამათის მიმართულებით 16:00 საათის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, პრობლემაა ჩოჩხათის თემში, ნინოშვილში, ყველგან, რომელიც გზისპირა თემს ან სოფელს არ წარმოადგენს, ზოგ თემში კი საერთოდ არ დადის. ჩვენს მუნიციპალიტეტში რამდენ ადამიანს აქვს საშუალება იმოძრაოს ტაქსით, ან რატომ უნდა იმოძრაოს. მაშინ რისთვისაა საჭირო შესაბამისი სამსახურები ან ადგილობრივი ბიუჯეტი. იმედი გვაქვს, ეს წინადადება მხარდაჭერილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას.
_ ოპოზიციური წარმომადგენლობის სიმცირე ახსენეთ საკრებულოში. რატომ იგებს ,,ქართული ოცნება“ ასეთი უპირატესობით ლანჩხუთში, იქნებ პრობლემა თავად ოპოზიციაშია?
_ არ ვამბობ, რომ შეუცდომლები ვართ, მაგრამ არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ეს ჩვენი ბრალი იყოს მხოლოდ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ 2022 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიისთვის ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ლანჩხუთში ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ 10 000(ათი ათასი) ლარი, მაშინ, როდესაც ოცნებამ ეს თანხა ერთ უბანზე საწვავში გახარჯა. მათ ჰქონდათ რამდენიმე ასეული ათასი ლარი ოფიციალური თუ არაოფიციალური და ჩვენ გვქონდა ის, რაც მოგახსენეთ. გარდა ამისა, საქმეში იყო პოლიცია, სუსი, კუდი, ბიზნესმენები. ზოგი მოისყიდეს, ზოგს დაჰპირდნენ, ზოგი დააშანტაჟეს, ზოგს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ და ამ პირობებში რისთვის უნდა მიგვეღწია? თავისუფალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ,,ქართული ოცნება“ იმ ხმების ნახევარს ვერ აიღებდა, რაც დაიწერა საბოლოოდ. არა არსებობს ლოგიკა, სადაც ,,ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, უბრალოდ ყველაფერს კადრულობენ, თუმცა ეს მათი ბოლოჟამია, რა თქმა უნდა პოლიტიკური.
_ თქვენი ხელისუფლების დროსაც იყო ძალისმიერი მეთოდები საარჩევნოდ, შანტაჟი და მუქარა.
_ ნაწილობრივ გეთანხმებით და ავხსნი რატომ. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე არ ჰქონია საფრთხე წაეგო არჩევნები, დაეთმო ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლება, შესაბამისად ძალისმიერი მეთოდებიც არ სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც დადგა 2012 წელს ამის საფრთხე, სამწუხაროდ, მაშინაც მოხდა ის გადაცდომები, რაშიც ახლა ოცნებას ვადანაშაულებ. დიახ, ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, იმ არასწორი მეთოდების და ხშირ შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტების გამო 2012 წელს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და გაუშვა ოპოზიციაში. მერწმუნეთ, ჩვენ ის პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, სადაც შეცდომებს აღიარებენ, სწავლობენ მასზე, რათა სამომავლოდ არ განმეორდეს. ,,ქართული ოცნება“ უკვე 2014 წლიდან მოყოლებული გამეცადინებულია არჩევნების გაყალბებაზე, თაღლითობაზე და ა.შ.
_ და მაინც, ოპოზიცია მთლად მშრალად ვერ გამოვა ამ საქმიდან. თუ ასეთი თაღლითი, უსუსური და უუნარო ხელისუფლება გვყავს, სადაა საპროტესტო მუხტი ან ოპოზიციური ელექტორატი?
_ პირადად მე რადიკალიზმის მომხრე ვარ, რას ვგულისხმობ მოგახსენებთ. როდესაც ხედავ, რა სიბინძურეებს სჩადის მმართველი პარტია, როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორ აყალბებს არჩევებს, როგორ აღვივებს ნიჰილიზმს, აუცილებელია უწყვეტი საპროტესტო აქციები მანამ, სანამ შედეგი არ დადგება. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ საკმარისი მუხტის არქონა ცენტრალური ლიდერების კისერზეა. აქ მხოლოდ ჩვენი პარტია არ იგულისხმება. ის, რომ მიშა სააკაშვილს ციხეში კლავენ და ვერაფერს ვაკეთებთ, ცალკე პრობლემაა. აქციის დაგეგმვა, შეკრება და საღამოთი დაშლა არ არის გამოსავალი. უნდა გავიჭირვოთ, შეგვცივდება, დაგვცხება, მოგვშივდება, მოგვწყურდება, მაგრამ უნდა მოეწყოს ქუჩის აქციები, უწყვეტი და შედეგზე გათვლილი. დღეს რომ მიშა სააკაშვილი გარეთ იყოს, საერთოდ სხვა პოლიტიკური სურათი იქნებოდა. დიახ, რაღაცას ოპოზიცია აკლებს, რაღაცას ხალხი და გვაქვს ეს სამწუხარო რეალობა. თუმცა, ბრძოლა იქნება ბოლომდე, მანამ სანამ რუსული ხელისუფლება არ მოშორდება ამ ქვეყანას, ოლიგარქი არ იქნება დასჯილი ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ამ სახელმწიფოს გაუკეთა.
_ თქვენი მეგობარი, ტელეკომპანია ,,მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში იმყოფება რამდენიმე თვეა, სააპელაციო სასამართლომ ის კვლავ არ გაათავისუფლა და განაჩენი ძალაში დატოვა, რას იტყვით ამ საკითხზე?
_ ეს შემთხვევა ნათლად ასახავს ქართული მართლმსაჯულების დღევანდელ სახეს. სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ თურმე კერძო ორგანიზაციის მანქანა ემსახურებოდა მის ცოლ-შვილს. აბსურდული, შეთითხნილი და სრულიად უსუსური ბრალი წაუყენეს, მაგრამ ყველამ ხომ კარგად ვიცით, რის გამო ზის დღეს ნიკა ციხეში. ბიძინა ივანიშვილმა ვერაფერი მოუხერხა მას, ვერ იყიდა, ვერ გააჩუმა, ვერ შეებრძოლა, ვერ დაამარცხა და გადაწყვიტა ამ გზით მოეშორებინა თავიდან. ნიკა გვარამია არის დღეს იმაზე თავისუფალი, ვიდრე ოლიგარქი ივანიშვილი, მისი მონები და ქვეშევრდომები ე.წ. თავისუფლებაზე. სახალხო ლიდერი, მედია ლიდერი ანუ მიშა სააკაშვილი და ნიკა გვარამია გაუშვა ციხეში, ამით ჰგონია, რომ ვინმეს დააშინებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ბრძოლა იქნება ბოლომდე.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა დაპირისპირებაზე, ვგულისხმობ ცენტრალური ოფისის დონეზე. რა ხდება და ვის მხარეზე ხართ?
_ ,,ნაციონალური მოძრაობა“ არის უზარმაზარი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ასაკის, შეხედულების, პრინციპების და გემოვნების მქონე ადამიანები, რა თქმა უნდა, ასეთი უხერხულობები, დაპირისპირებები იქნება. ნიკა მელიას უწევს დღეს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა, მრავალი საკითხის უსწრაფესად გადაწყვეტა და ა.შ. განვმეორდები და ვიტყვი, რომ პირადად კახა ასკურავა უფრო კონკრეტული, რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრეა, მაგრამ პარტიას ჰყავს ლიდერი, არის პოლიტსაბჭო, დეპუტატები, ახალგაზრდული ფრთა და აუცილებლად ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. ყველაფერი დალაგდება მალე, რათა დროულად მოვაშოროთ ეს რუსული ხელისუფლება.
_ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ურთიერთობაზე რას იტყვით, რა პრეტენზიები ან სამადლობელი გაქვთ მათი მისამართით?
_ პირველ რიგში ეს ადგილობრივი ხელისუფლება არის ზაზა ურუშაძის სამართალმემკვიდრე, მისი თაღლითობის, დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწრე და ხელის დამფარებელი. მაშინ, როდესაც ზაზა ურუშაძე ლანჩხუთს ძარცვავდა და სამ ვილას იშენებდა გრიგოლეთში, მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მერი გახლდათ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს მოქმედი თავკაცი მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ისე რომ, იმ დანაშაულებზე ხელების დაბანა, სუფთად გამოსვლა და თითქოს არავინ არაფერი იცოდა, არ გამოვა. ურთიერთობას რაც შეეხება, ლანჩხუთელები ვართ, ხალხმა მოგვცა მანდატი და ვალდებულები ვართ გარდა დებატებისა, რაღაც საკითხებზე ვითანამშრომლოთ ან ვცადოთ მაინც. რომ გითხრათ მათი მუშაობით და კვალიფიკაციით კმაყოფილი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ.
_ რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში ჩამოსულ ლევან ხაბეიშვილს და ადგილობრივ ოპოზიციას მოგაყენეს სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა, როგორ ფიქრობთ ეს სპონტანურად მოხდა თუ გამიზნულად?
_ ის, რაც გააკეთა ,,ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი დეპუტატების და პარტაქტივის ხელით, არც კაცობაში ჯდება, არც ადამიანობაში, არც ლანჩხუთელობაში, არც ქართველობაში. ასე როგორ უნდა დაეცე, რომ სკამის, თანხის გამო იკადრო ის, რაც იკადრეს. იქ იყვნენ მოსული ადამიანები, ვინც ჩვენი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ თავის დროზე, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ უმუშავიათ, ახლა ოცნებაში არიან, ფიქრობენ მერე სხვაგან წავალთო, მაგრამ ასე აღარ მოხდება. ვინმემ ერთი ფაქტი გამახსენოს, როდესაც ჩემი გამგებლობის, ან ვიცე-გუბერნატორობის პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელი ავიღე, ან ვინმე მივუსიე, ან ვაგინე, სულ რომ თანამდებობიდან გავეშვი, ასეთ ბრძანებას როგორ შევასრულებდი, ლანჩხუთში ხომ უნდა მეცხოვრა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა საერთოდ დაკარგა სინდის-ნამუსი, ადამიანობა სკამის და ხელფასის გამო.
კახა ასკურავა: ჩვენ ის პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, სადაც შეცდომებს აღიარებენ, სწავლობენ მასზე, რათა სამომავლოდ ის არ განმეორდეს
თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 447